მდიდარ ადამიანებს შეუძლიათ მიირთვან ყველაფერი, რასაც მოისურვებენ. ალბათ, ამიტომ მსოფლიოში სულ უფრო ხშირად ჩნდება უცნაური პროდუქტები და კერძები, რომლებიც კოლოსალური თანხა ღირს. აი, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული პროდუქტებისა და კერძების ჩამონათვალი:
თევზი ფუგუ, 280 დოლარი
ტრადიციული იაპონური კერძი “ფუგუ” არა მხოლოდ ეგზოტიკური, არამედ სახიფათო პროდუქტია: ეს თევზი ძალიან შხამიანია და არასწორად მომზადების შემთხვევაში შეიძლება სიცოცხლეს გამოასალმოს ის, ვინც მას მიირთმევს, ამიტომ “ფუგუს” მომზადების წინ შეფმზარეულები სპეციალურ სწავლებას გადიან.
თეთრი ტრიუფელი, 30 გრამი _ 275 დოლარი
თეთრი ტრიუფელი, რომლებიც იტალიის ჩრდილოეთსა და საფრანგეთში მოდის, ისეთი ძვირად ღირებული სოკოა, რომ ბევრი ადამიანი მის შეძენას ვერ შეძლებს. გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატური ცვლილებების გამო თეთრი ტრიუფელის მოსავალი სულ უფრო მცირდება, ამიტომ ის კიდევ უფრო ძვირი და უბრალო მოკვდავთათვის მიუწვდომელი დელიკატესია.
გლემბურგერი, 1770 დოლარი
ლონდონური რესტორნის _ Honky Tonk-ის შეფმზარეულმა 2014 წელს შექმნა მსოფლიოში ყველაზე ძვირი ბურგერი. ეს არის მარმარილოსებრი ხორცისა (ძროხის) და ახალზელანდიური ბატკნის ხორცისგან დამზადებული ბურგერი, რომელსაც დამატებული აქვს ჰიმალაის მარილი, ყველი ბრი, ლობსტერი, ბეკონი, ნეკერჩხლის ვაჟინი, ხიზილალა, იხვის შებოლილი კვერცხი და ეს ყველაფერი დაფარულია ოქროს თხელი ფირფიტით. ამ საშინლად ძვირ ბურგერს მოგართმევენ შამპანურთან ერთად.
ფლერბურგერი, 5000 დოლარი
ეს ბურგერი ლას-ვეგასის (აშშ) რესტორნის _ Fleur de Lys-ის შეფმზარეულმა იუბერ კელერმა შექმნა. ბურგერს, რომელიც დამზადებულია ძროხის მარმარილოსებრი ხორცით, მოგართმევენ 1995 წლის მოსავლის “შატო პეტრიუსის” ბოთლით, ტრიუფელითა და ფუა-გრით.
შავი საზამთრო დენსუკე, 300-დან 6000 დოლარამდე
ეს იშვიათი შავი საზამთრო იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე მოჰყავთ და აუქციონზე ყიდიან. მისი ფასი 3-დან 5 ათას დოლარამდეა.
პიცა “ლუდოვიკო XIII”, 12 ათასი დოლარი
იტალიელი შეფმზარეულის, რენატო ვიოლას, მიერ დამზადებული ნებისმიერი პიცა დელიკატესია. სწორედ ვიოლაა შემქმნელი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული პიცისა, რომლისთვის საჭირო ცომსაც 72 საათის განმავლობაში ამზადებენ. ამ პიცის შემადგენლობაში შედის: შავი ხიზილალა, კამეჩის მოცარელა, ნორვეგიული ლობსტერი და ხმელთაშუა ზღვის კრევეტები. პიცას მოგართმევენ კონიაკ “რემი მარტინი ლუდოვიკო მე-13-სთან” ერთად.
დესერტი “მეთევზე ოჩოფეხებზე”, 14 500 დოლარი
ამ სახელწოდების დესერტს ამზადებენ The Fortress-ში კუნძულ შრი-ლანკაზე. ის ძალიან ჰგავს იტალიურ კასატას (ტრადიციულ მრგვალ ტკბილღვეზელას), რომელიც მორთულია ხილითა და ლიქიორ “აირიშ ქრიმით”, დესერტის ძირითადი შემდგანელი ნაწილია მანგოს, ბროწეულისა და შამპანურ “პერინიონისგან” დამზადებული კომპოტი. დესერტი იყიდება შოკოლადისგან ხელით დამზადებული მეთევზის ფიგურასა და 80-კარატიან აკვამარინთან ერთად.
სანდეი Frrrozen Haute Chocolate, 25 ათასი დოლარი
ნაყინის ეს დესერტი შეიცავს 28 სახეობის (მათგან 14 ყველაზე ძვირად ღირებულია) კაკაოს მარცვლებსა და ბევრ საჭმელ ოქროს. ეს სანდეი იყიდება შესანიშნავ თასთან ერთად. თუ ბედი გაგიღიმებთ, სანდეიში შეიძლება იპოვოთ 18-კარატიანი ოქროსგან დამზადებული სამაჯური. ოქროს კოვზი, რომლითაც დესერტი უნდა მიირთვათ, შეგიძლიათ შინ წაიღოთ.
ალმასისებრი ხიზილალა, 1 კგ 34 ათასი დოლარი
ეს არის იშვიათი ჯიშის, ალბინოსი-ბელუგას ხიზილალა, რომელიც მარგალიტის ფერისაა. ეს თევზი 60 და ზოგჯერ 100 წლამდეც ცოცხლობს. და დაახლოებით 1000 კგ-ს იწონის. ამ ხიზილალას, რომელიც ოქროს კონტეინერებით იყიდება, ძირითადად, ირანში აწარმოებენ.
ფაბერჟეს შოკოლადის პუდინგი, 34000 დოლარი
ეს ძალიან ძვირი კერძი შეგიძლიათ გასინჯოთ სასტუმრო Lindeth howe country house-ს რესტორანში. პუდინგი დაამზადა ბრიტანელმა მზარეულმა მარკ გვიბერტმა. მის შემადგენლობაში შედის ბელგიური შოკოლადის 4 სახეობა, ატამი, ფორთოხალი, ვისკი, ოქრო და ხიზილალა შამპანურში. კერძს ამშვენებს ნამდვილი ბრილიანტი. დესერტს მოაგრთმევენ ძვირად ღირებულ ღვინო “შატო დ’იკემთან“ ერთად.
მოამზადა ნიკა კორინთელმა