მთავარი ეკონომიკა დავით იაკობიძე: არც ევრო გვიშველის, არც დოლარი…

დავით იაკობიძე: არც ევრო გვიშველის, არც დოლარი…

688
გააზიარეთ

მსოფლიოში ფინანსური კრიზისია. საქართველოში ამას პოლიტიკური პრობლემებიც ემატება. კრიზისიდან გამოსვლის გზებს სახელმწიფოები ეძებენ დამოუკიდებლად და ერთმანეთთან თანამშრომლობითაც. საერთაშორისო მონეტარული ფონდი დასავლეთ ევროპის პატარა სახელმწიფოებს ურჩევს, სწრაფად ჩაატარონ ფულადი რეფორმები და უარი თქვან ეროვნულ ფულზე. ამასთან დაკავშირებით, ეკონომიკის საკითხებში საქართველოს ხელისუფლების «წმინდა ძროხის» – კახა ბენდუქიძის აზრით, დადგა დრო, როცა საქართველომაც უარი თქვას საკუთარ ლარზე და გადავიდეს ევროზე. მართალია, ეს პრობლემა მომავლის საკითხია, მაგრამ მისი განხილვა დღესვეა აუცილებელი. გვესაუბრება პროფესორი დავით იაკობიძე.
– საზოგადოებრივი აზრი უნდა მოემზადოს მოსალოდნელი ფინანსური რეფორმებისა და, მათ შორის, ფულადი რეფორმებისთვისაც, მაგრამ საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემის საფუძვლის – ლარის ევროში კონვერსია დღეისათვის შეუძლებელია და მოკლებულია რაციონალიზმს.

– ბალტიის ქვეყნებმა კი უკვე დაიჭირეს თადარიგი ევროზე გადასასვლელად.

– ვერაფერს გეტყვით მთლიანად ბალტიისპირეთზე, რადგან ამ ქვეყნებში სხვადასხვა პრინციპზე აგებული ფულად-საკრედიტო რამდენიმე სისტემა მუშაობს. ლატვიაში, მაგალითად, ევროზე გადასვლის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი ის, რომ ლატვიის ეკონომიკა ინტეგრირებულია ევროკავშირში და ხელისუფლება გეგმიურად, ევრობანკთან (ევროპის ცენტრალური ბანკი) შეთანხმებით აპირებს ევროზე გადასვლას. ამ პროცესის დაჩქარება კი გამოიწვია ლატვიის ბიუჯეტის დეფიციტურობამ, რომლის დაფარვის წყაროები საერთაშორისო მონეტარული ფონდის რჩევით ევროკავშირშია მოსაძებნი. ლატვიის მთავრობას ურჩევენ, დააჩქაროს ევროზე გადასვლა. ეს კი სრულიად განსხვავებული პროცესია, ვიდრე ამას გვთავაზობენ საქართველოში. მეორე მიზეზი ისაა, რომ ლატვიური ფულადი ერთეული ლატი მიბმულია ევროზე. ლატვიის ფულადი რეზერვები ტეზარვირებულია (დაგროვილია) ოქროში და ევროში, შესაბამისად, ევროზე გადასვლა მათთვის მხოლოდ ტექნიკური პრობლემაა. მაგრამ ლატის ევროზე კონვერსიას ჩქარობდნენ იმის გამო, რომ იყო გარკვეული საფრთხე ინფლაციისა, რადგან ლატის მსყიდველობითი უნარი ევროს აღემატებოდა. ამჟამად ეკონომიკურმა კრიზისმა ეს პრობლემა მოხსნა: ეროვნული ვალუტა, ისევე, როგორც ლატვიის მთელი ფინანსური სისტემა, ღრმა კრიზისშია. მესამე, – ლატვიის საგადამხდელო ბალანსი დეფიციტურია და საერთაშორისო მონეტარულ ფონდს მიაჩნია, რომ ამ უარყოფითი სალდოს დაფარვა მისი ვალდებულება აღარაა, რადგან ლატვია, უკვე დიდი ხანია, ევროკავშირის წევრია. მონეტარული ფონდის წესდება კი წევრი ქვეყნებისგან მოითხოვს, რომ ერთ ქვეყანას ჰქონდეს ერთი ფული, ეწეოდეს ამ ფულის უპირობო კონვერტაციას და კაპიტალის გატანის ნაცვლად ახდენდეს ნებისმიერი ფულადი ერთეულის თავისუფალ გადარიცხვას მიმდინარე ანგარიშებზე. შესაბამისად, საერთაშორისო მონეტარული ფონდი სამართლიანად მოითხოვს ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნებისაგან, რათა ისინი ერთობლივად გამოვიდნენ ერთი ფულადი ერთეულით და არ ქმნიდნენ პრობლემებს საერთაშორისო ფულად სისტემაში. იოლი შესამჩნევია, რომ საქართველოში ზემოთ ნახსენები არცერთი წინაპირობა არ არსებობს. შესაბამისად, ბალტიისპირეთის ქვეყნების (ლატვიის) მაგალითი ჩვენთვის ვერ იქნება სახელმძღვანელო და მისაბაძი.

