Home რუბრიკები საზოგადოება არაპოლიტკორექტული ფანტასმაგორია დემონებსა და დემონოკრატიაზე

არაპოლიტკორექტული ფანტასმაგორია დემონებსა და დემონოკრატიაზე

GEWORLD.NET:
საზარელია განცდა იმისა, რომ შენი სამშობლო ოკუპირებულია სატანისტთა მიერ, რომელთაც იმავე ქვეყნის ძუძუ აქვთ ნაწოვი, რომელმაც გამოგზარდა. არადა, ეს მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე დამპყრობლის თარეში. ამ დროს, რომ ის მტერია, უნდა ებრძოლო და სიცოცხლის ფასად განდევნო, რათა შენმა ჯიშ-ჯილაგმა შვებით, ერთმანეთის სიყვარულითა და ერთგულებით იცხოვროს მშობლიურ მიწაზე. ახლა კი ხელის ფათურით დადიხარ ღალატით მოწამლულ მამულში და მზის ამოსვლის იმედიც არ გაქვს, რადგან ისიც დატყვევებულა. მაშ, ვილოცოთ, შველა ვთხოვოთ უფალს, რომელიც გვეტყვის, ხელები გაატოკეთ და გეშველებათო! მანამდე კი მოგვიწევს ქაჯთა განუკითხაობაში ფართხალი, რომელიც მორჩილთა ზურგზე ამხედრებული შეუპოვარ, უდრეკ და მებრძოლ მამულიშვილთა სისხლის სმით იკლავს ბოროტების წყურვილს.

ახლა კი რაღაც მორიგი მუხთლობის საზეიმო როკვა გაუმართავთ წვრილფეხა ეშმაკებს ქაჯთა გამოქვაბულის ბელზებელის მისაღებ ჯურღმულში. ყველაზე ძალიან გახარებულია შავტუხა, ბალანგაბურძგნული, კუზიანი, თვალებდაფანტული და პირვიწრო ეშმაკი. ისეთ საზარელ ხმაზე ჭყივიან, რომ იმასთან მყრალ გუბეში ბაყაყების ყიყინი ბულბულის გალობად მოგეჩვენება. ზევიდან სისხლი წვეთავს.
– პირი შეუშვირეთ, გაიჭყიპეთ, დათვერით და იკოტრიალეთ! – ჭყივის შავტუხა, პირვიწრო ჩმახი და ხელგაშლით სთავაზობს ყველას სისხლით თრობას, – ეს ჩემი დამსახურებაა! – იძახის და ვიწრო, ბანჯგვლიან მკერდზე გაცვეთილ ჩლიქს ირტყამს. – დიდება ჩვენს უწმინდურეს, უბოროტეს, უვერაგეს გარყვნილებას! ახლა ხომ წარმატებით ვასრულებ მის დავალებას. ქართველი ერის დაბეჩავება-მოსპობაში უკვე ვეღარაფერი შემიშლის ხელს! – ხტის და გიჟური როკვით დასდევს სხვადასხვა ყალიბის უწმინდურთა ხროვა.
– გაიხარეთ, ბნელეთის მოციქულებო! ადამიანთა მოდგმაში უფლისმიერ სპეტაკ ჩვევებს დიდი ჭირი გავუჩინეთ და მალე ისე გადავაჯიშებთ, რომ ჩვენში ვეღარ გავარჩევთ. ვისი გადაჯიშებაც არ მოხერხდება, მოვსპობთ, ეს უმეტესად უფროს თაობას ეხება, ახალგაზრდობას კი მორჩილ მანქურთებად ვაქცევთ, რათა საუკუნეთა განმავლობაში მთელი ერის მონაპოვარი გააქარბუქონ, – ღრიალებს პირვიწრო ჩმახი და ასდევს მატლებივით აფუთფუთებული ეშმაკის ნაშიერთა “შპანა”.
– რა ჭყვლიპინი და აურზაური ატეხეთ, ისე ზეიმობთ თითქოს უკვე მოსპეთ უფლისმიერი სიკეთით ნაკურთხი ადამიანების მოდგმა?! – ახმაურებულებს ბელზებელის კარის მცველი გაუწყრა.
