Home რუბრიკები ეკონომიკა ევრო კვდება

ევრო კვდება

1865

ეკონომისტ ჟაკ საპირის აზრით, ევროს ამჟამინდელი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ერთიან ვალუტაზე უარის თქმა იქნებოდა. ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. იგი ამტკიცებს, რომ ევრო დღეს უკვე კვდება. „ამას წინასწარმეტყველებდნენ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ. ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ხელმძღვანელობის სიჯიუტემ და უუნარობამ, ორგანიზებულად მოახერხოს ერთიან ვალუტაზე უარის თქმა, შეიძლება გაურკვევლობაში ნახტომისთვის გაგვწიროს“, – წერს საპირი.

საპირის შეფასებით დღეს აგონიაში არა მარტო ევრო, არამედ ევროპის კონცეფციაცაა. დღეს ქვეყნებს მეტისმეტად ძვირი უჯდებათ ერთიანი ევროპის აღტაცებულ თაყვანისმცემელთა დროებითი გამარჯვება. თუ ჩვენ არ გვინდა იმ ევროპაში დაბრუნება, რომელშიც „ყველა ყველას წინააღმდეგაა“, თანამშრომლობის ამ ნანგრევებზე მაინც, რომელსაც ამომრჩევლის აზრის უგულებელყოფით ვაშენებდით, – უნდა ავითვისოთ სუვერენულ ერებს შორის კოორდინაციის პრინციპები. სწორედ ეს არის დემოკრატიის საფუძველი“. ამჟამინდელი კრიზისი ზღვარგადასული დავალიანებებისა და იმ  პოლიტიკური შეცდომის საფასურია, რომელიც „ლისაბონის შეთანხმების“ სახელით არის ცნობილი. კრიზისის მიზეზი ისიც არის, რომ 2005 წლის საკონსტიტუციო შეთანხმებით დემოკრატია უგულებელყოფილი იქნა.
„ყველაზე მტკიცე სკეპტიკოსებმაც კი უნდა აღიარონ: გარდა კრიზისისა ცალკეულ ქვეყნებში, რომელთაც ყოველთვის სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან, გარდა ევროზონის მართვის კრიზისისა, რომელიც მოსალოდნელი იყო და გერმანია–საფრანგეთის დაპირისპირებას ბადებს, – თავად ევროც, როგორც ერთიანი ვალუტა, – კრიზისშია“ – წერს საპირი.
„ეს კრიზისი მოსალოდნელი იყო უკვე მრავალი წელია, რადგან ევროზონის სტრუქტურული  არასრულყოფილება ეკონომისტებისთვის კარგად იყო ცნობილი, მათ შორის ევროს მომხრეებისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ევროს კრიზისს გადამწყვეტი ბიძგი 2007–2008 წლების კრიზისმა მისცა, ევროს კრიზისი მხოლოდ მსოფლიო ეკონომიკის ვარდნას ელოდა, რომ გამოაშკარავებულიყო“. 2011 წლის ზაფხულისთვის ევროს კრიზისმა ტრაგიკული ხასიათი შეიძინა. ავტორი ხაზს უსვამს „ევროთი დაღლილობას“, რომელმაც საზოგადოებრივ ცნობიერებას და მმართველ წრეებში იჩინა თავი. ევროს კრიზისი კიდევ უფრო ამძაფრებს შეშფოთებას ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითით, რადგან იქ იპოთეკური კრიზისი ჯერაც დაუძლეველია.
კრიზისების დამთხვევა გვაიძულებს დავივიწყოთ, რომ ევროზონის კრიზისს საკუთარი სპეციფიკა აქვს. ამავე დროს, ეს დამთხვევა შეგვახსენებს, რომ გლობალიზებულ სამყაროში განსხვავებული პრობლემები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. „ბევრს ჰგონია, რომ ევროს კრიზისი ამერიკის ხელმძღვანელობას ახარებს. ისინი ღრმად ცდებიან. პოლიტიკურად სუსტი ევრო, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იზიდავდა საერთაშორისო სპეკულანტებს და აფერხებდა ევროპული ეკონომიკის განვითარებას, ვაშინგტონისთვის ბევრად უფრო ხელსაყრელია. ამიტომაც, ისინი სულ ახალ და ახალ ინიციატივებს იგონებენ, რათა ევროპის სახელმწიფოებს ხელები ამოუგრიხონ და საბერძნეთის გადარჩენის ახალი გეგმა გაიტანონ“, – მიაჩნია საპირს.
რა არგუმენტებიც არ უნდა მოიტანონ ევროს დამცველებმა, თვალსაჩინოა, რომ ერთიანმა ევროპულმა ვალუტამ, რომელთანაც ამდენი იმედი იყო დაკავშირებული, ვერც ერთი ვერ გაამართლა. დღეს იგი კვდება იმ პოლიტიკური პროექტის კრახის გამო, რომელსაც „ლატენტურ ფედერალიზმს“ უწოდებდნენ და იმის გამოც, რომ  ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განსხვავებული ეკონომიკური დინამიკაა, რომელსაც გერმანია აძლიერებს. ყველაზე საშინელი ის არის, რომ ევროსთან ერთად შეიძლება მონეტარული კოორდინაციის პრინციპიც მოკვდეს. საკითხი დღეს ასე დგას: შეიძლება თუ არა ამ პრინციპის გადარჩენა კრახის მოლოდინში, რომელიც ევროს ელის“, – წერს ჟაკ საპირი.
 
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here