Home რუბრიკები ეკონომიკა ნოდარ ჯავახიშვილი: რას ეუბნები აფხაზს, რისთვის წამოვიდეს შენთან? გირგვლიანივით შვილი რომ მოუკლან,...

ნოდარ ჯავახიშვილი: რას ეუბნები აფხაზს, რისთვის წამოვიდეს შენთან? გირგვლიანივით შვილი რომ მოუკლან, ბიზნესი დაუტერორონ, ციხეში ჩასვან და ფული “აახიონ”?!

695

GEWORLD.NET:
ექსპერტი ნოდარ ჯავახიშვილი “საქართველო და მსოფლიოს” სტუმარია

– ბატონო ნოდარ, ჩვენს მკითხველებს კარგად ახსოვთ, თქვენი მწვავე კრიტიკა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის, თუ არსებობს ასეთი რამ ბუნებაში. საქართველოს სინგაპურიზაციის თვალსაზრისით, ხელისუფლების უმაღლესი დაპირებებიც არ დავიწყებია. შეიცვალა რამე?
– არაფერი შეცვლილა. ჩვენი საზოგადოება კი სწორედ იმას აშავებს, რომ საქართველოს სინგაპურიზაციას დაპირებად ღებულობს და არა შეშინებად. ეგ იყო მუქარა…
– რომ რაო?
– რომ მიგვიყვანს სინგაპურამდე. ოღონდ იმ ნაწილში კი არა, რომ სინგაპურში მთლიანი შიდა პროდუქტი რამდენიმე ასეულჯერ უფრო მეტია, ვიდრე ჩვენთან და, შესაბამისად, ადამიანების ცხოვრების დონეც მაღალია, არამედ იმ მიმართულებით, რომ საქართველოში აღარაფერს ვაწარმოებთ, ზუსტად ისე, როგორც სინგაპურში.
სურვილის შემთხვევაშიც კი ძნელი იქნებოდა, ეკონომიკას რამე დატყობოდა, მით უფრო, როცა სურვილის ნატამალიც არ ჩანს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან.
ახლა ჩვენ ვიმყოფებით სააკაშვილისა და მისი პიარკამპანიის წნეხის ქვეშ: რასაც უნდათ, იმას ამბობენ და მათ ნათქვამს საერთო არაფერი აქვს რეალობასთან.
– ამბობთ, რომ არაფერი შეცვლილაო… ხალხი კი გრძნობს სერიოზულ ცვლილებებს, ოღონდ – უარესობისკენ.
– მე ვთქვი, რომ არაფერი შეცვლილა მათი ტლიკინის თვალსაზრისით, პიარკამპანიის კუთხით. ახლა უფრო გასაგებად გეტყვით – მათი ბჟუტურის კუთხით.
ბჟუტურია, აბა, რა, როცა გვიმტკიცებენ, რომ თურმე ევროკავშირის მოთხოვნა ყოფილა საქართველოში ხორცის გაძვირება. ხომ გვითხრეს ასე?
– გვითხრეს.
– მაგრამ მე ვერ ვნახე აღშფოთებული ხალხის მასები ამის გამო ქუჩებში გამოსული. ამათი ინტერპრეტაციით და, რაც მთავარია, მოქმედებით გამოდის, რომ ევროკავშირს ის კი არ მოუთხოვია, აღადგინეთ და გააძლიერეთ ხარისხის კონტროლიო, არამედ – ქართველ გლეხს ეცით ყელში და ქართველ მომხმარებელს ჩაუძვერით ჯიბეშიო.
თუ ევროკავშირმა მოგთხოვა, ხორცზე ხარისხის კონტროლი გააძლიერეო, შე მამაძაღლის ტიალო, 60-ზე მეტი პროცენტი იმპორტირებული ხორცი და ხორცპროდუქტები რომ გაქვს, იქიდან დაიწყე! იმას ხელს არ ჰკიდებ და ქართველ გლეხს ფრცქვნი, შენ რომ დიდი ფული აკეთო იმისთვის?
როგორც ჩვეულებრივ ხდება, რაც უნდათ და რაც ხელს აძლევთ, ისე აკეთებენ და ასაღებენ.
ჩვენ კი სააღდგომო ბატკნებივით გატრუნულები ვართ. ფეხებსაც არ ვაბაკუნებთ…
– ეს ინფლაცია რომ იზრდება და სახრჩობელის თოკივით ყელზე რომ გვიჭერს, ალბათ, მალე სულსაც გაგვაფრთხობინებს, ფეხის ბაკუნი უშველის?
