Home რუბრიკები საზოგადოება დეპუტატი კარლო კოპალიანი რაჭა-ლეჩხუმის ადმინისტრაციასა და ცაგერის გამგეობას ფულის გათეთრებაში, მოსახლეობის დაწიოკებასა...

დეპუტატი კარლო კოპალიანი რაჭა-ლეჩხუმის ადმინისტრაციასა და ცაგერის გამგეობას ფულის გათეთრებაში, მოსახლეობის დაწიოკებასა და რელიგიური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს

ამასწინათ, ერთ-ერთ ტელეპროექტში მოეწყო ექსპერიმენტი – მაჟორიტარ დეპუტატებს ჟურნალისტმა პრეზიდენტ სააკაშვილის თუნდაც ერთი ნაკლის დასახელება სთხოვა. მაჟორიტარები ამ მარტივ კითხვაზე პასუხს გველნაკბენივით გაურბოდნენ. პრეზიდენტის ნაკლზე საუბარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაბედა. ხსენებულმა ტელეექსპერიმენტმა გაამყარა აზრი, რომ მაჟორიტარები სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობის ყურმოჭრილი მონები არიან და ისე ეშინიათ მმართველი პარტიის, რომ ნებართვის გარეშე ყურსაც ვერ გააბარტყუნებენ. ჩვენ ვცადეთ, კიდევ ერთხელ შეგვემოწმებინა მაჟორიტარების “ყურმოჭრილობა” და მივაგენით დეპუტატს, რომელსაც ხელისუფლების არ ეშინია. შორს ვართ აზრისგან, რომ ყველა მაჟორიტარი მმართველი პარტიის მონაა და პატრონის შიშს ისე მოუცავს, რომ ხმის ამოღებასაც კი უფრთხის.
ჩვენ მზად ვართ, თითოეულ მათგანს დავუთმოთ ტრიბუნა და მივცეთ საშუალება, კონსტრუქციულად გააკრიტიკოს ხელისუფლება ან დაიცვას საკუთარი ამომრჩევლის ინტერესები. მანამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს ცაგერის მაჟორიტარ დეპუტატთან, ბატონ კარლო კოპალიანთან:
– დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს გაზეთს, რომ რეგიონური პრობლემებით ინტერესდება და, ბევრისგან განსხვავებით, რეალობას აშუქებს. ამ მხრივ, ნამდვილად გამონაკლისთა რიგებს განეკუთვნებით. არავინაა რეგიონებში მცხოვრები ხალხის მომკითხავი – რით სუნთქავენ, რით არსებობენ, რა ტკივათ…  კვეზერელი, იმის მაგივრად რომ  რეგიონების პროლემებს აგვარებდეს, ათასი უტოპიური იდეებით კვებავს მოსახლეობას.
 
სხვათა შორის, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, არჩევნებამდე არაერთხელ  ვცადე  ცაგერის ადგილობრვ ხელმძღვანელობასთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება,  რათა ერთად მიგვეხედა რაიონის პრობლემებისთვის, მაგრამ ამაოდ.
– არც ისე დიდი ხნის წინათ ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეიცვალა, მასთან თუ სცადეთ ურთიერთობის აწყობა?
– ცაგერის ახალი გამგებელი დიმიტრი ასათიანი რაიონს საერთოდ ვერ მართავს. მას მოსახლეობის არც ერთი პრობლემა არ გადაუჭრია აქამდე. ასეთი სუსტი გამგეობა ცაგერს ჯერ არ ჰყოლია.
რაც შეეხება, მასთან საერთო ენის გამონახვას, არაფერი გამომივიდა. მოსახლეობის ინტერესები ფეხებზე ჰკიდიათ. მეტიც, ცაგერის გამგეობა პრივილეგირებულ მდგომარეობაში მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ამყოფებს, “ნაცმოძრაობის” იმდენი მომხრეები შეყარეს ადგილობრივ საკრებულოსა და გამგეობაში, რომ მაგდენი სავარძლებიც კი არ აქვთ. ისინი კვირაში ერთხელ შეისეირნებენ “სამსახურში” და თვის ბოლოს უსაქმურობისთვის ხელფასსაც იღებენ. საზოგადოების დანარჩენ წევრებს ადამიანებად არ თვლიან, შესაბამისად, არც მათი სატკივარი აწუხებთ.
