GEWORLD.NET:
“ქართული ოპოზიცია ანტიმიშას წარმოადგენს, ხალხს კი გაუმჯობესებული მიშა სურს,” _ ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ ლატვიაში ვიზიტისას ადგილობრივ გაზეთ “ტელეგრაფისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა,” _ იტყობინებოდა ინტერპრესნიუსი. ამ სკანდალური პოლიტიკური მეტაფორის გაშიფვრაზე მთელი კვირა ვიფიქრე, ვიფიქრე და იმავე აზრზე დავრჩი, რაიც პირველსავე დღეს იყო ცხადი.
“თავლაფის დასხმასა და ომს შორის, ჩვენ თავლაფის დასხმა ავირჩიეთ. ომს შემდგომ მივიღებთ”, _ განაცხადა უინსტონ ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომის კვირაძალს.
შევარდნაძესა და სააკაშვილს შორის ჩვენ სააკაშვილი ვარჩიეთ, მივიღებთ უგულავას მომავალში?
ასე იქნება თუ არა, ახლა რას გაიგებ, მაგრამ იმას, რომ ოპოზიცია საქართველოში უძალოა, დიდი განსჯა და გაგება არ სჭირდება: ვიღაცისთვის სასაცილოა, სხვისთვის _ არასიმპათიური და მიუღებელი, ერთი ნაწილისთვის, შეიძლება, სასიამოვნოცაა და სულში ჩასაძვრენიც; ისეთებიც იქნებიან, _ აბა, სხვა ვინო?
ჰყავთ ფანატებიც _ როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებას.
უგულავა ვინაა?
უგულავა მერია, რომელმაც ერთი კვირის წინათ სიტყვაკაზმული ჩახლართულობით ოპოზიციური მეტაფორა შემოგვთავაზა, რაღაც დაქადნების მსგავსი _ თქვენ თუ ვერა, ახლა _ მეო!
კიდეც ამიტომ თქვა ზარატუსტრამ: ეს პოლიტგამოხდომა წინასაპრეზიდენტო მარათონის პირველი ეტაპის დასაწყისი ხომ არ არისო?
მაგრამ რატომ მაინც და მაინც ლატვიიდან აიღო სტარტი ამ კამპანიამ, რომელიც არ ვიცი, თავლაფდასხმა იქნება ჩვენი თუ საკუთარ ხალხთან ახალი ომის დასაწყისის მომასწავებელი?
იმიტომ ხომ არა, რომ, შებრუნებული დურბინდის ეფექტის წყალობით, ბალტიისპირეთის შორეთიდან ჩვენი პრობლემები ისეთი პატარა ჩანს, შეგიძლია პინცეტით ნიანგი დაიჭირო?
ან, ეგებ, იმიტომ, რომ ხელისუფლებას განზრახული აქვს, მოაწყოს “კარის გადატრიალება”, ანუ “რევოლუცია” ზემოდან _ გორბაჩოვის “პერესტროიკის” ახალი ვარიანტი?
ასეა თუ ისე, დრო დადგა, გამოეცალო პოლიტაქტივობას და თავის თავზე მიაგდო ნაცბოლების გუნდი, რომელიც ნებისმიერ ოპოზიციაზე უფრო მადიანად და ეფექტიანად გამოღრღნის საკუთარ ძვალსა და რბილს.
მაგრამ გიგი უგულავა თავისაზე დგას:
“ადამიანებს აუცილებლად უნდათ იმ კურსის გაგრძელება, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა აიღო _ მიშამ, როგორც მას უწოდებენ”.
მიშას უწოდებენო, _ საქმის კურსში ჩააყენა პატივცემულმა გიგიმ (ასე უწოდებენ) ლატვიელი კორესპონდენტი და, უნდოდა თუ არა, დაუპირისპირდა, ერთის მხრივ, იმას, ვისაც “მიშას უწოდებენ”, მეორე მხრივ, _ ხალხს.
სააკაშვილმა ახლახან საკუთარი პირით აღიარა, რომ მას უწოდებენ “მეფე შადრევან პირველს”.
ისე თქვა, თითქოს უხაროდა კიდეც.
მეო, _ ბრძანა მან, _ სულაც არ მწყინს, რომ შადრევან პირველს მიწოდებენ.
