Home რუბრიკები ისტორია წყევლაკრულვიანი საკითხავი

წყევლაკრულვიანი საკითხავი

1888
გაზეთი ივერია

განა განკითხვა ადამიანისა არ შეიძლება ზრდილობიანი, თავაზიანი და მართებული იყოს?!”

მასმედიის როლი ქვეყნის საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, მისი მიმართულებები, განვითარების ტენდენციები, საზოგადოებისა და პრესის დამოკიდებულება ის საკითხებია, რომლებზეც ფიქრი და რომელთა გაანალიზებაც ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ჯერ კიდევ 1882 წელს ილია ჭავჭავაძე პრესის თავისუფლების შესახებ წერდა, რომ გაზეთების მთავარი დანიშნულებაა, საზოგადოებას და თვით მთავრობასაც კი შეატყობინოს და გააცნოს ხალხის ჭირვარამი, ავი და კარგი, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაცსაზოგადო საქმეებს შეეხება იმ ქვეყნისას”, რომელშიც ეს გაზეთი გამოდის. ამ დანიშნულების შესრულება ქვეყნის სასარგებლოდ მით უფრო შესაძლებელია, რაც უფრო ნაკლებად დამოკიდებული იქნება სხვადასხვა გარეშე მიზეზზე, რაც უფრომომეტებული ნებაექნება, რომ თამამად და მოურიდებლად ილაპარაკოს და წეროს სიმართლე, რეალურად და სწორად ასახოს მოვლენები; შეძლოს ისეთი სარწმუნო ფაქტების შერჩევა, რომლებიც ობიექტურად გამოხატავს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებს, და მიუკერძოებლად შეაფასოს ისინი.

გაზეთივერიისგამოცემით ქართველი ერის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

ქვემოთ მოყვანილ წერილშისაზოგადო საქმის მსახურთა სახელის დაცვისათვისსაუბარია იმაზე, რომ იმ ადამიანის სახელის ლაფში ამოსვრა, რომლის აზრს არ ეთანხმები, უკადრისი საქციელია; სამწუხაროდ, საზოგადო მოღვაწის შეცდომები ჩვენ სასიხარულო ამბად მიგვაჩნია, საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანის თავზეხელაღებულ ლანძღვას, კაცის სიხარულით ავად ხსენებას ვერსად ნახავთ, როგორც ჩვენშიო, _ წუხდა ერის მამა. მის გულისტკივილს ისიც ამძაფრებს, რომამ ჭუჭყის მსროლელსსაზოგადოება ბარაქალას ვეუბნებითო. ილია თანამემამულეთ ურჩევს, მსგავს საქციელს მოერიდონ და სამართლიანი გულისწყრომით ზურგი შეაქციონ ავყიას, რადგანამას ითხოვს ჯანმრთელობა საზოგადოებისა, ამას ითხოვს ნამუსი და პატიოსნება ყველასი ერთად და თვითეულისა ცალკედ”.

ილიას აზრით, გულწრფელი გულშემატკივარიმართებული გამკითხველია და არა შემაგინებელი და მლანძღავი”. ამიტომ პირველს, ანუმართებულ გამკითხველსმხარი უნდა დავუჭიროთ; მეორემ კი, შემაგინებელმა და მლანძღავმა, რომელიც გაბღინძული და გამოჭიმული დადის და თავისი სამარცხვინო საქციელით თავიც კი მოსწონს, დაეილაწლაწოს, ვიდრე თვის საკუთარ ლაფში სული შეუგუბდება და დაირჩობაო”.

ილიას ეპოქისივერიიდანმიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მკითხველი პარალელებს უკეთ გაავლებს, ადვილად გააანალიზებს და, შესაბამისად, უკეთ მიხვდება, რა გვეკადრება და რა არა, როგორ მოვიქცეთ, რა გზითა და ხერხით უნდა ვცადოთ პრობლებების მოგვარება, ქართული საქმის კეთება.