– კონკრეტულად რა პრობლემების წინაშე დგას დღეს რაიონი?
– ზოგადად რეგიონში, განსაკუთრებით კი  ცაგერში, საკმაოდ მსუყე ნიადაგი აღმოჩნდა კორუფციისა და ფულის გასათეთრებლად. რაიონს, უკვე ორი წელია, სასმელი წყლის პრობლემა აქვს. გასულ წელს კომპანია შპს “ოდამ” ცაგერში 7-კილომეტრიანი წყალსადენის მშენებლობა დაიწყო, რომლისთვისაც  მუნიციპალური განვითარების ფონდმა ნახევარ მილიონზე მეტი გამოყო, მაგრამ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. კომპანიამ ეს მშენებლობა ფულის გასათეთრებლად გამოიყენა, რაზეც ცაგერის ადგილობრივი ხელისუფლება თვალს ხუჭავს. ზაფხულობით ცაგერი ყარს, საპირფარეშოებსაც კი ვერ რეცხავს ხალხი და ამ დროს კომპანია ადგილობრივ ხელისუფლებას ობიექტის ჩაბარებაზე ხელისმოწერას სთხოვს. ცაგერის სამხარეო ხელისუფლება უკვე გავაფრთხილე, თუ ამ უხარისხო ობიექტის ჩაბარებაზე ხელს მოუწერთ,  აღნიშნულ ქმედებას ბევრი  თანამდებობის პირი გადაყვება-თქო.
გარდა ამისა, არსებობს კერძო კომპანია “ცეკური”, რომელმაც გასულ წელს ცაგერის ცენტრალური წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას მიჰყო ხელი. კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში სამჯერ გადათხარა ასფალტის საფარი და დღემდე შადრევნებივით ასხამს წყალი მილებიდან.
იმავე კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერშიც, რომელსაც წყალტუბო-ცაგერის ცენტრალური გზის მშენებლობა დაევალა. ვერავინ დამაჯერებს, რომ, თუU ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი არ ხარ, 10-12-მილიონიანი ტენდერი მოგცენ. კომპანიამ ასფალტის დაგება ნაწილ-ნაწილ დაიწყო, ჯერ 6 კმ, მერე 8 კმ და ა.შ. ერთი კილომეტრი გზის მშენებლობა კი დაახლოებით 700-800 ათასი ლარი ჯდება. საქმე ისაა, რომ 6 თვის წინათ დაგებული ასფალტი უკვე აქა-იქ გადაკერებულია. არადა, ირწმუნებოდნენ გზები გერმანული ტექნოლოგიებით იგება და მინიმუმ 7-8 წელი  გაძლებსო. როგორც აღმოჩნდა, ეს სამშენებლო კომპანიაც ფულს ათეთრებს. გამოყოფილი თანხის 20-25% მაინც მიდის მაგათ ჯიბეებში, მერე კი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ თანხებს არჩევნების გასაყალბებლად მიატანინებენ. ერთ წელიწადში 2 მილიონ-ნახევარი ნამდვილად არაა ცოტა თანხა. მოგებას ნახულობენ გაუთვალიწინებელი ხარჯების სახით გამოყოფილი თანხებიდანაც.
ამაზონის ჯუნგლებში უკეთესი გზები იქნება, ვიდრე ცაგერის მიმართულებითაა. “მშენებლობა” დღესაც გრძელდება. ცაგერში ხუმრობდნენ: “თუ ერთი-ორი მანქანა ხრეში რომელიმე სოფლის გზაზე დაყარე, ჯიპი გარანტირებული გაქვსო”. ეს უბრალო ხუმრობა კი არა, სამწუხარო რეალობაა.