შადრევან პირველი ურჩევნია კალიგულას და ჩინგიზ ყაენს, რომელიც მან ჩინგიზხანად მონათლა.
მიშას მეძახიანო, არ უთქვამს. გიგი ამბობს და კიდევ _ გარემოს დაცვის მინისტრი გოგა (ასე უწოდებენ) ხაჩიძე, რომელიც უშურველად უმატებს ეპითეტს “მაგარია”, და ნაცბოლების ხასიათზე მოსაყვანად სიმღერასაც ატრიალებს ტელევიზიითა და რადიოთი: “მიშა მა-გა-რია!”
ამ ორშაბათის პრესაში კი განაცხადა, როცა მიშა არ იქნება, ყველა დარწმუნდება, რომ მიშა ძალიან მაგარი იყოო.
რა ხდება, პატივცემულებო? მიშას არყოფნას გვაჩვევთ? იქით გიგი გაუმჯობესებულ მიშაზე ალაპარაკდა, აქეთ გოგა _ მიშა რომ არ იქნებაო.
ხარება და გოგია ხომ არ შეიპარნენ რუსეთის აგენტებად საქართველოს დემოკრატიულ მთავრობაში?
ხოლო იმის გასაგებად, ხალხი რას უწოდებს პატივცემულ მიხეილს და როგორი სიტყვებით ამკობს, საზოგადოებრივი აზრის არც ფართომასშტაბიანი შესწავლაა საჭირო, არც “ენბიაის” დაქირავება: გამოკითხვის გარეშეც გაიგონებთ ნებისმიერ “მარშრუტკაში” ან გაძვირებული ხორცის დახლებთან.
“მეფე მზეს” _ ლუდოვიკო XIV-ს, რომელიც აცხადებდა, რომ სახელმწიფო ვარო, იმ ლუდოვიკოსაც არ წამოსცდენია ხალხი მე ვარო. გიგი (როგორც უწოდებენ) _ ამბობს! ოღონდ საკუთარი ჰელიოცენტრულობა პარტიის სხვა ლიდერებზეც აქვს გულმოწყალედ განაწილებული _ ცოტ-ცოტაობით: “ჩვენთვის _ ჩემთვის, მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის სხვა ლიდერებისთვის _ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, სად ვიქნებით 2013-2014 წლებში, არამედ ის, სად იქნება სახელმწიფო”.
სადაც თქვენ იქნებით!
ან _ არ იქნებით.
თუ იქნება სახელმწიფო საერთოდ.
გარბის აზრი, მიჩიქჩიკებს და მიჰკივის სააკაშვილის მატარებელი, რომელიც ერთ დროს მუშთაიდის პარკში წრეზე ტრიალებდა და დგას ახლა გაყინული ძეგლივით, ჯერჯერობით რომ არ დაუნგრევიათ როგორც ტოტალიტარიზმის გადმონაშთი. ამიტომ გვთავაზობს უგულავა რაციონალიზატორულ პროექტს _ “გაუმჯობესებული მიშა”.
რაციონალიზაცია, ნაციონალიზაცია, კოლონიზაცია, კანალიზაცია, რომელიც ამ დღეების ღვარცოფებმა დააზიანა. ყროლი დაეცა ქვეყანას.
მიშას გაუმჯობესებული ვარიანტი რაღა უნდა იყოს?!
მიშა ორი?!
ერთის ნაცვლად ორი საცალფეხო ხიდი მტკვარზე, რომელიც ორჯერ 70 მილიონი დაგვიჯდება?!
ერთის ნაცვლად ორი სტალინის ძეგლის დანგრევა გორში _ ერთი კიდევ დგას სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში?!
ორ დედაქალაქსაც ნიშნავს უთუოდ, 20 პროცენტი დაკარგული ტერიტორიების გაორმაგებასაც, საარსებო კალათის ორჯერ გაძვირებასაც და ა.შ.
ანუ, სააკაშვილის საყვარელ “ავტოშედარების” მეთოდს თუ გამოვიყენებთ, უგულავა გვთავაზობს “ზაპოროჟეცი-1”-დან (ავტომანქანიდან, რომელიც სიარულს სწავლობდა), “ზაპოროჟეც-2”-ზე გადასვლას, ანუ ავტომოდელზე, რომელმაც სიარული ვერ ისწავლა და ვერც საქათმედ გამოადგა მოწინავე კოლმეურნეებს.
