Home რუბრიკები საზოგადოება დავით ფაცაცია: ღმერთმა დაიფაროს ეს ადამიანები, ვინც აქებს და ადიდებს სააკაშვილს, რომ...

დავით ფაცაცია: ღმერთმა დაიფაროს ეს ადამიანები, ვინც აქებს და ადიდებს სააკაშვილს, რომ საკუთარ თავზე გამოსცადონ გირგვლიანის ოჯახის ტრაგედია

1140

GEWORLD.GE:
ახალგაზრდული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, დავით ფაცაციას ძალიან გაუმართლა. სააკაშვილმა კი კიდევ ერთხელ იგრძნო საფრთხე, რომელიც მისი თანამდევი იქნება არამხოლოდ პრეზიდენტობისას, არამედ მთელი სიცოცხლის მანძილზე. დავით ფაცაციამ მას ყველა ქართველის სათქმელი უთხრა: “შენ მკვლელი ხარ და აუცილებლად დაისჯები”!  “საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუს დროს დავით ფაცაციამ ამ შემთხვევითი შეხვედრის დეტალებიც გაიხსენა: “ხომ გახსოვთ მისი სახე გორის კადრებიდან? სწორედ ასეთი სახით შემომხედა, როცა პირდაპირ ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი. დარწმუნებული ვარ, ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეძრა 26 მაისის სისხლიანმა ღამემ”. ფიქრობს, რომ სააკაშვილი ამას არ დაუვიწყებს და მთელ პასუხისმგებლობას მას აკისრებს, თუკი ამ სიმართლისთვის ანგარიშსწორებას დაუპირებენ. დავით ფაცაციასთან ინტერვიუ ხელისუფლების მიერ ახალგაზრდობის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკაზე საუბრით დავიწყეთ.

_ დავით, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ ახალგაზრდები პოლიტიკურ პროცესებს ჩამოაშოროს, ყურადღება მთლიანად გადაიტანოს გასართობ ღონისძიებებზე და ამით პოლიტიკური პროცესები მისთვის სასურველ კალაპოტში მოაქციოს. რა უნდა გაკეთდეს იმ მუხტის კვლავ დასაბრუნებლად, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ სერიოზული აქციების გამართვა განაპირობა?
_ ხელისუფლებამ მოახერხა ახალგაზრდების გართობაზე გადაყვანა და პრაქტიკულად მთლიანად აკონტროლებს აქტიურ ახალგაზრდებს. აუცილებელია კარგად ორგანიზებული, დისციპლინირებული სისტემის შექმნა. ამისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი ფინანსური საშუალებები და კრეატიულობა.
_ უმაღლეს სასწავლებლებში აქტიურად მუშაობს მმართველი პარტია. ადვილი არ იქნება იმ სტუდენტების შემობრუნება, ვინც ნაცპოლიტიკის განხორციელებაშია ჩართული.
_ ხელისუფლება წლების მანძილზე მიზანმიმართულად მოქმედებდა, მაგრამ უნივერსიტეტებსა და ახალგაზრდებში დიდი ნეგატიური მუხტი დაგროვდა. მართალია, გარეგნულად მხოლოდ ის ჩანს, როგორ ართობენ ახალგაზრდებს “ნაციონალები”, მაგრამ მეორე მხარე გაცილებით აღემატება ამ გართობებში მონაწილეებს. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ახალგაზრდებისთვის მთავარი ორიენტირი გახადა მათი პირადი ინტერესი, ამიტომ პოლიტიკაში მათი ჩართვა ძალიან რთულია. ახალგაზრდობა ნაკლებად, მაგრამ მაინც შეშინებულია. ამას ემატება ისიც რომ ხელისუფლებამ შეძლო ოპოზიციისა და ნებისმიერი პროტესტის დისკრედიტაცია. ოპოზიცია დაკავშირებულია დამარცხებასთან, სიღარიბესთან, საკუთარი ინტერესების საზიანოდ მოქმედებასთან. ამაში დიდი წვლილი თვითონ ოპოზიციას მიუძღვის და, ალბათ, ყველა ჩვენგანსაც, მაგრამ ხელისუფლებამ ეს იმდენად ხარისხიანად შეფუთა, რომ ყველაზე ძლიერი ოპოზიციონერიც კი ეთანხმება ამ მოსაზრებას. დარწმუნებული ვარ, ამოქმედდება დომინოს პრინციპი და პროტესტი გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება, მაგრამ ამის მიღწევას სჭირდება ძალიან სერიოზული ფინანსური რესურსი, დისციპლინირებული კამპანია და კარგი შეფუთვა.