– სანდო წყაროს ინფორმაციით, კომპანია “ცეკურის” მფლობელი სააკაშვილის  ოჯახთან დაახლოებული პირი ვინმე სერგო ხაბულიანი გახლავთ, რომელსაც ხელისუფლება დეპუტატობისთვისაც ამზადებს…
– სწორ ინფორმაციას ფლობთ, რაც შეეხება კომპანია “ცეკურის” მფლობელობას, იგი იურიდიული მფლობელი მას შემდეგ აღარ არის, რაც დეპუტატობის ამბიცია გაუჩნდა.  თუ ვინაა დღეს ამ კომპანიის იურიდიული მფლობელი, ინფორმაციაზე ხელი ჯერ არ მიმიწვდება, კვლევის პროცესში ვარ და მოკლე ხანში აუცილებლად დავადგენ. მინდა გავაფრთხილო ყველა, ნაღმზე სხედან და ვერ ხვდებიან.
– როგორც ვიცით, რეგიონს ელექტროენერგიის პრობლემაც გააჩნია.
– ეს რეგიონის საკმაოდ მწვავე პრობლემაა. “ენერგო პრო-ჯორჯია”  სახელმწიფოა სახელმწიფოში.
იყო შემთხვევა, როცა “ენერგო პრო-ჯორჯიამ” სოფელ საირმის მოსახლეობას (სადაც ჯერ კიდევ კოლექტიური გამრიცხველიანობა არსებობს) რეალურად არარსებული დავალიანება – 500 ლარი დააწერა. არ არის ეს სახელმწიფოსაგან ხელშეწყობილი კორუფცია?
სოფელ ჭალისთავში, როცა ელექტროენერგიის ბოძი დაზიანდა, დენი ნიადაგზე გადადიოდა, რამაც ელოქტროენერგიის უქმად დაკარგვა გამოიწვია. “ენერგო პრო-ჯორჯიამ” კი ეს თანხა მოსახლეობას დააწერა. როცა კომპანიის წარმომადგენლობას მივმართე, მომახსენეს, სასამართლოს მიმართეთო. სასამართლო კი, ყველამ იცის, ვის დაკრულზე ცეკვავს. ასე რომ, ვერაფერს მივაღწიეთ.
– “სოფლის დახმარების პროგრამა” მაინც თუ ხმარდება მოსახლეობის პრობლემების გადაჭრას?
– მიუხედავად იმისა, რომ სოფლის გადასაყვეტია, თუ რას მოხმარდეს სოფელზე გამოყოფილი თანხა, მათ რეალურად ამის საშუელებას არ აძლევენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენს რეგიონში რწმუნებულები და საკრებულოს წარმომადგენლები თავად ქმნიან ინდსაწარმოებს. ინდმეწარმეებად კი თავიანთ აქტივისტებსა და პარტიის წევრებს ამტკიცებენ. ამ გზით რწმუნებულები თანხებს თვითონ აკონტროლებენ. ასათიანი და მისი გარემოცვა აღნიშნულ დარღვევებზე რატომღაც არ რეაგირებს.
– თუ  შეგიძლიათ დარღვევის კონკრეტული ფაქტები გაგვაცნოთ?
– სოფელ ორხვზე გამოყოფილი თანხით მოსახლეობამ სალოცავის აშენება ისურვა, თუმცა ადგილობრივმა საკრებულოს წარმომადგენლებმა მათ ამის უფელება არ მისცეს, სალოცავის აშენებაში ფული არ დაიხარჯება, ამით გზა უნდა გაკეთდესო. მოსახლეობა აღშფოთებას ვერ მალავს.
სოფელ ლაილაში კი, გამოყოფილი თანხით, გასულ წელს სასმელი წყლის პრობლემა უნდა მოგვარებულიყო, მაგრამ დღემდე მოუგვარებელია.
მეტიც, სოფელ ლუხვანოში გამოყოფილი თანხა თავად საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან საღინაძემ აითვისა, რასაც კანონმდებლობა კატეგორიულად კრძალავს, ანუ პირდაპირ კორუფციასთან გვაქვს საქმე.
