Home რუბრიკები საზოგადოება წმიდა ევსტათი მცხეთელი

წმიდა ევსტათი მცხეთელი

499

ჩვენამდე მოღწეული ერთერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებაევსტათი მცხეთელის მარტვილობა”, რომლის ავტორიც  უცნობია, ასახავს სპარსელი ქრისტიანი ჭაბუკის წამების ამბავს, VI საუკუნის ქართლის საზოგადოებრივ და კულტურულ ყოფას _ როგორ გამოქცევია სპარსელი მოგვის შვილი, ქრისტიანთა თანამგძნობი გვირობანდაკი სპარსეთში ატეხელ ქრისტიანთა დევნას და 541 წელს ქალაქ განძაკიდან ქართლში (მცხეთაში) ჩამოსულა. მონათვლის შემდეგ მას ეწოდა ევსტათი. ევსტათიმ უარყო სპარსთა მბრძანებელის მოთხოვნა ქრისტიანობაზე უარი ეთქვა, პირიქით _ ვრცლად მოუთხრო რა მას ძველი და ახალი აღთქმის ისტორია, დაუსაბუთა ქრისტიანული სარწმუნოების უპირატესობა მაზდეანობაზე. შედეგად კი ქრისტიანობის ერთგულებისათვის მას თავი მოჰკვეთესმეექვსე საუკუნის ქრისტიანი წმიდანის _ ევსტათი მცხეთელის ხსენების დღედ 11 აგვისტოა დაწესებული.

წმიდა ევსტათი მცხეთელი წარმოშობით სპარსი იყო. იგი საქართველოში ჩამოვიდა და ქართლში დასახლდა. მას ისე მოეწონა ქართველთა ზნე-ჩვეულება, რომ გაქრისტიანება გადაწყვიტა, ეს კი იმ დროისათვის ძალიან საშიში იყო. გვირობანდაკმა (ასე ერქვა მას ნათლობამდე) კათოლიკოს სამოელის ხელით მიიღო ნათლობა და ქრისტიანული სახელი _ ევსტათი ეწოდა. მალე მან ქართველი ქალი შეირთო და მთლიანად დაუმოყვრდა ქრისტესთან დამოყვრებულ ერს.

ერთხელ მცხეთელმა სპარსელებმა დღესასწაულზე მიიწვიეს ევსტათი, მაგრამ წმიდანმა შორს დაიჭირა თავი. “მე ქრისტეს ბეჭდითა აღბეჭდილ ვარ და ბნელსა მაგას განშორებულ ვარო”, _ შეუთვალა მან ძველ თანამემამულეებს. დღესასწაულის დამთავრების შემდეგ ცეცხლთაყვანისმჰცემლებმა მცხეთის ციხისთავ უსტამთან დაასმინეს ევსტათი. მან თავისთან დაიბარა წმინდანი.

ევსტათი ჯერ შეყოყმანდა, შემდეგ კი გაიფიქრა: “ესენი ჩემი მოყვარენი არიან და თუ ამათი შემეშინდება, სხვასთან როგორღა მოვიქცევი. წავალ და ცხადად ვაღიარებ ქრისტეს, რამეთუ წერილ არს: “რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, აღვიარო მეცა იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა და რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, უვარ ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არს ცათა შინა”.

უსტამმა სადაურობა გამოჰკითხა ევსტათის. წმიდანმა მიუგო: სპარსელი ვარ, არშაკეთის ხევიდან, ქალაქ განძაკიდან. მამაჩემი მოგვი იყო, მეც მოგვობას მასწავლიდა, მაგრამ ჩვენს ქალაქში ბევრი ქრისტიანი ცხოვრობდა, შევისწავლე მათი რჯული, ვარჩიე მოგვობას და ახლა ქრისტიანი ვარო.

უსტამს არ ჰქონდა დასჯის უფლება, ამიტომ ქართლის მარზპანთან, არვანდ გუშნასპთან, გაგზავნა აღმსარებელი. შემასმენელნი კვლავ ეახლნენ მცხეთის ციხისთავს და აუწყეს, რომ კიდევ შვიდი სპარსელი შედგომოდა ქრისტეს სჯულს. რვავე ქრისტიანს ბორკილები დაადეს და თბილისში გაგზავნეს.

მარზპანმა მკაცრად დაჰკითხა ქრისტეს მსასოებელი სპარსელები. მათ უპასუხეს: “მამულსა-ღა ზედა რჩულსა ვიყვენით, სპარსთა რჩული ვიცოდით, ხოლო რაჟამს ქართლად შემოვედით და ქრისტიანეთა რჩული ვიხილეთ, ქრისტეანე ვიქმნენით და აწ ქრისტეანე ვართ, რამეთუ ქრისტეანეთა რჩული წმიდა და სურნელ არს და ფრიად კეთილ და შუენიერ არს, ხოლო სხუაი რჩული ვერ ესწორების რჩულსა ქრისტეანეთასა”.

განრისხებულმა მარზპანმა ბრძანა, სასტიკად დაესაჯათ ისინი: გაეპარსათ თმა და წვერი, გაეხვრიტათ ცხვირები, დაედოთ ბორკილები და საპყრობილეში ჩაეყარათ, მაგრამ, თუკი რომელიმე უარყოფდა ქრისტეს, შეეწყალებინათ.

ექვსი თვის შემდეგ მარზპანი სპარსეთის მეფემ თავისთან იხმო. ამით ისარგებლეს ქართლის კათალიკოსმა სამოელმა, მცხეთის მამასახლისმა გრიგოლმა, პიტიახშმა არშუშამ და სპარსეთს მიმავალ არვანდ გუშნასპს სთხოვეს, გაეთავისუფლებინა დილეგში ჩაგდებული სპარსი ქრისტიანები. არვანდ გუშნასპმა თხოვნა შეუსრულა ქართველ დიდებულებს, თუმცა დაამატა, _ ისინი მოსაკლავად მყავდა გამზადებულიო.