– ჯერ სულ არ მოგვისპია, მაგრამ ჩვენი უწმინდურესი გარყვნილების დავალების წარმატებით შესრულებას ვზეიმობთ! დღეს ყველას მე ვმსაპინძლობ, რადგან სისხლი, რომლითაც ასე ვთვრებით მე ვადინე ქართველ მამულიშვილებს, – ამაყად უპასუხა პირვიწრო ჩმახმა.
მცველი უფროსთან შევიდა და მალე გამობრუნდა.
– ძალიან კარგ ხასიათზეა, ყველას თავისთან მოპატიჯება მიბრძანა, – თქვა და გამოქვაბულის კარების ფართოდ გაღებით გოგირდის სუნით გაავსო მიწისქვეშეთი.
გახარებული წვრილ-მსხვილი ეშმაკები ჭყვლიპინ-ყიყინით შეცვივდნენ ბელზებელის მიწისქვეშეთში.
– რა გიხარიათ, რა ხმაური ატეხეთ, თითქოს დედამიწაზე ბოროტებას საბოლოოდ გაემარჯვოს?! – საყვედურით თქვა ბელზებელმა.
– საზეიმოდ გვაქვს საქმე, უწმინდურესო გარყვნილებავ! – პირვიწრო ჩმახი კედლიდან გამოშვერილ ლოდზე შეხტა და სისხლიანი ლაშები კუდის ბალნით შეიწმინდა, – ეს ახალი სისხლია, რაც შენგან მოძულებულ ქართველებს ჩემგან ჭკუადაფანტულმა ქართველებმა ადინეს; მორჩა, ახლა ვეღარაფერი შეგვაჩერებს!
– აბა, ჩამოკაკლე, როგორ მოახერხე ჭკუათა დაფანტვა, მატყუარა და ტრაბახა, ჩმახო! – უბრძანა გაღიმების სურვილით დაღრეჯილმა ბელზებელმა.
– რაც ამდენი ხნის განმავლობაში გაწბილება ვიგემე და ქართველიდან სიკეთემ კინაღამ არ გამომაბუნძულა, ამისათვის ახლა ასმაგად ვიმკი ჩემგან დათესილ ეკლის ნაყოფს.
– გისმენთ, – ისე უთხრა ბელზებელმა, თითქოს მასზე უკეთ არ იცოდა ბოროტების, ღალატის, თვალთმაქცობის, სიცრუისა და ცოდვის რა კალო ბრუნავდა.
– იქიდან დავიწყებ, ჩვენი ერთგული დაბერებული თეთრი მელა მეორედ რომ წამოვასვით ქართველებს, – პირვიწრო ჩმახი ამბის გრძლად მოსაყოლად მოემზადა.
– ეგ ყველამ იცის. შენ იმაზე თქვი, პირი სისხლით რატომ გაქვთ მოსვრილი, რა ბოროტების უსირცხვილობით უნდა გაგვახარო? – ბელზებელმა გრძლად მოყოლის სურვილი გაუნელა.
– კარგი, მაშინ მეც აქედან დავიწყებ, მომიტინგეები სისხლში როგორ ვაბანავეთ, – ჩმახს სიცილი აუტყდა.
– აბა, სასაცილო რა თქვი, შე პატიოსანო წმინდანო! – ბელზებელი გაუბრაზდა.
– წინასწარ რატო მლანძღავ, უბოროტესო გარყვნილებავ, – ჩმახი გაწყრა. – იმაზე მეცინება, რომ მომიტინგეებს ეგონათ, ამერიკელთა და დასავლეთ ევროპელთა დემოკრატიისადმი ერთგულების შიშით ხელისუფლებად წოდებული ჩვენი ლეკვები ცოდვას ვერ ჩაიდენდნენ: ნახეთ, როგორი დემოკრატები ვართო.
– მერე რა მოხდა? – იკითხა ბელზებელმა.
