Home რუბრიკები სამართალი ესროლეთ პირდაპირ თავში!

ესროლეთ პირდაპირ თავში!

847

საქართველოს ხელისუფლების სიჯიუტე რომ ვიცი, მეგონა, «პირველ ჩვენებას» ბოლომდე «მიაწვებოდნენ», მაგრამ შევცდი. თავგადაკლულები ამტკიცებდნენ, რეზინის ტყვიები არათუ 6 მაისს პოლიციის სამმართველოს შენობასთან, არამედ 2007 წლის 7 ნოემბერსაც არ გამოგვიყენებია, თუმცა უფლება კი გვქონდაო. 7 ნოემბერს როგორ დაუნაყეს თავპირი და როგორ დაუჟეჟეს გვერდები მშვიდობიან მომიტინგეებს, ვნახეთ! სოდომიზმით შეპყრობილი ზონდერხელისუფლების მცდე­ლობის მიუხედავად, როგორმე კანონიერების ფარგლებში მოქცეულად შემოესაღებინათ კუდიანების სადისტური მოქმედება, სიმართლე იმ ვაკუუმურმა ჭურვებმა გამოფინა, ხალხს კიდურები რომ მოაგლიჯა. ახლაც ასე მოხდა.
 შსს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე 6 მაისის ღამით პირდაპირ ეთერში აცხადებდა, რომ «პოლიცია თავშეკავებით აგრძელებს მოქმედებას» და «პოლიცია ყოველი კონკრეტული დანაშაულის აღსაკვეთად საჭირო პროპორციულ ძალას გამოიყენებს». მეორე დღეს კი გავრცელდა შსს ოფიციალური განცხადება, რომელშიც ხაზგასმულია მომიტინგეების დანაშაული – მათ დაურღვევიათ ღობესთან არსებული პერიმეტრი.
ის კადრები ყველამ ნახა და აქ აღარ გავიმეორებ, რა და რატომ მოხდა.

მთავარი სხვა რამაა. კერძოდ, ის, რომ «პოლიცია მაქსიმალურად იკავებდა თავს» მანამ, სანამ მომიტინგეები დაიწყებდნენ სკანდირებას «საქართველო, საქართველო!», შემდეგ კი «საფრთხის პროპორციულად» უპასუხეს: «მიშა, მიშა!»

ღობის აქეთ «საქართველო» დარჩა, ღობის იქით, პერიმეტრში განთავსებულ წინასწარი დაკავების ცენტრის ტერიტორიაზე – «მიშა».

ეს ამბებიც იცით. ახლა გავიხსენოთ, რა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის აზრით, «ყველამ კარგად დაინახა, თუ რა თავშეკავებულად იქცეოდნენ პოლიციელები და როგორი აგრესიულები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც სამმართველოს შენობას მიადგნენ». მისივე თქმით, ეს ფაქტი იყო თავდასხმა, «ამ შემთხვევაში კი სამართალდამცველებს აქვთ ყოველგვარი საშუალება, რომ კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღონ».

მიაქციეთ ყურადღება – აკაკი მინაშვილი კანონით გათვალისწინებულ ზომებზე საუბრობს.

ამ შემთხვევაში «მიშა, მიშა!» სკანდირება კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ დავეთანხმოთ შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს შოთა უტიაშვილს – «ეს კანონის დარღვევა არ ყოფილა», თუმცა იგი სკანდირებას «უმნიშვნელო დეტალს» უწოდებს და, ალბათ, დარწმუნებულია, რომ მართლაც «უმნიშვნელოა» ეს «დეტალი». ოღონდ, – ავტორიტარულ-ტოტალიტარულ სახელმწიფოში. მაგალითად, XX საუკუნის 30-იან წლებში იტალიაში «დუჩე, დუჩე!» და გერმანიაში «ჰაილ, ჰიტლერ!» ისე ისმოდა, როგორც «ბონჯორნო» და «გუტენ მორგენ».

პოლიციელების სკანდირება «მიშა, მიშა!» კანონის დარღვევა არ არის, რადგან არც ერთი კანონი არ კრძალავს სიყვარულს, ფანატიზმამდე მისულსაც კი. უფრო მეტიც, სახარება გვასწავლის: «გიყვარდეს მტერი შენი…» პოლიციელებისთვის ეს სიტყვები ასე ჟღერს: «გიყვარდეს მიშა შენი…» მაგრამ გაგრძელებას რა ვუყოთ – «ვითარცა თავი თვისი»? პოლიციელებს ხომ საკუთარ თავზე მეტად მიშა უყვართ? ამიტომ ესეც შევცვალოთ და მივიღებთ – «გიყვარდეს მიშა შენი საკუთარ თავზე მეტად…» აქ სიტყვის – «თავზე» – ნაცვლად წარმატებით შეიძლება ჩავსვათ სიტყვები – «სამშობლოზე», «ოჯახზე» და ა.შ.

