GEWORLD.NET:
რა ძირითადი საშინაო და საგარეო მწვავე პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა, რამდენად ღირებულია საქართველო დასავლეთისთვის, რეალურად რამდენად ანტირუსულ პილიტიკას აწარმოებს საქართველოს ხელისუფლება – ამ და სხვა მნიშვნლეოვან თემებზე გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ესაუბრა.
– საქართველოს ფულიანი ადამიანები განაგებენ. ასეთ მმართველობას პლატონი ოლიგარქიულს უწოდებს, თუმცა მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველო ისეთია, როგორიც მას კონკრეტულ მომენტში აწყობს. მაგალითად, გურიაში როცა ჩადის, გურულები არიან ყველაზე კარგები; კახეთში – კახელები; აჭარაში – აჭარლები და ა.შ.
არ გეგონოთ, რომ თავად სჯეროდეს, რასაც ხმამაღლა გაიძახის. ეს, უბრალოდ, პიარის ნაწილია. რეალურ საქართველო მკვეთრად განსხვავდება “სააკაშვილის საქართველოსაგან”. რეალურ საქართველოში არის ძალაუფლება ბიზნესში, რომელსაც პოლიცია იცავს. ეს არის ძალიან მარტივი რეჟიმი.
– თუმცა ამ მარტივ რეჟიმს ადამიანები ეწირებიან…
– სამწუხაროდ ასეა, სააკაშვილი საქართველოს დემოკრატიულს უწოდებს და თან იმას გაიძახის, ჩვენ ზანგები არ ვართო, რაც მიანიშნებს იმას, რომ სააკაშვილი ძველი, ჩამორჩენილი ცნობიერების ადამიანია. მისი ქვეცნობიერი ზანგებს კვლავ შეზღუდული უფლებების მქონე რასად მიიჩნევს. მისთვის საერთოდ უცნობია, რა არის პოლიტიკური კორექტულობა.
ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში პროფესორმა თქვა, ვენესუელას შექსპირის დონის ფიგურა არ მოეძებნებაო. ამ პოლიტიკური არაკორექტულობისთვის მას სტუდენტები აუჯანყდნენ და უჩიველს. იმდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტკორექტულობა…
– ახალი ქართველის შექმნის მცდელობაზე რა აზრის ხართ?
– სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. “სააკაშვილისეული” გაგებით, ზარმაცი, კორუმპირებული, კრიმინალური მენტალობის “ძველი ქართველისგან” ახალი შრომისმოყვარე ქართველის შექმნა ძნელია. ასე რომ, ახლო მომავალში ადამიანებს არა მათი საქმეების, არამედ მათი აზროვნების მიხედვით დაიჭერენ. რაც უკვე გვხვდება კიდეც დღევანდელ რეალობაში. მაგალითად, დემეტრაძე კრიმინალური აზროვნების გამოა დაჭერილი; რა დანაშაული ჩაიდინა, ყოველ შემთხვევაში, დღემდე უცნობია ჩვენთვის. ალბათ, არგენტინელი შემოქმედი ხორხე ლუის ბორხესი საქართველოში რომ ყოფილიყო, მასაც აუცილებლად დაიჭერდნენ, მისი ნაწარმოების გამო.
პირადად მე ამ ხელისუფლების ამბიციას – “ახალი ქართველის” შექმნას არ მივესალმები.
– რამ გამოიწვია ხელისუფლების, ერთი შეხედვით, გამოკვეთილად პროამერიკული კურსი და ტირანული რეჟიმის აშკარა ნიშნების არსებობა?
– საუდის არაბეთიც პროამერიკულია, მისი სტრატეგიული პარტნიორი შეერთებული შტატებია, მაგრამ იგი დემოკრატიულ-ლიბერალური მმართველობის ნამდვილად არ არის. იქ რომ ბიბლია შეიტანო, ხელს მოგაჭრიან.
