Home რუბრიკები სამართალი ნანა ჩილაჩავა-დადიანი: ქართველები იძულებულნი არიან, სარჩოს საძებნელად მთელი დედამიწა შემოიარონ

ნანა ჩილაჩავა-დადიანი: ქართველები იძულებულნი არიან, სარჩოს საძებნელად მთელი დედამიწა შემოიარონ

1063

ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტის ქალბატონ მაკა ჩილაჩავა-დადიანისთვის სამშობლოს მონატრება და ემიგრანტობის ტკბილ-მწარე მხარეები იმდენად სულისშემძვრელი და მძაფრია, რომ გადაწყვიტა მის მიერ უცხოობაში გატარებული წლების შესახებ თანამემამულეებისათვის თავის წიგნში მოეთხრო, ფურცელზე გადმოეტანა ემიგრანტთა ყოფის შინაგანი და ფარული კონფლიქტი დღევანდელობასთან, ეამბნა სამშობლოდან განდევნილთა სულიერ ჭრილობებზე, უცხო მიწაზე ქართველთა დრამატიზმით აღსავსე ცხოვრებაზე – სულიერ სიმარტოვესა და ქანცგამწყვეტ შრომაზე, სამშობლოს სიშორით გამოწვეულ უდროოდ დაბერებაზე, უცხოელთა მხრიდან უნდობლობაზე… წიგნი «ქართველი ემიგრანტები უცხოეთში» ეძღვნება საზღვარგარეთ უსიხარულო შრომაში ჯვარცმულთ, რომელთაც უკვე ათეული წლებია «გადაუვადდათ» შინ დაბრუნების დრო და უცხოეთში ჩარჩნენ დაღლილ-დაქანცულნი. მაკა ჩილაჩავა-დადიანის წიგნის სიუჟეტი უბრალო ემიგრანტთა თავგადასავლებია. წიგნის საქართველოში გამოცემის ორგანიზატორი მისი და, ქალბატონი ნანა ჩილაჩავა-დადიანია. იგი ჟურნალისტთა და ხელოვანთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი და დამოუკიდებელი ჟურნალისტია.
– ქალბატონო ნანა, როდის გაემგზავრა მაკა უცხოეთში, რა იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი და მიზანი?

– მე და მაკა ტყუპები ვართ. ტყუპებს შორის კი იდუმალი კავშირია. 90-იან წლებში მეც და მაკაც მძიმე პირობებში აღმოვჩნდით. მე ტელევიზიის პირველ არხზე სტუდია «პუბლიცისტში» ვმუშაობდი. როდესაც მიხეილ სააკაშვილმა სტუდია დახურა, მე უკვე 300 სიუჟეტის ავტორი ვიყავი. ჩემი გათავისუფლების მიზეზი კი ასაკი – 45 წელი იყო, როდესაც ადამიანი მთელი სისავსით განიცდის გონებრივ და შემოქმედებით სიმწიფეს. არც ერთი ქვეყნის გაზეთებსა და ტელევიზიებში 40 წლის ჟურნალისტებს «პენსიაზე» არ უშვებენ.

