მთავარი ეკონომიკა დემურ გიორხელიძე: ბიუჯეტში სერიოზული პრობლემებია, მთავრობა საშინაო ვალდებულებებს ვერ ისტუმრებს

დემურ გიორხელიძე: ბიუჯეტში სერიოზული პრობლემებია, მთავრობა საშინაო ვალდებულებებს ვერ ისტუმრებს

796
გააზიარეთ

“სიღარიბის მაჩვენებელი 2010 წლის დასაწყისისთვის კიდევ უფრო გაუარესდება”, – აცხადებენ ცალკეული ექსპერტები. მათ ამ საგანგაშო განცხადების გაკეთების უფლებას აძლევს ქვეყანაში ბოლო დროს შექმნილი არასტაბილური ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობა.
მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციების შემოდინება საგრძნობლად შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მეორე კვარტალში საქართველოში 92,172 მილიონი დოლარის ინვესტიციაა შემოსული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თითქმის ნახევარი მილიარდით ნაკლებია. ყველაზე მსხვილი ინვესტორი 73 მილიონი დოლარით ამ დროისთვის არაბეთის გაერთიანებული საემიროებია, ყველაზე მეტი ინვესტიცია – 57 მილიონი დოლარის ოდენობით კი უძრავ ქონებაში ჩაიდო. ეს მაჩვენებლები მოულოდნელი არაა ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძისთვის, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:
– ამ მონაცემებს სერიოზული ობიექტური მიზეზები აქვს. პირველი – ევროპისა და აზიის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკაში ჯერ კიდევ დაუძლეველი კრიზისია, რის გამოც, ბუნებრივია, ქვეყნის გარეთ კომპანიების საინვესტიციო აქტივობა კლებულობს. მეორე – საქართველოში ჯერ კიდევ არასაკმარისია ის გარემო, რომელიც ქვეყანაში დიდ ინვესტორებს მოიზიდავს და დიდი პროექტების რეალიზაციისთვის სტიმულს მისცემს. ბოლო ორი წელია, საქართველოში არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციაა. 2007 წლის ნოემბრის მოვლენები, არჩევნებისშემდგომი პერიოდი, აპრილის მოვლენები, აგვისტოს ომი იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში არ არსებობს კონსტიტუციური მექანიზმი, რომ პოლიტიკური უთანხმოებები კანონის ჩარჩოებში წყდებოდეს და არა ქუჩაში. ასეთი სიგნალები კი საქმიან ადამიანს ინვესტიციების განხორციელების დროს ყოველთვის აბრკოლებს. ნებისმიერ კერძო სტრუქტურას ჰყავს ანალიტიკური ჯგუფები, რომლებიც სწავლობენ იმ ქვეყანას, სადაც მათმა კომპანიამ უნდა განახორციელოს ინვესტიცია. ჯერჯერობით, როგორი რეიტინგიც უნდა მოგვანიჭოს მსოფლიო ბანკმა, საქართველო არ წარმოადგენს იმ კომპლექსური მოთხოვნების დამაკმაყოფილებელ ქვეყანას, სადაც შეიძლება კანონის ფარგლებში, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტების რეალიზაცია. აქ არის არა მაღალი, არამედ განუსაზღვრელი რისკები. არავინ იცის, რა მოხდება, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება, როგორ შეიცვლება თავად ხელისუფლება და ა.შ. სწორედ ეს რისკებია ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები. ამიტომაც იყო ინვესტიციები 2009 წლის პირველ და მეორე კვარტალში დაბალი და არცაა მოსალოდნელი, წლის ბოლომდე ზრდა დაფიქსირდეს.
– ბატონო დემურ, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ 2009 წლის IV კვარტალში სიტუაცია შეიცვლება და ზრდა დაფიქსირდება…
– ვერ გეტყვით, რის იმედი აქვს ხელისუფლებას, შეიძლება ინვესტიციებში იმ 4,5 მილიარდ დოლარს თვლის, რომელიც მეგობარი ქვეყნების მიერ აგვისტოს ომის შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოეყო. არ მაქვს ინფორმაცია, რომელი ქვეყნის კერძო ფინანსური ინსტიტუტები ან სტრუქტურები აპირებენ საქართველოში ინვესტირებას. ნაკლებად მოსალოდნელია, დარჩენილ სამ თვეში რაიმე სერიოზული გარდატეხა მოხდეს. მით უმეტეს, ამის საშუალებას არ იძლევა იმავე წამყვან ქვეყნებში ჯერ კიდევ დაუძლეველი ეკონომიკური კრიზისი.
– ეკონომიკის მინისტრი 2009 წლისთვის 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ელოდებოდა. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან მალევე ჰქონდა მინისტრს ასეთი ოპტიმისტური გათვლები და საინტერესოა, – საიდან, რაც საბოლოო ჯამში არ გამართლდა კიდეც…
