Home რუბრიკები საზოგადოება წინსვლა ევროპისკენ: უკრაინამ გეიაღლუმი “წარმატებით” ჩაატარა. იქნება თუ არა შემდეგი საქართველო?

წინსვლა ევროპისკენ: უკრაინამ გეიაღლუმი “წარმატებით” ჩაატარა. იქნება თუ არა შემდეგი საქართველო?

4029
მამა გიორგი (რაზმაძე)

17 ივნისს უკრაინის დედაქალაქ კიევში ლგბტ პირებმა და მათი მოძრაობის მხარდამჭერმა აქტივისტებმა გრანდიოზული გეიაღლუმი ჩაატარეს. მართალია, უკრაინის მოსახლეობის უმრავლესობა ამ ფაქტს გულგახეთქილი შეხვდა, მაგრამ პოროშენკოს ხუნტამ ხალხის ნებას ისევ დასავლეთის პოლიტიკური დივიდენდები ამჯობინა და ევროპარლამენტის დარიგება ზედმიწევნით შეასრულა.

 მოგეხსენებათ, ევროპარლამენტმა, თავისი 35 დეპუტატის პირით, პოროშენკოს ჯერ კიდევ 11 ივნისს (ანუ გეიაღლუმამდე ექვსი დღით ადრე) ღია წერილით მიმართა, რომ, რადაც უნდა დასჯდომოდა, ლგბტ-ებს დედაქალაქის ქუჩებში გეიაღლუმის ჩატარების საშუალება ჰქონოდათ. მეტიც, ევროპარლამენტარები აღლუმში მონაწილეობისკენ თვითონ პოროშენკოს და მთლიანად მის გუნდსაც მოუწოდებდნენ: “ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინელ ლიდერებსა და ხელისუფლების წევრებს, შეუერთდნენ საკუთარ მოქალაქეებს 17 ივნისს სიამაყის აღლუმზე. შედით ისტორიაში და დადექით პირველ რიგებში, როდესაც უკრაინელები მარშით წავლენ ძლიერი, მრავალფეროვანი და დემოკრატიული ევროპული ოჯახისკენ”…

 შეგახსენებთ, რომ უკრაინაში გეიაღლუმების ჩატარებისა და ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების დაკანონების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ხელისუფლების სათავეში დასავლეთიდან მართული პეტრე პოროშენკო მოვიდა. პირველ ეტაპზე მან, ევროკავშირის მითითებით, რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, შემდეგ ამ ცვლილებების სისრულეში მოყვანა კონკრეტული ქმედებებით დაიწყო (ამის ერთ-ერთი გამოხატულება ზემოაღნიშნული გეიაღლუმია).

 რას ნიშნავს საქართველოსთვის უკრაინის მაგალითი და არის თუ არა ახლო მომავალში მსგავსი რამ ჩვენთან მოსალოდნელი?

 გვესაუბრება ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

 _ მამაო, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ხალხის უმრავლესობა სოდომიის პროპაგანდას უარყოფითად აღიქვამს და მსგავს გამოვლინებებს უკომპრომისოდ ებრძვის, წინა კვირას კიევში ლგბტ-ებმა გეიაღლუმის ჩაატარება მაინც შეძლეს. როგორ ფიქრობთ, ის, რაც ევროკავშირს 40-მილიონიან უკრაინასთან გაუვიდა, ჩვენთან, თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში, არ გაუვა?

_ ეს პროცესები გლობალურ ჭრილში უნდა განვიხილოთ, აქ მხოლოდ უკრაინასა და საქართველოზე არ არის საუბარი. მაგალითად, რამდენიმე დღის წინათ საბერძნეთში მამათმავლებმა პერფორმანსი მოაწყვეს და სხვადასხვა წმინდანის ხატები სასქესო ორგანოებზე დაიხატეს. მერე გამოვიდნენ სასულიერო პირები და ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე გააპროტესტეს ეს ყველაფერი, მაგრამ პოლიციამ, რომელსაც მამათმავლების ამორალურ საქციელზე რეაქცია არ ჰქონია, ისინი მაშინვე დააკავა. რაც შეეხება უკრაინასა და საქართველოს, სიახლე არავისთვისაა ის, რომ ერთიცა და მეორეც, უკვე დიდი ხანია, ევრო-ამერიკელი აგრესიული ლიბერალებისთვის საცდელი ლაბორატორიაა. ხან აქ ატარებენ რაღაც ექსპერიმენტს და მერე იქ მიაქვთ, ზოგჯერ კი იქ ცდიან და მერე _ ჩვენთან. ამჯერად უკრაინა აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელშიც ასე ღიად და პომპეზურად იზეიმეს მამათმავლებმა. ხვალ-ზეგ, დარწმუნებული ვარ, იმავეს აქაც გააკეთებენ.

_ რატომ შეარჩიეს უკრაინა?

