Home რუბრიკები ეკონომიკა პრემიერის ოპტიმისტური ნირვანა და 10 მილიარდამდე გაზრდილი საგარეო ვალი!

პრემიერის ოპტიმისტური ნირვანა და 10 მილიარდამდე გაზრდილი საგარეო ვალი!

736

გასული კვირის “პოლიტიკური ეკონომიკის” თუ “ეკონომიური პოლიტიკის” მიმოხილვას სწორედ ხელისუფლების მიერ განხორციელებული საკადრო ცვლილებებით დავიწყებ: “ვის უნდა 20 000”-ის წამყვანი მამუკა გამყრელიძე ჩინეთში საქართველოს ელჩად წარადგინეს. არავის ეგონოს, რომ მამუკამ მხოლოდ 20 000-მდე იცის ფულის დათვლა. გამყრელიძე 1989-91 წლებში საბჭოთა კავშირ-პოლონეთის ერთობლივი საწარმო “ინტელექტის”, 1994-96 წლებში _ შპს “ნიკიტსკიე ვოროტას”, ხოლო 1997-2009 წლებში _ შპს “ნოვოია სლობოდას” გენერალურ დირექტორად მუშაობდა. 2010 წლიდან კი მამუკა გამყრელიძე შპს “გლობალ მედია ჯგუფის” დირექტორია. ასე რომ, შპს-ს გენ. დირექტორობიდან ელჩობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია!

