Home რუბრიკები საზოგადოება 1 აგვისტოს აღინიშნება აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა სერაფიმე საროველისა, საკვირველთმოქმედისა

1 აგვისტოს აღინიშნება აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა სერაფიმე საროველისა, საკვირველთმოქმედისა

მოძღვარი, რომელიც ღვთისადმი აღვლენილი ლოცვებით კურნავდა

1352
სერაფიმე საროველი

ღირსი სერაფიმე საროველი მართლმადიდებლობის ერთერთი დიდი წმინდანია. 1903 წელს, ნეტარი სერაფიმეს დაბადების დღეს საროვში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის, სამეფო ოჯახის სხვა წევრებისა და სამასი ათასამდე მლოცველის თანდასწრებით აღესრულა მისი წმიდა ნაწილების საზეიმო აღმოყვანება. ისინი მათთვის წინასწარ გამზადებულ ლუსკუმაში გადააბრძანეს ხალხის თაყვანსაცემად. ამ მოვლენას მრავალი სასწაული და კურნება ახლდა. ცნობილია, რომ სერაფიმე საროველს გამოცხადებით ემცნო: “დედამიწაზე ღვთისმშობლის პირველი წილხვედრია საქართველო _ ივერია, მეორე _ ათონი, მესამე _ კიევოპეჩორის ლავრა და მეოთხე იქნება დივეევო”. სავარაუდოდ, სერაფიმე საროველს ეკუთვნის ეს სიტყვებიც: “არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისასეს დაღუპავს რუსეთს”.

ღირსი სერაფიმე საროველი (ერობაში – პროხორ მოშნინი) კურსკში დაიბადა 1754 წლის 1 აგვისტოს. მამამისი ღვთისმოსავი ვაჭარი, შრომისმოყვარე ისიდორე მოშნინი ტაძრებს აშენებდა. მეუღლესთან ერთად ტაძრების აღმშენებლობის საქმეში აქტიურად იყო ჩართული წმინდა მამის დედა _ აღათია, რომელიც ასევე ღატაკებისა და ქვრივ-ობლების დიდი დამხმარეც იყო.

პროხორს მამა ადრე გარდაეცვალა. უფლისა და ღვთისმშობლის მფარველობა მას ბავშვობიდანვე არ აკლდა. პირველი სასწაული 7 წლის პროხორის მიმართ აღსრულდა: ის მშენებარე ტაძრის მაღალი სამრეკლოდან ჩამოვარდა, მაგრამ სრულიად უვნებელი გადარჩა, მეორე და უდიდესი სასწაული კი მაშინ აღესრულა, როცა 10 წლის პროხორე მძიმედ დაავადდა, დედას კი მისი გამოჯანმრთელების იმედი აღარ ჰქონდა, მაგრამ ვაჟმა უამბო, რომ ძილში ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და განკურნებას შეჰპირდა.

მართლაც, მალე, მათი ეზოს წინ პროცესიამ ჩაიარა ჯვრებითა და ღვთისმშობლის ხატით. დედამ დასტაცა ხელი ავადმყოფ შვილს და ღვთისმშობელს მიუახლა, რის შემდეგაც ბავშვმა სწარაფად დაიწყო მომჯობინება.

ამის შემდეგ მასში უიშვიათესმა ნიჭმა, ნათელმა გონებამ, განსაკუთრებულმა მეხსიერებამ და საქმისადმი უაღრესმა გულმოდგინებამ იჩინა თავი.

პროხორს საოცარი მეხსიერება ჰქონდა. მან ადვილად შეისწავლა წერა-კითხვა. ბავშვობიდანვე უყვარდა ღვთისმსახურებაზე დასწრება, ბავშვებისათვის წმიდა წერილისა და წმიდანთა ცხოვრების კითხვა, მაგრამ ყველაზე უფრო განმარტოებული ლოცვა და სახარების ჭეშმარიტებების წვდომა იზიდავდა.

მან სიყმაწვილეშივე გადაწყვიტა, თავი უფლის მსახურებისთვის მიეძღვნა და მონასტერში წასულიყო. კეთილმსახურმა დედამ დალოცა მისი განზრახვა, ჯვარიც აჩუქა, რომელსაც წმინდანი ცხოვრების ბოლომდე ატარებდა. მალე სხვა მორწმუნეებთან ერთად პროხორ ფეხით ჩავიდა კურსკიდან კიევში პეჩორის სიწმინდეების თაყვანსაცემად. სქემ-მონაზონმა დოსითეოსმა მას ურჩია, საროვის უდაბნოში დამკვიდრებულიყო. შინ დაბრუნებული ღვთისმოყვარე ჭაბუკი სამუდამოდ გამოემშვიდობა დედას და ნათესავებს, 1778 წლის 20 ნოემბერს კი საროვში ჩავიდა, სადაც მაშინ სიბრძნით გაბრწყინებული ბერი პახუმი წინამძღვრობდა. მან თბილად მიიღო პროხორე და მოძღვრად ბერი იოსები მიუჩინა.

