Home რუბრიკები საზოგადოება შეხვედრა თვალსაჩინო მეცნიერთან

შეხვედრა თვალსაჩინო მეცნიერთან

საქართველოს ეძლევა უნიკალური შანსი, ჩამოყალიბდეს წამყვან, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ცენტრად ეპილეფსიის კვლევისა და მკურნალობის დარგში

2211
თენგიზ გლოველი

საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ბოლო წლებში არაერთი ჩვენი თანამემამულე ეწევა ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას უცხოეთის წამყვან კვლევით და სასწავლო ცენტრებში. მათ შორისაა პროფესორი თენგიზ გლოველი, რომელიც ბერლინის სამედიცინო უნივერსიტეტში ნერვული ქსელის ფიზიოლოგიის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს. მისი მეცნიერული ინტერესების სფერო თავის ტვინის ნორმალური და პათოლოგიური აქტივობის ნატიფი მექანიზმების კვლევაა, რომელსაც მიუძღვნა სამოცამდე სამეცნიერო ნაშრომი და რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

ბატონი თენგიზი ქართული ფიზიოლოგიური სკოლის ღირსეული წარმომადგენელია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, წლების განმავლობაში სამეცნიერო, პედაგოგიურ და ორგანიზაციულ საქმიანობას ეწეოდა ამავე უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ფიზიოლოგიის კათედრაზე და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში. იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია აკადემიკოს . იოსელიანის ხელმძღვანელობით. 1992 წლიდან ის სამუშაოდ გადავიდა გერმანიაში: ჯერ კელნის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის ინსტიტუტში, შემდგომ _ ბერლინის სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც წარმატებით განვლო გზა მეცნიერი-თანამშრომლიდან ლაბორატორიის გამგემდე. იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. ბატონი თენგიზის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას ერთი წუთითაც არ გაუწყვეტია კავშირი სამშობლოსთან. მის ლაბორატორიაში წლების განმავლობაში განათლებას იღებს და მეცნიერებაში პირველ ნაბიჯებს დგამს მრავალი ქართველი ახალგაზრდა მკვლევარი, რომლებიც წარმატებით იცავენ სადიპლომო თუ სადისერტაციო ნაშრომებს და უბრუნდებიან სამშობლოს; მას ასევე მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა აქვს ქართველ კოლეგებთან. მისი ხელშეწყობით იმართება ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, ეწყობა სეზონური სკოლები, ქვეყნდება ერთობლივი სამეცნიერო კრებულები და სხვ. საზოგადოებრივ საწყისებზე ხელმძღვანელობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნეირომეცნიერების კვლევით ცენტრს. ამჟამად ბატონი თენგიზი სათავეში უდგას გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ერთობლივ გერმანულ-ქართულ პროექტს, რომელსაც დიდი სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ პროექტის შესახებ, გვინდა, რამდენიმე კითხვით მივმართოთ მას.

_ ბატონო თენგიზ, გთხოვთ, გაგვაცნოთ გერმანულქართული პროექტის ძირითადი არსი და მნიშვნელობა.

_ პროექტი მიზნად ისახავს ინტერდისციპლინარული მიდგომით ადამიანის თავის ტვინის კომპლექსურ კვლევას საქართველოში. ეს არის მოკლე განხილვა იმ შესაძლებლობებისა, რომლებიც, ჩემი აზრით, ამჟამად გააჩნია საქართველოს. პროექტი ითვალისწინებს ტვინის აქტივობის როგორც ფუნდამენტურ კვლევას, ასევე ტრანსლაციური მიდგომით მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას კლინიკაში, რაც გულისხმობს ტვინის დაავადების, კერძოდ, ეპილეფსიის პათოლოგიური მექანიზმების დადგენასა და მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვას საქართველოში.

