Home რუბრიკები ეკონომიკა დავით იაკობიძე: ერთჯერადი ოპოზიცია…

დავით იაკობიძე: ერთჯერადი ოპოზიცია…

863

GEWORLD.NET:
პროფესორმა დავით იაკობიძემ პატივი დაგვდო და «საქართველო და მსოფლიოს» მკითხველებთან თომას დე ვაალის ნაშრომის – «საქართველოს არჩევანის» კომენტირებას სიამოვნებით დაგვთანხმდა.

– «საქართველოს არჩევანს» ჩვენი განათლებული საზოგადოება ინტერესით გაეცნო. მთავარი ამ ნაშრომში, მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მისეული ხედვაა, სამი ძირითადი მიმართულების – ტრადიციული ქართულის, სინგაპურიზაციისა და ევროპის ეკონომიკასთან მისადაგების ანალიზი და მათგან საუკეთესოს არჩევა ქვეყნისთვის მოსარგებად. ამ საუკეთესოს განხორციელება ისევ ხელისუფლებამ უნდა იკისროსო, ამტკიცებს იგი, რადგან ოპოზიცია სუსტია.
პირველი შეკითხვა: ქართველ ეკონომისტ მეცნიერთა აზრი, რომელიც მთავრობის ე. წ. ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს, არის თუ არა ხელისუფლების ოპოზიცია? და, მეორე: არის თუ არა დე ვაალის შემოთავაზებაში რაიმე ახალი და განსხვავებული იმისგან, რაც დაფიქსირებულია თუნდაც თქვენს წიგნში, რომელიც შარშანწინ გამოიცა?
– ამ თემატიკაზე ბევრი ადამიანი ფიქრობს საქართველოში, უწინარესად, – მეცნიერები, ექსპერტები, პოლიტიკოსები. აკადემიურ წრეებში მსჯელობენ  საქართველოს განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრაზე, საქართველოს განვითარების გრძელვადიან პროგნოზებზე, ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების, განვითარება-განხორციელების მექანიზმებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს.
ჩვენი ქვეყნის შემყურე უცხოელები ყოველთვის იმ თემებზე რეაგირებდნენ, რომლებსაც ჩვენ ვაწვდიდით: გაყალბდა თუ არა საქართველოში არჩევნები, შეზღუდულია თუ არა სასამართლო, თავისუფალია თუ არა პრესა და ა.შ. ამჟამად  სიტუაცია შეიცვალა, მე მგონი, – უკეთესობისკენ. საქართველოს ახლა უყურებენ როგორც თვითმზარდ ქვეყანას, რომელმაც მიაღწია რაღაც წარმატებას საზოგადოების ორგანიზების რომელიღაც სფეროში. მაგრამ როგორი იქნება მისი შემდგომი განვითარება? დღეს ეს გახდა მსჯელობის მთავარი საგანი.
რაც ვთქვი, მგონი, ამით ნაწილობრივ მაინც ვუპასუხე შეკითხვას ოპოზიციასთან დაკავშირებით. ოპოზიცია ვერ იძლევა გრძელვადიანი პრობლემების მისეულ ხედვას. მისი პოზიცია ალტერნატიულია, წინააღმდეგობის პრინციპზე აგებული. მაგალითად, თუ მთავრობა იტყვის, სიმინდი უნდა დავთესოთ, ის უპასუხებს, რა დროს სიმინდია ან სიმინდის ჯიშს დაიწუნებს.
კლასიკურ მაგალითსაც დაგისახელებთ. ფორბსის რეიტინგით, საქართველომ განათლების დონით სკოლებში 120-ე ადგილი დაიკავა. ამ დროს რაზე ილაპარაკა მთელი წელიწადი ჩვენმა ოპოზიციამ და საქართველოს განათლებულმა საზოგადოებამ? სწორია თუ არა მანდატურების სკოლაში შეყვანა, მძიმეა თუ არა სასკოლო ჩანთები…
ესე იგი, პერსპექტივის ხედვა არ აქვს საქართველოს ოპოზიციას და ამას უცხოელიც ამჩნევს. მთავრობის საქმიანობის კრიტიკა არ გამომდინარეობს ეკონომიკური და სოციალური პროცესების ანალიზიდან. ეს არის კრიტიკა «ერთჯერადი პოზიციის», კრიტიკა საქციელის, ცალკეული გადაწყვეტილების.
უცხოელმა კაცმა – თომას დე ვაალმა საქართველოს მთავრობის ქმედებას მოუძებნა შეფასების ზრდილობიანი ფორმა და უწოდა იმპროვიზაციები. არ თქვა, რომ იმპულსურია, როგორც ჩვენ ადრე ვამბობდით – კავალერისტული მიხტომების მსგავსი. მაგრამ პირდაპირ გვითხრა, რომ ეკონომიკა არ ვითარდება, რომ ინვესტიციები მცირდება, რომ ინფლაცია, მერვე თვეა, ორნიშნაა და ა.შ.
– ეს ნიშნავს, რომ დაიწყო ჩვენი კონცეპტუალური კრიტიკა?
