Home რუბრიკები სამართალი ომბუდსმენი ერეკლე კოდუას წინააღმდეგ გამოძიების დაწყე­ბას ითხოვს

ომბუდსმენი ერეკლე კოდუას წინააღმდეგ გამოძიების დაწყე­ბას ითხოვს

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ბადრი პატარკაციშვილის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისათვის ერეკ­ლე კოდუას მიმართ წინასწარი გამოძიების დაწყებას ითხოვს. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2007 წლის 23 დე­კემბერს ლონდონში, არკადი პატარკაციშვილის სახლში, კანო­ნის დარღვევით განხორციელებული აუდიოჩანაწერის გამო სა­ხალხო დამცველმა 2009 წლის 9 მარტს რეკომენდაციით მიმარ­თა იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, დაიწყოს წინასწა­რი გამოძიება ერეკლე კოდუას მიმართ.

როგორც სისხლის სამართლის საქმეშია მითითებული, 2007 წლის 23 დე­კემბერს საქართველოს ხელისუფლების დამხობის გეგმის დეტალების გან­სახილველად ერეკლე კოდუა ლონდონში ჩავიდა და არკადი პატარკაციშ­ვილს შეხვდა. შეხვედრაზე განისაზღვრა კოდუას კონკრეტული დავალება შინაგან საქმეთა მინისტრის ნეიტრალიზების გეგმის ჩათვ­ლით. სანაცვლოდ კოდუამ პატარკაციშვილისგან ფინანსური და პოლიტიკური გარანტიები მიიღო. საუბარი ერეკლე კოდუამ ფარუ­ლად ჩაიწერა. როგორც შემდგომში სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, ჩამწერი ლონდონში საკუთარი ინიციატი­ვით წაიღო, ვინაიდან თვითონ უნდოდა საუბრის ჩაწერა.
2007 წლის 26 დეკემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის ზ. შანშიაშვილის დადგენილებით, კოდუას მიერ პატარკაციშვილის სახლში გაკეთებული ფარული აუდიოჩანაწერი ნივ­თმტკიცებად იქნა ცნობილი.

შემდეგში პატარკაციშვილისა და კოდუას საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი დაედო საფუძვლად ბადრი პატარკაციშვილისა და ვალე­რი გელბახიანის ბრალდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მომზადების ფაქტზე (დანაშაულში გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით).

საქმის მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ კოდუას მიერ ინგლისში განხორციელებული ფარული აუდიოჩანაწერი სრული კანონდარ­ღვევითაა მოპოვებული და მას არ შეიძლებოდა მინიჭებოდა იურიდიული ძალა, ვინაიდან ფარულად ჩაწერის ინიციატივა არ მოდიო­და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტიდან. იგი მოხდა კოდუას პირადი ინიციატივით და არც შემდეგში დაკანონებულა სასა­მართლოს მიერ, – აცხადებს სახალხო დამცველი.

მისივე აზრით, ჩანაწერის კანონიერ მტკიცებულებად მიჩნევისათვის ინგლისში კოდუას მივლინება და ფარული აუდიოჩაწერა უნდა მომხდარიყო კანონით დადგენილი წესით. კოდუამ კი საუბრის ფარულად ჩაწერით ფაქტობრივად დაარღვია არკადი პატარკაციშვი­ლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

2007 წლის 17 დეკემბერს საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა ერეკლე კოდუამ პატაკით მი­მართა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ამირან მესხელს, სადაც აღნიშნული იყო, რომ მას დაუკავშირდა ყოფილი მოსამართ­ლე მარინა გაბუნია და სოლიდური თანხის საფასურად შეეცადა მის მოსყიდვას სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მისაღე­ბად. პატაკის საფუძველზე შსს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა იმავე დღეს დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამარ­თლის საქმეზე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად შეთქმულების მომზადების ფაქტზე. სოდ-ის დირექტორის მოადგილემ ე. როგავამ მიიღო დადგენილება – დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის გამოვლენა-დოკუმენტირებისა და აღკვეთის მიზნით, დანაშაულებრივ ჯგუფში ოპერატიულ თანამშრომლად ჩართულიყო სოდ-ის დირექტორი ერეკლე კოდუა.

18 დეკემბერს მარინა გაბუნიას შუამავლობით ერეკლე კოდუა სამოქმედო გეგმის კონკრეტული დეტალების დასაზუსტებლად არკადი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსს ვალერი გელბახიანს შეხვდა. გელბახიანმა დაადასტურა, რომ პატარკაციშვილი მზად იყო, პირადად შეხვედროდა კოდუას.

2007 წლის 23 დეკემბერს ერეკლე კოდუა ლონდონში პატარკაციშვილთან ჩავიდა, სადაც საქართველოს ხელისუფლების დამხობის გეგ­მის დეტალები განიხილეს და ფინანსური და პოლიტიკური გარანტიები განსაზღვრეს.

ერეკლე კოდუას მიერ (როგორც ოპერატიული მუშაკის) მტკიცებულებათა მოპოვება უნდა მომხდარიყო “ოპერატიულ-სამძებრო ღო­ნისძიებათა შესახებ” კანონით დადგენილი წესით – სასამართლო ბრძანების საფუძველზე. რადგან ეს წესი არ იქნა დაცული, ლონდონ­ში მოპოვებულ აუდიოჩანაწერს არ შეიძლებოდა მინიჭებოდა მტკიცებულებითი ძალა.

შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებ­ლის ზ. შანშიაშვილის მიერ, ნივთმტკიცებად ცნობის ნაცვლად, იგი უნდა მიჩნეულიყო დაუშვებელ მტკიცებულებად და ამოღებული­ყო სისხლის სამართლის საქმიდან.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, იმის გამო, რომ არ მოხდეს დაუშვებელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვალერი გელბახიანის ბრალდება, კოდუა-პატარკაციშვილის საუბრის ფარული აუდიო­ჩანაწერი არ დაედოს საფუძვლად ვალერი გელბახიანის საბრალდებო დასკვნას.

ამავე დროს, ინგლისში კოდუა-პატარკაციშვილის საუბრის ფარული აუდიოჩანაწერის მოპოვებისას ერეკლე კოდუამ აშკარად გადაამე­ტა თავის უფლებამოსილებას, რამაც გამოიწვია არკადი პატარკაციშვილის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა და შედეგად კანონდარღვევით მტკიცებულების მოპოვება.

ვინაიდან ერეკლე კოდუას აღნიშნული ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართ­ველოს იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, დაიწყოს წინასწარი გამოძიება ამ ფაქტზე.

 

მედიანიუსი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here