Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ყველაზე ცნობილი ხიდები

ყველაზე ცნობილი ხიდები

მაგდებურგის საწყლოსნო ხიდი

ამჯერად გაგაცნობთ მსოფლიოში ყველაზე გამორჩეულ ხიდებს, ზოგი მათგანი ცნობილია სიგრძით, ზოგი _ სილამაზით, ზოგიც _ უცნაური კონსტრუქციით.

მაგდებურგის საწყლოსნო ხიდი

ხიდები არსებობს არა მხოლოდ საავტომობილო და სარკინიგზო, არამედ წყლისაც(!). აი მაგდებურგის (გერმანია) საწყლოსნო ხიდი _ 1 კმ სიგრძის მქონე ტექნიკის საოცრება, რომელიც აერთებს ორ არხს _ ელბა-ჰაველსა და შუაგერმანულ არხს. მაგდებურგის საწყლოსნო არხს 80 წლის განმავლობაში გეგმავდნენ და აპროექტებდნენ. მშენებლობა დაიწყო 1919 წელს, მაგრამ შეწყდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და განახლდა მხოლოდ 1990 წელს. გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა, რომ შეუძლებელი არაფერია და ხიდი, რომელზეც გემები დაცურავენ, 6 წელში დაასრულა, ამისთვის კი 500 მლნ ევრო დახარჯა. მასიურმა ნაგებობამ ბერლინი დაუკავშირა მდინარე რეინის პორტებს. ევროპაში ყველაზე გრძელი საწყლოსნო ხიდის სიგრძე 918 მეტრია, შექმნილია 24 ათასი ტონა ფოლადისა და 68 ათასი კუბ. მეტრი ბეტონისგან.

ყველაზე მაღალი დაკიდებული ხიდი მსოფლიოში

ევროპაში ერთ-ერთი ლამაზი და მსოფლიოში ყველაზე მაღალი დაკიდებული ხიდია ვიადუკი მიიო, რომელიც აერთებს საფრანგეთის სამხრეთ ტერიტორიას მდინარე ტარნის ველთან. მისი ყველაზე მაღალი წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან 343 მეტრზე. ვიადუკი მიიო სამ წელიწადში ააშენეს _ გაიხსნა 2004 წელს. ამ ხიდის გავლისას ყველას ექმნება უსასრულობის შთაბეჭდილება, რაც გამოწვეულია ვიადუკის ხვეულების მცირე რადიუსით და, პრაქტიკულად, გამჭვირვალე 3 მ სიმაღლის ღობით.

ყველაზე გრძელი ხიდი

დანიან-კუნშანის ვიადუკი მსოფლიოში ყველაზე გრძელ ხიდად ითვლება. აგებულია, როგორც პეკინი-შანხაის ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის ნაწილი. მშენებლობა დაიწყო 2008 წელს და დასრულდა 2010 წელს. დანიან-კუნშანის სიგრძე 164,8 კმ-ია. მდებარეობს ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, პროვინცია ძიანსუში, ქალაქებს _ შანხაისა და ნანკინს შორის. ხიდის 9-კმ-იანი მონაკვეთი გაყვანილია წყლის ზედაპირიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით, ყველაზე დიდი წყალსატევი, რომელზეც გადის დანიან-კუნშანის ვიადუკი, არის ტბა იანჩენი. ხიდის მშენებლობაზე დაიხარჯა 10 მლრდ-ზე მეტი დოლარი.

ყველაზე ცნობილი ხიდი

ტაუერის ხიდი ლონდონის ერთ-ერთი სიმბოლოა. მისი განსაკუთრებულობა გამოიხატება იმით, რომ მის მექანიზმებს ერთ წუთში შეუძლია რამდენიმეათასტონიანი კონსტრუქციის გახსნა და გემების გატარება.

ხიდის ასაშენებლად გამოიყენეს 11 ათასი ტონა ფოლადი. კოროზიისგან დასაცავად კი კონსტრუქცია მოპირკეთებულია ქვით. 1981 წლიდან ტაუერის ხიდს იყენებენ, როგორც მუზეუმს.

ბრუკლინის ხიდი

ნიუ-იორკის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, თავისუფლების ქანდაკებასთან ერთად, არის ბრუკლინის ხიდი. ეს არის მსოფლიოში პირველი ხიდი, რომელიც შეიქმნა ფოლადის გვარლებითა და ერთ-ერთი პირველი დაკიდებული ხიდია მსოფლიოში. ბრუკლინის ხიდის სიგრძე 1825 მეტრია. ის აერთებს მანჰეტენსა და ლონგ-აილდს _ ნიუ-იორკსა და ბრუკლინს. ხიდის მშენებლობა გრძელდებოდა 13 წელიწადს და დასრულდა 1883 წლის 24 მაისს. დაიხარჯა 15,1 მლნ დოლარი.

ყველაზე ძველი ხიდი აღმოსავლეთში

ირანული არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშია ამ ქვეყნის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ხიდი კჰაჯუ _ უძველესი ხიდი აღმოსავლეთში. ხიდის გარდა, მას აქვს დამბისა და წყალსადენის ფუნქციებიც და მისი მეშვეობით მიდის წყალი ქალაქ ისფაჰანის ბაღებამდე. ხიდი ააგეს მდინარე ზაიანდეზე 1650 წელს. გადმოცემის თანახმად, ეს ხიდი ააგეს ირანის არმიის გვარდიის მეთაურის _ ალავერდი-ხანის ხელმძღვანელობით. ის გახლდათ საქართველოდან მოტაცებული, ირანში გაყიდული გამუსლიმებული ქართველი (გვარად უნდილაძე).

ხიდი X-ის ფორმის საყრდენით

ბრაზილიაში ააგეს მსოფლიოში ერთადერთი ხიდი, რომლის საყრდენსაც აქვს ასო X-ის ფორმა. ეს არის ხიდი ოლივეირა. ანძების განსაკუთრებული ფორმის, 138 მ სიმაღლის, ფოლადის 144 მძლავრი გვარლისა და შესანიშნავი დიოდური განათების გამო ოლივეირას ხიდი ქალაქ სან-პაულუს ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

პონტე ვეკიო

პონტე ვეკიო ეს არ არის, უბრალოდ, კონსტრუქცია, რომლის დანიშნულებაა მდინარე არნოს ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ან ტვირთის გადატანა; ეს არის XIX საუკუნეში აშენებული არქიტექტურული ძეგლი _ სამთაღიანი ხიდი, რომელიც ფლორენციაში მდებარეობს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here