მაინც აქეთ მივდივართ (თუ მივყავართ ამ ხელისუფლებას) და, აჰა, მზა ლოზუნგი!

ხელისუფლების წარმომადგენლები დაზუთხულივით იმეორებენ, რომ «პროპორციულად უპასუხებენ», «ადეკვატურ ძალას გამოიყენებენ» და «სათანადო პასუხს მიიღებს», ვინც მათ უშფოთველ ძილს დაურღვევს.

თურმე, პოლიციამ ადეკვატურად, პროპორციულად და სათანადოდ უპასუხა დავით ჩანტლაძესა და ირაკლი ხომასურიძეს, რომლებიც პოლიციელთა საშინელი აგრესიით აღშფოთებული ხალხის დამშვიდებას ცდილობდნენ. დავით ჩანტლაძესა და ირაკლი ხომასურიძეს პოლიციამ ადეკვატურად, პროპორციულად და სათანადოდ გამოთხარა თვალი. შემდეგ კი, მკურნალობის ხარჯების დაფარვის სანაცვლოდ, «ენის ჩაგდებაც» ურჩია.

შსს, კონკრეტულად კი, შოთა უტიაშვილი აცხადებს, რომ «სამართალდამცველებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებაც ჰქონდათ, რადგან აშკარად მოხდა თავდასხმა პოლიციის შენობაზე. მიუხედავად ამისა, პოლიციამ არც ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, არც – რეზინის ტყვიები».

ვანოს შოთას ეს სიტყვები ცოტა უცნაურად ჟღერს მისივე ნათქვამის ფონზე – «სპეცრაზმელებმა ოპერაცია ჩაატარეს დიდი წარმატებით და მაქსიმალური თავშეკავებით».

მართალია უტიაშვილი – სპეცრაზმელებსა და პოლიციელებს მომიტინგეთა მიმართულებით არც ერთი ტყვია არ გაუსროლიათ. არც ცეცხლსასროლი და არც ე.წ. არალეტალური იარაღიდან. ამას მეც ვადასტურებ. ისინი მხოლოდ სკანდირებდნენ და ხელკეტებს იქნევდნენ. წარმატებით, სხვათა შორის.

მაშ, ვინ ისროდა პოლიციის ეზოდან? – ვინ და სამმართველოს ეზოში მოწყობილ დაღუპულ პოლიციელთა მემორიალს ამოფარებული სნაიპერი, რომელიც კარგად ხედავდა ოპოზიციის ლიდერებისა და მომიტინგეების განათებულ სახეებს და პირდაპირ შუბლში აჭედებდა პლასტიკურ ტყვიებს.

თუმცა ძნელი სავარაუდოა, რომ არ იცოდა ამ იარაღის მოხმარების წესი, ანუ ინსტრუქცია.

მისმა და «მიშა, მიშა!» სპეცრაზმელების მოწადინებამ ადეკვატური, პროპორციული და სათანადო შედეგი გამოიღო: 17 დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს, 20 – ღუდუშაურის კლინიკაში. თვით ამ პროტესტის მოთავესა და ღობეზე გადამძვრალ «უცნობ» გია გაჩეჩილაძეს კი, ღუდუშაურის კლინიკის მთავარი ექიმის ზაზა სინაურიძის თქმით, «მოტეხილი აქვს მეშვიდე ნეკნი, დაჟეჟილი აქვს მთელი სხეული».

შსს და ხელისუფლება მთელი ერთი თვის მანძილზე უარყოფდნენ პლასტიკური და რეზინის ტყვიების გამოყენებას. სულ ახლახან კი შსს-მ 6 მაისს პოლიციის სამმართველოსთან რეზინისა და არალეტალური ტყვიების გამოყენება აღიარა. ჟურნალ «ლიბერალში» გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ შსს-მ ჟურნალისტს აჩვენა ორი სახეობის იარაღი, რომელიც პოლიციამ 6 მაისს გამოიყენა. ერთ-ერთი იყო «ALSL»,, რომელიც რეზინის ტყვიებს ისვრის (პოლიციამ 2007 წლის 7 ნოემბერსაც გამოიყენა), ხოლო მეორე არის «FN303» ტიპის იარაღი, რომელიც რეზინის ტყვიებისგან განსხვავებული ტიპის არალეტალურ ტყვიებს ისვრის.

«ჩვენი ოფიციალური პოზიცია იყო, არ გვეთქვა ამის შესახებ, რათა არ დაგვეძაბა სიტუაცია», – განუცხადა შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა ჟურნალ «ლიბერალს».

