რამდენიმე დღის წინათ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, როგორ ისტერიკულად უმტკიცებს “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს: “ძაან მაღალი აიქიუ მაქვს, კარგად ვგებულობ ყველაფერს” და ალკოტესტის გავლა ჩემთვის შეურაცხმყოფელიაო.
“მაღალი აიქიუს მქონე” და “ყველაფრის კარგად გამგებმა” გაკაპასებულმა ეკა კვესიტაძემ, რომელიც იმიტომ გააჩერეს, რომ მის ავტომობილზე საგაბარიტო მაშუქი არ მუშაობდა, მიუხედავად იმისა, რომ კორექტულობისკენ მოუწოდეს და დაწვრილებით აუხსნეს, რომ ყველაფერი კანონის დაცვით ხდებოდა, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებს პროვოკატორები და უნამუსოები უძახა. უცნობია, რომელი ტესტით დაიდგინა “ძაან მაღალი აიქიუ” (IQ _ ინტელექტის კოეფიციენტი) ქალბატონმა ეკა კვესიტაძემ, მაგრამ, ის კი ცხადია, რომ მსოფლიოს ყველაზე ჭკვიან ქალებთან, რომელთა სარეიტინგო სიას ქვემოთ გთავაზობთ, ახლოსაც ვერ მივა ვერც “აიქიუთი” და ვერც ზრდილობით. ამ ქალებმა კოლოსალური წვლილი შეიტანეს თავიანთი ქვეყნების, საერთოდ, მსოფლიოს, განვითარებაში და მათი სახელები სამუდამოდ შევიდა კაცობრიობის ისტორიაში.
- ედიტ სტერნი (IQ _ 200)
მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ქალბატონი, რომელიც ამ სიაში პირველია, 1952 წელს დაიბადა. მან გენიოსობა 1 წლისამ გამოავლინა _ იცოდა არითმეტიკული მოქმედებები და ლაპარაკობდა წინადადებებს. სანამ 18 წელი შეუსრულდებოდა, ბევრი დიპლომი მოიპოვა, ჰქონდა 120-ზე მეტი პატენტი და უამრავი ჯილდო მანქანათმშენებლობის სფეროში. და გასაკვირი არ არის, რომ მისი IQ 200-ია. ზოგიერთ ტესტში მან კიდევ უფრო მეტი ქულა მოაგროვა.
- იპათია (IQ 190 +)
როგორც გაირკვა XXI საუკუნემდე გაცილებით ადრე იყვნენ ქალები, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს მეცნიერების განვითარებაში და კაცობრიობას საოცარი გამოგონებები აჩუქეს. მათგან ერთ-ერთია იპათია (351-415). მამამისი, თეონ ალექსანდრიელი, მათემატიკოსი იყო და ქალიშვილიც მამის კვალს გაჰყვა. იპათიამ _ ბერძენმა ფილოსოფოსმა, მათემატიკოსმა და ასტრონომმა, თავისი მიღწევებით სახელი გაითქვა არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ ეგვიპტესა და რომის იმპერიაში. იმ გასაოცარი ნიჭის მქონე ქალბატონმა გამოიგონა ასტროლაბი (ასტრონომიის ინსტრუმენტი) და ჰიდრომეტრი (ტენიანობის მზომი ხელსაწყო), აგრეთვე, სხვა ხელსაწყოები; დაწერა უამრავი სამეცნიერო ტრაქტატი.
- მერილინ ვოს სავანტი (IQ 190)
1945 წელს დაბადებული ამერიკელი მწერალი, ჟურნალისტი და დრამატურგი გინესის რეკორდების წიგნშიც იყო შესული, როგორც ყველაზე მაღალი IQ-ის მქონე ქალბატონი. ის ერთ-ერთ ჟურნალში უძღვება რუბრიკას “მკითხე მე”, რომელშიც მსურველს შეუძლია დაუსვას კითხვა ან გაუგზავნოს გამოცანა თუ თავსატეხი.