– უნდა ვივარაუდოთ, რომ ეროვნულ ვალუტაზე უარის თქმით ლატვიელებს კრიზისის დაძლევა სურთ. მაგრამ ლატვიაში ვითომ ისეთი კრიზისია, რომ იძულებულნი არიან, უარი თქვან ისეთ სახელმწიფო რეგალიაზე, როგორიც ეროვნული ფულადი ერთეულია?

– ამასწინათ ერთ ლატვიელ კოლეგას დავურეკე, შევეკითხე, როგორა ხართ-მეთქი. მიპასუხა, ისეთი ეკონომიკური კრიზისია, რომ ხალხი მხოლოდ სიყვარულით ქორწინდებაო. ეპოქალური ანეგდოტია! ლატვიაში, მართლაც, უმწვავესი კრიზისია, გახშირდა ქურდობა, ძარცვა, გაკოტრება, ბანკების ლიკვიდურობის დაცემა და ა.შ. ევროზე გადასვლით სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ შეიქმნება კარგი წინაპირობები, რომ ევროპასთან ერთად გამოვიდნენ კრიზისიდან, მოიშორონ რუსეთისა და სკანდინავიის ქვეყნების ეკონომიკური გავლენა.

– ლატვია უნდა გადავიდეს ევროზე, მაგრამ საქართველო რატომ არ უნდა გადავიდეს? აკი ექსპერტები ამბობენ, საქართველო ნაწილობრივ უკვე იმყოფება ევროზონაშიო?

– დავიწყოთ იმით, რომ «ევროზონა» მექანიკურად აერთიანებს ევროარეალს – 16 ქვეყანას, რომლებშიც ვრცელდება ევრობანკის მიერ შემუშავებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, იმ ქვეყნების ერთობლიობასთან, რომლებმაც, გარკვეული მიზეზებით, ნებაყოფლობით თქვეს უარი საკუთარ ფულსა და საკუთარ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე, მოახდინეს თავიანთ ეკონომიკაში ევროს განერირება, მასზე ემისიის უფლების გარეშე. მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ გააჩნდათ საკუთარი ფულადი ერთეული და მიბმული იყო რომელიმე ევროპულ ქვეყანასთან. შესაბამისად, მათი ფულადი ურთიერთობების განმსაზღვრელი ქვეყნების ევროზე გადასვლამ ისინიც ავტომატურად გადაიყვანა ევროზე. ასეთი ქვეყნებია ანდორა, მონაკო, სან-მარინო, სენპიერ-მიკელონი, მარტინიკა, მეიოტი და ა.შ.

ევრო 26 ქვეყანაში მოქმედებს, მაგრამ ევროარეალი ვრცელდება მხოლოდ 16 ევროპულ ქვეყანაზე.

– ბატონო დავით, ევროს საქართველოშიც ხომ გამოვიყენებთ?

– კი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე ფორმით ევროს არეალში შევდივართ. უფრო აქტიურად «ვამუშავებთ» ამერიკულ დოლარს: ეკონომიკის დოლარიზაციის დონე 66 პროცენტია. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს სხვა ქვეყნის ფულადი ერთეულის გამოყენების საკმაო გამოცდილება აქვს. ვგულისხმობ 1991-93 (აპრილი) წლების პერიოდს, როცა პოლიტიკური და ეკონომიკური სუვერენიტეტის პირობებში რუსულ რუბლს ვიყენებდით.

– ბენდუქიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2004 წელს აპირებდა ევროს შემოღებას საქართველოში.

– 2004 წელს იგი იმასაც ამტკიცებდა, რომ საქართველოსთვის სასარგებლო იქნებოდა ახალი ზელანდიის გამოცდილების გადმოტანა და დანერგვა, მაგრამ ამ დროს მას მხედველობიდან ერთი «წვრილმანი» გამორჩა: ახალი ზელანდია სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს.

ამ ქვეყანაში მოსავლის აღებას მარტის თვეში იწყებენ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ადრე გაზაფხულზე გამოაქვთ, მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებში ადგილობრივი ხილი და ბოსტნეული გამოილევა. იქაურმა პროდუქციამ წლეულს უკვე მაისში შემოაღწია საქართველოს ბაზარზე და კონკურენციას უწევს ჩვენი გლეხების მიერ გაჭირვებით გამოზამთრებულ ხილს. რა შანსი აქვს საქართველოს, ჩაებას ასეთ საქონელგაცვლაში? – არავითარი.

