Home რუბრიკები ეკონომიკა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება მიიტაცა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება მიიტაცა

2004 წლის 7 მაისს, ანუ “აჭარული ვარდების რევოლუციის” მეორე დღეს, ბათუმის აეროპორტში ათეულობით შეიარაღებული ნიღბოსანი და “ნაცმოძრაობის” ბანდის ერთ-ერთი ატამანთაგანი ზურაბ მელიქიშვილი “მიბრძანდნენ!” ავიაკომპანია “აჭარის” ხელმძღვანელები და თანამშრომლები აიძულეს, მათი მოთხოვნები ყოველგვარი ახსნა-განმარტების, დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე შეესრულებინათ და ცდილობდნენ, თვითმფრინავი ЯК 42 4L AAM ბათუმის აეროპორტიდან თბილისში წამოეყვანათ! იმხანად ავიაკომპანია “აჭარას” რუსეთიდან მოწვეული 23-კაციანი შემადგენლობა ემსახურებოდა, რომლებიც, აგრეთვე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ! რუსი პილოტები მიშას ზონდერებმა კედელთან მიაყენეს და უყვიროდნენ: თვითმფრინავს ახლავე თბილისში წაიყვანთ, თუ არადა ჩვენს ქმედებაზე პასუხს აღარ ვაგებთო!
ავიაკომპანია “აჭარის” გენდირექტორის მოადგილე ნინო ალფაიძე ზურაბ მელიქიშვილს დიდხანს უმტკიცებდა, რომ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისადმი ასეთი მოპყრობა არ შეიძლებოდა, მაგრამ ვერაფერი შეაგნებინა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ავტომატების ლულების ქვეშ იძულების წესით რუსმა პილოტებმა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში მალევე გადმოაფრინეს!
“რევოლუციამდე” ბათუმის მერიის ბალანსზე მყოფი თვითმფრინავი ЯК 42 4L AAM-ის შესახებ თბილისში ბევრი საუბრობდა, ბევრიც იმ დღეს ელოდა, როცა აბაშიძე საქართველოდან წავიდოდა და მის დატოვებულ საქართველოს ქონებას ხელში ჩაიგდებდა!
უკვე საქართველოს პრეზიდენტად წოდებული მიხეილ სააკაშვილი ბრძანებდა: “ასლან აბაშიძეს ისეთი მოწყობილი თვითმფრინავები ჰყავს, ზოგს ასეთი სახლიც კი არა აქვსო”. იმასაც ბრძანებდა, რომ ეს თვითმფრინავები პირადად ასლან აბაშიძის საკუთრებააო, მაგრამ როგორც “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველმა უკვე იხილა, აღნიშნული საჰაერო ხომალდები ჯერ აჭარის მინისტრთა საბჭოს ბალანსზე, ხოლო მოგვიანებით ბათუმის მერიის ბალანსზე იმყოფებოდა! “გამარჯვებული ხალხის” ტელევიზია “რუსთავი-2” “ნაციონალურ მაროდიორობას” აქტიურად აშუქებდა, თუმცაღა იმ კონტექსტში, თითქოს, “ასლანისტების” წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენი ძლევამოსილი ხელისუფლება მაინც იმარჯვებსო! ბათუმის აეროპორტიდანაც მომზადდა სიუჟეტი, სადაც ავიაკომპანია “აჭარის” გენდირექტორის მოადგილე ნინო ალფაიძე ყველას გასაგონად ამბობდა: “თვითმფრინავი მიჰყავთ უკანონოდ, არ არსებობს მიღება-ჩაბარების აქტი და, საერთოდ, რაც ამჟამად ხდება, არის დიდი უკანონობა და თვითნებობა!”
8 მაისს ЯК 42 4L AAM თვითმფრინავი უკვე თბილისის აეროპორტში დალუქულ მდგომარეობაში იდგა, ხოლო მეორე თვითმფრინავი ЯК 42 4L AAM კვლავ ავიაკომპანია “აჭარას” დარჩა ექსპლუატაციაში, თუმცაღა, როგორც მოსალოდნელი იყო, სულ რამდენიმე თვით… ლევან ვარშალომიძის ადმინისტრაციის წარმომადგენელი თემურ კახიძე მაშინ ბრძანებდა: ავიაკომპანია “აჭარა”, ჩვეულებისამებრ, გააგრძელებს მუშაობას (დარჩენილი ერთი თვითმფრინავით) და ამ მხრივ მათ პრობლემები ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელებისგან არ შეექმნებათო! სპეციალისტებმა კარგად უწყიან, რომ ნებისმიერი ავიაკომპანიის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია თუნდაც ერთი სარეზერვო თვითმფრინავი და სწორედ ამიტომ მაშინ ავიაკომპანია “აჭარამ” ავიაკომპანია “საქართველოს ნაციონალურ ავიახაზებთან” გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საჭიროების შემთხვევაში ეს ორი შპს ერთმანეთის თვითმფრინავებით ისარგებლებდნენ, თუმცაღა, ამავე ხელშეკრულებით, თვითმფრინავი ЯК 42 4L AAM ექსპლუატაციაში კვლავ ავიაკომპანია “აჭარას” რჩებოდა!