მაკა უცხოეთში 1998 წელს გაემგზავრა. ეს იყო დრო, როდესაც ისტორიის სასტიკი ქარიშხლით იყო გადათელილი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრება. წარსული ნანგრევებად იყო ქცეული, ხოლო აწმყო – რუტინაში ჩაძირული. მაკა თბილისის #2 გიმნაზიის პედაგოგი გახლდათ (დღეს ეს გიმნაზია #195 სკოლაა), ფოლკლორს ასწავლიდა. კულტურის სამინისტრომ საუკეთესო პედაგოგის დიპლომითაც კი დააჯილდოვა. ამ საუკეთესო პედაგოგს კი იმდენად მცირე ხელფასი ჰქონდა, რომ იძულებული გახდა, ამერიკაში წასულიყო, რათა შვილები ლუკმა-პურით უზრუნველყო. ამ წლებში ჯერ კიდევ არ იყო გაძნელებული ამერიკაში წასვლა და არც მგზავრობა ღირდა ასეთი ძვირი, ამიტომ ყოველგვარი გართულების გარეშე ჩავიდა ნიუ-იორკში. მაკა ინგლისურ ენას კარგად ფლობდა. იქ, რა თქმა უნდა, უფრო დახვეწა, სამსახურიც მალე მონახა, ვიღაც მოხუც ქალს უვლის. ეს, რა თქმა უნდა, იოლი არაა, როდესაც მთელი ცხოვრება ინტელექტუალურად შრომობ. ჩვენ, ტრადიციულად, შემოქმედებითი ინტელიგენტური ოჯახი ვართ. დედა – ეკატერინე ჩილაჩავა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი და ცნობილი მთარგმნელი იყო. ჯერ კიდევ 23 წლის ასაკში თარგმნა ჯერალდ გოლდონი, შემდეგ «ის დღე დაიქცეს». ოთხივე ქალიშვილს მისი ნიჭი გამოგვყვა. მაკა საკმაოდ კარგად წერს.

ცხადია, ემიგრანტს ფულს მუქთად არავინ მისცემს. თავს არ შეგაწყენთ იმის მოყოლით, რა რთულია მოხუცის მოვლა, რომლის გამო ყველა უცხოელი ფულს სიამოვნებით იხდის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრიად შრომატევადი საქმეა, მაკამ პარალელულად დაიწყო თანამშრომლობა ქართველ ემიგრანტთა გაზეთ «მამულში». რედაქციაში ის სისტემატურად ხვდებოდა მაღალი ინტელექტის ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც სამშობლოში «ჩარეცხილებად» მოიხსენიებიან.

ნოსტალგია ემიგრანტებში შემოქმედებით ძალებს აღვიძებს; ახალ, ფართო, შეუზღუდავ გასაქანს აძლევს მათ აზრებს, განცდებსა და ემიგრაციით გამოწვეულ განწყობილებას. დამერწმუნეთ, ქართველ ემიგრანტთა სულიერი სამყარო სრულ უთანხმოებაშია ამერიკელთა მენტალობასა და პრაქტიკულ რეალობასთან.

– როგორ ახერხებდა მაკა სტატიების წერას ასეთ მძიმე სამუშაოსთან ერთად?

– ემიგრანტთა გაზეთი «მამული» ენთუზიაზმით კეთდება, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. იქ დაბეჭდილი სტატიები გატეხილი ღამეების ნაყოფია. ესაა ცრემლიანი სტრიქონები, ლექსები, ესაა სიბნელეში გაჭრილი სხივი, ამ გაზეთში თანამშრომლობა კავშირია სამშობლოსთან, თანამემამულეებთან. მართლმადიდებლურ ეკლესიაში მანჰეტენზე ქართველი მღვდელი მამა ალექსანდრე მოღვაწეობს, რომელიც წირვა-ლოცვას ქართულად აღავლენს. ამ ეკლესიაში ყოველ უქმე დღეს თავს იყრიან ქართველები, იხდიან პარაკლისს მიცვალებულთათვის და ლოცულობენ ცოცხალთათვის. განსაკუთრებით ლიტანიობდნენ აგვისტოს მოვლენების დროს.

– ამბობენ, ჩვენი საელჩო ამერიკაში ოფიციალური ინფორმაციით ემიგრანტებს სხვანაირ წარმოდგენას უქმნის, ვიდრე სინამდვილეშია, რას ამბობს მაკა ამის შესახებ?

– ისინი მარტო ემიგრანტებს კი არ ატყუებენ, არამედ ხშირად – ჩვენც. ნურავინ ნუ მოიტყუებს თავს, რომ ემიგრანტები ჩვენი ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არიან განწყობილნი. განა ლუკმა-პურისთვის ცხრა მთას იქით გადახვეწილი, მშობლიურ მიწასა და ოჯახს იძულებით აგლეჯილი კაცი ამ ხელისუფლების მომხრე იქნება? ჩემი და მაკა სხვათა მონურ სამსახურშია ჩამდგარი, ინტელექტით ბევრად აღმატებულია მათზე, ვისაც ემსახურება, ამგვარი პოლიტიკით კმაყოფილი იქნება?