_ და თუკი ხელისუფლება პროტესტის ნებისმიერ მცდელობას ჩანასახშივე ებრძვის, ხოლო აქტივისტებს უმკაცრესად უსწორდება?
_ როდესაც ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მუშები გაიფიცნენ, ღამით პრეზიდენტის კრიმინალმა რწმუნებულმა იმერეთში, მაქაცარიამ და პოლიციამ უკანონოდ და დანაშაულებრივი გზით დააპატიმრეს აბსოლუტურად მშვიდობიანი მოქალაქეები და ცემითა და პატიმრობის მუქარით უარი ათქმევინეს პროტესტზე. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი მშვიდობიანი იყო, ხელისუფლებამ სასწრაფო რეაგირება მოახდინა მასზე და ძირშივე ჩაკლა იგი. ხელისუფლებამ ყველას მიანიშნა, რომ, ვინც უნდა იყო, სადაც უნდა იყო და რა პროტესტიც უნდა გამოხატო, შედეგს ვერ მიაღწევ, რადგან ძალაუფლება მე მაქვს და საბოლოოდ მაინც იმას გავაკეთებ, რაც მინდა. ეს პროცესი თითქოს უხმაუროდ ხდება, მაგრამ ხალხი მაინც იგებს და შიში ინერგება საზოგადოებაში.
როგორც სტუდენტებთან, ასევე ამ მუშებთან საჭირო იყო მინიმალური სოცჯგუფის შექმნა, რომელსაც ასეთ შემთხვევებში მუდმივად ექნებათ კომუნიკაცია. მათ მიმართ უმარტივესი მხარდაჭერის შემთხვევაში, შესაძლოა, ხელისუფლებას ეს ნაბიჯი არ გადაედგა, არ დაერბია. მაგრამ, ხელისუფლებამ იმდენად გაანადგურა სოციალური გარემო, ეს არ კეთდება. პარტიებსაც ვგულისხმობ და არასამთავრობოებსაც.
სააკაშვილი რაც უნდა უვარგისი და არაადეკვატური, სხვადასხვა საკითხებში არაპროფესიონალი იყოს, როცა მას სჭირდებოდა, ჰქონდა უნარი, იმ ადამიანთან მისულიყო, რომელიც საერთოდ სძულდა. მაგრამ მასთან მიდიოდა და ეუბნებოდა, მე დღეს შენი დახმარება მჭირდება და ერთად გავაკეთოთ ეს საქმეო. გაურიგდა, ერთის მხრივ, ყველაზე დიდ ნაძირლებს, მეორე მხრივ, _ დიდ გადამგდებებს, მაგრამ საბოლოოდ თვითონ გადააგდო ყველა. სააკაშვილი, ვისი ყიდვაც შეიძლება, ყიდულობს _ თავიდანვე იაფად; ვისი დაშინებაც შეიძლება, თავიდანვე აშინებს; ვისზეც შეიძლება კომპრომატით ზემოქმედება, მოიგონებს, მაგრამ იმოქმედებს. და ვინც ჯერჯერობით საფრთხეს არ წარმოადგენს, ესენი სჭირდება დემოკრატიული ანტურაჟისთვის. მაგრამ, როგორც კი ვინმეში საფრთხეს დაინახავს, _ პირველი არხი, “რუსთავი 2” და “იმედი” ამის პროფესიონალები არიან, _ მაშინვე ამზადებენ ფილმებს და შოუებს დგამენ, რაც დამაჯერებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც მხოლოდ ამ ტელევიზიების საშუალებით იღებს ინფორმაციას.
_ მიუხედავად 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევისა, 2008 წლის აგვისტოს ომისა და წლევანდელი 26 მაისის სადისტური ჩახოცვისა, სააკაშვილი მაინც ახერხებს პრეზიდენტის სავარძლის შენარჩუნებას. იგი კვლავ აგრძელებს ვიზიტებს საზღვარგარეთ და აქაც ჩამოდიან დელეგაციები. რა არის ამის მიზეზი?
