Home რუბრიკები ეკონომიკა ჩემი 7 წლის შვილი, რომელიც სასტიკად აწამეს და მოკლეს, ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა

ჩემი 7 წლის შვილი, რომელიც სასტიკად აწამეს და მოკლეს, ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა

1159

16 ივლისს ქვემო ფონიჭალაში მომხდარმა შემზარავმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. 7 წლის გიორგი იმერლიშვილი სასტიკი წამების შემდეგ გაგუდეს. მისი გვამი სამართალდამცველებმა მკვლელის შვილის დახმარებით ნახევრად გახრწნილი იპოვეს. “საქართველო და მსოფლიო” გთავაზობთ ინტერვიუს გიორგის დედასთან, ქალბატონ ლია აბულაშვილთან.
– სამი თვის განმავლობაში მობილურ ტელეფონზე მირეკავდა უცნობი პიროვნება და მეუბნებოდა: თქვენ ვალი გაქვთ 10000 ლარი და უნდა გადაიხადოთო. სერიოზულად არ აღმიქვამს ეს მოთხოვნა, შესაბამისად, არც პოლიციაში განმიცხადებია…

შემდგომ სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ზარი თურქეთიდან შემოდიოდა, რომელსაც მკვლელთან უშუალო კავშირი ჰქონდა.
“16 ივლისს, ხუთშაბათს, დღისით (პირველს აკლდა 15 წუთი) გიორგიმ შემოირბინა პოლიკლინიკაში, რომელიც ჩვენი სახლის პირველ სართულზე მდებარეობს. დედიკო, წინა ეზოში ვიქნები, ბავშვებთან ვითამაშებო.
ბავშვთა განყოფილებაში ექთნად ვმუშაობ, გიორგი სულ ჩემთან იყო ან ეზოში გადიოდა სათამაშოდ. პირველ საათზე მეუღლე გიჟივით შემოვარდა ჩემთან: “ლია, ბავშვი სად არის, ტელეფონზე მესიჯი მომივიდა, გელა, თქვენი ბავშვი ჩვენთანაა, არ შეგეშინდეთ, თუ გინდათ, რომ დაიბრუნოთ, პოლიციას არ შეატყობინოთ, ორ დღეში გაგაგებინებთ, როგორ მოვიქცევით, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს ვეღარ ნახავთ…”
შეშლილებივით გარეთ გამოვცვივდით. არ მეგონა, 15 წუთში თუ ამაცლიდა ბავშვს და მოკლავდა. პოლიკლინიკის თანამშრომლები მეხმარებოდნენ ძებნაში. ოთხ საათამდე ვეძებდით… ყველგან ვიყავით, მაგრამ ვერსად ვნახეთ, თვითმხილველიც არავინ იყო. ისე მოიტაცა ბავშვი, არავის დაუნახავს.
შინ დავბრუნდით. პოლიციისთვის გვინდოდა, შეგვეტყობინებინა. ამ დროს მკვლელის შვილმა კახამ გვერდი აგვიარა, ხელში საზამთროები ეკავა და სადარბაზოში ისე შევიდა, თითქოს არაფერი მომხდარა. პოლიციამ საბურთალოს განყოფილებაში აგვიყვანა. მობილურში შემოსული მესიჯები და ზარები გაშიფრეს. რამდენიმე სურათში ჩემი მეზობელი, მეორე სართულზე მცხოვრები ჯემალ სამადაშვილი ამოვიცანით. სწორედ მას მოუწერია მესიჯი გელასთვის ბავშვის გატაცების შესახებ”.
ჯემალ სამადაშვილი დაცვის პოლიციაში მუშაობდა. მისივე უფროსის თქმით, დაღამებიდან გათენებამდე შვილები თან ჰყავდა. მეზობლების განმარტებითაც, მთელი ოჯახი გვიან ღამით ჩამოდიოდა ეზოში ძაღლის გასასეირნებლად. ისე, სულ სახლში ან მამამისთან სამსახურში იმყოფებოდნენ. მეზობლებს ისიც უთქვამთ,  რომ როცა გიორგის ეძებდნენ, ჩასულა ეზოში და იკითხა, გიორგი იპოვეს თუ არა…
“უბედური ჩემი შვილი უკვე მოკლული და დამარხული ჰყავდათ, რაღას ვიპოვიდი… არადა, იმედი მქონდა, ორ დღეში დამიბრუნდებოდა, 10000-ს გადავიხდიდი, ოღონდ ჩემ გვერდით ყოფილიყო…