ეპილეფსია არის მძიმე და ფართოდ გავრცელებული ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას ევროპასა და მსოფლიოში. ამ დაავადებასთან დაკავშირებული ხარჯები ევროპაში, 2001 წლის მონაცემებით, წლიურად 8 მილიარდ ევროს შეადგენდა. ეს ხარჯები ყოველწლიურად იზრდება, რაც, ძირითადად, მოსახლეობის წლოვანების მატებასთან არის დაკავშირებული. ეს დაავადება გავლენას ახდენს პაციენტთა არა მხოლოდ ცხოვრების ხარისხზე, არამედ საგრძნობლად (სულ ცოტა, 2-3-ჯერ) ზრდის მათი სიკვდილის რისკსაც. ევროპაში ეპილეფსიით დაავადებულია 6 მილიონი ადამიანი, საქართველოში კი მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, 40 ათასია. განსაკუთრებით პრობლემურია მედიკამენტების მიმართ ეპილეფსიის მდგრადი, ანუ ფარმაკორეზისტენტული ფორმა. საქართველოში ფარმაკორეზისტენტული ფორმით დაავადებულია დაახლოებით 13 000 პაციენტი, ანუ საერთო რაოდენობის მესამედი. ამ პაციენტების განკურნების ერთადერთი ალტერნატივაა ქირურგიული ჩარევით ეპილეფსიური კერის ამოკვეთა (რეზექცია). ეს, შესაძლებელია, მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდა ეპილეფსიური კერის ლოკალიზაციის ზუსტი დადგენა. ამისათვის კი აუცილებელია ტვინის აქტივობის ოპერაციული, ე.წ. ინვაზიური ანუ ინტრაკრანიალური აღრიცხვა. სამწუხაროდ, დიაგნოსტიკის ასეთი მეთოდი ამჟამად არ არსებობს საქართველოში, რაც შეუძლებელს ხდის ფარმაკორეზისტენტული პაციენტების მკურნალობას. ჩვენი მიზანია, ეს მეთოდი დავნერგოთ საქართველოში, რაც არსებითად გააუმჯობესებს პრექირურგიულ დიაგნოსტიკას და შექმნის აუცილებელ წინაპირობას პაციენტთა განკურნებისთვის.

_ პროექტი თუ ითვალისწინებს ექსპერიმენტულ ნაწილს?

_ აუცილებლად. ამ კლინიკური ნაწილის პარალელურად დაგეგმილია კომპლექსური ექსპერიმენტული კვლევის წარმართვა საქართველოში. ეპილეფსიის მკურნალობაში ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ახალმა მეთოდმა, ე.წ. მაღალსიხშირიანი რხევების აღრიცხვამ, რომლებიც ეპილეფსიური კერის ბიომარკერად, ანუ ზუსტ დიაგნოსტიკურ საშუალებად ითვლება. იმედის მომცემი პირველი შედეგების მიუხედავად, ეს ჯერჯერობით არ არის სტანდარტული კლინიკური მეთოდი და მოითხოვს შემდგომ ინტენსიურ ექპერიმენტულ კვლევას მის კლინიკაში საბოლოოდ დასანერგად. ასეთი რხევები აღრიცხულია როგორც პაციენტებში, აგრეთვე, ეპილეფსიის ცხოველურ მოდელშიც. მრავალ ასპექტში განსხვავების მიუხედავად, ცხოველის (კერძოდ, მღრღნელის) ტვინს აქვს მრავალი საერთო ადამიანის ტვინთან, რაც ტექნიკური თვალსაზრისით, ხელმისაწვდომობასთან ერთად, ხდის მათ მნიშვნელოვან საშუალებად ფუნდამენტური და პარქტიკულ-კლინიკური კვლევისთვის. ჩვენი პროექტი ითვალისწინებს მაღალსიხშიროვანი რხევების დეტალურ შესწავლას ეპილეფსიის ცხოველურ მოდელში, რაც უთუოდ დაგვეხმარება პათოლოგიური კერის ზუსტ დადგენაში. ცხოველური მოდელის ზოგიერთი უპირატესობის მიუხედავად, რა თქმა უნდა, შეუცვლელი რჩება ტვინის მოქმედების შესწავლა ადამიანის ტვინის აქტივობაზე უშუალო დაკვირვების გზით. სამკურნალო მიზნით ნეიროქირურგიული ჩარევისას ამოკვეთილი ადამიანის ტვინის ცოცხალი ქსოვილი, რომელიც ფუნდამენტური და კლინიკური კვლევებისთვის უნიკალურ მასალას წარმოადგენს, დღეს მსოფლიოს მხოლოდ მცირე რაოდენობის სამეცნიერო ცენტრებშია ხელმისაწვდომი. ჩვენი პროექტის ექპერიმენტული ნაწილი ითვალისწინებს ამ უნიკალური მასალის, ადამიანის ტვინის ამოკვეთილი ქსოვილის კომპლექსური (ელექტროფოზიოლოგიური, მორფოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური და მოლეკულურ-ბიოლოგიური) მიდგომით შესწავლას და მოპოვებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას კლინიკაში. ამრიგად, პროექტი გულისხმობს მჭიდრო ურთიერთობას ექპერიმენტულ ლაბორატორიასა და კლინიკას შორის, რომლის საბოლოო მიზანია საერთო ძალისხმევით, ერთი მხრივ, ტვინის მოქმედების ფუნდამენტური მექანიზმების კვლევა, მეორე მხრივ კი, ტვინის დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა და მისი ეფექტური მკურნალობა.

_ რა მიზნებს ისახავს პროექტი?