_ სააკაშვილი არის ამორალური ადამიანი, მას საერთოდ არ გააჩნია ღირებულებები. მას აქვს რეგენერაციის უნარი. გორის კადრები კარგად გვახსოვს. ამისთანა სირცხვილის შემდეგ ნებისმიერი ადამიანი საზოგადოებაშიც არ გამოჩნდებოდა, მაგრამ სააკაშვილისთვის ეს ღირებულება არაფერს ნიშნავს.
ის, რაც 26 მაისს მოხდა, ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ყველაზე სამარცხვინოა, რადგან პოლიციელებმა, რომლებიც ადამიანების უსაფრთხოებას უნდა იცავდნენ, განახორციელეს საკუთარი მოქალაქეების ჯალათური დევნა და განადგურება. ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა. მსხვერპლზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლების უმაღლეს პირებს ეკისრებათ და, დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები დაისჯებიან.
ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ ეს პოლიციელები თუ სპეცრაზმელები ამაყობენ, თითქოს მათ ქვეყანა დაიცვეს. მათ არ ეყოთ იმის ვაჟკაცობა, რომ ეს გაეკეთებინათ 2008 წლის აგვისტოში. ყველას არ ვგულისხმობ, იმათზე ვლაპარაკობ, ვინც ამაყობს ამ დარბევაში მონაწილეობით.
მსოფლიოში ყველა ადეკვატურმა ლიდერმა იცის, რომ სააკაშვილი არის არაადეკვატური. ყველა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ იცის, რომ სააკაშვილი წარმოადგენს გეოპოლიტიკურ საფრთხეს და ასევე საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. დღეს აშშ-ც, ევროპაც და რუსეთიც დაინტერესებულია დიქტატორული რეჟიმების შეცვლით, მაგრამ როგორც ასადს ვერ შეცვლიან სირიის პოლიტიკური ძალები, ასევე იქნება საქართველოშიც. თუ ინტერვენცია არ მოხდა, სააკაშვილის რეჟიმი არაფერს დათმობს. ესენი მზად არიან ადამიანების ლიკვიდაციისთვის, მზად არიან ადამიანთა ჯგუფების განადგურებისთვის; თუ საჭირო გახდა, _ იმ ტიპის პროვოკაციის წამოწყებისთვისაც, როგორიც 2008 წლის აგვისტოში მოხდა. სულელი უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ არ სცოდნოდა, რას უპირისპირდებოდა 2008 წელს. საქმეში ოდნავ ჩახედულ ადამიანს უნდა სცოდნოდა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა საომარ მოქმედებებს.
_ მიზანმიმართულად ხდება საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია. რელიგიის შესახებ კანონით რისი დემონსტრირება სურდა ხელისუფლებას?
_ რა უნდა გაგვიკვირდეს, როცა სააკაშვილი იმდენად უსინდისოა, რომ მცხეთობის დღესასწაულზე “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორები, “მდედრიონი” შეყარეს ტაძრის ეზოში და “მიშა-მიშა” აძახებინეს. იქ სალოცავად კი არ მივიდნენ, _ და აქ უღირსობა და ადამიანის დეგრადაცია ყველაზე მეტად ჩანს, _ არამედ სააკაშვილის სახელის დასაძახებლად. აქ რელიგიურობაზე და ღირებულებებზე საუბარი ზედმეტია. ამ კანონის მიღება იმის დემონსტრაცია იყო, რომ ეს ხელისუფლება ყველაფერზე წამსვლელი და ყველაფრის მკადრებელია. მათ იმის დემონსტრირება მოახდინეს, თითქოს ისინი არიან ლიბერალები, სეკულარული სახელმწიფოს მაშენებლები, ევროპული ინტეგრაციის გზაზე მდგომი ძალა, რაც იქიდან ძალიან პოზიტიურად ფასდება. მაგრამ რა მივიღეთ ჩვენ, საქართველოს სახელმწიფომ? პრაქტიკულად _ არაფერი. ეს, ფაქტობრივად, დამარცხებაა და პერსპექტივაში ასეთი დამარცხებები საბოლოოდ განაპირობებს ქვეყნის დამარცხებას. თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში ან რაიმე პროვოკაციის შემთხვევაში, შეიძლება საერთოდ გავნადგურდეთ როგორც სახელმწიფო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრებით ხალხს უთხრეს, რომ ხელისუფლებისთვის არ არსებობს არანაირი ზღვარი.