 ილია სვამს რიტორიკულ კითხვას: “განა განკითხვა ადამიანისა არ შეიძლება ზრდილობიანი, თავაზიანი და მართებული იყოს?! “

დღესაც აი ეს არის სწორედ ჩვენი წყევლაკრულვიანი საკითხავი.

საზოგადო საქმის მსახურთა სახელის დაცვისათვის

ჩვენი გაზეთი მეტად ჰფრთხილობს, რომ არა რომელიმე კაცი არ იყოს გაბიაბრუებული, გაუპატიურებული არც მართლად და არც ტყუილ-უბრალოდ. გაბიაბრუება, გაუპატიურება ვისიმე საკადრისი არ არის არც ცალკე კაცისაგან, არც ლიტერატურისაგან, რომელიც მართებულობის და რიგიანობის მაგალითი უნდა იყოს, და თუ ან ერთი აკლია, ან მეორე, ღირსი არ არის წმინდა სახელი ლიტერატურისა ატაროს. ჭუჭყიანი სიტყვა-პასუხი, ჭუჭყიანი გულისნადები, რომელიც ზედ აბეჭდია ხოლმე ყოველს კაცს, სხვის გასაბიაბრუებლად გამოლაშქრებულს, მეტისმეტად ცხადი ნიშანია თვითონ მოლაშქრეს უწმინდურობისა და ჭუჭყისა.

ჩვენ ამის თაობაზედ არაერთხელ გვქონია ლაპარაკი და ისიც დაგვიმატებია, რომ ეს ჩვენი აზრი იმას კი არ ჰნიშნავს, ვითომც კაცი განკითხული არ უნდა იყოს, როცა განსაკითხავია. ხოლო განკითხვაც არის და განკითხვაც. განა განკითხვა ადამიანისა არ შეიძლება ზრდილობიანი, თავაზიანი და მართებული იყოს?! დღეს ჭეშმარიტად განათლებული და გულით და გონებით განათლებისაგან გაფაქიზებული და განწმენდილი კაცი ითხოვს, რომ ადამიანურად, ადამიანის ღირსების ძირს დაუშვებლად ექცეოდნენ თვით ავაზაკსაც კი, რომელიც უკვე წამოსკუპებულია დამნაშავეთა სკამზედ და მსჯავრი მის მიერ შეგინებულის სათნოებისა უკვე თავს დასტრიალებს სამართლიან ზღვევისათვის.

თუ ავაზაკს ესე უნდა მოვექცეთ, მაშ, როგორ უნდა მოვექცეთ ერთმანეთს, როცა ბედი და გარემოება შეგვახვედრებს ხოლმე ერთმანეთის განსაკითხავად? ცხადია, როგორც, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენში მართებულ, ზრდილობიან განკითხვისათვის ბევრს აკლია საფანელი. ბევრს გული და გონება ამისათვის საკმაოდ განწმენდილი, გაწურთვნილი არა აქვს. ამიტომაც ისეთს თავზედ ხელაღებულს ლანძღვათრევას, ისეთის სიხარულით კაცის ავად ხსენებას არსად ჰნახავთ, როგორც ჩვენში. საკმაოა, ჩვენში კაცმა კაცს რაზედმე საბუთიანი უარი უთხრა, საკმაოა, ერთს რომელსამე აზრზედ არ დაეთანხმო, საკმაოა, შენი საკუთარი აზრი იქონიო, სხვის სიტყვას, სხვის საქმეს სამართლიანი წუნი დასდო, საკმაოა, რაც იმას მოსწონს, თქვენ არ მოიწონოთ, _ ერთერთი ამისთანა საკმაოამეთქი, რომ მომდურავმა კაცმა თავისი კალამი თუ ენა ლაფში ამოავლოს და ზედ თავზედ დაგაბერტყოთ. სამწუხაროა, ჭირთაჭირი ის არის, რომ ამის მომქმედს ბარაქალის ქუდსა ვხურავთ და ისიც გაბღინძული და გამოჭიმული დადის და უსირცხვილოდ ჰქადულობს თავის სამარცხვინო საქციელს.

