საქართველო გამორჩეულია უნიკალური ბუნებითა და მრავალფეროვანი ლანდშაფტით. უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს შეუძლიათ დატკბნენ ულამაზესი მთებით, მღვიმეებით, ნაკრძალებით, ზღვითა და ტბებით. გთავაზობთ 10 ქართული ულამაზესი ტბის ჩამონათვალს.
- რიწის ტბა
რიწის ტბა მდებარეობს აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მ სიმაღლეზე. ეს ყველაზე ღრმა ტბაა ამიერკავკასიაში. რიწის ტბაში წყალი გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა, ზამთარში _ მოცისფრო-მოლურჯო. გარშემო აკრავს მთები, რომელთა სიმაღლე 2200-დან 3500 მეტრამდეა.
- ბატეთის ტბა
ეს არის მეწყრული წარმოშობის ტბა, რომელიც მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბატეთის წყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1313 მ-ზე. გარშემორტყმულია წიწვოვან-წიფლნარი ტყით.
- ანგელოზის ტბა
ანგელოზის ტბა _ ასე უწოდებენ სვანეთში, მესტიიდან დაახლოებით 12 კმ-ში მდებარე ტბას, რომელსაც საქართველოს რუკის ფორმა აქვს. ტბას თავდაპირველად სხვანაირი ფორმა ჰქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიცვალა და საქართველოს რუკის მოხაზულობა მიიღო.
- პალიასტომის ტბა
გამდინარე ტბა ოდიშ-გურიის დაბლობზე, ქალაქ ფოთთან, მდებარეობს ზღვის დონეზე 30 სმ-ით დაბლა. ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი, გამოედინება მდინარე კაპარჭინა. პალიასტომის ტბა შედის კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში.
- მწვანე ტბა
მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2058 მ სიმაღლეზე. მის წყალს მწვანე შეფერილობა აქვს და ამიტომ ეძახიან მწვანე ტბას. გაედინება მიწისქვეშა გზით. წყალი სუფთაა და გამჭვირვალე, სასმელად ვარგისი.
- ორეთის ტბა
ორეთის ტბა (უძირო ტბა) თუშეთში, სოფელ ქუმელაურთიდან (ახმეტის მუნიციპალიტეტი) დაახლოებით 6 კმ-ში, ზღვის დონიდან 2660 მეტრზე მდებარეობს. ის ნაკადულების წყლით საზრდოობს და ზამთარში იყინება. ტბიდან ულამაზესი ხედი იშლება კავკასიონისა და მდინარე ჭანჭახის ხეობაზე.
- გრძელი ტბა
გრძელი ტბა (შავი კლდეების ტბა) მყინვარული ტბაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ის კავკასიონის თხემზე, ზღვის დონიდან 2784 მ სიმაღლეზე მდებარეობს. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლით, გამდინარეა.
- ტაბაწყურის ტბა
ტაბაწყურის ტბა სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ზღვის დონიდან 1991 მეტრზე მდებარეობს. ტბის ქვაბული წარმოქმნილია ლავური ნაკადების შეგუბების შედეგად. საზრდოობს მიწისქვეშა წყლებით, თოვლითა და წვიმით. დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე გაყინულია. ტბა მდიდარია თევზით.
- ტობავარჩხილის ტბა
ტობავარჩხილის ტბა (ვერცხლის ტბა) სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2650 მ-ზე. საზრდოობს თოვლით, წვიმითა და მიწისქვეშა წყლებით.
- ფარავნის ტბა
ფარავნის ტბა სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2973 მ-ზე მდებარეობს. წყლის ზედაპირის ფართობის მიხედვით უდიდესი ტბაა საქართველოში, ერთვის მდინარეები: შაორი; საბადოსწყალი და რამდენიმე პერიოდული ნაკადი. ტბის სამხრეთ ნაწილიდან სათავეს იღებს მდინარე ფარავანი, რომელიც მტკვარს უერთდება. ტბა მდიდარია თევზით, გვხვდება ხრამული, კალმახი, ნაფოტა, კობრი და სხვ.
მოამზადა ნიკა კორინთელმა