– ასეა. ახლა ლაპარაკი ასეთ ჭრილში მიმდინარეობს: თუ თქვენ არ გაქვთ კონცეფცია, ჩვენ გეტყვით და დაგეხმარებით. ტრადიციულად გინდათ განვითარდეთ? ამ მიმართულებას მომავალი არ აქვს, რადგან კონსერვატიზმია და ჩიხი. ასეთ «ტრადიციონალისტებს» რომ სერიოზული წარმოდგენა ჰქონდეთ სამომავლო განვითარებაზე, მე, მაგალითად, ვერ დაგიდასტურებთ, რადგან მათგან არ გამიგია.
მეორე მიმართულება – სინგაპურიზაცია. ამაზე თითქოს ვთანხმდებით, რომ ასეთი რამ საქართველოსთვის შეუძლებელია. სინგაპური გამოდის თავისი რესურსული შესაძლებლობიდან. ეს რესურსი ადამიანია, რადგან არ აქვს მიწა, არ აქვს ტექნოლოგიები.
სინგაპურის პრეზიდენტი თავის დროზე ამბობდა: სამი რამე არ გამაგონოთო – ტანკები, ნაწნავებიანი ბიჭები და ტრანსეროვნული კორპორაციების კრიტიკა. თუ ამ სამ რამეს მოვიცილებთ, გპირდებით, რომ აყვავებულ ქვეყანაში იცხოვრებთო. შეასრულა კიდეც თავისი დაპირება.
ამას მე კი არ ვიგონებ, ფუკუიამა წერდა, რომლის წიგნი ქართველებისთვის, მაგალითად, გია ნოდიასთვის და სხვებისთვის, სამაგიდო იყო. თავის დროზე ფუკუიამას ხსენება და ციტირება განათლებულობის მაჩვენებლად ითვლებოდა.
– მეც გამანათლეთ, ბატონო დავით, რას წერდა ფუკუიამა?
– წერდა, რომ ტრანსეროვნულ კორპორაციებს მთლიანად უნდა გადავაბაროთო ჩვენი კაპიტალი. რადგან ჩვენ ვიმყოფებით აღმოსავლეთისა და სამხრეთის ცენტრში, მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოს «ჩემპიონი ქვეყნების» – ჩინეთის, ინდოეთის, ავსტრალიის, ინდონეზიის, პაკისტანსაც თუ დავუმატებთ, შუაგულში. ტრანსეროვნულ კორპორაციებს კი სინგაპური სჭირდება როგორც ტრანზიტული ელემენტი. ამ ფუნქციის კარგად შესასრულებლად საჭიროა მკაცრი დისციპლინა, უმკაცრესი საზოგადოებრივი წესრიგი და ა.შ. ესაა მისი რესურსი. სინგაპურის ქალაქი-სახელმწიფო 99 პროცენტით ჩინელებითაა დასახლებული და, რასაც ქმნის და აკეთებს, ყველაფერი დიდი ჩინეთის მიზნებიდან გამომდინარეობს.
ამასთან, ამ ანკლავს აქვს დამოუკიდებლობა. ესეც ჩინური პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნიშანია.
ასეთ პოლიტიკაში ჩვენ ვერ ჩავეწერებით: არ გვყავს მხარდამჭერად დიდი ჩინეთი, ჩვენი რესურსი განსხვავებულია: სახნავ-სათესი მიწა, წყალი, ღვინო, მადნეული და ა.შ., ცოტა სხვანაირი სამუშაო ძალა გვყავს, რომელსაც ხელეწიფება ტექნიკა, ტექნოლოგიებთან ურთიერთობა. ამას მოწმობს ფაქტი – საქართველოდან გასული 800 ათასი ადამიანი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციებთან. არის კიდევ 600 ათასი კაცი, რომლებიც რას აკეთებენ, კაციშვილმა არ იცის – ხან ანტალიაში იჭერენ ბინების ძარცვისთვის, ხან საფრანგეთში – ჯიბის ქურდობისთვის, მუშაობენ დამლაგებლებად და მენაგვეებად, ინვალიდების მომვლელებად და ა.შ.
ამ ტიპის ხალხი ვართ ჩვენ.
ამიტომ გვესაჭიროება მესამე გზა. ქვეყანას უნდა ჰქონდეს თავისი მაკროეკონომიკა, რომელიც არავის გაუუქმებია, უნდა შევიმუშაოთ განვითარების სტრატეგიული მიმართულებები, შევქმნათ ისეთი პირობები, რომ ადამიანებმა შეძლონ თავიანთი ნიჭის, კვალიფიკაციის, მატერიალური რესურსების საფუძველზე უწინდელზე უკეთ იცხოვრონ, გახდნენ შეძლებული და სრულფასოვანი, თავისუფალი მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში.
აი, ეს არის დე ვაალის მთავარი ხედვა, ასე ესმის მას «საქართველოს არჩევანი».
– დე ვაალის დასკვნა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება გაურკვეველია, ჩვენი ხელისუფლების ლიბერტარიანული მიდრეკილების ბრალი ხომ არ არის?
