Home რუბრიკები პოლიტიკა ლავროვამდე ეს ყველაფერი ამერიკელებმა თქვეს

ლავროვამდე ეს ყველაფერი ამერიკელებმა თქვეს

662

წერილის დასაწყისშივე ვეტყვი მკითხველს, რომ არც რუსეთის მოტრფიალე ვარ და არც მისი პოლიტიკოსების, მაგრამ ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანში, და მეც ასეთად ვთვლი საკუთარ თავს, უკურეაქციას იწვევს ამ ქვეყნისა და მისი პოლიტიკოსების მიმართ გამოთქმული ლანძღვაგინება, შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებსაც ხშირად აკეთებენ საქართველოს პოლიტიკოსები, ხელისუფლებაოპოზიცა, ჟურნალისტები და პოლიტოლოგები. ვერც ერთი მათგანი ვერ ხვდება, რომ ცილისმწამებლური გამონათქვამები, ფართო საზოგადოებისთვის გამიზნული, იშვიათად თუ აღწევს იმ მიზანს, რომლისთვისაც ზემონახსენები კატეგორია ტყვიამფრქვევივით აფრქვევს მათ საკუთარი ბაგეებიდან

სიმართლე არ იმალება და საზოგადოებას მათ საწინააღმდეგოდ განაწყობს, ვინც ანტირუსულად აპირებდა ხალხის დარაზმვას. ცხადია, არიან პროპაგანდას აყოლილი და დაბეჩავებული ადამიანებიც, რომლებიც აბაზანის ღრუბელივით ისრუტავენ ყოველივე ანტირუსულს, ვინაიდან ისინი, კარგა ხანია, დაპროგრამებულები არიან და მათ აზროვნებაში სინათლის შეტანა გადაუჭრელი პრობლემაა. ისინი ასეთად დარჩებიან, თანაც სამარადისოდ, ვინაიდან ასე სურთ. დანარჩენ ჯანსაღ ნაწილს კი უდავოდ სჭირდება გაფრთხილება, შიგადაშიგ სინამდვილის მიწოდება, რათა ეს ჯანსაღი ნაწილიც არაჯანსაღად, რუსოფობიით დაავადებულად არ გადაიქცეს.

თუ რატომ არის “ჯანსაღის” გაფრთხილება საჭირო მათი მხრიდან, ვისაც საზოგადოებისთვის ჭეშმარიტების მიწოდება აქვს განზრახული, ღრმა ახსნა-განმარტებას არ მოითხოვს. მარტივად შეიძლება ითქვას: საზოგადოების ცნობიერების დაცვა სარეველისგან, ჭორიკნობისგან, რუსთა სამუდამო მტრობისგან ქართველთა დასახსნელად.

საქართველოს ბედმა არგუნა ის გეოგრაფიული მდებარეობა, სადაც არის. საქართველოს ბედმა არგუნა მეზობლები, რომლებიც ჰყავს. საქართველოს ბედმა არგუნა ჩრდილოეთიდან რუსეთის მეზობლობა, რომელსაც საფუძველი მრავალი საუკუნის წინათ ჩაეყარა. საქართველოს ბედმა არგუნა ამ დიდ მეზობელთან პოზიტიური თუ ნეგატიური ურთიერთობები, რომელთა შორის პოზიტიური ჭარბობდა. საქართველოს ბედმა, მე ვიტყოდი, ღმერთმა მეზობლად არგუნა უდიდესი მართლმადიდებლური სახელმწიფო, რომელსაც სიტყვა ეთქმის მსოფლიოში. საქართველოს ბედმა არგუნა ე.წ. პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, წვრილფეხა ექსპერტობა, რომლებიც განაქიქებენ რუსი და ქართველი ხალხების ისტორიულ ურთიერთობას.

გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაწყებული, დღევანდელობით დამთავრებული, მსოფლიო თავდავიწყებით მიექანებოდა გლობალიზაციის, ამ უაღრესად გადამდები და მავნე სენის განვითარება-განმტკიცებისკენ. გლობალიზაცია ამერიკულად ნიშნავდა და ნიშნავს მსოფლიოს ერთპოლუსიანობას, ამერიკელთა მიერ ამ პოლუსზე სამუდამო ყოფნას, მხოლოდ ამერიკულის და არა სხვისი კულტურის, ხელოვნების, ცხოვრების წესის, პოლტიკის თაყვანისცემას, მსოფლიოში არსებული 200-ზე მეტი სახელმწიფოსა და ხალხის ამერიკისადმი მორჩილებას.

პრეზიდენტ ობამას საყვარელი გამოთქმა იყო: “აშშ ყველასგან განსხვავებული, პრიორიტეტული სახელმწიფოა”, რაც გაღიზიანებას იწვევს სხვა ხალხებში, მათ შორის რუსებში, ჩინელებში, ინდოელებში და ა.შ. გაღიზიანებასთან ერთად მათ მეტოქეობის განცდაც გაუჩნდათ და, სულ რაღაც, 20-30-წლიანი ერთპოლუსიანობის, ერთმმართველობის სისტემას წყალი შეუდგა. მართალია, ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ მსოფლიოს მხოლოდ ვაშინგტონიდან მართვა აღარ იქნება. პასუხისმგებლობას სხვებიც დაიკისრებენ.

ანტიგლობალიზაციამ წამოატივტივა პოლიტიკოსები, რომლებიც ეროვნულს ამჯობინებენ გლობალურს. ტრამპმა გაიმარჯვა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, საფრანგეთში მარინ ლე პენი ლიდერობს საპრეზიდენტო არჩევნებში, ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირის დიქტატს და ა.შ. მსოფლიოში იგრძნობა ახალი წესების დამკვიდრების სურნელი. ძნელად, მაგრამ მაინც უკან იხევს ლიბერტარიანიზმი, გლობალიზაცია _ ერთიცა და მეორეც, გაქრობით რომ ემუქრებოდა მცირე ერებს, მათ შორის, ჩვენც. მათ ადგილს ეროვნულობა იკავებს.

უაღრესად რთულ პროცესს, რომელშიც ძალაუნებურად ვართ ჩართული, სხვაგვარი აზროვნება სჭირდება, ისეთი, რომელიც გააძლებინებს ქვეყანას და მძიმე ტრანსფორმაციის წლებს ნაკლები დანაკარგებით გადაატანინებს. შეძლებს თუ არა ისეთი მცირერიცხოვანი ერი, როგორიც ჩვენია, ამ გამოცდის ჩაბარებას?

შეძლებს, ოღონდ მან უნდა შეიცვალოს აზროვნება, ცუდსა და კარგს შორის განსხვავების ხელოვნებას უნდა დაეუფლოს, გახდეს თვითკრიტიკული, შეიძინოს ანალიზის უნარი. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დაეუფლოს ყველასთან, განსაკუთრებით მეზობლებთან გონივრული ურთიერთობების ხელოვნებას. ერთხელ და სამუდამოდ ხელი აიღოს ლანძღვა-გინებაზე, შეურაცხყოფაზე, რასაც რეგულარულად მიმართავს დღეს. წამითაც არ დაუშვას ისეთი გამონათქვამი, როგორიცაა: საქართველოს ასეთი ოდიოზური ფიგურების ოდიოზურ განცხადებებზე თავის გასამართლებელი არაფერი სჭირს”. ოდიოზურ ფიგურად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვია ნაგულისხმევი. ამ გამონათქვამის ავტორია საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი (ასეა მოხსენიებულირადიო თავისუფლებისმიერ) გიორგი გობრონიძე, რომელიც განმარტავდა ლავროვის განცხადებას მიუნხენში.

სხვათა შორის, მიუნხენის კონფერენციაზე ლავროვის განცხადებებს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საქართველოში. მაინც რამ ააღელვა ქართული პოლიტიკა და მედია?