– პირიქით, ბატონო, პირიქით! ხომ გვითხრეს, ოთხი პროცენტული პუნქტით შემცირდა ინფლაციაო…
– კი, მაგრამ ეს ხომ უნდა აისახოს ჩვენს მატერიალურ მდგომარეობაზე?
– რატომ, ბატონო, რატომ?! შვიდი წელიწადია არ ასახულა და რატომ უნდა აისახოს მაინცდამაინც ახლა?! რომ გვეუბნებოდნენ, 12-პროცენტიანი ზრდა გვაქვსო, აკეთებდით საწინააღმდეგო განცხადებებს? არა!
ახლა ისე ნუ ვილაპარაკებთ, თითქოს სააკაშვილი გუშინ გახდა ხელისუფლების პირველი პირი.
– გადავაგორებთ ზაფხულის “მკვდარ სეზონს” და მოვა შემოდგომა.
– მოვა, ალბათ.
– ჯონ სტეინბეკს, მოგეხსენებათ, აქვს ბრწყინვალე ნაწარმოები “მრისხანების მტევნები” გაჭირვებული არენდატორი-ფერმერების ცხოვრებაზე ამერიკის დიდი დეპრესიის დროს. მეტაფორა ბიბლიიდან, ახალი აღთქმიდან მოდის, რომელსაც ავტორი ასეთ დატვირთვას აძლევს: “ადამიანების სულებში ივსება და მწიფდება მრისხანების მტევნები – მძიმე მტევნები, და დამწიფებამდე ბევრი არ აკლია”. როგორ ფიქრობთ, გვექნება მრისხანების მტევნების რთველი?
– ვფიქრობ, რომ ამის შანსი არის. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ მივიტანთ საღ აზრს საზოგადოებამდე, რაც ყოველთვის გვიჭირს ხოლმე. რამდენად მოვახერხებთ ამის გაკეთებას.
– ეკონომიკაში?
– არაფერ სასიკეთოს არ უნდა ველოდოთ. ამათ რა უნდა მოჰკითხო, შეცდომა არ მოსდით. არ ფიქრობენ, რომ შეეშალათ და გამოასწორებენ. ესენი შეგნებულად ანგრევენ ქართულ ეკონომიკას, ქართველი კაცის ფსიქიკას,  ცდილობენ, ძირშივე მოკვეთონ მისი ფესვები… არაფერი ეშლებათ! შეიძლება, პიარკამპანიის მიმართულება შეცვალონ, გადაფარონ სხვა, უფრო ძლიერი პიარით და გააგრძელებენ თავიანთ “გენერალურ ხაზს”, სანამ ჩვენ ამის საშუალებას მივცემთ.
ნებისმიერი ხელისუფლების თავხედობის დონე განისაზღვრება ხალხის დაბეჩავების დონით, სანამდე ჩვენი მოთმინების დონე წინ არ გაუსწრებს მათი თავხედობის დონეს. ესენი თავისას არ მოეშვებიან. გააგრძელებენ, სანამ თავიდან არ მოვიშორებთ! დღეს გაიმართა პოლიტიკოსებისა და ქართული საზოგადოებრიობის შეხვედრა და, ვფიქრობ, რომ შევძელით საზოგადოებრიობის ჯანსაღი ნაწილის დარაზმვა ამ მიზნის მისაღწევად. უნდა მოვაცილოთ ეს თვითმარქვიები ქართული ხომალდის საჭეს, თუ არა – უფსკრული გარანტირებული გვაქვს.
ქართველები ერთად დგებიან და უმეტესად ერთნაირად ესმით თავიანთი სამშობლოს პრობლემები.
– გაზაფხულ-ზაფხულის სტიქიურმა შემოტევებმა თითქმის სულ გაგვინადგურა მოსავალი.
– რა გვქონდა და რა განადგურდა?! ჩაიხედეთ სტატისტიკაში – რამდენი ჰექტარი გვქონდა ნათესი ფართობი? რა მოსავალი უნდა მოგვეწია? ისედაც განადგურებულები ვიყავით. დიდი ტკივილია იმის თუნდაც ნაწილობრივი დაკარგვა, რისი მოყვანაც განსაზღვრული გვქონდა, მაგრამ საერთო პრობლემების უარყოფით სურათს ეს მაინცდამაინც ვერ დაამძიმებს.