ამ წლებშივე პროხორმა, სხვა მოღვაწე ბერების მიბაძვით, ტყეში განმარტოებასა და ლოცვაზე აიღო კურთხევა. ორი წლის შემდეგ ახალგაზრდა მორჩილი წყალმანკით დაავადდა, მთელი სხეული გაუსივდა და საშინლად იტანჯებოდა; სამი წელი ავადმყოფობდა, მაგრამ ექიმი არ გაიკარა. მე სულისა და ხორცის ჭეშმარიტ მკურნალსჩვენს უფალს, იესო ქრისტესა, და მის ყოვლადწმიდა დედას ვარ მინდობილი”, _ უთხრა მან მამა პახუმს და ზიარება მოითხოვა. და, აი, მას ღვთისმშობელი გამოეცხადა პეტრე მოციქულისა და იოანე ღვთისმეტყველის თანხლებით. ყოვლადწმიდა ქალწული კვერთხით შეეხო სნეულის ფერდს, სასწაულებრივად გაჩენილი ნასვრეტებიდან სხეულში დაგუბებულმა სითხემ ნელ-ნელა იწყო დენა და მალე წმიდანი სრულიად გამოჯანმრთელდა.

წმინდანმა საროვის სავანეში რვა წელი დაჰყო მორჩილად, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და სერაფიმე ეწოდა. უფალმა არაერთხელ გახადა იგი საღვთო ხილვების ღირსი: სერაფიმე წირვა-ლოცვისას ცხადად ხედავდა ანგელოზებს. განსაკუთრებული მადლით აავსო წმიდა მამა მაცხოვრის გამოცხადებამ დიდ ხუთშაბათს, საღვთო ლიტურგიაზე. ამ ხილვის შემდეგ მან გაამკაცრა ღვაწლი: დილით სავანეში შრომობდა, ღამით კი – უდაბურ ტყეში, განმარტოებულ კელიაში ლოცულობდა. 1793 წელს 39 წლის სერაფიმე მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. მალე სავანის წინამძღვარი მამა პახუმი მიიცვალა. სიკვდილის წინ მან წმიდანს მეუდაბნოეობაზე მისცა კურთხევა. სერაფიმემ ახალი წინამძღვრისგან – მამა ისაიასგანაც აიღო ლოცვა-კურთხევა და მონასტრისდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ კელიაში განმარტოვდა, დაბურულ ტყეში. კვირების განმავლობაში ლოცულობდა და მხოლოდ შაბათობით, მწუხრის ლოცვის წინ ბრუნდებოდა სავანეში. ღირსი მამა მკაცრ ღვაწლში იყო: თავისი ტიპიკონი მან ძველ უდაბნოთა სავანეების ტიპიკონების მიხედვით შეადგინა. ყოველთვის დაჰქონდა წმიდა სახარება. კვირის განმავლობაში “ახალ აღთქმას” ჩაიკითხავდა ხოლმე. გარდა ამისა, კითხულობდა წმიდა მამათა თხზულებებს და საღვთისმსახურო წიგნებსაც. სერაფიმემ მრავალი საგალობელი შეისწავლა ზეპირად და ტყეში მუშაობისას გალობით აღავლენდა ლოცვებს. კელიის მახლობლად ბოსტანი მოაწყო, ფუტკარიც მოაშენა; ლუკმაპურს საკუთარი შრომით მოიპოვებდა, მაგრამ ძალიან ცოტას ჭამდა, დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდა საზრდოს, ოთხშაბათსა და პარასკევს კი საერთოდ არაფერს მიირთმევდა. დიდმარხვის პირველ კვირიაკეს შაბათამდე არაფერს ჭამდა, შაბათს კი წმიდა საიდუმლოს ეზიარებოდა.

წმიდა სერაფიმესთან რჩევისა და ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად სიარულს მოუხშირეს არა მხოლოდ მონასტრის ძმებმა, არამედ ერისკაცებმაც. ეს არღვევდა მის მყუდროებას, ამიტომ, წინამძღვრის კურთხევით, წმიდანმა მისვლა აუკრძალა ჯერ ქალებს, შემდეგ კი _ ყველას. სერაფიმეს ლოცვით მის კელიასთან მისასვლელი გზა ასწლოვანი ფიჭვების მსხვილი ტოტებით გადაიხლართა. ახლა მხოლოდ ფრინველები და მხეცები თუ აღწევდნენ წმინდა მამამდე. იგი საკუთარი ხელით აჭმევდა დათვს, როცა მისთვის პური მიჰქონდათ.