იმან ხომ არა, ლავროვმა რომ თქვა ექსტრემისტები, ტერორისტები და ნარკომოვაჭრეები ამიერკავკასიას ხშირად იყენებენ თავიანთ მარშრუტებშიო? როდესაც ჩვენ დავალაგებთ სრულფასოვან ურთიერთობებს რუსულქართულ სამართალდამცავ ორგანიზაციებს შორის, როდესაც ყველა ეს რისკი ორივე მხრიდან მაქსიმალურად იქნება აღკვეთილი, მაშინ, ალბათ, შესაძლებელი იქნება, ვილაპარაკოთ სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე. ასეთი თანამშრომლობის დალაგება რთულია, დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში”, – თქვა ლავროვმა.

რა არის ლავროვის ნათქვამში ასაღელვებელი? რაც მან თქვა, ფაქტია, თანაც ისეთი, რომ ცნობილი ამერიკელი ექსპერტებიც კი წერდნენ. ერთერთმა მათგანმა, ჯეიმს ჯატრასმა, წიგნიც გამოსცა, რომლეშიც წერს სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში საქართველოში გამართულ საერთაშორისო ტერორისტულ თავყრილობებზე, რომლებშიც მონაწილეობდნენალ ქაიდასწარმომადგენლები.

საქართველოში გამართული შეკრებების ორგანიზება შსს-ს მაღალჩინოსანს (მინისტრის მოადგილეს) _ ლორთქიფანიძეს ჰქონდა მინდობილი. ცნობილია პანკისსა და სხვაგან ტერორისტების წვრთნისა და რეაბილიტაციის თემებიც და ისიც, რამდენი “ბოევიკი” იბრძოდა და იბრძვის სირია-ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს. ისიც ცნობილია, რომ არაბი თუ სხვა ქვეყნის ტერორისტები როგორ იყენებდნენ საქართველოს ჩრდილოეთ კავკასიაში გადასასვლელად.

გავიმეორებ: ლავროვამდე ეს ყველაფერი ამერიკელებმა თქვეს. რაც შეეხება ქართული და რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლობას, ცხადია, შესაძლებელია, თუ ქართული მხარე ამ საკითხს, ანუ ტერორიზმთან ბრძოლას სერიოზულად მიუდგება, რისი დიდი ეჭვი მაქვს.

გავიხსენოთ სტამბოლის ხელშეკრულება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე. იმხანად რუსეთმა დათმო იმის იმედით, რომ ბათუმის სამხედრო ბაზა გადაკეთდებოდა ტერორიზმთან ბრძოლის საქართველო-რუსეთის ერთობლივ ცენტრად. სტამბოლის შემდეგ მოსკოვს სტუმრობდა საქართველოს იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი. ვიზიტისას შემუშავდა მემორანდუმი, რომელშიც ჩაიწერა აღნიშნული ცენტრის შექმნის თაობაზე. ქართულმა მხარემ დაპირება არ შეასრულა, რაც უარყოფითად შეაფასეს მოსკოვში.

ტერორიზმი უცხო არ არის საქართველოსთვის. ისიც ცნობილია, რამდენი პანკისელი, ქვემო ქართლელი ან აჭარელი იბრძვის სირიაშიისლამური სახელმწიფოსმხარეს და ამის შემდეგ გულის გასახეთქად უნდა მოგვეჩვენოს ლავროვის ნათქვამი?

სრულიად უადგილოდ მიმაჩნია ტურიზმის ზრდის მოშველიება _ აქაოდა, აქ ტერორიზმი რომ ყვაოდეს, ტურისტების ნაკადი არ გაიზრდებოდაო! ტურისტების ნაკადი არც საფრანგეთში და არც გერმანიაში არ შემცირებულა, მიუხედავად ტერორისტული აქტებისა.

ლავროვს არ უთქვამს, რომ საქართველოში ტერორისტულ აქტებს აწყობენ. მან თქვა ის, რაც თქვა. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გაუქმებას, არ შემოგვეღო სავიზო რეჟიმი და რუსეთთან დღეს უვიზო მიმოსვლა იქნებოდა. ჩვენ დაგვავიწყდა, რა უძღვოდა სავიზო რეჟიმის შემოღებას წინ _ “მოქალაქეთა კავშირის” ახალგაზრდული ფრთის დაჟინებული მოთხოვნა რუსეთთან ვიზების შემოღების თაობაზე.