– გაიხსენეთ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში 2009 წელს, როცა ეკონომიკური თავისუფლების აქტი გამოიტანა. მან თქვა, რომ ჩვენ წაკითხული გვაქვს მილტონ ფრიდმანის, ფონ ხაინეკის, მიურეი როტბარდის წიგნები, მაგრამ მათგან კი არ გვისწავლია ლიბერტარიანელობა, არამედ ლიბერტარიანელობა ილია ჭავჭავაძემ გვასწავლაო. ტრადიციულად ვართ ლიბერტარიანელები და ამიტომ საერთოდ არ ჩავერევით ეკონომიკაში. გლობალიზაციის პროცესი წაგვიყვანს და მივყვებითო. ახლახან რომ ჰკითხეს, პროდუქცია რატომ ძვირდებაო, უპასუხა, მსოფლიოში ძვირდება და ამ პროცესს მე ხომ ვერ შევაჩერებო, ესე იგი, ეკონომიკის თვითკმარობა მას ვერც წარმოუდგენია. ლიბერტარიანელების გავლენას კი არ განიცდის, არამედ არის ლიბერტარიანელი. ეს კი ისე ესმის, რომ, როცა საჭიროდ ჩათვლის, თვითონ უნდა ჩაერიოს, ჩარიოს სხვებიც და რაღაც ცვლილებები შეიტანოს კონკრეტული დარგის კონკრეტულ სეგმენტში. აი, ამას ეძახის თომას დე ვაალი იმპროვიზირებულ მართვას. მე კი ვიტყოდი, რომ ეს არის იმპულსური მართვა.
ტყიბულში კაცი დასახიჩრდა და ამან ააღელვა, სიმინდმა შარშანდელ გვალვაში ვერ იხეირა და, არიქა, ამერიკული სიმინდი უნდა მოვიყვანოთო. მერე მინისტრი დაიბარა და, წვეთოვანი მორწყვა დანერგეთო, დაავალა. ასეთი მორწყვა ჰექტრობით ფართობზე შეიძლება, კაცო?! საოჯახო მეურნეობაში და სხვა გეოგრაფიულ გარემოში გამოსაყენებელია, ჩვენც გამოგვადგება, მაგრამ – მცირე ფართობებზე კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის საშუალება არამც და არამც არ არის.
– ასე ვერც უმუშევრობას დავძლევთ, ვერც ინფლაციას მოვერევით…
– არა, კაცო, არა! ლიბერტარიანელებისთვის უმუშევრობა პრობლემა არ არის: აქ არ არის სამუშაო ადგილი, სხვაგან წადი და იქ იმუშავეო, გეუბნება ლიბერტარიანელი.
– ამით ეშველება საქართველოს?
– ხომ ვხედავთ, როგორც ეშველა.
– მთავრობა კი არ ერევა ეკონომიკის განვითარების პროცესში! ეს ხომ ამოსავალი დებულებაა ლიბერტარიანელების?
– საქართველოში ეკონომიკის ლიბერალიზაციის აქტი როცა მიიღეს, ჩაწერეს, რომ ბიუჯეტში შეიძლება მობილიზებულ იქნას მთლიანი შიდა პროდუქტის 30 პროცენტი, ესე იგი, მთლიანი შიდა პროდუქტის 30 პროცენტს ხარჯავს მთავრობა. ეს ნიშნავს, რომ არ ერევა ეკონომიკაში!
– როგორ არ ერევა!..
– ლაპარაკია, რომ ცუდად ერევა. ეს 30 პროცენტი რომ წაგვართვი მოსახლეობას, შენ, ბატონო ხელისუფლებავ, სად და რისთვის ხარჯავ? გმირთა მოედნის ესტაკადის აგებით მოვახდინოთ ქალაქის ცენტრის დეჰუმანიზაცია თუ იგივე ფული მოვახმაროთ, ვთქვათ, ქართველი სტუდენტების სწავლა-განათლებას საზღვარგარეთ?
ამიტომ საჭიროა ფართომასშტაბიანი მსჯელობა, მოსახლეობაში განხილვა.
დე ვაალი კარგად ხედავს, რომ ჩვენი ოპოზიცია ამის ორგანიზებას ვერ შეძლებს და ზრდილობიანად ურჩევს მთავრობას ამის გაკეთებას.
– რომელიც ყურს არ იბერტყავს… თქვენი კოლეგა, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, პროფესორი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ თომას დე ვაალის ანალიტიკური ნაშრომი კრიტიკულ ტონალობაში კი არის გადაწყვეტილი, მაგრამ მეგობრის კრიტიკული დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ.
– ამ შემთხვევაში ჩემი და ბატონი ლადოს შეფასებები ერთმანეთს ემთხვევა, ხოლო დე ვაალის მოხსენების მიმართ კეთილი შურით ვარ განწყობილი. ჩვენ რასაც ვამბობდით ჯერ კიდევ წლების წინათ, უცხოელმა კოლეგამ ახლა თქვა და ერთბაშად ყველამ მიაქცია ყურადღება.
ჩვენ ვინმემ დაგვიგდო ყური? ვიცი, რომ შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს, და ამიტომ არაფერი მიკვირს, თუმცა მშურს.
ესაუბრა არმაზ სანებლიძე
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here