“ადამიანებს აუცილებლად უნდათ იმ კურსის გაგრძელება, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა აიღო”?!
“მიშა 2”, “მატრიცა 2”, “რუსთავი 2” და _ ორჯერ ორი ხუთია! შემოხაზეთ 5 და მიიღებთ გიგი უგულავას, რომელიც ცოტნე დადიანის თავგანწირვით გვთავაზობს საკუთარ თავს “მიშა 2”-ის სახით. “თაფლი იყოს, თორემ ბუზი ბაღდადიდან მოვა” გინდა მერიაში, გინდა უფრო ზემოთ _ ავლაბარში.
გიგი თავმდაბალია და მორცხვად აცხადებს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მის შანსებზე ლაპარაკი ნაადრევია, რადგან ვის წამოაყენებს “გაუმჯობესებული” მიშას პონტში “ნაციონალური მოძრაობა” თავის კანდიდატად, დღეს მხოლოდ “სხვადასხვა სპეკულაციების” საგანია.
სპეკულაციები რუსეთთან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით მოიკითხეთ!
“მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ უთქვამს, _ “აბამს” “ტელეგრაფის” კორესპონდენტს თბილისის მერი, _ რომ მზადაა რუსეთთან მოლაპარაკება სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან მხოლოდ ასეთი ფრაზა გვესმის: “ჩვენ ვისაუბრებთ ქართველ ხალხთან და არა მთავრობასთან”.
ასაუბრეთ, ვინ გიშლით?!
პატივცემული მერი ამ შეკითხვის პასუხად ისეთი არნახული ცინიზმის თეთრ აფრებს აუშვებს, რომ იმ “მკვდარ სულებსაც” გაეცინებათ, რომლებმაც ყველა არჩევნები ამათ მოაგებინეს: “…ქართველი ხალხი ირჩევს საკუთარ მთავრობას” (?!).
“გაუმჯობესებული მიშა”, ეტყობა, იმასაც ნიშნავს, რომ ზუსტად შეასრულო მიღებული ინსტრუქცია და ბალტიისპირელებს უნამუსოდ განუცხადო _ 26 მაისის ბართლომეს ღამე იყო რეაქცია მომიტინგეთა “მოქმედებებზე”, რომლებმაც “ძალადობრივი ხასიათი შეიძინა”, თავს დაესხნენ 3000 სპეცრაზმელს, “ზონდერებს” და მათზე მიტმასნილ გასაუმჯობესებელი მიშას ოპრიჩნიკებს, ანუ “მოხდა ის, რაც მოხდა” (უგულავას სიტყვებია).
ქართული ოპოზიცია ანტიმიშააო. ანტიმიშინი, ანტიკრისინი თუ “სტრიხინინი”, მნიშვნელობა არა აქვს, რას დაარქმევენ. მთავარია, რომ მშვიდობისმყოფელები არიან _ არჩევნების გზით.
უინსტონ ჩერჩილმა ასეთებზე თქვა: “მშვიდობისმყოფელი ისაა, ვინც ნიანგს კვებავს იმ იმედით, რომ რეპტილია მას ბოლოს შეჭამს”.
შეგვჭამეს “მანდატიანმა კროკოდილებმა” არჩევნებამდე!
არმაზ სანებლიძე
P.S. ვარაუდს წინ რა უდგას, მაგრამ ვინ იცის, რა ქვა და რისთვის უდევს გიგი უგულავას უბეში _ ნიანგის ჩასაქოლად თუ საკუთარი პიედესტალის საძირკველში ჩასადებად?! “ეგერ, ე, მთელი გუნდი მოდის, დიდი ქვები უკავიათ ორივე ხელში და უბეებში ცალკე აქვთ კიდევ… უკავიათო? საქმე ისაა, რა ხელს უკავია და რა გუნებაზეა ის კაცი, ვიღაცას უკავია! რა გუნებაზეა და იმფერი კაცისხორცმოშიებული ბრბო სადმე თუ უნახავს ძეხორციელ ვინმეს, არ ვიცი მე”
(ჭაბუა ამირეჯიბი, “დათა თუთაშხია”).