საქართველოს იმპორტმა 2016 წელს 7 235 791 900 დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან 27%-ით მეტია. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წელს სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 2 892 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 29 პროცენტი შეადგინა.
აქედან C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი 2 619 მლნ აშშ დოლარია. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 619 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6% იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 473 მლნ აშშ დოლარით. ეს კი სრული იმპორტის 5%-ია.
Business Press News-მა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ქართული მსხვილი იმპორტიორი კომპანიების ათეული.
”ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”
კომპანიას საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. ”ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” ექსკლუზიურად ახდენს ევროპული სტანდარტის „ეკოს“ საწვავის იმპორტსა და რეალიზაციას. კომპანია ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც 2010 წელს ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაზე წარმატებულ ევროპულ კომპანიათა ათეულში შევიდა.
“სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”
“სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” საქართველოში ბენზინისა და დიზელის მსხვილი იმპორტიორია. კომპანიას აზერბაიჯანიდან ყოველთვიურად 35 000 ტონა სხვადასხვა სახეობის საწვავი შემოაქვს. “სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილმა კომპანიამ “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ” დააფუძნა, 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით. კომპანია საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე 2006 წლის სექტემბერში შემოვიდა.
”რომპეტროლ საქართველო”
“რომპეტროლ NV” წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კარგად დამკვიდრებულ ნავთობ კომპანიას რუმინეთში და ასევე, მნიშვნელოვან მოთამაშეს შავი ხმელთაშუა ზღვების ავზების ტერიტორიაზე. ევროპაში რომპეტროლ ჯგუფი ფლობს 1000-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს ექვს ქვეყანაში: რუმინეთში, მოლდოვაში, ბულგარეთში, საფრანგეთში, ესპანეთსა და საქართველოში. ”რომპეტროლის” უნიკალური პროდუქტია Efix, საწვავი დანამატით, რომელიც აკეთილშობილებს საწვავს ისე, რომ მის ძირითად მახასიათებლებს არ ცვლის.
“ლუკოილ-ჯორჯია”
საქართველოში “ლუკოილ-ჯორჯიამ” 2002 წლის მარტში დაიწყო ოპერირება. მას შემდეგ კომპანია მიზანდასახულად აფართოვებს სამომხმარებლო და კორპორაციულ ბაზრებზე საქმიანობას. საწვავის გარდა, ლუკოილ-ჯორჯია ლუკოილის საავტომობილო ზეთების იმპორტსაც ახორციელებს. კომპანია პროდუქციის იმპორტს ბულგარეთიდან, მისივე კუთვნილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ახდენს.
”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველო”
”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოს” საქმიანობის სფერო ბუნებრივი აირის მილებში ტრანსპორტირებაა. კომპანია საქართველოში 2003 წლიდან საქმიანობს. ამჟამად კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოებას აწარმოებს.
”ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია”
საქართველოს ავტოდილერებს შორის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია ”ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზიაა”, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციისა და სერვისი მიწოდების პარალელურად, აქტიურად ახორციელებს რეექსპორტს. ”ტოიოტა” საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო ბრენდია.
„სან პეტროლიუმ ჯორჯია”
2010 წლის მარტიდან საქართველოში საერთაშორისო ბრენდს Gulf-ს ოფიციალურად შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია” წარმოადგენს. კომპანია 140 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს საქართველოს მასშტაბით, მათგან 43 თბილისში მდებარეობს. საწვავის იმპორტს კომპანია ევროპის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან აწარმოებს და ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.
„ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთი“
კომპანიამ „ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის“ ფილიალმა საქართველოში წალკის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბურნაშეთის მიმდებარედ მობილური ასფალტ-ბეტონის ქარხანა ააშენა, მოაწყო და ექსპლუატაციაში გაუშვა. ასფალტ-ბეტონის ქარხნის ოპერირების პროცესში წარმოებული ნედლეული სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტისთვის გამოიყენება.
Caucasian Metals Terminal
„კავკასუს მეტალს ტერმინალი“ 2013 წელს ჩამოყალიბდა. მისი საქმიანობა რეექსპორტია. ტერმინალის ტერიტორია მოიცავს 18 000 კვ. მეტრს დახურული და ღია საწყობებით, წელიწადში 400 000 ტონა ტვირთის მოცულობის სიმძლავრით, თანამედროვე ტექნიკით. ტერმინალი ახორციელებს როგორც ნაყარი და გენერალური, ასევე საკონტეინერო ტვირთების გადამუშავებას.
”პსპ ფარმა”
”პსპ ფარმა” 20 წელია, საქართველოს ფარამაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების დისტრიბუციას ახორციელებს. კომპანია 100-ზე მეტი წამყვანი ფარმაცევტული ქარხნის პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას ახდენს საქართველოს მასშტაბით. “პსპ” იყო პირველი ქართული კომპანია, რომელიც საქართველოში ევროპული ფარმაცევტული ქარხნების ოფიციალური დისტრიბუტორო გახდა. სადისტრიბუციო კომპანია ”პსპ ფარმა” 2010 წლიდან ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატის ISO 9000:2001-ს მფლობელია.