«FN303» ტიპის არალეტალური ტყვიების სასროლი საშუალებების უსაფრთხო მოქმედებასთან დაკავშირებული ინსტრუქციების თანახმად, მსროლელმა თავიდან უნდა აიცილოს ტყვიის თავში დამიზნება, თუმცა «ლიბერალი» შსს წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, თითქოს მათ არ იცოდნენ, რომ ამ იარაღის დამიზნება თავის არეში არ შეიძლება. «ბნელოდა და სპეცრაზმის წევრები ადამიანების ტანის მხოლოდ ზედა ნაწილს ხედავდნენ», – განუცხადა ჟურნალს შს მინისტრის მოადგილემ შალვა ჯანაშვილმა.

სამხედრო ექსპერტის ირაკლი ალადაშვილის განმარტება კიდევ უფრო მეტად გაგაცნობიერებთ ამ არალეტალური იარაღის შესაძლებლობებში:

– პლასტიკური ტყვიების მსროლელი 15-ტყვიიანი ამერიკულ-ბელგიური ნახევრად ავტომატური იარაღი «FN303» 8,5-გრამიან ბისმუტის ტყვიას (ის 17,22 მმ კალიბრიანია) 90 მ/წმ საწყისი სიჩქარით ისვრის და მისი მოხვედრა 50 მეტრზეც კი ძალიან მტკივნეულია. რეზინისტყვიებიანი ყუმბარისგან განსხვავებით, «FN303»-ით ამ ტყვიების სროლა უფრო დიდი სიზუსტით შეიძლება მომიტინგეთა შორის კონკრეტული პირის «წერტილოვნად» დასაზიანებლად ან საღებავის ტყვიით მის «მოსანიშნად და შემდეგში დასაკავებლად».

ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ ამ «სნაიპერების» ნასროლ პლასტიკურ ტყვიებს ორი მომიტინგის თვალები შეეწირა. ერთ-ერთი დაშავებულის თვალის ბუდიდან ექიმებმა ოპერაციის შემდეგ ამოიღეს პლასტმასის დეტალი – «FN303»-დან ნასროლი პლასტიკური ტყვიის ძირი.

ის, რომ პლასტიკური ტყვიები ოპოზიციის ლიდერებს შუბლში აქვთ მოხვედრილი (ერთს – კეფაზე), იმაზე მიუთითებს, რომ «FN303»-ით მსროლელებს კონკრეტული დავალება მისცეს – «წერტილოვანი» სროლებით «მოენიშნათ» ოპოზიციის ლიდერების შუბლები.

შსს-ს შეიარაღებაში «FN303» «ნოუ-ჰაუდ» ვერ ჩაითვლება, ეს იარაღი ჯერ კიდევ 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგების დასაშლელად გამოიყენეს. ამბობდნენ, მაშინ ამ ახალშეძენილი იარაღისთვის პლასტიკური ტყვიები არ ჰყოფნიდათ და ამიტომაც გამორჩეულად იყენებდნენ, დღეს კი, ეტყობა, ბლომად მოიმარაგეს.

მიუხედავად იმისა, რომ «FN303»-სა და პლასტიკურ ტყვიებს არალეტალური მოქმედების იარაღს მიაკუთვნებენ, როდესაც აშშ-ის სპეცდანაყოფებმა ის ერაყში გამოიყენეს, დაიღუპა რამდენიმე მომიტინგე, რომელთაც პლასტიკური ტყვიები თავის არეში 3 მეტრიდან ესროლეს…

საქართველოს ხელისუფლება კანონდარღვევას კი არ აღიარებს, თავს იმართლებს, თანაც – უნიჭოდ. ამიტომ სპეციალური საშუალებების: «ALSL»,-ისა და «FN303»-ის გამოყენების მართლზომიერებასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის ერთ-ერთ ავტორს, პროფესორ გია მეფარიშვილს:

– «ALSL»,და « FN303» განეკუთვნება სპეციალურ საპოლიციო საშუალებებს და მრავალი ქვეყნის საპოლიციო დანაყოფები იყენებენ არეულობის, ჯგუფური ვანდალიზმის თუ სხვა მასობრივი კანონდაუმორჩილებლობის ფაქტების აღსაკვეთად.

ამ სპეციალური საშუალებების გამოყენების პრინციპი მარტივია – სათანადო მოწყობილობით, რომელიც ძალზე წააგავს ჩვეულებრივ ცეცხლსასროლ იარაღს, ისვრიან სპეციალურ ჭურვს (ტყვიას) – გარკვეული ტექნოლოგიით დამუშავებულ რეზინის ან პლასტიკური ნივთიერების მასას. ასეთი ჭურვი (ტყვია) ადამიანის სხეულზე მოხვედრისას არ იწვევს სიკვდილს (ლეტალურ შედეგს), მსხვერპლს არ ასახიჩრებს და მძიმედ არ აზიანებს. იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი და მსგავსი სპეციალური საშუალებების გამოყენება ნებადართულია, უმკაცრესადაა რეგლამენტირებული მისი გამოყენების წესები. კერძოდ, კანონქვემდებარე აქტებით იკრძალება ამ სპეციალური საშუალებების გამოყენება ღამით და გაძნელებული მხედველობის პირობებში; აკრძალულია ასეთი საშუალებების გამოყენება ქალებისა და მოზარდების მიმართ; აკრძალულია გასროლა ადამიანის თავის მიმართულებით და ადამიანის სხეულის იმ ადგილებში, რასაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მოჰყვეს და ა.შ.