- მარია სკლადოვსკაია–კიური (IQ 185)
პოლონელი-ფრანგი მარია სკლადოვსკაია-კიური (1867-1934) _ ქიმიკოსი და ფიზიკოსი, ცნობილია თავისი მოღვაწეობით რადიაციის სფეროში. ის არის ნობელის პრემიის ორგზის ლაურეატი ქიმიასა და ფიზიკაში. მან უდიდესი როლი ითამაშა თანამედროვე მსოფლიოს ჩამოყალიბებაში.
- ჟერმენა სტალი (IQ 180-185)
ანა-ლუიზა ჟერმენა ნეკერი, ბარონესა დე სტალ-გოლშტეინი, იგივე მადამ დე სტალი 1766 წელს დაიბადა პარიზში (გარდაიცვალა 1817 წ). ის არის ცნობილი ფრანგი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, აგრეთვე, ლიტერატორი და მწერალი, რომელმაც ბევრი შესანიშნავი ნაშრომი აჩუქა მსოფლიოს. ის იყო ნაპოლეონის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, რომელსაც პამფლეტების გამო სამშობლოში ცხოვრება აუკრძალეს. ის გერმანიაში გოეთეს ჯგუფში გაერთიანდა.
მეცნიერებმა ჟერმენა სტალის ინტელექტის კოეფიციენტი სხვადასხვა ტესტით გამოთვალეს და დაადგინეს, რომ ის 180-დან 185-მდე მერყეობს.
- გრეის ჰოპერი (IQ 175)
გრეის ჰოპერი (1906-1992) იყო კომპიუტერების სფეროს ამერიკელი მეცნიერი, რომელმაც აღმოაჩინა კომპილატორების პირველი ინსტრუმენტები. 24 წლისა შეეცადა, საზღვაო ფლოტში დაეწყო სამსახური, მაგრამ წარუმატებლად. მოგვიანებით შეუერთდა გამოთვლების სფეროს და ამ სფეროში დღემდე საუკეთესოდ ითვლება; მიღებული ჰქონდა უამრავი უნივერსიტეტის საპატიო ხარისხი.
- რუთ ლოურენსი (IQ 175)
1971 წელს დიდ ბრიტანეთში დაბადებული წარმოშობით ებრაელი მათემატიკოსი რუთ ლოურენსი ისეთ რთულ სფეროებში მოღვაწეობდა და მოღვაწეობს, როგორიც არის კვანძების თეორია და უმაღლესი დონის ალგებრა. 10 წლის რუთის IQ 175 იყო. და მან იოლად ჩააბარა ოქსფორდის უნივერსიტეტში. შემდეგ კი იყო ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც ამ სასწავლებლის დიპლომი მოიპოვა.
- იუდით პოლგარი (IQ 170)
1976 წელს უნგრეთში დაბადებული იუდით პოლგარი მოჭადრაკეა, რომელიც თანაბრად ეთამაშება დიდოსტატ მამაკაცებს. მან მოუგო ყოფილ მსოფლიო ჩემპიონებს: ანატოლი კარპოვს, გარი კასპაროვსა და ვიშვანათან ანანდს, აგრეთვე, მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენს. პოლგარის ამჟამინდელი საჭადრაკო რეიტინგი 2 675-ია (მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის მაგნუს კარლსენის რეიტინგი კი _ 2 875).
- ფაბიოლა მანი (IQ 162)
22 წლის ახალგაზრდა ქალის ინტელექტის კოეფიციენტი, მენსის ტესტის მიხედვით, 162-ია, რაც ორი ქულით მეტია ალბერტ აინშტაინისა და ცნობილი ფიზიკოსის, სტივენ ჰოკინგის, კოეფიციენტებზე. ფაბიოლას მოსწონს ჭადრაკი, აგრეთვე, მუშაობა მედიცინის სფეროში. მიუხედავად ამისა, რომ დაამთავრა გოგონათა სკოლა ლონდონში, არის იისფერი ქამრის მფლობელი კარატეში, უყვარს მუსიკა და გიტარაზე დაკვრა.
- ოლივია მენინგი (IQ 162)
2012 წელს 12 წლის ლივერპულელმა (დიდი ბრიტანეთი) გოგონამ, მენსის ტესტის მიხედვით, 162 ქულა დაიმსახურა, აინშტაინსა და სტივენ ჰოკინგზე მეტი (მათი IQ 160-ია).
მოამზადა ნიკა კორინთელმა