25 ივლისს ავიაკომპანია “აჭარამ” მორიგი რეისი შეასრულა ბათუმი-მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით და როგორც ადრევე ჰქონდა დაგეგმილი და აჭარის მთავრობასთან შეთანხმებული, რეისის დასრულების შემდეგ ЯК 42 4L AAღ ტიპის თვითმფრინავი ქ. დონეცკში უნდა გადაეყვანა ერთი კვირის ვადით მიმდინარე რემონტის ჩასატარებლად!
როგორც ირკვევა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე თვითმფრინავის დონეცკში გადაყვანამდე ერთი დღით ადრე, N78ა განკარგულების შესაბამისად, ჯერ კიდევ 24 ივლისს ბრძანებს, რომ ქალაქ ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული საჰაერო ხომალდი ЯК 42, საბორტო ნომერი: 4L AAM ერთი წლის ვადით იჯარით გადაეცეს “საქართველოს ნაციონალურ ავიახაზებს” და საიჯარო ქირა განესაზღვროს 210000 აშშ დოლარის ოდენობით წელიწადში!
აღსანიშნავია, რომ ამ განკარგულების შესახებ ავიაკომპანია “აჭარას” არავინ შეატყობინა და სრულიად უკანონოდ, ჯერ კიდევ მოქმედ ავიაკომპანიას დარჩენილი ერთი თვითმფრინავი ისე “აახიეს”, არავის ჰკითხეს, ამის უფლება ჰქონდათ თუ არა კანონმდებლობით.
როგორც აღვნიშნეთ, 25 ივლისს ავიაკომპანია “აჭარამ” ბათუმი-მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით მორიგი რეისი შეასრულა, თუმცა საღამოს ავიაკომპანიის ხელმძღვანელებს ფინანსური პოლიციიდან დაუკავშირდნენ და სთხოვეს, სასწრაფოდ გამოცხადებულიყვნენ მათთან. აღსანიშნავია, რომ 2004 წლის 7 მაისის შემდეგ ავიაკომპანია “აჭარას” მრავალი რევიზია ჩაუტარდა, ხოლო სულ ბოლოს აჭარის საგადასახადო ინსპექციიდანაც ესტუმრნენ და 50000 ლარის ოდენობის ჯარიმაც “დაუდგინეს”, თითქოს მათ ის თანხა ბიუჯეტს დაუმალეს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ავიაკომპანია “აჭარას” აჭარის ბიუჯეტის 600000 ლარი აღიარებული ვალი ჰქონდა, მაგრამ, ამავე დროს, თავად აჭარის ბიუჯეტს ავიაკომპანიისადმი 1300000 ლარი ჰქონდა გასასტუმრებელი. აჭარის საგადასახადო ინსპექციამ მაინც “დაფარულ” შემოსავლად “გამოწერა” დასკვნა და ყოველივე ამის საფუძველზე ფინანსურ პოლიციასაც მიმართა.
კანონის მიხედვით, 45 დღის განმავლობაში ავიაკომპანია “აჭარას” ეს თითქოსდა “დაფარული” თანხა უნდა დაეფარა, მაგრამ მალევე რამდენიმე საათში თბილისიდან დარეკილი შეტყობინების შემდეგ ფინანსურმა პოლიციამ ავიაკომპანიის გენდირექტორის მოადგილე ნინო ალფაიძე მოულოდნელად პატიმრობაში აიყვანა (?!) და მას 6 თვის განმავლობაში საშუალება არ მიეცა, საკუთარი თუ ავიაკომპანიის უდანაშაულობა დაემტკიცებინა!
მაშინდელი ქართული პრესა ამ ფაქტს ოპერატიულად გამოეხმაურა, ხოლო ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა ისიც კი განაცხადა – კიდევ ერთი პოლიტპატიმარი დაემატა ქართულ ციხესო!
სრულიად გამაოგნებელი იყო ისიც, რომ ქალბატონ ნინოს გამომძიებელი 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ ესტუმრა და საპყრობილიდან მხოლოდ იმის წყალობით განთავისუფლდა, რომ 218-ე მუხლში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოსათვის 50000 ლარის დამალვა პატიმრობით არ განისაზღვრებოდა!