– ამერიკელებს დემოკრატია ისე აფარიათ ნიღბად, როგორც მე ბატკნის ტყავი ეშმაკის რქების დასაფარად, – სიცილით თქვა ახალგაზრდა, აყლაყუდა, გრძელბალნიანმა ეშმაკმა და თავის სიძლიერის დასადასტურებლად რქებით კლდე მოკაწრა. – მე დემოკრატიის ნიღბით მთელ მსოფლიოში ძალადობას და გარყვნილობას ვქადაგებ. მაშ როგორ უნდა ვაქციოთ კაცობრიობა სიცრუის, სისაძაგლის და ძალადობის ბუდედ, – ამ გამოხდომით ბელზებელს სიამოვნების ღრეჭა მოჰგვარა.
– დააცადე, ბოლომდე თქვას, – უთხრა აყლაყუდას.
– რა უნდა თქვას, სანამ ამერიკის ელჩის ნებართვა არ მიიღეს, ხალხის დარბევას ვერ ბედავდნენ ამ ჩმახის მიერ ხელისუფლებად წოდებული ნამუსგაყიდულები.
– ევროპელებმაც ხომ შეუქეს საქციელი. თუ გვინდა კადაფის მსგავსებს დემოკრატებად და დიდ რეფორმატორებად მოვნათლავთ, თვითონ კადაფს კი ბომბებს დავუშენთ და პატიმრობას მივუსჯით; ეგრეა, ვინც ჩვენი საქმის ერთგულია ყველაფერს ვპატიობთ, – აყლაყუდას თავისი დამსახურება შეახსენა მოპრანჭულმა, ბალანდაწნულმა, ჩლიქმოცვეთილმა ეშმაკმა.
– მე დიდად ვაფასებ ქართველი ხალხის განუკითხაობის, გარყვნილებისა და საბოლოო გადაგვარების ჭაობში ჩაძირვისათვის თქვენს დაუღალავ დახმარებას; მარტო მე რას გავხდებოდი, თქვენ გვერდით რომ არ მყავდეთ, – კუზიანმა ჩმახმა ამერიკელ და ევროპელ ეშმაკს ბელზებელთან პირმოთნის ქონი მოსცხო.
– მაინც რას იკვეხნი, შე პატიოსანო წმინდანო? – დამცინავად ჰკითხა ბელზებელმა.
– ადრინდელზე ხომ არ შეგდავებივარ, მაგრამ ახლა მაგ შეურაცხყოფას ნამდვილად არ ვიმსახურებ, – წყენით თქვა ჩმახმა და გააგრძელა: – როგორ წარმატებასაც მივაღწიე საქართველოში, ამდაგვარით ვერც ერთი ქაჯთა ნაშიერი ვერ დაიკვეხნის მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ჯერ ჯვაროსნების მიერ დაუნდობლობით, სისასტიკით და სიძულვილით კაცმოძულებაში ამოსვრილი დროშა მე საქართველოს სახელმწიფო დროშად შევაჩეჩე ჩემგანვე თავგზააბნეულ ქვეყანას; ვარდების რევოლუციად მონათლული თვალთმაქცობით, სიცრუით ნაკურთხი “ნაციონალური მოძრაობა” ჭირად თავს მოვახვიე ქართველებს ტრაბახით და ყოველგვარი უწესობით რომ სპობენ ყველაწმინდას. ისე ნელ-ნელა და წინდახედულად იძირება საქართველო ეშმაკეული ბოდვების განუკითხაობაში, რომ დღეს უკვე ვერავითარი ძალა ვეღარ დაგვიდგება წინ, რამეთუ ქართველთა გულგატეხილობა, გათითოკაცობა, გაუსაძლის გაჭირვებასთან ბრძოლა იმ დონეზე მივიყვანეთ, რომ მათ ერისა და ქვეყნის ეშმაკეული გზიდან აცდენის თავი აღარ აქვთ.
– შეიძლება დაგეთანხმო. ამ ბოლო დროს ქაჯური ბოდვებით ქართველთა შეგნებაში ისეთი არეულობა შევიტანე, რომ ერთმანეთს ვეღარ უგებენ და ყოველგვარი სიკეთის მიმართ ნდობადაკარგულები უნებლიეთ ღრმავდებიან ჩვენ მიერ მომზადებულ განუკითხაობის, ბოროტების, გარყვნილების, უწმინდურების და საბოლოო მოსპობის ჭაობში, – კმაყოფილებით დაასკვნა ბელზებელმა, – მაინც მოგვიყევი, ასე თანმიმდევრულად როგორ გადაამისამართე ქართველები სიკეთის, აყვავების და განვითარების გზიდან ბოროტების, უბედურებისა და დაღუპვის გზაზე.