– ცხადია, ხელისუფლება ოპტიმისტურ განცხადებებს უნდა აკეთებდეს, მაგრამ გაუგებარია, როგორი გათვლები ჰქონდათ და რომელი კერძო სტრუქტურების მონაცემებს ეყრდნობოდნენ.
მიუღებელია, როდესაც ქვეყნის პირველი პირი კონკრეტულ მინისტრებს ან საელჩოებს ინვესტორების მოძიებას ავალებს. ეს არ არის მინისტრების ან ელჩების საქმე. ხელისუფლების მოვალეობაა კარგი საკანონმდებლო და ინსტიტუციური კონსტრუქციის აგება, სადაც თავისუფალი ეკონომიკური სუბიექტი კანონიერ, ლეგალურ საქმიანობას აწარმოებს და მას ქვეყანაში საკუთარი საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობა ექნება. სწორედ ეს უჩენს ინვესტორს პერსპექტივას.
სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არ წარმოადგენს ეკონომიკურ ზრდას და, როცა არაფერი კეთდება კერძო სექტორისა და ბანკების სტიმულირებისთვის, ბიზნესის უდიდესი ნაწილი ჩერდება და სამუშაო ადგილები იკარგება.
– სახაზინო ვალდებულებების გამოშვება არ არის საბანკო სექტორისთვის დამატებითი სტიმული?
– ბანკისთვის ეს, გარკვეულწილად, გარანტირებული შემოსავლის მიღების საშუალებაა. ბანკი იმ თავისუფალი სახსრებით, რომელსაც კრიზისის გამო აღარ აბანდებს ეკონომიკის რეალურ სექტორში, ყიდულობს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს და გარკვეული დროით იღებს მაღალ პროცენტს. დიახ, ეს ბანკისთვის შემოსავალია.
– ბიუჯეტისთვის?
– ბიუჯეტისთვის ეს ნიშნავს, რომ იქ არის გარკვეული პრობლემები და მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად მთავრობას არ ჰყოფნის ფული.
მთავრობა იძულებულია, ისესხოს თანხა საშინაო ვალდებულებების გასასტუმრებლად. ზოგადად, ეს ცივილიზებული ხერხია, მაგრამ ბიუჯეტისთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუ ეს თანხები კერძო სექტორში წავიდოდა. კერძო სექტორის აქტიური საქმიანობით ბიუჯეტში გაცილებით მეტი თანხები შევა გადასახადების სახით, ვიდრე სახაზინო ვალდებულებებით დროებით შეუძლია მიიღოს მთავრობამ, თანაც სახაზინო ვალდებულებებს მომსახურება უნდა და ეს ხარჯი უფროა, ვიდრე შემოსავალი.
– ხელისუფლება აცხადებს, რომ ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესო საკანონმდებლო ბაზაა შექმნილი და მაგალითად მოჰყავს მსოფლიო ბანკის რეიტინგი. როგორ ფიქრობთ, ეს საკმარისია, ინვესტორები საქართველოში ფულის დაბანდებით დაინტერესდნენ?
– მსხვილი ორგანიზაციის გაყიდვისას ჩვენ არ ვიცით მყიდველთა ვინაობა, მათი პირობები, რატომ არჩევენ, ხშირ შემთხვევაში, ცნობილი არ არის შედეგებიც. ეს კრიტერიუმები ყველა ცივილიზებული, განვითარებული ქვეყნისთვის საყოველთაოა. რაც შეეხება ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით მე-11 ადგილზე ყოფნას, ეს, ჩემი აზრით, მსოფლიო ბანკის მხრიდან საკმაოდ უპასუხისმგებლო რეიტინგია, რადგან მსოფლიოში ბიზნესის კეთების კუთხით პირველ და მეთერთმეტე ადგილს შორის რაიმე სხვაობას ვერ ვხედავ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი თავისებურებაა, რომელსაც არავინ აქცევს ყურადღებას. შეიძლება არაბი შეიხისა და უცხოელისთვის საქართველოში კანონების დონეზე, მართლაც, საუკეთესო პირობებია, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით ქართველ ბიზნესმენზე. დიდი შეუსაბამობაა, როცა საქართველოს მოქალაქის ეკონომიკური აქტივობა შეზღუდული და შეფერხებულია, არაბი შეიხისთვის კი – ლაღი და თავისუფალი. ეს სამთავრობო-ეკონომიკური პროექტებისა და ბოლო წლების რეფორმების დიდი ნაკლია. აქცენტი გაკეთებულია არა საკუთარი მოქალაქის ნიჭისა და უნარის განვითარებაზე, არამედ ვიღაც მდიდარ უცხოელ ბიძაზე, რომელმაც საქართველო უნდა “ააშენოს”. ასეთი რამ არსად მომხდარა და არც მოხდება. საქართველოს კი, თუ ამ გზით რამეს მიაღწევს, უკვე სახელად საქართველო აღარ ერქმევა.
– “სითი პარკი” ებრაული კომპანიაა, მაგრამ ხელისუფლებამ მაინც შეუქმნა პრობლემები…