პატიმრობაში აყვანამდე ნინო ალფაიძემ პროკურორ გიორგი პაპუაშვილს განუცხადა: ჩემი პატიმრობაში ყოფნა იმათ უნდათ, ვისაც თვითმფრინავების მითვისება სურს!
და მართლაც, ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტები ამ სიტყვების უტყუარი დასტურია!
ბათუმი პატარა ქალაქია… იმხანად ბათუმელები ჩურჩულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ლევან ვარშალომიძესა და “საქართველოს ნაციონალური ავიახაზების” გენდირექტორს გიორგი კოდუას ერთ-ერთ “ბუნგალოში” ვიღაც “ტიპებმა” რაღაც საბუთი თავზე გადაახიეს და, სავარაუდოდ, როგორც დღეს ირკვევა, ეს საბუთი ვარშალომიძის 24.07.2004 წ. N78ა ბრძანებაა “საქართველოს ნაციონალური ავიახაზებისთვის” ერთწლიანი საიჯარო ვადით გადაცემაზე (აქედან გამომდინარე, დახეული ბრძანების ასლიც ვერ მოვიპოვეთ)!!!
მოგვიანებით, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ცვლილებების შეტანის თაობაზე განკარგულებას გამოსცემს: თვითმფრინავის ЯК 42 დ 4L AAM (საქარხნო ნომერი 4520423116579) მესაკუთრისა და ექსპლუატანტის შეცვლასთან დაკავშირებით! ამ განკარგულების მიხედვით კი, სახელმწიფო რეესტრში საჰაერო ხომალდის მესაკუთრედ დარეგისტრირდა, არც მეტი, არც ნაკლები, “საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია” (?), ხოლო ექსპლუატანტად – ავიაკომპანია “აირზენა საქართველოს ავიახაზები”! თვითმფრინავ ЯК 42 დ (საქარხნო ნომერი 4520423116579) მიეკუთვნოს ამოსაცნობი ნიშანი 4L-TGG!!!
გამოდის, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება “საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ” მიისაკუთრა და თვითმფრინავის ექსპლუატანტიც თავადვე აირჩია. კი, ბატონო. ვინ მამაძაღლი ამბობს რამეს, მაგრამ ეს რომ აბსურდამდე მისული ქმედებაა და, თანაც, ძალიან უხეში იურიდიული კაზუსი, ამაზე ვინმე ხომ უნდა დაფიქრებულიყო მაშინაც და დღესაც?
როგორც N640გ განკარგულების მე-2 პუნქტში ნათლად ჩანს, თვითმფრინავ ЯК 42 4L AAM ახალი ამოსაცნობი ნიშანი 4L-TGG მიეკუთვნა! თუკი უფრო მეტი კონკრეტიკა სჭირდება მკითხველს, დავაკონკრეტებ რომ TGG ასე იშიფრება: “თამაზ გაიაშვილი, გურამის ძე”!!!
“ძლიერნი ამა ქვეყნისა” ავიაკომპანია “აჭარის” ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების ვადის დროებით შეჩერებასაც “ახერხებენ” და N74 ოქმის საფუძველზე კომისიაც ასკვნის, რომ ავიაკომპანია “აჭარას” დროებით უნდა შეუჩერდეს ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოქმედების ვადა, ყველა აღნიშნული საკითხების აღმოფხვრამდე”!
საინტერესოა, სიტყვა “დროებით” მათი თვალსაწიერიდან რას გულისხმობდა? მაშინ, როცა ავიაკომპანია “აჭარას” ორი თვითმფრინავი ძალადობრივი გზით წაართვეს, კომპანიას 55 ქართველი თანამშრომელი უმუშევარი რომ დატოვეს, მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს და მათი ხელმძღვანელები კი ციხეში რომ ჩაკეტეს, – იმას?! სხვათაშორის, ისიც საინტერესოა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ა. ბეჟანიძის 26.06.2004 წლის N42 ბრძანების შესაბამისად, ავიაკომპანია “საქართველოს ნაციონალურ ხაზებს” მეორე თვითმფრინავი 4L AAM რა მოსაზრებით არ გადაეცა და ვინ შეუშალა ამ ყველაფერს ხელი?
ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუკი ბატონი გიორგი კოდუა ამ შეკითხვას თავადვე გასცემს პასუხს ჩვენი გაზეთის მეშვეობით და მკითხველიც დასკვნებს, ალბათ, მაშინ გააკეთებს!
 
ირინა გოგოსაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here