გიორგი ძალიან ლამაზი ბავშვი იყო. 4 წლის ასაკში სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და როგორც ერთ-ერთი უმშვენიერესი ბიჭი, მისი ფოტო ჟურნალშიც დაბეჭდეს. კინოში გადასაღებადაც იყო მიწვეული, მაგრამ უსახსრობის გამო უარი განვაცხადეთ. სკოლაში კარგად სწავლობდა, მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც ძალიან უყვარდათ. ბუნებით მშვიდი, გაწონასწორებული, დამჯერე იყო. ალბათ, მკვლელსაც ამიტომ მოეწონა.
ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცა, სასტიკად ნაწამები ბავშვი მოგუდა და ჭაობში თავის ბიჭს ჩაამარხვინა.
პოლიციამ ორჯერ დაიბარა განყოფილებაში, მაგრამ არც ერთი გამოცხადდა. გაქცევას აპირებდა, როცა პოლიციამ თელეთის “ტეკთან” დაიჭირა. თავიდან უარყო, მაგრამ ბოლოს მაინც აღიარა.
ჩვენებაში უთქვამს: 10000 მქონდა ვალი. გიორგი იმიტომ გავიტაცე, ფულის გამოძალვა მინდოდა. თავიდან გამიძალიანდა, რომ ვეღარ დავიმორჩილე, გავგუდეო… ხელის თითები მანქანის კარებში მოუმტვრევია, სასტიკად უცემია… ყურები ახეული ჰქონდა, მორგში მიყვანისას მიუკერებიათ. ტკივილისგან ბავშვს სახე ჰქონდა დაკაწრული, ალბათ ვერ უძლებდა ამდენ წამებას… ქუთუთოები ამოგლეჯილი ჰქონდა, მუხლებზე ხორცი გადაგლეჯილი, ძვლები დამტვრეული, სახეზე ისეთი ნაცემი იყო, გელამ ამოცნობის დროს ძლივს იცნო (ტირის).
სანამ ეს უბედურება თავს დამატყდებოდა, გიორგი დილის 6 საათზე ადგა და თავისი ხელი დამიხატა. გამაღვიძა, დედიკო, როცა მოგენატრები, ჩემს ხელს მოეფერეო. ალბათ წინათგრძნობა ჰქონდა, რომ ველური სასტიკად აწამებდა და დედიკოს ვეღარასდროს ნახავდა”.
ექსპერტიზის დასკვნით, გატაცებიდან საათნახევარ-ორ საათში ყოფილა ბავშვი მოკლული.
“ნახევრად გახრწნილი ვიპოვეთ. ვერ მოვეფერე, ვერ დავბანე… დედამ ერთადერთი შვილი ვერ დავიტირე. ცალი თვალით დავბრმავდი ნერვიულობისა და ტირილისაგან. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რამხელა დარდი და ტანჯვა დამიტოვა მისმა სიკვდილმა (ტირის). მკვლელის ავტოფარეხი გავტეხეთ, შიგნით უამრავი ნივთი ვიპოვეთ – სათამაშოები, პამპერსები, საწოვარები, ტანსაცმელი ყველა ასაკის ბავშვისთვის… ჯაჭვები, ნიღბები, ჩამოსახრჩობი თოკები, ეტლები… სახლში შესასვლელთან უამრავი წითელი კვერცხი ელაგა… არ ვიცი, შეიძლება რომელიმე სექტის წარმომადგენელია. ოცამდე ბავშვის ფოტო ვნახეთ კომპიუტერში, უკვე გასაყიდად გამზადებული… ერთ-ერთი ჩვენი მეზობლის გოგონაა, რომელიც ამჟამად სოფელში იმყოფება.
ნეტა გიორგი გაეყიდა მაინც. 7 წლის ბავშვს აქვს იმდენი მეხსიერება, რომ არ დავავიწყდებოდი. ყველგან მოვძებნიდი, მთელ ცხოვრებას მის ძებნაში გავატარებდი. ის მაინც მეცოდინებოდა, რომ ცოცხალია და როცა ვნახავდი, გულში ჩავიკრავდი, მოვეფერებოდი, ბედნიერებისგან ვიტირებდი… ახლა ვეღარასოდეს ვნახავ, ვეღარასოდეს დავინახავ მის მოღიმარ სახეს… დამრჩა მარტო მისი დახატული ხელი, რომელსაც ყოველ წუთს ვეფერები…”
ნანა დიხამინჯია

1 COMMENT

  1. ვწეხვარ ასეთი საზარელი ამბის მოხდენისათვის გული ამიჩუყდა…მის მშობლებს გისამძიმრებს ბავშვის სიკვდილს…მართლაც დიდი საშინელებაა რომ 7 წლის ბავშვს სიცოცხლეს ფულისათვის არ დააცდიან…ასეთი ადამიანი ჩამოსახრჩობია ან თავმოსაკვეთი…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მარიამი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here