_ ჩვენი პროექტი ოთხ ძირითად მიზანს ისახავს: 1. კლინიკაში ახალი, ინვაზიური მეთოდის დანერგვას ეპილეფსიის დიაგნოსტიკის არსებითად გაუმჯობესების მიზნით; 2. პრექირურგიული დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდის, მაღალსიხშიროვანი რხევების ექსპერიმენტულ ანალიზს და მის შემდგომ გამოყენებას კლინიკაში ეპილეფსიური კერის ზუსტი ლოკალიზაციის დასადგენად; 3. ნეიროქირურგიული ჩარევით პაციენტების მკურნალობას ეპილეფსიური კერის ამოკვეთის გზით; 4. ამოკვეთილი ტვინის ქსოვილის შემდგომ გამოყენებას, როგორც ფუნდამენტური კვლევებისათვის, ასევე, დაავადების დიაგნოზისა და თერაპიის ახალი გზების ძიებისათვის.

_ მასშტაბურია თქვენი პროექტი?

_ პროექტს ექნება უნივერსალური, ინოვაციური და მასშტაბური ხასიათი. ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებზე ზრუნვით. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ამჟამად საქართველოში თავის ტვინზე თვეში, სავარაუდოთდ, 100-150 სხვადასხვა სახის ნეიროქირურგიული ოპერაცია ტარდება, მათ შორის, ქსოვილის რეზექციით. ამოკვეთილი ქსოვილი, მცირე გამონაკლისის გარდა, სამწუხაროდ, დღემდე არ გამოიყენება სამეცნიერო კვლევისთვის და ნადგურდება. ჩვენი ექპერიმენტული კვლევის მეთოდები დაგვეხმარება, ასევე, ამ პათოლოგიური მასალის კომპლექსურ შესწავლაში, შესაბამისი დაავადების გამომწვევი მექანიზმების დადგენასა და თერაპიის ახალი გზების მოძიებაში.

პროქტის განხორციელება სასიკეთო იქნება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვისაც. ეპილეფსიის კვლევის სფეროში უკვე არის გარკვეული ურთიერთთანამშრომლობა საქართველოსა და სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რაც იმაშიც გამოიხატება, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები პაციენტებს სამკურნალოდ ხშირად საქართველოში გზავნიან. შესაბამისად, საქართველოში პრექირურგიული დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების ეტაბლირებას და ნეიროქირურგიული ჩარევით პაციენტთა მკურნალობას ექნება რეგიონში პიონერული, ინოვაციური ხასიათი. ეს მისცემს საქართველოს უნიკალურ შანსს, ჩამოყალიბდეს სამხრეთ კავკასიაში წამყვან, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ცენტრად ეპილეფსიის კვლევისა და მკურნალობის დარგში.

_ რა არის საჭირო იმისათვის, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს?

_ პროექტის წარმატების აუცილებელი პირობაა მჭიდრო თანამშრომლობა ამ სფეროში მოღვაწე უცხოელ ექსპერტებთან, განსაკუთრებით _ საწყის ეტაპზე. სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროექტი, რომელზეც ვსაუბრობთ. ამ ერთობლივი გერმანულქართული გრანტის “Etablierung prachirurgischer Epilepsiediagnostik in Georgien” (2017-2019 წწ.) მიზანია გერმანელი და ქართველი სპეციალისტების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით მოხდეს ეპილეფსიის პრექირურგიული დიაგნოსტიკის მკვეთრად გაუმჯობესება და მკურნალობის ახალი, ინვაზიური მეთოდის დანერგვა საქართველოში. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საერთაშორისო კონფერენციების/ვორკშოპების მოწყობა საქართველოსა და გერმანიაში. პირველი ასეთი საერთაშორისო კონფერენცია მოეწყობა ამა წლის 24-28 ოქტომბერს საქართველოში, ქართულ-გერმანული წლის ფარგლებში. საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდება, ევროპისა და საქართველოს 25-მდე წამყვანი მეცნიერი და კლინიცისტი დაესწრება.

დასასრულ, იმედს გამოვთქვამ, რომ შესაბამისი ინსტანციები გამოიჩენენ გულისხმიერებას და ხელს შეუწყობენ ამ პროექტის რეალიზაციას. ტვინის შემსწავლელ ასეთ ცენტრს, რომელიც გაართიანებს ექსპერიმენტულ და კლინიკურ ძალებს საქართველოში, შესაბამისი მხარდაჭერის პირობებში, უდავოდ ექნება პოტენციალი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ტვინის კომპლექსური კვლევის დარგში, საერთაშორისო მასშტაბით.

_ ბატონო თენგიზ, დიდი მადლობა უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებისთვის, აგრეთვე, იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ საქართველოში მეცნიერების ამ უაღრესად საჭირო დარგის განვითარებისთვის. ეჭვი არ გვეპარება, რომ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც გუშინ გაიხსნა, წარმატებით ჩატარდება. იმედია, რომ ჩვენი ქვეყნის შესაბამისი დაწესებულებები და უწყებები დაინტერესდებიან თქვენი მასშტაბური პროექტით და აღმოგიჩენენ სათანადო ხელშეწყობას მის განხორციელებაში.

ესაუბრა  გიორგი კვესიტაძე,

აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა

ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here