_ ალბათ, იმიტომ, რომ დღეს იქ უფრო რთული მდგომარეობაა; მეორეც _ ჩემი აზრით, დღეს წყდება საკითხი, შეძლებენ თუ არა უკრაინის ეკლესიის ჩამოშორებას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გახლეჩას და მის მსოფლიოს საპატრიარქოსადმი დაქვემდებარებას. ის ვიზიტიც, რომელიც ახლახან შედგა საქართველოში (მოგეხსენებათ, მსოფლიო საპატრიარქოდან ორი მიტროპოლიტი ჩამოვიდა) ამ გეგმის ნაწილი მგონია. მეტსაც გეტყვით, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს მითითებით, რომელიც ჩემთვის ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს პატრიარქი, ისინი პირდაპირი მუქარით ჩამოვიდნენ, რომ, თუ საქართველოს ეკლესია მხარს არ დაუჭერს უკრაინის ეკლესიის გამოყოფას რუსეთის საპატრიარქოსგან, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს თავიანთ საეკლესიო იურისდიქციას დაუქვემდებარებენ. არადა, მეორე მხრივ, არის რუსეთი, რომელიც დაახლოებით იმავეს გეუბნება, _ თუ დაუჭერ მხარს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, ანუ რუსეთის საპატრიარქოდან გამოყოფას, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს შენი ეკლესიის ნაწილად აღარ განვიხილავო. ურთულესი მდგომარეობაა. არ ვიცი, აქედან გამოსავლის რა გზა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ იმედია, უწმინდესი ისეთ ფრთხილ და ზუსტ ნაბიჯს გადადგამს, რომ კიდევ ერთხელ არ დაზიანდება ჩვენი ეკლესია.

_ გაუძლებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოს საპატრიარქოს შანტაჟს?

_ ერთადერთი, კიდევ ვიმეორებ, იმის იმედი მაქვს, რომ მისი უწმინდესობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. სხვა ყველაფერი, რაც დღეს ხდება, მიუთითებს იმაზე, რომ ბოლო ჟამი ახლოვდება.

_ დავუბრუნდეთ ისევ უკრაინაში ჩატარებულ აღლუმს. თქვენ თქვით, რომ ახლო მომავალში საქართველოშიც შეეცდებიან მსგავსი აღლუმის ჩატარებას. კიევში მათ ეს გაუვიდათ. ჩვენ შემთხვევაში, გაქვთ ხალხის პრინციპულობის იმედი? შეძლებს ხელისუფლება, საზოგადოებას გადააბიჯოს?

 _ ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცის, რომ გეიაღლუმის ჩატარების მცდელობასაც კი საქართველოში მისთვის პოლიტიკური წარღვნა მოჰყვება, ამიტომ ვერ ბედავენ ამ ეტაპზე ამას ასე ღიად, მაგრამ ეს მდგომარეობა არის დღეს. როგორც კი იგრძნობენ, რომ ხალხი ცოტა მოეშვა, მაშინვე ასი პროცენტით შეასრულებენ ყველა ევრო-ამერიკულ “რეკომენდაციას”. საერთოდ, ჩვენ რაც უნდა ვიძახოთ, რომ ამას არ დავუშვებთ, იმას არ დავუშვებთო, სანამ ეს ხელისუფლება და ნებისმიერი სხვა მსგავსი ძალა გვეყოლება სათავეში, სანამ საქართველო ორიენტირებული იქნება ევროლიბერალების რჩევა-დარიგებებზე და ისინი დაგვიდგენენ დღის წესრიგს, რამე სიკეთეს არ უნდა ველოდოთ. კი, რაღაც ეტაპზე, როცა საზოგადოების უკმაყოფილების მუხტი მოიმატებს, შეიძლება უკან დაიხიონ, მაგრამ საბოლოოდ ის მცოცავი ლიბერალური პროცესი, რომელიც, უკვე ათწლეულებია, მიდის, გაგრძელდება. ადრე თუ გვიან, მაინც მიიყვანენ ქვეყანას იქამდე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აღარ ექნება ლიბერალების უზნეობებზე რეაქცია, ამიტომ ვამბობ, რომ ერთადერთი გზა ხსნისა მათი და ყველა მსგავსი იდეოლოგიის ძალების მოშორებაა. რადგან ვისაც უნდა, ამას რადიკალიზმი დაარქვას, მაგრამ მიმაჩნია, რომ მართებულად ვფიქრობ _ ლიბერალური შხამით მოწამლული პოლიტიკოსები ვერ შეიცვლებიან.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად მაქვს საზოგადოების იმედი, სიმართლე გითხრათ, მე დღეს მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვს, იმიტომ, რომ, რასაც ვუყურებ და ვისმენ, ამ პირობებში ხალხს სასწაულები არ უნდა მოსთხოვო.

აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის საშუალებით უკვე მერამდენედ მოვუწოდო საზოგადოებას, რომ არ უყურონ ქართულ ტელევიზიებს. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ ტოქსიკურ ტელევიზიას, როგორიცაა “რუსთავი 2”, თუმცა სხვებიც არანაკლებ ელვისებურად ავრცელებენ საზოგადოებაში ფსიქოვირუსს სახელწოდებით “დასავლური გლობალიზმი და ლიბერალიზმი”…

კიდევ ვიმეორებ: ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება _ გნებავთ, გეიაღლუმის ჩატარება; გნებავთ, სხვა რამ, არის ერთგვარი სურათი იმისა, რაც ხვალ აუცილებლად მოხდება საქართველოში. ეს გარდაუვალია და ამას ვერ ავიცილებთ, სანამ ქვეყანა უცხოეთიდან მართულ ფსევდოლიბერალ მედროვეებს აბარია. ამას ვერ ავიცილებთ იმ ფასადური ცვლილებებით, რომელსაც ერთი უნამუსო და უზნეო ხელისუფალის თუ მმართველის მეორეთი ჩანაცვლება ჰქვია…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here