იულონ გაგოშიძე სულ ტყუილად იმშვიდებს თავს, ემიგრანტები ამ ხელისუფლებას უჭერენ მხარსო. არ დაიჯეროთ, ეს ამათი პიარკამპანიის ნაწილია.

ემიგრანტები ჩვენზე უკეთესად არიან ინფორმირებულნი. თითოეულს სატელეფონო კონტაქტები აქვს აქ დარჩენილ ოჯახის წევრებთან, თვითონ «მამულშიც» იწერება სამართლიანი და კრიტიკული სტატიები ჩვენს ყოფაზე.

ემიგრანტებმა ჰალსტუხიჭამია პრეზიდენტის კადრები ჩვენზე უწინ ნახეს, «ბი-ბი-სი» ყოველ ნახევარ საათში ატრიალებდა ამ კადრებს.

მაკა იმდენად შეურაცხყოფილი იყო, მეუბნებოდა: «ეს არის ჩვენი, ქართველების შინაური საქმე. შეიძლება, არ მოგვწონდეს ჩვენი პრეზიდენტი, მაგრამ ვინ მისცა უფლება უცხოეთს და გინდაც, «ბი-ბი-სი»-ს, რომ ჩვენს პრეზიდენტს დასცინოსო».

– როდის გაიმართება მაკას წიგნის «ქართველი ემიგრანტები უცხოეთში» პრეზენტაცია?

– წიგნის გამოცემის ხარჯები მაკამ თვითონ გაიღო. შერჩევის წესით 300 გვერდიან წიგნში დაახლოებით 50 ემიგრანტის საზღვარგარეთული ცხოვრებაა მოთხრობილი. დაბეჭდილია, აგრეთვე, ემიგრანტთა მოთხრობები, ნოველები, ლექსები. ყველაზე საოცარი კი ყოფილი მოსწავლეების მიმოწერაა ყოფილ მასწავლებელთან. ზოგიერთი წერილი ამ წიგნშია შეტანილი. პრეზენტაცია 21 ივნისს, ავტორის სურვილის გათვალისწინებით, ყოფილი #2 გიმნაზიის შენობაში გაიმართება, სადაც დაიდგმება ყულაბა და ყველა იქ მყოფს მიეცემა საშუალება, სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით შესაწირი გაიღოს. შეგროვილი თანხა კი აუცილებლად ეკლესიას გადაეცემა. ეროვნული ბიბლიოთეკა ამ წიგნით უკვე დაინტერესდა. არ მინდა მისი მთლიანად გაშიფვრა პრეზენტაციამდე. ვიმედოვნებ, წიგნი იმედს არ გაგიცრუებთ.

ბევრი ქართველი ემიგრაციაში მყოფთ სამშობლოს მიტოვების ბრალდებას უყენებს. ვიმედოვნებ, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მავანს მათდამი დიდი თანაგრძნობა გაუჩნდება, რადგან მიხვდება, რომ ემიგრანტები აქ დარჩენილებზე ნაკლები პატრიოტები არ არიან. თითოეულ მათგანს საქართველოში, სულ მცირე, 3-4 კაცი ჰყავს სარჩენი. რა თქმა უნდა, ეს გადინება მცირერიცხოვანი ერისთვის კატასტროფაა, მაგრამ მათ თავიანთი მონური შრომით, აქ ათასობით ადამიანი გადაარჩინეს (ზუსტად ეს ათასები იდგნენ 26 მაისს დინამოს სტადიონზე). ისინი გამუდმებით უყურებენ ინტერნეტით «მაესტროს» გადაცემებს და აღფრთოვანებულნი არიან უცნობის პიროვნებით; ხვდებიან, რომ საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ ყველაფერი უკან წავიდა. გულწრფელად გეტყვით, როდესაც 1998 წელს მაკა ამერიკაში წავიდა, ფიქრადაც არ გამივლია, რომ ეს ორწლიანი «ვოიაჟი» 11 წელს გასტანდა.

