მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიები დიდ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, ააგონ ხელოვნების ცაში აზიდული ნამდვილი ნიმუშები. გთავაზობთ თანამედროვე არქიტექტურის 10 ყველაზე მაღალ შედევრს.
- საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრი 1, ნიუ-იორკი, აშშ
საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის ახალი კომპლექსის მთავარი შენობის სიმაღლე 541,3 მეტრია. მშენებლობა დაიწყო 2006 წელს და დასრულდა 2013 წელს. რკინაბეტონისა და მინისგან შექმნილი ეს ცათამბჯენი, რომლის აშენებაც 4 მლრდ დოლარი დაჯდა, მიეძღვნა 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიას, როცა ტერორისტებმა 3 ათასამდე ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.
- სი-ენ ტაუერი, ტორონტო, კანადა
ეს არის ყველაზე მაღალი თავისუფლად მდგარი შენობა. მისი სიმაღლე 553,33 მეტრია. თავდაპირველად აბრევიატურა CN იშიფრებოდა, როგორც Canadian National (იმხანად შენობა ეკუთვნოდა სახელმწიფო კომპანია Canadian national railways-ს), მაგრამ 1995 წელს კოშკი შეიძინა კომპანია Canadian Lands Company-მ. ტორონტოს მცხოვრებლებმა მოისურვეს, ძველი სახელი შეენარჩუნებინათ ტელეანძისთვის, ამიტომ ახლა აბრევიატურა CN ოფიციალურად იშიფრება, როგორც Canada’S National.
რკინაბეტონის 30 ათასი ტონა კონსტრუქციის შესაქმნელი სამუშაოები დაიწყო 1973 წლის 12 თებერვალს და 1975 წელს დასრულდა.
- Lotte World Tower-ი, სეული, სამხრეთი კორეა
ამ 123-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა სეულში გასართობი კომპლექსის _ Lotte World-ის ტერიტორიაზე 2005 წელს დაიწყო, მაგრამ მალე შეწყდა და მხოლოდ 2010 წელს განახლდა. შენობის სიმაღლე 555 მეტრია. მდინარე ჰანგანის ნაპირზე აშენებული შენობის პირველ 6 სართულზე მაღაზიებია, მეექვსედან მესამოცე სართულამდე _ ოფისები, სამოცდამეერთედან ოთხმოცდამეხუთემდე _ აპარტამენტები, ხოლო ოთხმოცდამეექვსედან ას მეცხრამეტემდე _ სასტუმრო. ას მეოცედან ასოცდამესამემდე სართულებზე შესვლა თავისუფალია. აქ განლაგდებულია ქალაქის დასათვალიერებელი მოედნები.
- საერთაშორისო საფინანსო ცენტრი, პინანი შენჩჟენი, ჩინეთი
ეს არის 599 მ სიმაღლის 115-სართულიანი ცათამბჯენი ჩინეთის ქალაქ შენჩჟენში. მშენებლობა 2017 წელს დასრულდა, ეს სიმაღლით მეორე შენობაა ჩინეთში. კომპლექსში შედის, აგრეთვე, მეორე უფრო დაბალი 65-სართულიანი კოშკი, რომლის სიმაღლეც 307 მ-ია.
2015 წლამდე ეს კოშკი 660 მ იყო, მაგრამ შენობის შპილის (წაგრძელებული კონუსი ნაგებობის თავზე) მოხსნის შემდეგ მისი სიმაღლე 599 მ-მდე შემცირდა.
- გუანჯოუს კოშკი, გუნჯოუ, ჩინეთი
მსოფლიოში სიმაღლით მეორე ტელეანძა 2005-2010 წლებში ააგეს. მისი სიმაღლე 60 მეტრია. 450 მეტრამდე ტელეკოშკი აგებულია ჰიპერბოლოიდური ბადისებრი კონსტრუქციით. კოშკის დანიშნულება სატელევიზიო და რადიოსიგნალების გავრცელებაა.
33, 116, 168 და 449 მეტრის სიმაღლეზე მოწყობილია გუანჯოუს ხედების დასათვალიერებელი მოედნები, რომლებსაც დღეში 10 ათასამდე ტურისტი სტუმრობს. 418 და 428 მ-ის სიმაღლეზე კი განლაგებულია მბრუნავი რესტორნები.