ყველაზე დიდ სტიქიურ უბედურებად ქართულ სოფელს სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” ჰყავს მოვლენილი.
– გინდა, არ გინდა, ბიბლიურ პასაჟთან გაავლებ პარალელს: “და ჩააგდო ანგელოზმა თავისი ნამგალი დედამიწაზე და მოაგროვა დედამიწის ვაზებიდან და ჩაყარა ღმერთის მძვინვარების დიდ საწნახელში” (გამოცხ. 14, 19).
– სხვა პარალელის გახსენებაც შეიძლება: როცა მატიანე დავით აღმაშენებლის გამეფების წინა პერიოდს აღწერს, იმდროინდელი სურათი ერთი-ერთზე ემთხვევა დღევანდელ ჩვენს ყოფას. მშიშრები, გაუტანლები, შურიანები, ფეხებზე მკიდია ხალხი… ლამის ნახევარი საქართველო დაკარგული გვაქვს და ჩვენს ხალხს ვერ შეატყობ, რომ ძალიან აწუხებდეს ეს ამბავი.
ამას რომ დაივიწყებს ერი და ყოველ დღე მზად არის, უფასო კონცერტზე ერთი ადგილი აქნიოს, მისი პერსპექტივა რთულად ისახება.
– ძალიან ხომ არ დავცილდით აფხაზებს?
– მართლაც, რას ეუბნები აფხაზს, რისთვის უნდა წამოვიდეს შენთან? გირგვლიანივით შვილი რომ მოუკლან? ბიზნესი რომ დაუტერორონ? ციხეში ჩასვან და ფული აახიონ?
შეიძლება ჭორია, მაგრამ გაიგებდით, რომ ე.წ. საპროცესო შეთანხმებებში ბანკები არიან ჩარეული. არ გაქვს “შეწერილი” ფული? უცებ მოგცემენ და მერე ბანკები დაგდევენ ფულის ამოსაღებად.
რომელი ერთი ვთქვა?
შევარცხვინე ყველა ქართველი, ვისაც უხარია სამხედრო აღლუმი მთავარსარდლისა, რომელიც ცხვირით ხნავდა მიწას მაშინ, როცა უნდა ეომა. ეს ხომ ნიშნავს, რომ ღირსების სერიოზული პრობლემები გვაქვს.
– მარკესის მოთხრობას გაგახსენებთ – “პოლკოვნიკს არავინ წერს”, უფრო ზუსტად მის ფინალს. 75 წლის პოლკოვნიკსა და მის ცოლს შინ საჭმელი არ აქვთ. დეკემბერია. ცივა და პოლკოვნიკს ის იმედიღა აცოცხლებს, რომ მებრძოლი მამლების საწვრთნელი ბრძოლები უკვე დაიწყო. მათ მამალს, რომელიც გარდაცვლილი შვილისგან დარჩათ, ბადალი არ ჰყავს. 45 დღეში დაიწყება მამლების ბრძოლა და მათაც გაუჩნდებათ შემოსავლის წყარო.
– მანამდე რა ვჭამოთო? – ეკითხება ცოლი ქმარს.
– ნეხვი! – გადაჭრით უპასუხებს პოლკოვნიკი.
ჩვენც ასეთი პერსპექტივა ხომ არ გველოდება, ბატონო ნოდარ?
– ნეხვს, კარგა ხანია, რაც ვჭამთ; ნაწილი – ნებით, ნაწილი – უნებლიეთ; ზოგი – ძალდატანებით და ზოგი – “იფ, იფს” იძახის მოწონების ნიშნად.
– გადავიტანთ ამ ზამთარს?
– უარესიც გადაგვიტანია. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გაძლებამდე არ მივიყვანთ ამ ზამთარს. თუ მოვახერხეთ და ერთად დავდექით, შიმშილიც ადვილი გადასატანი იქნება და სიცივეც!
– საერთაშორისო ვალებიც?
– ათი მილიარდი ჩვენთვისაა ბევრი. თუ ნორმალური ხელისუფლება გვეყოლება, ეს საშიში არ არის, თუ გავიმარჯვებთ არჩევნებში – სამართლიანად და არა სისხლისღვრით. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ დემოკრატიული გზით მიმავალი სახელმწიფო ვინმეს დაეხრჩო ვალებით.
ესაუბრა არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here