– “სითი პარკის” საქმიანობა ძალზე გამაღიზიანებელი იყო. არ შეიძლება მომსახურე კომპანია პირიქით ითხოვდეს მომსახურებას და ყველა საკუთარი კაპრიზის დაკმაყოფილებას, ამიტომ არ მგონია, “სითი პარკს” რაიმე პრობლემა ჰქონდეს.
– აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას ხელისუფლებას ხომ უნდა შეეთავაზებინა ისეთი პირობები, რაც ებრაული კომპანიისთვისაც და საქართველოს მოქალაქეებისთვისაც მისაღები იქნებოდა?
– დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მსგავსი შემოსავლები, ძირითადად, ქალაქის ბიუჯეტში მიდის და ქალაქის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყაროა. რაკი მერიამ გაასხვისა ეს უფლება და მოგების დიდი ნაწილი დაუთმო კერძო სექტორს, ებრაული კომპანია გაცილებით ფრთხილად უნდა მოქცეულიყო.
მართალია, ქალაქში მანქანების პარკირების პრობლემაა, მაგრამ არ უნდა ისარგებლო ამით და სიღატაკის კატასტროფის წინაშე მდგარ ქვეყნის მოქალაქეს საათში 50 თეთრი არ უნდა მოსთხოვო. ეს გაუმართლებელია და ამ ფირმის დიდი შეცდომაა.
– ბატონო დემურ, თქვენ არაბი შეიხები ახსენეთ… რა თვალსაზრისით არიან დღეს სწორედ არაბები ყველაზე მსხვილი ინვესტორები?
– ხელისუფლებას არ დაუმალავს, რომ ისინი მის მიერ რეკომენდებული ბიზნესჯგუფები არიან. არაბებს ძალიან ბევრი ფული აქვთ, ისინი ყველგან ინვესტირებენ და რა გასაკვირია, რომ საქართველოშიც გამოთქვეს ფულის დაბანდების სურვილი, თუმცა 73 მილიონი, ინვესტიციის თვალსაზრისით, საკმაოდ მიზერული თანხაა, ზღვაში წვეთია.
– ქვეყანას უდიდესი საგარეო ვალები აქვს, ბიუჯეტს უჭირს საშინაო ვალდებულებების გასტუმრება, რაზეც მიუთითებს სახაზინო ვალდებულებების გამოშვება. ხელისუფლების ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, ხომ არ გველოდება გაყინული ხელფასები და პენსიები?
– კერძო სექტორის გაჩერებამ და სამუშაო ადგილების დაკარგვამ ქვეყნის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. ელემენტარული რაციონალური გათვლებით, თუ ბიზნესი არ ამუშავდა და ბიუჯეტში შემოსავლები არ შევიდა, გაზრდილი საგარეო და საშინაო ვალების ფონზე, ბიუჯეტის საკმაოდ დიდი ნაწილი საგარეო ვალების მომსახურებაზე წავა და ახალი პრობლემები იჩენს თავს.
– რა პრობლემებს გულისხმობთ?
– ჩვენ საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოება უნდა ავაშენოთ. საქართველოს ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს ხელი უნდა შეუწყოს თავისუფალი, ლეგალური და კანონიერი შრომისთვის. ამას სჭირდება ინფრასტრუქტურა, ინსტიტუტები, სტიმულირება და რაკი ასე არ არის, ამიტომ კერძო სექტორი სულს ღაფავს, რამდენიმე პრივილეგიური ჯგუფის გარდა, რომელთაც ხელისუფლება ლობირებს. დღეს საქართველოს პირველი ტრაგედია და უბედურება სამუშაო ადგილების უქონლობაა. ხალხმა დაკარგა შემოსავლები, ხელისუფლებას კი არ შეუძლია მისი სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა. ხელისუფლებას სოციალური პროგრამები პრაქტიკულად არ აქვს. ლიბერალურ პოლიტიკაზე ორიენტაცია არ ნიშნავს მრავალშვილიანი და შრომისრესურსამოწურული ადამიანებისადმი უყურადღებობას და იმის განცხადებას, რომ ეს პრობლემა ბაზარმა უნდა დაარეგულიროს. ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა არ ნიშნავს სოციალურ დარვინიზმს. ეს არის მთავრობის უდიდესი შეცდომა და ამიტომაცაა საქართველოში სოციალური ფონი უაღრესად დამძიმებული.
 
ესაუბრა
ნათია ქადაგიშვილი
 
P.S. ექსპერტების აზრით, ხელისუფლებას უჭირს საშინაო ვალდებულებების გასტუმრება, ამიტომ იძულებულია, საერთაშორისო დახმარებები გამოიყენოს, რაც საჩუქარი კი არა, როგორც უმრავლესობა აპიარებდა, არამედ კრედიტია და ვალად ედება ქვეყანას. ამდენად, უახლოეს მომავალში სასიკეთო ცვლილებები არაა მოსალოდნელი და სიღარიბის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდება, რასაც, მნიშვნელოვანწილად, ხელს უწყობს დევნილების ჩამოსახლება, ბიზნესაქტივობის შემცირება და სამუშაო ადგილების დაკარგვა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here