სამი წლის შემდეგ ქართლს მარზპანად ვეჟან ბუზმირი მოევლინა. მოგვებმა კვლავ დაასმინეს ევსტათი. წმიდა ევსტათი სამუდამოდ გამოეთხოვა ოჯახს, რადგან ქრისტეს ის არ უარყოფდა, ისე კი მას შინ ცოცხალს არავინ გამოუშვებდა: “ჯმნულმცა ვარ მე თქვენგან, რამეთუ მე აქა აღარა მოქცევად ვარ და ქრისტე მე არა უვარ მყო და მათ მე არღარა განმიტეონ ცოცხლებით, ხოლო სიჰკუდილი ჩემი ტფილისს ყოფად არს საპყრობილესა და თავი მოკუეთად არს ჩემდა, ხოლო გუამი ჩემი მოიწიოს აქვე ნებითა ღმრთისაითა”.

წმიდა ევსტათი შეევედრა ღმერთს, ნუ გახდი ჩემს სხეულს ნადირთა და ფრინველთა საჯიჯგნად და მცხეთაში მომეცი სამუდამო განსასვენებელიო, სადაც მოვინათლეო: უფალო ღმერთო იესუ ქრისტე, უკუეთუ ღირს მყო მე სიკუდილსა სახელისა შენისათვის ქრისტიანობით, ხორცთა ჩემთაი ნუ ჯერ გიჩნს განგდებაი გარე და შეჭმაი ძაღლთა და ფრინველთა ცისათაი, არამედ ხორცთა ჩემთა ბრძანე აქვე მოქცევაი და დამარხვაი მცხეთას, სადაც ნათელ მიღებიეს”.

წმიდა ევსტათი თბილისში ჩაიყვანეს და ვეჟან ბეზმირს მიჰგვარეს. ევსტათისგან მოსმენილი ქრისტიანული აღმსარებლობით გაკვირვებულმა და მისი სიმშვენიერით მოხიბლულმა ბეზმირმა ტკბილად მიმართა წმიდანს: “შვილო ჩემო ევსტათი, ისმინე ჩემი და ნუ დაიმცირებ დღეთა ცხოვრებისა შენისათა ქრისტეანებისათვის და ნუ ქურივ სუამ ცოლსა შენსა და ობოლ შვილთა შენთა და ნუ მოსწყდები მოყუასთა შენთა ამას ცხორებასა”. წმიდა ევსტათიმ განუცხადა, რომ ქრისტეს არ უარყოფდა. გაბრაზებულმა მარზპანმა ბრძანა, წმიდანი საპყრობილეში წაეყვანათ, ღამით კი თავი მოეკვეთათ და ქალაქგარეთ დაეგდოთ ფრინველთა საჯიჯგნად. სანამ საპყრობილეს მიაღწევდნენ, მან ითხოვა, ლოცვისათვის დრო მიეცათ, მუხლი მოიდრიკა, თვალები ზეცად აღაპყრო და უფალს შეევედრა: “უფალო ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, რომელსა ყოველთა კაცთაი გნებავს ცხორებაი, რომელნი ესვენ სარწმუნოებით სახლსა წმიდასა შენსა; რომელმან ისმინე ლოცვაი პირველთა მათ მოწამეთაი… ამას ვილოცავ და გევედრები და ვითხოვ შენ სახიერისაგან, რათა არა დაეტეოს გვამი ჩემი აქა ტფილისს შინაა, არამედ რაითა დაემარხოს იგი მცხეთას წმიდასა, სადა იგი შენ გამომიჩნდი და რათა აქუნდეს მადლი და კურნებაი ძუალთა ჩემთა, ვითარცა იგი პირველთა მათ”. უცებ გაისმა ხმა: არა უნაკლულეს იყო შენ პირველთა მათ მადლითა კურნებისათა, რომელთა ვჰრწმენე მე, ხოლო გუამისა შენისათვის ნუ ჰზრუნავ, ეგრე იყოს, ვითარცა შენ სთქუ ყოფად”.

მარზპანის მსახურებმა თავი წარკვეთეს წმიდა ევსტათის, გვამი კი ღამით გაიტანეს და ქალაქგარეთ დააგდეს. ეს მოხდა დაახლოებით 550 წელს.

ქრისტიანებმა ევსტათის ცხედარი მალულად წაასვენეს მცხეთას. მოწამის ნეშტს წმიდა სამოელ კათოლიკოსი შემოეგება და პატივით დაკრძალა სვეტიცხოველში, წმიდა ტრაპეზის ქვეშ.

მომზადდა წიგნიდანქართველ წმიდანთა ცხოვრებანი”,

თბილისი, 2004 წ.

ლოცვა

ჰოი, ღვაწლით შემოსილო, ახოვანო და შვენიერო წმიდაო მოჰწამეო ევსტათი, ნეტარსა მას სამყოფელსა შინა განსვენებულო და ღმრთისა პირისა მხილველო, ლოცვითა შენითა წმიდითა განანათლე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი. შეიწყალე და აცხოვნე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი, მცხეთათბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე მამა? ჩვენი ილია, ყოვლად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზნონი წესნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა შეგიწყალმეს ჩვენ საშინელსა და შესაძრწუნებელსა სამსჯავროსა მისსა და მიტევებისა და სიყვარულისა მისისა წყაროსა შინა შეწყნარებულნი და მისა მიმართ დაგებულნი დაუდუმებელად ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა, რამეთუ მისა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანადაუსაბამო? მამით მისით და სახიერით და ცხოველსმყოველით სულით წმიდითურთ ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here