ასეთივე მდგომარეობა გვაქვს საქართველოშიც. ხელისუფლების განწყობა პროდასავლურია, რეჟიმი – ოლიგარქიული. ხელისუფლების წარმომადგენლები პირად საუბარში იმასაც კი აღნიშნავენ – ჩვენ რომ არა, საქართველო აზიური ტიპის იქნებოდა, ჩვენ ვართ ერთადერთი გარანტი ლიბერალიზმისო, მაგრამ მინდა მათ ვუთხრა, ამერიკის პარტნიორობა და პირადი განწყობები დემოკრატ-ლიბერალობას სულაც არ ნიშნავს.
პოლიტოლოგმა ლინკოლ მიტჩელმა აღნიშნა, საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორული ურთიერთობა კი არა არის, არამედ – როგორც პატრონსა და კლიეტს შორისო. ამერიკისთვის მთავარია, მის მიერ დაფინანსებულმა სააკაშვილმა ის შედეგები დადოს, რაც მათთვისაა ხელსაყრელი, იმის იქით იგი რა პოლიტიკას გაატარებს და ვის დაემსგავსება, ამერიკას არ აინტერესებს. სააკაშვილიც, თავის მხრივ, ამერიკის კარგი კლიენტია.
საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის აუცილებელი იყო ბალანსის პოლიტიკის გატარება. სწორედ დაუბალანსებელი პოლიტიკის შედეგია ტერიტორიების დაკარგვა, რაც სააკაშვილისთვის აბსოლუტურად სულერთია, ის ხომ დარჩენილ ტერიტორიებზეც სერიოზული ძალაუფლების მქონეა. დღეს წარმოებული პოლიტიკის შედეგია, ასევე, ოლიგარქიული რეჟიმი, ჩაკეტილი, ჩაძირული ეკონომიკა, ინვესტორების გაქცევა, ევროპის ბაზრის კარის მოხურვა და ა.შ. სააკაშვილისთვის არც ესაა ტრაგედია, რადგან ამერიკის გადმოგდებული მწირი ფინანსებითაც მშვენივრად იკვებება, ქვეყნის ბედი კი როდის ადარდებდა?!
– საქართველო რამდენად მნიშვნელოვანი ქვეყანაა ამერიკისთვის?
– საქართველო ამერიკისთვის რაღაც მომენტში მართლა იყო მნიშვნელოვანი, გაჭრა კიდეც კარტი და ახლა ვაშინგტონის ყულაბაშია, მაგრამ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მყარი, მუდმივი თანამშრომლობა არ არის.
წარმოდგენები, რომ ამერიკისთვის რაღაც მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ, მხოლოდ საქართველოშია. რეალურად ჩვენ მათთვის მეათე-მეთერთმეტე ხარისხოვანი ქვეყანა ვართ. საქართველო, ისევე, როგორც კავკასია, მათთვის ღირებული არაა, პაიკია. ასე რომ, მეათეხარისხოვანს იმ მწირი თანხებით აფინანსებს, რამდენადაც ის, სტრატეგიული თვალსაზრისით, უღირს. მისთვის სხვა, გაცილებით უფრო მთავარი, საკითხები არსებობს, მაგალითად ერაყი, ავღანეთი, რუსეთი და ა.შ.
– რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ყოველივემ?
– შედეგები უკვე ძალიან მძიმეა, პოლიტიკური, ეკონომიკური და თუნდაც ტერიტორიების თვალსაზრისით. ამჟამად საქართველოში სტანდარტიზაციის პროცესები მიმდინარეობს, აგვარებენ ისეთ ნაკლებმნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საგადასახადო კოდექსის გამარტივება, პასპორტის იოლად აღება და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებას ეს საკითხები უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე თუნდაც ტერიტორიები. ასე რომ, ქვეყანაში შედეგები კიდევ უფრო დამძიმდება.
ესაუბრა ეკა რობაქიძე
Home რუბრიკები საზოგადოება ზაზა შათირიშვილი: “ახლო მომავალში ადამიანებს დაიჭერენ არა მათი საქმეების, არამედ მათი აზროვნების...