– პირველად, ნაციონალებად მონათლულ ახალგაზრდებს სიცრუის უსირცხვილოთ თქმის ხელოვნება შევასწავლე ამერიკისა და დასავლეთ ევროპის საამისოდ შექმნილ სასწავლებლებში. ერთ და ორ წელიწადში ზოგმა ხუთზე მეტი ამგვარი დამოძღვრის დიპლომი მიიღო; ცულით გაჩორკნილი ინგლისურის და სიცრუე-სიყალბის დახვეწილი ლაქლაქის ცოდნა შეიძინეს. ამგვარად განათლებული გაუმაძღრობა და გარყვნილება მინისტრებად, სახელმწიფო მოხელეებად, “თავისუფლების ინსტიტუტისა” და უცხოელების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მოხელეებად დავასიე, რომლებიც ისე ღრღნიან ქართულ ეროვნულ თვითმყოფადობას, მის უმდიდრეს ისტორიულ მემკვიდრეობას, სპეტაკ, შეუპოვარ და საამაყო ტრადიციებს; უფროსი თაობის უნიკალურ ნაგებობას.
– კონკრეტულად გვესაუბრე, – შეაწყვეტინა ბელზებელმა.
– პირველ რიგში, კადრების სწორი შერჩევაა საჭირო. წარმატების მისაღწევად აუცილებელია ქვეყნის თავკაცად შეირჩეს ლაჩარი, ცრუპენტელა, ტრაბახა, ყოველგვარი სიბინძურის მკადრებელი, ჩვენი ლაქია, საკუთარი ერის მოძულე არაკაცი, რაც წარმატებით შევძელი სწორედ ამდაგვარი ბებერი, ბრჭყალებმოცვეთილი და კუდგაყვლეფილი თეთრი მელას დიდი მონდომებით. ასეთმა თავკაცმა მთელ საქართველოში ისეთი ბოროტების, გარყვნილების და უამრავი ეშმაკეული სიბინძურის მატარებელი შეაგროვა, რომ მეც კი მიკვირს, ნუთუ საქართველოში ამდენი უწმინდური გარყვნილება ბოგინობდა?! ჰოდა, დაიწყო ყველა სასიკეთოს მოთხრა-მოსპობა, რაც თეთრ მელას გადაურჩა. მან კი მასზე უარეს ქართველ მოძულეთა მთელ ხროვას მიართვა საქართველოს ბედ-იღბალი აქ, ბელზებელთან მოსაყუჩებლად.
– მოკლედ! – კვლავ მიიღო შენიშვნა.
– კარგი რა, ყველაზე უწმინდურო გარყვნილებავ, ისეთი რა უნდა ვთქვა, რაც შენ არ იცი. მოკლედ, დაერივნენ მეცნიერებას და სულ მოაოხრეს, ზედ მიაყოლეს განათლება და მის გაბანძებას წარმატებული რეფორმების გატარება შეარქვეს. კულტურა, ხელოვნება, მწერლობა, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა სულთმობრძავ მდგომარეობაში არიან და მალე რეამინაციის გარეშე პროზექტურაში გადაასვენებენ. ენას, მამულსა და სარწმუნოებას მისივე დამცველის ნიღბით ისე კორტნიან, რომ ამ გაწამაწიაში ნიღაბი სულ შემოეხიათ და აღარავის უკვირს მათზე ჩვენ მიერ ნაკურთხი სიფათის დანახვა.
– ეგ კორტნა რაში გამოიხატება, აუხსენი მსმენელებს, – დაავალეს.