აღნიშნულის სულისჩამდგმელი გახლდათ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე რევაზ ადამია. ის და მისი კოლეგა ე.წ. რეფორმატორები ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტისთვის საჭირო იყო რუსეთის გავლენიდან გამოსვლა, დისტანცირება, ამისთვის კი სავიზო რეჟიმის შემოღება იყო აუცილებელი.

საქართველოს გადაწყვეტილებით შეშფოთებულმა რუსეთის ელჩმა საქართველოში სტანევსკიმ ჩემთან საუბრისას განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება ცუდად იმოქმედებს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე და რომ ის კატეგორიული წინააღმდეგია ამისა.

1999 წლის შემოდგომაზე, რუსეთის მხარის თხოვნით, მოსკოვში გაიმართა რუსეთ-საქართველოს საგარეო საქმეთა ექსპერტების შეხვედრა, რომლის დროსაც ქართულმა მხარემ დაადასტურა სავიზო რეჟიმის შემოღების სურვილი. რუსული მხარის მოთხოვნით, დაიგეგმა მეორე შეხვედრაც, რომელზეც ქართულმა მხარემ “დააგვიანა” ჩასვლა მოსკოვში, რის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მთავრობას წარუდგინა თავისი მოსაზრება, ქართული მხარის მოთხოვნიდან გამომდინარე.

რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოსკოვმა წინადადებით მიმართა ქართულ მხარეს, დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირთათვის მაინც შენარჩუნებულიყო უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ქართულმა მხარემ ამაზეც უარი თქვა. ასე და ამრიგად, ორ ქვეყანას შორის დაწესდა სავიზო რეჟიმი, რომელმაც უდავოდ დააშორა ერთმანეთს ეს ორი ქვეყანა, რითაც გული გაუხარა “მოქალაქეთა კავშირის” ახალგაზრდა რეფორმატორების ამერიკელ მასწავლებლებს, რომელთა კარნახით განხორციელდა სავიზო რეჟიმის შემოღება.

ვიზის შემოღებით შეღონებულმა საქართველოს მოქალაქეებმა ხელისუფლების მიმართ გულისწყრომა გამოთქვეს, გადაბრალების დიდოსტატმა საქართველოს ხელისუფლებამ კი ყველაფერი მოსკოვს დააბრალა.

თუ ეს ტყუილი იმხანად გაოცებას იწვევდა, 2008 წლის ტყუილმა საქართველოზე რუსეთის თავდასხმის შესახებ უკვე ეჭვი გააჩინა, მაგრამ მძლავრი დასავლური და ადგილობრივი პროპაგანდის წყალობით, ბევრმა დაიჯერა, თუმცა იყვნენ და არიან ისეთებიც, ვისაც ეს არ სჯერა. არადა, რაღა უნდა აეჭვებდეთ ევროკავშირის სპეცსაგამოძიებო კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ? _ არც არაფერი. ყველაფერი ნათელია: ომი სააკაშვილმა დაიწყო და მის თავდასხმას მძინარე ცხინვალზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

ამ და სხვა საკითხებს იძიებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა, რომელსაც რუსეთი არ ცნობს, ვინაიდან მან არ მიიღო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიერ მომზადებული დოკუმენტები. ლავროვმა განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში გამოძიება იქნება ცალმხრივი და შორს სინამდვილისგან, ამიტომ რუსეთი უნდობლობას უცხადებს ბენსუდას.

ლავროვის “ოდიოზურობის” სხვა მრავალი მაგალითის მოყვანაც შეიძლება, მაგრამ შორს წაგვიყვანს და საზოგადოებას _ შეგნებულსა და მოაზროვნეს, უდავოდ გაუჩენს საწინააღმდეგო აზრს _ იქნებ ჩვენი პოლიტიკაა ოდიოზური და არა სხვისი, რომელსაც, თვითონ ოდიოზური, ოდიოზურობას სწამებს?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

1 COMMENT

  1. სავსებით ვეთანხმები ჭიპაშვილის ანალიზს და გამოთქმულ მოსაზრებას რომ ჩვენი პოლიტიკაა ალბათ კი არა ნაღდად იდიოზური და მას აწარმოებენ იდიოზური მთავრობები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here