ღირსმა მამამ გადაწყვიტა, კიდევ უფრო გაემკაცრებინა ღვაწლი, _ ყოველ ღამით ის ერთ უზარმაზარ ქვაზე ადიოდა და ხელაპყრობით ლოცულობდა: “უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი!”. დღისით კელიაში განაგრძობდა ლოცვას. აქაც ტყიდან მოტანილ ქვაზე იდგა, საიდანაც იშვიათად ჩამოდიოდა. ასე ლოცულობდა წმიდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში. ერთხელ ყაჩაღები თავზე დაადგნენ უდაბნოში მომუშაკე ბერს და ფული მოსთხოვეს. ყაჩაღებმა სასტიკად გვემეს ღირსი მამა _ თავი გაუტეხეს, ნეკნები ჩაუმტვრიეს, შემდეგ კი შეკრეს და მდინარეში უპირებდნენ გადაგდებას, მაგრამ, როცა მის ღარიბულ კელიაში ხატისა და რამდენიმე კარტოფილის მეტი ვერაფერი იპოვეს, განერიდნენ იქაურობას. საშინელი ჭრილობებისაგან სიკვდილის პირას მყოფ წმინდანს ღვთისმშობელი გამოეცხადა და განკურნა. ამის შემდეგ სერაფიმე წელში მოხრილი დადიოდა, კვერთხზე ან ნაჯახზე დაყრდნობილი, მაგრამ შეურაცხმყოფლებს გულით შეუნდო შეცოდება და ითხოვა, არ დაესაჯათ ისინი.

როდესაც იღუმენი ისაია გარდაიცვალა, წმიდა მამამ მდუმარების ღვაწლი იტვირთა. ის ცდილობდა, ლოცვით ყოველგვარი ამაო ფიქრისგან განეწმიდა გონება: თუ ტყეში ვინმეს გადაეყრებოდა, პირქვე დაემხობოდა და შემხვედრის წასვლამდე არ წამოდგებოდა. ამგვარ ღვაწლში გალია წმინდანმა თითქმის სამი წელიწადი, კვირის წირვებზეც კი არ მიდიოდა სავანეში. მაშინ ახალმა იღუმენმა ნიფონტმა და მონასტრის ძმებმა სთხოვეს ბერს, წირვა-ლოცვაზე მაინც მისულიყო მათთან ან, საერთოდ, დაბრუნებულიყო სავანეში. ღირსმა მამამ ეს უკანასკნელი არჩია, რადგან შორს სიარული უჭირდა და 1810 წლის გაზაფხულზე, 15-წლიანი განდეგილობის შემდეგ, სავანეში დაბრუნდა. აქ იგი ერთ კელიაში დაეყუდა, საიდანაც არასდროს გამოდიოდა. უფალმა მას განჭვრეტისა და სასწაულთმოქმედების ნიჭი მიმადლა. 1825 წლის 25 ნოემბერს ღვთისმშობელმა მას გამოცხადებით მოუწოდა ხალხის სამსახურისკენ და ამ დღიდან წმინდანის კელიის კარი ღია იყო ყველა მსურველისთვის. მოძღვარი ღვთისადმი აღვლენილი ლოცვებით კურნავდა მათ სულიერი და ხორციელი სნეულებებისგან. სიცოცხლის ბოლო წლებში იგი ლოცვისას ჰაერში ამაღლებულიც უხილავთ.

სიცოცხლის უკანასკნელ წელს სერაფიმე საროველი საგრძნობლად დასუსტდა, ის ბევრს ლაპარაკობდა მოახლოებულ აღსასრულზე. ღირსმა მამამ ითხოვა, მიძინების ტაძრის საკურთხეველთან დაეკრძალათ, მის მიერ წინასწარ მინიშნებულ ადგილას. 1833 წლის 1 იანვარს უკანასკნელად ეზიარა. 2 იანვარს, დილის ექვსი საათისთვის, წმინდანის მორჩილმა პავლემ იგრძნო, რომ კელიიდან დამწვრის სუნი გამოდიოდა. წმინდანი ყოველთვის ანთებდა სანთლებს, მაგრამ ამბობდა: “სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს კელიაში ხანძარი არ გაჩნდება, ჩემი სიკვდილი კი ხანძრით გაცხადდებაო”. როცა კარი გააღეს, დაინახეს, რომ წიგნებსა და სხვა ნივთებს ცეცხლი მოსდებოდა, მამა სერაფიმეს კი, ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლმოყრილს, სული უფლისთვის მიებარებინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here