Home რუბრიკები ეკონომიკა საქართველო რეგიონში ყველაზე არასტაბილური ქვეყანაა!

საქართველო რეგიონში ყველაზე არასტაბილური ქვეყანაა!

685

GEWORLD.NET:ქვეყნის ეკონომიკა, რეალობიდან გამომდინარე (და არა კლასიკური გაგებით), პოლიტიკაზეა მიბმული, ამიტომაც თქვენს ყურადღებას, უპირველესად, პოლიტიკურ არასტაბილურობაზე და მშვიდობის საერთაშორისო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ რეიტინგს მივაპყრობ: The Failed States index 2011 (სახელმწიფოების წარუმატებლობის ინდექსი 2011) – საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე არასტაბილური ქვეყანაა!
მსოფლიოს 177 ქვეყანას შორის 47-ე ადგილზე ვართ (ამ რეიტინგში ათვლა უკნიდან იწყება)  და – უფრო არასტაბილურები, ვიდრე 63-ე ადგილზე მყოფი აზერბაიჯანი და 101-ე ადგილზე მყოფი სომხეთი. აღნიშნულ რეიტინგში ქვეყნის წარუმატებლობა 12 მაჩვენებლის მიხედვით განისაზღვრება, რომელთა შორისაა ეკონომიკური და სამოქალაქო თავისუფლება, დემოგრაფია, ხელისუფლების ლეგიტიმურობა, სტიქიური უბედურებები და სხვ.
საქართველო ჯერაც არშემდგარ ქვეყნად განიხილება, სადაც მკვეთრად გაიზარდა დემოკრატიის დეფიციტი, რომლის შესახებაც ევროპული ინსტიტუტები უკვე საკმაო პრეტენზიებს გამოთქვამენ.
დღემდე არ არის განსაზღვრული რა მიმართულებით მიდის ქვეყნის ეკონომიკა. დღემდე ვერ ჩამოვყალიბდით – ევროკავშირი გვინდა თუ სინგაპურიზაცია; რეგულირებული, მომხმარებელზე ორიენტირებული ბაზარი თუ ქაოტურად განვითარებადი ეკონომიკა.
საქსტატს თუ დავუჯერებთ, ქვეყანაში შემოსული ინვესტიციებიდან ყველაზე მცირე მოცულობა 2% სასტუმროებსა და რესტორნებში ჩაიდო, რაც ნათლად მოწმობს, რომ  ტურიზმით “აყვავებისგან” ჯერ კიდევ შორს ვართ!
მარად ოპტიმისტი პრემიერი ნიკა გილაური ქვეყანაში მილიარდიან ინვესტიციას ელოდება, მაგრამ კვარტალური მონაცემები რატომღაც პროგნოზის გამართლების შანსს ნაკლებად იძლევა. ამას გარდა, ძალიან საინტერესოა ის გარემოება, რომ წელს ინვესტორებს შორის ლიდერობს კვიპროსი (41,4 მილიონი დოლარი). ამავე ინფორმაციით, პირველ სამეულში, კვიპროსის გარდა, გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები შედიან.
საქართველოში ინვესტიციების მოცულობა იზრდება რუსეთიდანაც, ის რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს (თითქმის 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია). გასული წლის იმავე პერიოდში საქართველოში რუსულმა კომპანიებმა 5 მილიონზე ცოტა მეტი ინვესტიცია ჩადეს. მთლიანად 2010 წელს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა 50 მილიონს აღემატებოდა.
სულ მალე “შვებით ამოვისუნთქებთ” და დასუფთავების გადასახადი ელექტროენერგიის გადასახადს მიებმება – ნაგვის ფულს გადავიხდით შუქის ფულთან ერთად, ოღონდ არა ოჯახის წევრების რაოდენობის, არამედ გახარჯული კილოვატსაათების მიხედვით!
ასე რომ, თურმე ვინც ბევრ ელექტროენერგიას ხარჯავთ, მეტად ანაგვიანებთ ქალაქს! საოცარი ლოგიკაა, პირდაპირ უგულავასეული!
გასული კვირის კიდევ ერთი ახალი და საინტერესო ეკონომ-მოვლენა კვლავ მერიას უკავშირდება: ცნობილი ხდება, რომ თბილისი აზიის განვითარების ბანკისგან მასშტაბურ კრედიტს – 300 მილიონ დოლარს აიღებს.
ამ კრედიტით გათვალისწინებულია თბილისში გორგასლის ქუჩაზე საგზაო გვირაბისა და რეკრეაციული ზონის მოწყობა, მტკვარზე ხიდის მშენებლობა, ვაჟა-ფშაველას გამზირი-უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით მეტროპოლიტენის ხაზის მშენებლობა, თბილისი-რუსთავის ავტობანის 19-კილომეტრიანი გზის დაგება.
არ ჰყოფნით, ბატონო, ქალაქის დასუფთავებისთვის, გამშვენიერებისთვის და ხალხზე ზრუნვისთვის ბიუჯეტის ფული!
ან როგორ ეყოფათ, როდესაც ხელისუფალთა ფანტაზიებს აღარც საზღვარი აქვს და აღარც “ნაპირსამაგრები”?! მოგეხსენებათ, იგეგმება პარლამენტის ქუთაისში გადატანა, რომლის განხორციელების ხარჯებსაც (ზუსტი ციფრი ჯერაც დაუდგენელია) პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა “დემოკრატიის ხარჯიანობა” დაარქვა. აქვე მან, ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, ოპოზიციას პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო უწყებების საერთოდ გაუქმებაც შესთავაზა! საინტერესო ვერსიაა, ვერაფერს ვიტყვით!