_ რა შეიძლება გახდეს ეროვნული თანხმობის საფუძველი?
_ დღეს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და, თუ უახლოეს ერთ-ორ წელიწადში არ მოხდა ზოგად-ეროვნული ერთიანობის დემონსტრირება და შედეგს ვერ მივაღწიეთ, უახლოეს ხუთ-ათ წელიწადში საქართველოს სახელმწიფოს არსებობა ეჭვქვეშ დადგება. პრაქტიკულად ყველაფერი განადგურდება. შეიძლება საქართველო გვერქვას, მაგრამ ქართული არაფერი იქნება _ არც ტრადიცია, არც კულტურა, არც ღირებულებები. მაპატიონ მკითხველებმა, მაგრამ მგონია, რომ კარგია, რომ ხელისუფლება ღიად დაუპირისპირდა ეკლესიას, რადგან სასულიერო პირების მიერ ორგანიზებული მასობრივი დემონსტრაცია იყო ყველაზე საამაყო მოქმედება, როცა გამოჩნდა ქართული სული; გამოვიდნენ ახალგაზრდები, წვერ-ულვაშიანი ბიჭები, რომლებიც აქტიურად იცავდნენ როგორც ეკლესიას, პატრიარქს, ისე ჩვენს მომავალს. ამ ერთიანობით არის შესაძლებელი ცვლილება და ეს იქნება ცვლილება იმ ძალით, რომელიც სახელმწიფოს განვითარებაზე, ერთიანობაზე იქნება ორიენტირებული.
_ სააკაშვილის ხელისუფლება, ერთის მხრივ, ელოლიავება ინტელიგენციის ნაწილს, ვგულისხმობ ნანი ბრეგვაძეს, ვახტანგ კიკაბიძეს, იმათ, ვისაც 26 მაისის აღლუმზე ორდენები გადასცა და, მეორე მხრივ, რუსთაველის თეატრიდან ათავისუფლებს რობერტ სტურუას, რომელიც ღიად აკრიტიკებს ხელისუფლებას. ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება, რომ ორიენტირი არ დაკარგოს? ხალხს კიკაბიძეც უყვარს და სტურუაც და აღარ იცის, რომლის მიმართ არის ხელისუფლების ქმედება სწორი…
_ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საყვარელი ფილმების მონაწილეა ვახტანგ კიკაბიძე, მისი მხრიდან სააკაშვილის ქება არის, ალბათ, ყველაზე დიდი არაადეკვატურობის გამოხატულება და აქ, ალბათ, მხოლოდ ამორალობა ვლინდება. მით უფრო, როცა ეს ხდება 26 მაისის შემდგომ პერიოდში. ღმერთმა დაიფაროს ეს ადამიანები, ვინც აქებს და ადიდებს სააკაშვილს, რომ საკუთარ თავზე გამოსცადონ გირგვლიანის ოჯახის ტრაგედია. რაკი კონცერტს გაუმართავს, ჰგონიათ, რომ ვარსკვლავი გაეხსნათ, მაგრამ ეს ინტერესი ქვეყანაზე კი არა, პირად ბედნიერებასა და კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. კარგიც არის, ეს რომ ასე ხდება. ის, ვინც იყიდება, უნდა გაიყიდოს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი გაყიდული ადამიანები არიან. ასეთი ადამიანები ყველას გაყიდიან. ჯობია, ახლა იაფად გაიყიდონ, ვიდრე შემდეგ უფრო ძვირი დაგვიჯდეს.
26 მაისის დაჯილდოების ცერემონია იყო ყველაზე ამაზრზენი, ყველაზე სამარცხვინო და უსინდისო ქმედება ამ ადამიანების მხრიდან. მათ მიიღეს მკვლელი პრეზიდენტის ჯილდო. 26 მაისი დღესასწაული აღარ არის, ეს ტრაგედიის დღეა და ასე უნდა აღინიშნებოდეს მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება პასუხს არ აგებს. ამ ადამიანებს კი, რაც უნდა დიდი ღვაწლი ჰქონდეთ ქვეყნის წინაშე, ღირებულებების პატივისცემა მოეთხოვებათ.
ესაუბრა
ბონდო მძინარაშვილი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here