– ქართული ენა და დამწერლობა კაცობრიობის აკვნის დარწევიდან რომ მოდის, დღემდე ამიტომ ვერ შევძელი მისი მოსპობა. ამათ კიდევ ერთი ხელის მოსმით უნდათ ყველაფერი გადააინგლისურონ. არადა ინგლისელებს საკუთარი დამწერლობაც კი არა აქვთ, ჩვენგან მოსპობილ ლათინებისა მიითვისეს. ახლა ინგლისური ენის შესასწავლად რაღაც გაურკვეველი სპეციალობის და ზნეობის მასწავლებლები შემოყარეს; რომელ ქართველ მასწავლებელსაც ინგლისური ეცოდინება, სხვაზე მეტ ხელფასს მიიღებს. რაც ოცდაექვს მაისს თემურ ლენგის შესაშური დაუნდობლობით დაარბიეს მომიტინგეები და იმათი სისხლით ჩვენც გვარიანად მოვისვარეთ პირი, ისე აგულავდნენ, რომ მეტროს სადგურების დასახელებას ინგლისურად ამცნობენ მგზავრებს, რომელთაც ეს ბჟუტური ისე ესმით, როგორც ბულბულს ყვავის ყრანტალი და, მიუხედავად ამისა, იმდენად არიან ჩემს მიერ გათითოკაცებულები, რომ პროტესტის გამოხატვის თავიც აღარ აქვთ. კიდევ გეტყვით, ქვეყანაში ფაბრიკა-ქარხნების განადგურებასთან ერთად მოსპეს კვალიფიციური მუშები და ყველა დარგის სპეციალისტი. რაც უფროს თაობას შეუქმნია ყიდიან, ითვისებენ და მაინც არ ყოფნით, რადგან ძირგავარდნილი კასრის გაუმაძღრობა შევყარე.
კუზიან ჩმახს უცებ სიცილი აუტყდა. – ეს კი თვითონ ააშენეს რაღაც ხიდის მსგავსი, არავის არაფერში რომ არ სჭირდება და ხალხმა მიშას პამპერსი შეარქვა, – ეშმაკთა საკრებულო სიცილით გადაფიჩინდა, – გმირთა მოედანზე ისეთი რამ დააყუდეს, ჰელიოგაზალმა ძეგლი რომ დაუდგა მამაკაცთა სხეულის იმ ნაწილს რომში. ასე ნელ-ნელა გადააჯიშებენ ამ უფლისმიერი სიკეთით ნაკურთხ ერს სექსუალური გაუკუღმართების თავაშვებულობით და დაუდუნებენ სპეტაკი ეროვნული ტრადიციების, ენის, მამულისა და სარწმუნოების, სიყვარულის და სიკეთის ძარღვის ფეთქვას.
– დიდება ბოროტებას, ვერაგობას, გარყვნილებას და ყველაფერ სატანურს! – აღავღავდა ქაჯთა საკრებულო.
– მე ადრე უცხოელი დამპყრობლის ხელით ვცდილობდი ქართველთა მოსპობას, საზარელი დღეებიც ვაჩვენე, მაგრამ იბრძოდნენ და სამშობლოს სიყვარული უფრო უძლიერდებოდათ. ახლა კი ყოველივე ეროვნულს, ქვეყნის სასიკეთოსა და საამაყოს თავისივე სულგაყიდული, გადაგვარებული, უცხოელთა დოლარებზე დახარბებული, ჩვენი, სატანური მუხთლობის ბოდვის მონა ქართველი მანქურთები უღებენ ბოლოს, ესენი ყოველივე ეროვნულს სპობენ ქართველი ხალხის ბედნიერებისათვის მებრძოლის ნიღბით. შედეგად გაანიავეს საქართველოს ტერიტორიები, გაყიდეს მიწები და ახლა გადარჩენილი საქართველოს დაქუცმაცებას უყრიან საფუძველს. განუკითხავად სპობენ, ვინც არ მოსწონთ. ავღანეთის სამარცხვინო ომიდან ამერიკელებიც კი ცდილობენ თავის დაღწევას, ესენი იქ ღვრიან ქართველი ახალგაზრდების სისხლს, რითაც მე, დროდადრო, ეშმაკთა მოდგმას ვუმასპინძლდები. ერთ დროს ამაყი და შეუპოვარი ქართველები ისე დააშინეს და დაამშიეს, რომ მალე თავისი თოკით მიადგებიან “ნაციონალებს”, რომელ ხეზე ისურვებთ რომ თავი ჩამოვიხრჩოთო. ჰოდა, ამხელა დამსახურების ბოროტებას არ მეკუთვნის შენგან შექება, ყველაზე უწმინდურო და უვერაგესო გარყვნილებავ?! – კუზიანი ჩმახი ბელზებელს მიაჩერდა.
– ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ რატო არაფერს ასწავლი და არ მიეხმარები ამ რიჟა, რქამოტეხილ ბედოვლათს რუსეთის დანგრევა-გაპარტახების დავალების შესრულებაში? – უსაყვედურა ბელზებელმა.
– რაც კი ირგვლივ უბედურება ხდება, ჩემი მსახური საქართველოს თავკაცები სულ რუსეთს აბრალებენ. რამდენიმე წლის წინ რუსეთში ჩვენკენ მომავალი გაზის მილი რომ აფეთქდა, მე ძალიან ეშმაკური ბრალდება ვათქმევინე: საქართველოში ისე ფხიზლად ვიცავთ ამ მილებს, რომ რუსები იძულებული გახდნენ, თავის ტერიტორიაზე აეფეთქებინათო. ხან შპიონობის ბრალდებით ისეთ ხალხს ვაჭერინებ, რომ ყველას ყბა ღია რჩება – ესენი რანაირი შპიონები იქნებიანო. ხან ისეთი ტერაქტის მოწყობას და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გამოვაცხობ ხოლმე, მეც კი არ მჯერა. მაგრამ, ზოგიერთი ისე გამოვათაყვანე, უკვირთ, რა მაგარი ტერაქტი აღკვეთესო. ასეთი გარყვნილი და ბინძური ქოსატყუილა ვარ მე, – თქვა და ბალანგაქუცულ ვიწრო მკერდზე ჩლიქი დაირტყა.
– ჰოდა, რუსეთში მაგ ტერაქტებზე რომ ვთქვი, კინაღამ მეორე რქაც არ მომტეხეს: შე მართლა ქაჯო, ტყუილის მოგონებაშიც ქაჯები როგორ ხართო. არადა, ადრე სტალინმა რომ მომტეხა რქა და მაგარი ჭიტლაყით გადამადასავლეთევროპა, ახლაც იმ შიშის ბარტყების ფანტვაზე ვარ. იმ თავტყირპიანი ბედოვლათის მიერ რუსეთზე მიყენებული მძიმე მუხთლობის შემდეგ მეგონა, ისე დაიშლებოდა, როგორც ჰიტლერი გეგმავდა. მაგრამ რუსეთთან ძმობის და მეგობრობის მძლავრი ძარღვის ფეთქვა ვერ დავაცხრე ყოფილ საბჭოთა კავშირის ხალხებში. რუსეთში უამრავი სატანის თესლის გაშლის მიუხედავად ამ ძარღვის ფეთქვა უფრო ძლიერდება და მეშინია, რომ ადრინდელის მსგავსი ჭიტლაყი არ მომხვდეს და ეს კენტი რქაც არ მიმამტვრიონ, – საცოდავად დაიღრიჯა რიჟა ეშმაკი.
ბელზებელს ხასიათი მოეწამლა, ცოტა ხანს ჩაფიქრდა:
– ვაი თუ საქართველოშიც იმძლავროს ხალხის ნებამ, რომელსაც ასე გულმოდგინებით თელავს პირვიწრო ჩმახის ნაქები ხელისუფლება, – შეწუხებულმა ჩაილაპარაკა.
– ეგ არ მოხდება, უწმინდურო გარყვნილებავ, – გაამხნევა ჩმახმა.
– რა იცი, რომ არ მოხდება? – ბელზებელი წყალში ჩავარდნილის მაშველი რგოლის მოლოდინის მზერით მიაჩერდა.