მინდა, ქართველმა მკითხველმა კარგად გაიგოს, რომ, მიუხედავად ფართო გავრცელებისა, არსებობს ქვეყნები, სადაც საკანონმდებლო დონეზეა აკრძალული ე.წ. არალეტალური ჭურვების (ტყვიების) გამოყენება, რადგან პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მათ გამოყენებას ძალზე ხშირად მოსდევს დიდი გართულებები.

საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონით «პოლიციის შესახებ» რეზინის ან პლასტიკური ტყვიების გამოყენების უფლება პოლიციას არ აქვს. ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას პოლიციელს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივი დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით. ამავე კანონის მე-12 მუხლში ჩამოთვლილია ყველა სპეციალური საშუალება, რომელთა გამოყენების უფლებაც პოლიციას აქვს და რომელიც შეიძლება შეივსოს მხოლოდ ამ კანონით. რეზინის ან პლასტიკური ჭურვების (ტყვიების) გამოყენება ამ ჩამონათვალში არ არის, თუმცა საკმაოდ ვრცელია თავად ეს ჩამონათვალი: რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, ელექტროშოკური მოწყობილობა და ა.შ.

საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტმა 1993 წლის ივლისში დიდი სიფრთხილე გამოიჩინა და «პოლიციის შესახებ» პირველ ქართულ კანონში რეზინის ან პლასტიკური ტყვიების გამოყენების უფლება პოლიციას არ მისცა, თუმცა იყვნენ დეპუტატები, რომლებიც თავგამოდებით მოითხოვდნენ, არ ყოფილიყო ამომწურავი სპეციალურ საშუალებათა ჩამონათვალი (მუხლი მე-12) და მისი გაფართოების უფლება მინიჭებოდა შინაგან საქმეთა მინისტრს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან შეთანხმებით. იმდროინდელი პარლამენტის პოზიცია ურყევი აღმოჩნდა.

ახლა რაც შეეხება ზოგიერთი ოპონენტის მოსაზრებებს, რომ, თითქოს, პოლიციას რეზინის ან პლასტიკური, ე.ი. არალეტალური ჭურვების (ტყვიების) გამოყენების უფლება კანონით ჰქონდა და ასეთი მსჯელობის გასამყარებლად უთითებენ «პოლიციის შესახებ» კანონის მე-13 მუხლს (?!). «პოლიციის შესახებ» კანონის მე-13 მუხლი ეხება პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებას (!). არც «ALSL», და არც «FN303» არ წარმოადგენს ცეცხლსასროლ იარაღს და ამას დიდი მტკიცება არ უნდა. ერთიც და მეორეც არის სპეციალური საშუალებები და არსებობს მათი გამოყენების სრულიად განსხვავებული წესები, ოღონდ არა ქართულ კანონმდებლობაში.

 

P.S. სამხედრო ექსპერტისა და «პოლიციის შესახებ» კანონის ერთ-ერთი ავტორის ამ მოსაზრებების გაცნობის შემდეგ ცხადი ხდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაარღვია სწორედ ის კანონი, რომელიც მის საქმიანობას არეგულირებს და რომელსაც სამართალდამცველები ყველაზე უკეთ უნდა იცნობდნენ. რა თქმა უნდა, კონსტიტუციასთან ერთად. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში «პოლიციის შესახებ» კანონსაც ისევე აგდებულად ეკიდებიან თვითონ სამართალდამცველები, როგორც მთლიანად ხელისუფლება – კონსტიტუციას – ქვეყნის უპირველეს კანონს ფეხქვეშ თელავენ.

მას შემდეგ, რაც საქვეყნოდ გაცხადდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უცხოურ პრესასთან იმას აღიარებს, რასაც საგულდაგულოდ უმალავს ქართულ მედიას და, შესაბამისად, ქართველ ხალხს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მათთვის ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ. ისინი ჩვენ წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ, ხოლო უცხოელ ჟურნალისტებთან კარგად გაწვრთნილი გოშიებივით, როგორც რუსები იტყვიან, «НА ЦЫПОЧКАХ» დგანან.

 

ბონდო მძინარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here