ასევე ნაჩქარევია საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემის მონტენეგროს (ჩერნოგორიის) ფულად რეალობასთან შედარება. საქმე ისაა, რომ მონტენეგრო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო 2008 წელს შედგა. იგი გამოეყო ბოსნიასა და ჰერცოგოვინას. ამ გამოყოფაში უდიდესი როლი ითამაშა ევროკავშირმა, რომელმაც პრაქტიკულად დააფუძნა თავისი ახალი წევრი ქვეყანა და შუალედური ღონისძიებების გარეშე შეიყვანა ევროარეალის შემადგენლობაში. რა საერთო აქვს ამ პროცესს საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებასთან პარალელები ხელოვნური და გაუმართლებელია.

– ესე იგი, ტყუილია, რომ საქართველოს ფულადი სისტემა პირდაპირ ჩაერთვება ევროპულ სისტემაში და ინვესტორებს მოეხსნებათ კონვერტაციის შიში?

– ასეთი რამ ანგარიშგასაწევ არგუმენტებად არ მიმაჩნია. სპეციფიკურ საკითხებზე მოკლედ შევჩერდები. მაგალითად, საბანკო პროცენტის ევროპულ დონეზე დადგენა იმ შემთხვევაში, თუ ევროზე გადავალთ. ლიხტენშტეინიც კი, სადაც შვეიცარული ფრანკი მოქმედებს, საპროცენტო განაკვეთით პრინციპულად განსხვავდება შვეიცარიისაგან. ასეთივე განსხვავებაა საბანკო სექტორის ფუნქციონირების თვალსაზრისით ევროარეალის შიგნითაც, ვთქვათ, იტალიასა და ესპანეთში. საქართველოს საბანკო პროცენტის გათანაბრება საშუალო ევროპულთან, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ჩვენი რეალური სექტორის განვითარებაზე, სადაც უნდა დაბანდდეს საკრედიტო რესურსი და შემდეგ კი, – ჩვენი ბანკების სიძლიერეზე. ეს კი შეუძლებელია, თუ საკუთარ ფულად საკრედიტო პოლიტიკაზე ვიტყვით უარს.

რაც შეეხება «კონვერტაციის შიშს», ეს თითიდან გამოწოვილი საფრთხეა. კონვერტაციის შიში მაშინ იარსებებს, როცა ინვესტორი შენიშნავს, რომ ქვეყანაში არასწორი დამოკიდებულებაა რომელიმე ფულადი ერთეულის მიმართ. ამ შემთხვევაში კი ხშირად ჭკვიანი ინვესტორი რჩება მოგებული. მაგალითად, უკვე დიდი ხანია, ლარის მიმართ რუსული რუბლის პარიტეტი არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ რუსულმა რუბლმა არსებითი რყევები განიცადა დოლარის მიმართ. შესაბამისად, ამ ფაქტით სარგებლობენ რუსი ინვესტორები და ჩვენთან ანგარიშსწორებას აწარმოებენ დოლარებში, რაც შიდა ბაზარზე რიგი სამომხმარებლო საქონლის ფასების ზრდის საფუძველი ხდება. ასეთივე დამოკიდებულებაა ევროს მიმართაც. ჩვენი ეროვნული ბანკი არ იცავს შიდა ბაზარზე დოლარსა და ევროს შორის დამყარებულ საბაზრო კურსს. თუ ამ თანაფარდობას შიდა ბაზარზე ლარის კროსკურსით გადავთვლით, დავინახავთ, რომ ევრო გარკვეულ დისკრიმინაციას განიცდის. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორები ცდილობენ, ევროს საშუალებით გვევაჭრონ. ჩვენგან გადის იაფი ევრო და ჩვენი თურქი პარტნიორი საკურსო მოგებას ნახულობს. ასეთი მანიპულაციები დაუშვებელია იმიტომ, რომ ევრო, ისევე, როგორც დოლარი, არ გამოდის ბაზარზე ღიად საკუთარი კურსის რეგულირებისათვის. შესაბამისად, მათ შორის არსებული თანაფარდობა არის რეალური საბაზრო თანაფარდობა, რომელიც უნდა დაიცვას ისეთმა მცირე შესაძლებლობების ქვეყნებმა, როგორიც საქართველოა.

– პრობლემა მართლაც რთულია და მისი გადაწყვეტა, ალბათ, სპეციალური დისკუსიების საგანი უნდა გახდეს…

– სწორედ ურთულეს საკითხებთან გვაქვს საქმე. ამას, ალბათ, ჩვენი ეროვნული ბანკის მესვეურებიც მიაქცევენ ყურადღებას და დარწმუნდებიან, რომ ევროსკენ სვლა მხოლოდ ეროვნული ფულად საკრედიტო პოლიტიკის განმტკიცების გზით, ეროვნული ბანკის ავტორიტეტის ზრდით და ლარის კურსის განმტკიცებითაა შესაძლებელი. მხოლოდ ეროვნული საფინანსო ინსტიტუტებია ქვეყნის განვითარების მდგრადობის გარანტია.

 

ესაუბრა

გიორგი გიგიბერია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here