– ჯერ ერთი იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ის აღარ არის, რაც ადრე იყო. გაჭირვებისგან შეწუხებული ერთი ნაწილი საზღვარგარეთ გაფრთხა; ვინც აქ დარჩა და გაქცევა ვერ მოახერხა, ლუკმა პურის ძებნაში ბევრი გათითოკაცდა; ვისაც ერის და ქვეყნის სიყვარული ვერ დაუდუნეს ზოგს კლავენ, ზოგს ციხეში სვამენ, ზოგს კი, ხელისუფლების ლაქია პარტიების დახმარებით, ცილისწამების საბურველში ახვევენ; ხალხს კი ცრუპენტელა ტელევიზიების მიერ უამრავ გარყვნილებაზე ბოდვით და უნამუსო ტრაბახის სმენით მზერის ორგანოებს ისე უბინძურებენ, რომ თეთრის შავისგან და ბულბულის გალობის ბაყაყის ყიყინისგან გარჩევა უჭირთ. მოკლედ, უწმინდურესო გარყვნილებავ, “ნაციონალები” ხომ ჩვენა ვართ და მრავალი ოპოზიციური პარტიაც, მარტო სახელიღა რომ შემორჩენია ხუთკაციან “შპანას”; მასვი-მაჭამეს სიმღერას მღერიან დაღებულ პირში დროდადრო ვჩრით ცხიმიან დოლარებს; ისე რომ აღარ არსებობს საქართველოს სიკეთისკენ მომბრუნებელი ძალა. თუ კიდევ ერთეული ვინმე თავდადებული, ნიჭიერი ერისკაცი გამოჩნდა, საქართველოში მისიკვდილების შიშით ცხვირს ვერ შემოყოფს. როგორ არა, არიან აქაც ასეთები, მაგრამ მათ იმის საშუალებას არ ვაძლევთ, რომ ხალხი გამოაფხიზლონ.
– აბა, ეგ ნონა გაფრინდაშვილი ვინ არის, რატომ ვერ მოგიქრთამიათ ზოგიერთი ფანჯრის მტრედივით? – ჰკითხა ბელზებელმა.
– რა ვქნა, უწმინდურესო ბოროტებავ და უამრავო გარყვნილებავ, ქართველ ერს, უკიდურესი გაჭირვების ჟამს ყოველთვის უჩნდებიან ხოლმე ასეთი თავდადებული მამულიშვილები. ახლა მაგ შეუპოვარმა მანდილოსანმა აღმართა ქართველთა ხსნისა და ბრძოლის ალამი.
– მოიშორეთ თავიდან, რა გაგიჭირდათ მაგისი მოკვლა, როდემდის უნდა აწმინდაოს თქვენს მიერ ამღვრეული და დამახინჯებული სინამდვილე?! – ბელზებელი გაბრაზდა.
– მაგაზე ჩვენც ბევრი ვიფიქრეთ, მაგრამ ერთის მაგიერ ათასი ნონა გაფრინდაშვილი აღებს შურისძიების მახვილს და მაშინ ქართველი ერის გამოფხიზლებას წინ ვეღარაფერი დაუდგება. შენ დაგვიფარე ამგვარი უბედურებისაგან, ჯოჯოხეთის ყველა მოლანდებავ, ძალადობისა და განუკითხაობის მფარველო უწმინდურესო გარყვნილებავ! – ყბავიწრო ჩმახმა ჩლიქები მიწას დაარტყა და ცხვირიც ზედ დაახალა. ასე გაიტრუნა კარგა ხანს; უცებ, ღრიალით წამოხტა: – ყური დაადეთ მიწას, რაღაც საშინელი, იდუმალი გუგუნის ისმის!!! ვაიმე!!! – ჩლიქები წაიშინა თავში.
ყველა მიწაზე დაემხო. ბელზებელმაც დაადო თავისი თხის ყური მიწას. იქიდან კი ყრუდ ისმოდა იდუმალი გუნდის მოწოდების მსგავსი მრისხანე ბუბუნი ბელზებელი უცებ წამოხტა და აღრიალდა: – ქართველი ხალხის ყველა დროის წინაპართა გაერთიანებული ხმაა. ვაი ჩვენ, თუ მიწას ვულკანივით ამოსცდა და ქართველთა სულს დაეუფლა! სასწრაფოდ გავარდით გარეთ, ამერიკის, ევროპის, ნატოს, კატოს, ახრასიას – ყველა ბოროტ სულებს მიეხმარეთ ქართველთა გაბითურებაში, თორემ დავიღუპებით, ისევ აღდგება და გაიმართება, ისე აღდგება და გაიმართება, ისე, როგორც ადრე ხდებოდა!
გივი სომხიშვილი
27 მაისი, 2011 წელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here