ამავე დღეს ფინანსთა მინისტრს _ კახა ბაინდურაშვილს სურვილი გაუჩნდა, თავისი სავარძელი, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ღირსეულად იკავებდა, კიდევ უფრო ღირსეული დიმიტრი გვინდაძისთვის დაეთმო, თვითონ კი იმ “საქართველოს ფოსტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ გადასულიყო, რომელიც საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაშია შეტანილი. როგორც პრემიერმა გილაურმა განაცხადა, გვინდაძის წარმატების საიდუმლო თურმე 2008 წელს საქართველოსთვის გამოყოფილი 4,5 მილიარდი დოლარის ათვისებაში ყოფილა! ნუ იტყვით და, ყველა დარწმუნებული ყოფილა, რომ საქართველო ამ თანხის ათვისებას ვერ შეძლებდა, მაგრამ 2 მილიარდზე მეტი უკვე საქართველოში ჩამოუტანია სწორედაც გვინდაძის მარიფათს, 2,5 მილიარდი კი ჯერ კიდევ დასახარჯი აქვს!
აქვე სულ “პაწია” ციფრებს შეგახსენებთ: 2011 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, ქვეყნის საგარეო ვალდებულებები 4 მილიარდ 176 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 21%-ით მეტია!
სამწუხაროა, მაგრამ მარად ოპტიმისტი გილაურის დამაიმედებელი პროგნოზები ხშირად სრული კრახით მთავრდება. მაგალითად, მისი აზრით, მაისში შემცირებული და რეალურად კი საოცრად გაზრდილი (14,3%) ინფლაციაც საკმარისია!
არც ექსპერტების შეფასებები და არც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამჭრიახობაა საჭირო იმისთვის, რომ რეალურად შევაფასოთ ქვეყანაში არსებული ფინანსური მდგომარეობა.
“ამოსუნთქვის გარეშე” იზრდება ფასები ყველაფერზე – სოფლის მეურნეობის ბრძენი მინისტრის გადაწყვეტილებით, საქონლის დაკვლასა და ხორცის დამზადებაზე შეზღუდვები დაწესდა. ქვეყანაში მხოლოდ ორი სასაკლაოა (თუმცა საკითხავია, მეტს ჩვენი ტერიტორია ვერ დაიტევს?!)  და შედეგიც სახეზეა: აიკრძალა კერძო პირების მიერ საქონლის დაკვლა ხორცის შემდგომი რეალიზაციის მიზნით და ბაზარზე ხორცის ფასიც 20 ლარამდე გაიზარდა. აქვე პატარა საიდუმლოსაც გაგიმხელთ: ბაკურ კვეზერელი აქ არაფერ შუაშია. მისი გადაწყვეტილება ევროკავშირის მოთხოვნამ და ქართულმა მონოპოლისტურმა ბიზნესმა განაპირობა!
მონოპოლია ნამდვილად არ იგრძნობა ნავთობბიზნესში, მაგრამ მათ, ყველას განურჩევლად, ერთნაირი დაავადება სჭირთ: როდესაც მსოფლიოში საწვავი იაფდება, ჩვენთან რატომღაც აუცილებლად ფასები იზრდება (არგუმენტიც მზად არის – ძვირად იყო ნაყიდი!)! თუმცა ეს პროცესი სულაც არაა შექცევადი – მსოფლიოში ბარელზე ფასის ზრდა პირდაპირპროპორციულია ჩვენს ბაზარზე ფასების ზრდასთან! აქ მეორე კითხვის ნიშანიც ჩნდება – რატომ მატულობს ტარიფი 5 თეთრით და არა 3 ან 7 თეთრით?
თავს უფლებას მივცემ და აქაც პატარა “შპარგალკას” მოგაწვდით: ნავთობის შეძენა ბირჟებზე ფიუჩერსული სისტემით ხდება და 3-თვიანი გარიგებები იდება. შესაბამისად, თუ მაისის ბოლოს პროდუქცია უკვე შემოტანილი იყო გაიაფებული ფასებით, დღეს, როდესაც ამ თარიღიდან ერთი თვეც არაა გასული, მისი გაძვირება არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება. მით უფრო, რომ ამჟამად მსოფლიოში ნავთობის არა გაძვირების, არამედ გაიაფების ტენდენცია მიდის: ლონდონის ბირჟაზე ნავთობი 0,38%-ით შემცირდა და ბარელზე 113,59 დოლარამდე დაეცა!
საწვავი უკავშირდება ტრანსპორტს, ტრანსპორტი კი _ ჩვენს მგზავრობას! ორიოდე კვირაში თბილისში “ნანატრი” მიკროავტობუსები გამოჩნდება. საგაზაფხულო აქციების მოლოდინის რეჟიმში მყოფმა “ტრანსპორტის მამებმა” დაგვაიმედეს, რომ არც მიკროავტობუსების პოტენციურ მძღოლებს შეექმნებოდათ პრობლემები და არც მგზავრების ფასი გაიზრდებოდა.
გასულ კვირას უკვე გავრცელდა სასიგნალო ინფორმაცია: პიროვნებას, რომელიც წინასწარ ჩარიცხავს კომპანიის ანგარიშზე 500 ევროს და ყოველდღიურად 18 ევროსაც გადაიხდის (რატომ მაინც და მაინც ევრო?!), უფლება ექნება, ახალთახალ სამარშრუტო ტაქსის მძღოლადაც იმუშაოს. შედეგი: გაძვირებული მგზავრობა და უმუშევრად დარჩენილი “უევროებო” მძღოლები!
ალბათ, ეს გარემოება ვერ გაითვალისწინა ნირვანაში მყოფმა მერმა უგულავამ, როდესაც “ტელეგრაფთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ თურმე თბილისში უმუშევრობა 25%-ია, საერთოდ საქართველოში კი _ საშუალოდ 16%! ეს, ალბათ, ის საქართველოა, სადაც უგულავა და “ძმანი მისნი” ცხოვრობენ, თორემ ჩვენს საქართველოში უმუშევრობის დონემ 50%-ს, დიდი ხანია, გადააჭარბა.
არ შემიძლია სტატიის ბოლომდე მხოლოდ უარყოფით ტენდენციებზე გავამახვილო თქვენი ყურადღება, ამიტომ დიდი სიამაყით მინდა გამცნოთ, რომ საქართველოში კიდევ ერთი აეროპორტი ამბროლაურში აშენდება. ჩვენი ქვეყნის მცირე აეროპორტები ვერ იტევს უცხოეთიდან ნიაღვარივით წამოსულ ტურისტების ნაკადს.
ვერც საქართველოდან უცხოეთში დასასვენებლად გამგზავრებულ ბიზნესმენთა და პოლიტიკოსთა არმადას ჰყოფნის არსებული ინფრასტრუქტურა. თავმდაბალი ბიზნესმენები ჟურნალისტებთან საუბარში აუცილებლად საქართველოს კურორტებს ანიჭებენ უპირატესობას, თუმცა დასასვენებლად მაინც “ნაცნობ თვალს მიღმა”, უცხოეთში გამგზავრება ურჩევიათ. მათ მიერ დასახელებული საყვარელი დასასვენებელი ადგილების რეიტინგი ასეთია: 1. თურქეთი; 2. ესპანეთი; 3. ხმელთაშუა ზღვის კურორტები; 4. ტაილანდი; 5. მალდივი.
მათთვის კი, ვინც გემოვნებას (და არა ფინანსებს!) უჩივის და საქართველოში რჩება, პატარა სიურპირზი შემოვინახე: ჩვენმა ოპტიმისტმა პრემიერმა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში “ფეშენ TV”-ის პრეზიდენტთან ისაუბრა და გადაწყვიტეს, რომ ბათუმში “ფეშენ TV”-ის ეგიდით შავი ზღვის ქვეყნების სამოდელო კონკურსი ჩატარდება. დეტალები კი დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი.
უკანასკნელ დღეებში ჩვენს ქვეყანაში დატრიალებული სტიქიური უბედურებების ფონზე თუ რამდენად საინტერესო და სასიხარულოა სამოდელო პროექტები, ეს უკვე ცალკე თემაა. ფაქტი ერთია – ტრაგიკულ ზაფხულს მშიერი შემოდგომა და ცივი ზამთარი შეცვლის!
მაგრამ არც ეს დაგავიწყდეთ: “გშია? – იცეკვე!”.
ანი შონია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here