26 მაისის მანიფესტაციაც «მაესტროს» საშუალებით ნახეს. მაკამ დამირეკა და აღელვებულმა მითხრა: «ნანა, შენ არ იცი, როგორი ამაყი ვიყავი, როდესაც მთელმა ევროპამ და ამერიკამ აღნიშნეს, რომ ქართველმა ხალხმა უხმო პროტესტის უმაღლესი კულტურა აჩვენა მთელ მსოფლიოსო. ეს უცხოელებისთვის გამაოგნებელი იყო. თუ გახსოვთ, საბერძნეთში 15 წლის ბიჭის სიკვდილმა მთელი ქვეყანა ამოაყირავა. გადამწვარი მაღაზიებისა და მანქანების ჩონჩხები დატოვეს. რამხელა გონიერება და სიდარბაისლეა, ეს ათასობით ადამიანი ორი თვე რომ ქუჩაშია და წონასწორობას ინარჩუნებს».

ჩემმა მეგობარმა ნატო ჩიჩუამ ოტავადან დამირეკა, – «ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც არასდროს, საქართველომ მთელ მსოფლიოს საპროტესტო კულტურის მაგალითი რომ მისცაო». ემიგრაციაში წასვლაც პროტესტია არსებული ხელისუფლების მიმართ. როდესაც ქვეყანაში უსამართლობაა, პოლიტიკური რეჟიმია და ხალხს აშიმშილებ, ხოლო მათი დაჭერების ხარჯზე ბიუჯეტს ავსებ, წავლენ, აბა, რას იზამენ, წავლენ სიცოცხლის გადასარჩენად. დღეს ნახევარი საქართველო ხომ «პოსლეზე» ცხოვრობს გამოგზავნილი ფულის მოლოდინში. ამ ფონზე კი ელიტარული კორუფცია ყვავის.

– როდის აპირებს მაკა საქართველოში დაბრუნებას და, საერთოდ, როდის დაგვიბრუნდება ნეტავ საზღვარს იქით მყოფი 2 მილიონი ქართველი?

– მათ ყველას და, მითუმეტეს მაკას, შეგნებული აქვს, წასულები და დარჩენილები ერთმანეთთან საბედისწერო ჯაჭვით ვართ გადაბმულნი; ისინი ჩვენთვის და ჩვენ იმათთვის ვართ ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი. ეს ჯაჭვი ვერარა ძალით ვერ გაწყდება. ძალიან ცოტა ვინმე თუა ემიგრანტებში, ვისაც ამერიკის მოქალაქეობა აქვს მიღებული. თითო გონჯი ყველა ოჯახშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა იძულებით ემიგრაციაშია და მზად არის, ზარის პირველი შემოკვრისთანავე სამშობლოსკენ გამოსწიონ. წაიკითხავთ მაკას წიგნს და ნახავთ, როგორ სურთ მათ იმ ზარის ხმის გაგონება.

ახალგაზრდა ემიგრანტები შეგნებულად არიდებენ თავს შერეულ ქორწინებას, თუმცა ამით იქ, სამშობლოდან შორს, მონური შრომისთვის თავის დაღწევის და უზრუნველად ცხოვრების შანსი ეძლეოდათ. იცით, როგორ ცდილობენ იქ დაბადებული ბავშვების საქართველოში სასკოლო ასაკამდე ჩამოყვანას? ქართველი ხალხი იმ ფსიქიკის არ არის, რომელიც შეიძლება მშობლიური ნიადაგიდან ამოთხარო და სხვაგან გაახარო. ნებისმიერი ქართველი შინ დაბრუნებაზე ოცნებობს. ამ ოცნებას კი, იმედი მაქვს, ახდენა უწერია.

ესაუბრა ლალი შაშიაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here