მინდა აქვე აღვნიშნო, რომ სოფელ ტვიშში ასეთ პარადოქსსაც ვაწყდებით: ოჯახის ერთი წევრი რწმუნებულია, მეორე – საკრებულოს დეპუტატი, ხოლო მესამე – სოფლის პროგრამების თანამონაწილე. ეს მთელმა სოფელმა იცის, თუმცა შიშის ფაქტორიც იმდენად დიდია, ყველა დუმს. (რედაქციამ ტვიშის რწმუნებულის სახელი და გვარი საკუთარი წყაროებით დაადგინა, იგი მანანა გაბიდაშვილი გახლავთ. – ავტ.).
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, არსებობს დევნილების პრობლემაც. ერთ-ერთ  დევნილს, 84 წლის მარტოხელა კაკო კოპალიანს, რომელსაც თავშესაფარი დაენგრა და მის პირდაპირ მდებარე დევნილების სასტუმროში გადავიდა, მაგრამ გადამისამართება არ გაუკეთეს. ამის გამო მოხუცი ყველა სახის დახმარებას კარგავს.
ასევე, თქვენს გაზეთში აქტიურად იწერებოდა უსახელაურის ჯიშის ყურძენზე. მინდა გითხრათ, რომ იმავე პრობლემის წინაშე დგას სოფელ ორბელში ოჯალეშის ჯიშის ყურძენიც. ვიდრე მოსახლეობასთან ერთად აქციები არ მოვაწყვეთ სახელმწიფომ ეს ყურძენი არ ჩაიბარა. მერე კი გამოვიდა კვეზერელი და ურცხვად გამოაცხადა – რა განგაში ატეხეთ, ისეც ვაპირებდით ამ ყურძნის ჩაბარებასო. უნდა აღინიშნოს, რომ ყურძენი მინიმალურ ფასად, კილო 80 თეთრად, ჩაიბარეს.
– აღნიშნული პრობლემების საქმის კურსში რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი თუ არის?
– რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი დავით გაგოშიძე ამ პრობლემებს დეტალურად იცნობს, თუმცა მასაც ფეხებზე ჰკიდია. მეტიც, გასული წლის დეკემბერში, უცხოელ ექიმთა ბრიგადა მყავდა რაიონში ჩაყვანილი, 300 ავადმყოფი გასინჯეს, ორი დღე და ღამე გადაბმულად იმუშავეს. ადგილობრივი ხელმძღვანელობიდან ერთი კაციც არ მოსულა მათთან მადლობის სათქმელად, მითუმეტეს, ცაგერის ადგილობრივი ხელმძღვანელობა მათ ჩამოყვანამდე რამდენიმე დღით ადრე გავაფრთხილე. დანამდვილებით ვიცი, რომ ხელმძღვანელობას ჩემს ჩამოყვანილ ექიმებთან გამოჩენა გაგოშიძემ აუკრძალა. ამ პატარა კაცუნებს ეგონათ, აღნიშნულ ქმედებას, არჩევნებში პიარისთვის გამოვიყენებდი.
ჩემამდე უცხოელი ექიმები ცაგერის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩამოიყვანა. მათ მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი გაასინჯინეს და ბიუჯეტიდან 1800 ლარი დახარჯეს. აქედან 400 ლარი ბენზინში გაუხარჯიათ, 400 ლარი – წამლებში, 1000 კი – სხვადასხვაშიო. ღმერთმა უწყის, რა იგულისხმეს ამ სხვადასხვაში. თვითონ ამხელა თანხა უმისამართოდ გაფლანგეს,  ჩემი ინიციატივით ჩამოყვანილი ექიმების მასპინძლობისთვის კი ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ 200 ლარიც ვერ გაიმეტა, უფლება არ გვაქვსო. მიუხედავად მათი არაკაცობისა, აღნიშნულ პროექტს, მაინც, მივანიჭებ პერმანენტულ სახეს და გაჭირვებულ თანასოფლელებს ამას ნამდვილად არ დავამადლი.

ეკა რობაქიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here