- კოშკი აბრაჯ ალ-ბეითი, მექა, საუდის არაბეთი
მექაში 2012 წელს აგებული მაღლივი შენობების კომპლექსი, მასის მიხედვით, ყველაზე დიდი ნაგებობაა მსოფლიოში, ამასთანავე, ეს საუდის არაბეთში ყველაზე მაღალი შენობაა, მსოფლიოში კი ამ პარამეტრით მესამეა, ბურჯ ხალიფასა და შანხაის კოშკის შემდეგ.
აბრაჯ ალ-ბეითის სიმაღლე 601 მეტრია. ამ შენობის პირდაპირ მდებარეობს ისლამის მთავარი სიწმინდე _ ქააბა. იქ მოსალოცად მილიონობით მუსლიმანი ჩადის და მათგან 100 ათასამდე ადამიანი სწორედ კომპლექსის ყველაზე მაღალ შენობას სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ კოშკის საათი 6-ჯერ დიდია ლონდონის ბიგ-ბენის საათზე.
- ტელერადიოანძა KVLY-TV, ბლანშარი, ჩრდილოეთი დაკოტა, აშშ
ქალაქ ბლანშარში აგებული ტელერადიოანძის სიმაღლე 629 მეტრია. ანალოგური გადამცემი დამონტაჟებულია 610 მეტრზე, ციფრული _ 576 მ-ზე, ეს არის დასავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე მაღალი ნაგებობა. საკუთრივ ანძის სიმაღლე დაახლოებით 590 მ-ია და 392,1 ტონას იწონის.
ეს ანძა 1965 წელს ააგო სამშენებლო კომპანია “ჰემილტონ ელექტრიკ კომპანიმ” და 1974 წლამდე ყველაზე მაღალ ტელეანძად ითვლებოდა. 1974 წელს ეს ტიტული ვარშავის რადიოანძამ ჩამოართვა, მაგრამ 1991 წელს ვარშავის ანძის ჩამოშლის შემდეგ KVLY-TV კვლავ პირველი იყო 2012 წლამდე, ტელეანძა Tokyo Skytree-ს აშენებამდე.
- შანხაის კოშკი, შანხაი, ჩინეთი
შანხაის რაიონ პუდუნში აგებული შენობის სიმაღლე 632 მეტრია, საერთო ფართობი 380 ათასი კვ.მ; კოშკის მშენებლობა 2015 წელს დასრულდა და მსოფლიოში სიმაღლით მესამე ნაგებობის ტიტული მოიპოვა ბურჯ ხალიფასა და ტოკიოს “ზეციური ხის” შემდეგ. ნაგებობა შედგება 128 სართულისგან, რომელთა ფართობი 380 ათასი კვ.კმ-ია.
- Tokyo Skytree “ტოკიოს ზეციური ხე”, ტოკიო, იაპონია
ტოკიოს რაიონ სუმიდაში აგებული სატელევიზიო კოშკის სიმაღლე 634 მ-ია, კოშკის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა. Tokyo Skytree ჰგავს 5-იარუსიან პაგოდას (ბუდისტური ტაძარი) და შესანიშნავად ერწყმის ტოკიოს ისტორიულ რაიონს, კოშკის 350 და 450 მ-ის სიმაღლეებზე მოწყობილია ქალაქის დასათვალიერებელი მოედნები, 2000 და 900 კაცისთვის შესაბამისად.
- ბურჯ-ხალიფა, დუბაი, გაერთიანებული არაბული საამიროები
ეს ნაგებობა საზეიმოდ გაიხსნა 2010 წლის 4 იანვარს და მიიჩნევა კაცობრიობის ისტორიაში ოდესმე აგებული ყველაზე მაღალ შენობად _ ბურჯ ხალიფას სიმაღლე 828 მეტრია. შენობა 163 სართულისა და 180 მ-იანი შპილისგან შედგება. პროექტის ავტორია ამერიკელი არქიტექტორი ედრიან სმიტი. შენობაში დამონტაჟებულია 57 ლიფტი, რომლებიც 18 მ/წმ სიჩქარით გადაადგილდება.
მოამზადა ნიკა კორინთელმა