დღე არ გადის, რომ ზოგიერთ ადგილებიდამ ესე ლაფში ამოვლებულ კალმით დაწერილი კორესპონდენციები არ მოგვდიოდეს. ზოგი ამასა ჰლანძღავს ასეთი და ასეთიაო და სამსახურიდამ უნდა გაგდებულ იქმნასო, ზოგი მეზობელზედ, ზოგი მტერზედ, ზოგი მოყვარეზედ. ყოველის სტრიქონიდამ გამოჰკრთის, რომ აქ ნაწყენი, გადამტერებული, დამუქრებული გული მოქმედებს, და არა გამკითხველი, გულდინჯი, ჭკუადამჯდარი, მართალი.

ამ ლაფის წვიმის ქვეშ, რა თქმა უნდა, უფრო იმისთანანი ჰდგანან, რომელთაც უბედური სვე შეხვედრიათ და გამოსულან გასარჯელად საზოგადო მოედანზედ საზოგადო სამსახურისათვის შეძლებისამებრ. იმისთანა უნუგეშო, უმწეო, ხელთაღუპყრობელი კაცი არ არის ჩვენში, როგორც საზოგადო საქმის მოღვაწე. როგორც გადატეხილს ღობეს, დიდი და პატარა მისდგომია და თელავს. არავის სტკენს გულს ეს ასეთი უსამართლო ქცევა, არავის ეზიზღება. არავის ეთაკილება. ისე გაბიაბრუებული, ისე გაუპატიურებული არავინ არის ჩვენში, როგორც სვეუბედური მსახური საზოგადო საქმისა. აქაოდა, მოედანზე სდგას და ნიშანში ადვილი ამოსაღებიაო, აღარაფერს ვერიდებით, ვასორსლებთ ტალახის გუნდას და პანტასავით თავზე ვაყრით.

უცდომელი არავინ არის და შესაძლოა საზოგადო მოღვაწე ბევრში სცდებოდეს, ბევრში არ ემარჯვოს, ბევრში იმედი გაუმტყუნდეს და ამასთანავე შესაძლოა, რომ გული, ნამუსი, სინიდისი წმინდა ჰქონდეს, სურვილი, განზრახვა, გულისნადები პატიოსნად ერჩოდეს. არგამარჯვება, იმედთა გამტყუნება შეცდომილება საზოგადო მოღვაწისა ჩვენ სასიხარულო ამბად მიგვაჩნია, იმიტომ, რომ შემთხვევას გვაძლევს, ლანძღვის გუდას პირი მოვხსნათ და გაბიაბრუების, გაუპატიურების საწამლავში ამოვლებულ ისრით გული გავურღვიოთ, და რამდენად უფრო სატკენია, საწყენია ეს ამბავი მოღვაწისათვის, მით უფრო ბევრს ბარაქალას ვეუბნებით მსროლელსა.

ამ ჭუჭყს მოვერიდნეთ. კმარა ასეთი სამარცხვინო ქცევის შეწყნარება. სამართლიანის გულისწყრომით ზურგი შევაქციოთ სხვის გამაუპატიურებელს და ყოველივე ლანძღვათრევით გაბიაბრუებული ჩვენს საფარველ ქვეშ მივიღოთ და სარჩლი გავუწიოთ. ამას ითხოვს ჯანმრთელობა საზოგადოებისა, ამას ითხოვს ნამუსი და პატიოსნება ყველასი ერთად და თვითეულისა ცალკედ. გულტკივნეულად მომქმედი მართებული გამკითხველია და არა შემაგინებელი და მლანძღავი. პირველს მხარი მივსცეთ და მეორე კიმეორემ კი ილაწლაწოს, ვიდრე თვის საკუთარ ლაფში სული შეუგუბდება და დაირჩობა.

ტფილისი,

29 დეკემბერი, 1887 .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here