ვიდრე ხელისუფლება “დემოკრატიის ხარჯიანობითა” და ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობო შენობების გადანაწილებით თამაშობს, გაეროს ექსპერტები საინტერესო დასკვნებს აკეთებენ: მსოფლიოში მოსახლეობის სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი არაგადამდებ დაავადებებს შორის არის კიბო, გულისა და ფილტვების დაავადებები და დიაბეტი. ისინი საერთო სიკვდილიანობის 2/3-ს შეადგენს და 2030 წლისთვის ეს ოთხი დაავადება 52 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.
რა კავშირშია ეს თემა ესოდენ “მყარად ეკონომიკურებული” და უხვად “ინვესტირებული” ქვეყნის მცხოვრებლებთან?! ახლავე მოგახსენებთ!
ევროპის რეგიონში ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა 86%-ია. ესენია: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, კიბო, რესპირატორული დაავადებები, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები. საქართველოში 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, სიკვდილიანობის 96%-ის მიზეზი არაგადამდები დაავადებები და ტრავმებია, მათ შორის, 75% მოდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე. განსაკუთრებულ რისკს შეიცავს მაღალი არტერიული წნევა.
2008–2009 წლების ,,ევროპრევიუს” კვლევის მონაცემებით, ევროპის 22 ქვეყანას შორის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გავრცელება საქართველოში უმაღლეს ნიშნულს აღწევს და 47,9%-ს შეადგენს! ასე რომ, ამ შემთხვევაში, ევროპაში პირველობა არავის დავუთმეთ! გიხაროდეთ, ხელისუფალნო! როგორც იქნა, რომელიღაც რეიტინგში პირველები ვართ!
გაგისკდება გული, აბა, რა დაგემართება, როდესაც ვიცე-პრემიერის, გიორგი ბარამიძის განცხადებას მოუსმენ, რომელიც ხორცზე ფასის 80%-იანი გაძვირების არგუმენტირებას აკეთებს: “ჩვენ არ ვწუწუნებთ, მაგრამ უმჯობესია, მსგავსი ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდეს. ჩვენ დაგვაძალეს და გავაკეთეთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თუ ეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად განხორციელდებოდა” (იგულისხმება ევროკავშირის მხრიდან დაძალება)!
შესაძლოა, საქართველომ და ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყონ. საამისოდ კი ღმერთმა უწყის, კიდევ რა პირობების შესრულებას მოგვთხოვენ.
როგორც საქართველოს ელჩი ბენელუქსის ქვეყნებში, სალომე სამადაშვილი აცხადებს, ევროკომისარმა შეხვედრაზე დააფიქსირა, რომ საქართველო ძალიან პოზიტიურ შედეგებს აჩვენებს რეადმისიისა და გამარტივებული სავიზო რეჟიმის განხორციელების საკითხში. აქედან გამომდინარე, ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ შტეფან ფულე მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოლაპარაკებები უვიზო რეჟიმზე.
ვიდრე გაურკვეველ (ვისთვის სასიამოვნო და ვისთვის თავზარდამცემ) ეკონომ-პოლიტიკურ მიმოხილვებს დავასრულებ, კიდევ ერთი სიახლე მინდა გაგაცნოთ. თუმცა ეს ინფორმაცია ქართველებს არ გვეხება, მაგრამ მაინც საინტერესოდ მომეჩვენა: ლონდონში ავტომანქანების მფლობელებს ავტოპარკინგის საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას სთავაზობენ, მაგრამ მათ ამისთვის საკმაოდ სოლიდური თანხის – 324,5 ათასი დოლარის გადახდა მოუწევთ, რის შემდეგაც მათ პარკინგის ადგილი 90 წლის ვადით გადაეცემათ, ოღონდ ქირით და არა შესყიდვის უფლებით.
ლონდონელების ასეთი ინიციატივა მედალიონივით ორივე მხრიდან დავათვალიეროთ: ერთი – რა ბედნიერები ვართ, რომ წელიწადში მხოლოდ 50 ლარს ვიხდით ამ სიამოვნებისთვის და მეორე – ვაი და, ასეთი ინიციატივა “ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივად” განგვიხორციელოს ქვეყნის ბედზე “ტვინშემატკივარმა” ხელისუფლებამ?!
ანი შონია 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here