Home სხვადასხვა დაიჯესტი ღვთისგან მიტოვებული გარყვნილი სასულიერო პირები

ღვთისგან მიტოვებული გარყვნილი სასულიერო პირები

კათოლიკე მღვდელმთავრების საძმო მამათმავლობისა და პედოფილიის ახალ სკანდალში გაეხვია

2043
რომის პაპი

ის, რასაც ადრე მალავდნენ კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირები, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება. ინტერნეტის წყალობით ადამიანებმა საშინელი სიმართლე შეიტყვეს ანაფორებიან ორსახოვან პარაზიტებზე

გარყვნილები ეკლესიაში

რომის კათოლიკური ეკლესია კვლავ აღმოჩნდა მცირეწლოვანთა გახრწნის გამო ატეხილი სკანდალის ცენტრში. ამჯერად გახმაურდა პედოფილიის შემთხვევები, რომლებშიც მონაწილეობდნენ პენსილვანიის შტატის ეპისკოპოსები და სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირები. ეკლესია მალავდა ბევრ ასეთ შემთხვევას, მაგრამ ახლა ვეღარ შეძლო პრობლემის მიჩქმალვა _ პონტიფიკოსი ირლანდიაში შეხვდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ…

აგვისტოს შუა რიცხვებში დიდი ჟიურის ნაფიცმა მსაჯულებმა წარმოადგინეს მასშტაბური მოხსენება, რომელშიც მოთხრობილია, სულ ცოტა, 300 მღვდელმსახურის გარყვნილ ქმედებებზე პენსილვანიის შტატის 6 ეპარქიაშიალენტაუნში, ერიში, გრინსბურგში, ჰარისბურგში, პიტსბურგსა და სკრენტონში. 70 წლის განმავლობაში ვნებააშლილიწმინდა მამებისმსხვერპლი, გამოძიების მონაცემებით, სულ ცოტა, 1000 არასრულწლოვანი აღმოჩნდა.

“მღვდელმსახურები აუპატიურებდნენ პატარა ბიჭებსა და გოგონებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირები კი, რომლებიც პასუხს აგებენ ამ მღვდელმსახურების ქმედებებზე, არათუ რამეს აკეთებდნენ ამ ქმედებების აღსაკვეთად, არამედ ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს”. _ ნათქვამია მოხსენებაში. ვიკარიები, ეპისკოპოსები, არქიეპისკოპოსები და კარდინალები ათეულობით წლების განმავლობაში დაუსჯელად მოქმედებდნენ, უფრო მეტიც, დაწინაურდნენ იერარქიულ კიბეზე”.

პენსილვანიის გენერალურმა პროკურორმა ჯოშ შაპირომ ნაფიც მსაჯულთა მიერ მომზადებულ დოკუმენტს უწოდა “ყველაზე სრული მოხსენება სექსუალური ძალადობის თემაზე რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც ოდესმე მომზადებულა აშშ-ის ისტორიაში”.

დოკუმენტის ავტორები აღიარებენ, რომ მცირეწლოვანებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევათა უმეტესობის სისხლის სამართლებრივი კოდექსის მუხლებით გამოძიება უკვე შეუძლებელია ხანდაზმულობის გამო. მიუხედავად ამისა, ორი მღვდელმსახურის მიმართ მაინც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

მოხსენებაში ჩამოთვლილი შემთხვევებიდან, ტელეკომპანია “სი-ენ-ენ”-ი გამოჰყოფს შოკისმომგვრელებს. მაგალითად, გრინსბურგის ეპარქიაში მღვდლისგან დაფეხმძიმდა 17 წლის გოგონა. ჰარისბურგის ეპარქიაში მღვდელმსახური ძალადობდა 5 დაზე, პიტსბურგში კი, იქაური საეკლესიო მსახურების განცხადებით, 15 წლის მოზარდმა “თვითონ აცდუნა” მღვდელი, რომელმაც მოგვიანებით აღიარა, რომ სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა რამდენიმე ყმაწვილთან.

გლობალური ტრენდი

ამჟამინდელი სკანდალი ანალოგიური მხილებების ჯაჭვის მხოლოდ ერთი რგოლია, ამ ჯაჭვის მიხედვით ექსპერტები ასკვნიან, რომ პედოფილი მღვდლების პრობლემა აქტუალურია რომის კათოლიკური ეკლესიის ეპარქიებისთვის ყველა კონტინენტზე.

მაგალითად, 2009 წელს გავრცელდა ინფორმაცია დუბლინის არქიეპისკოპოსის ეპარქიაში პედოფილიის ფაქტების მიჩქმალვის შესახებ. ეპარქიაში 50-მდე მღვდელმსახური (მათგან მხოლოდ 10-მდე პირს დაედო მსჯავრი) დაადანაშაულეს მცირეწლოვანთა გარყვნაში.

* 2011 წელს ნიდერლანდებში გახმაურდა 1000-მდე ბავშვის გაუპატიურების საქმე. რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები ჰოლანდიაში 60 წლის განმავლობაში ძალადობდნენ მოზარდებზე.

* ერთ-ერთი მასშტაბური სკანდალი კი გახმაურდა 2002 წელს აშშ-ში. გაირკვა, რომ 1962-დან 1995 წლამდე ბოსტონელმა მღვდელმსახურმა ჯონ გეიგენმა სექსუალურად იძალადა, სულ ცოტა, 130 ბავშვზე, ძირითადად, სკოლის მოსწავლეებზე, როდესაც ეს ამბავი შეიტყო ეპარქიის ხელმძღვანელობამ, გეიგენი სამკურნალოდ გაგზავნა, წოდება კი არ ჩამოურთმევია.

კარდინალმა ბერნარდ ლოუმ, რომელმაც 1984 წელს წერილი მიიღო ხელქვეითის “საგმირო საქმეებზე” ის სხვა ეპარქიაში გადაიყვანა. ეს ისტორია გამოამზეურა გაზეთმა Boston Globe-მ და ლოუს მოუწია ბოსტონის არქიეპისკოპოსის პოსტიდან გადადგომა, გეიგენი კი დამნაშავედ ცნეს ბიჭებზე სექსუალურ ძალადობაში და 10 წლით აღუკვეთეს თავისუფლება, მაგრამ მისი პატიმრობა დიდხანს არ გაგრძელებულა _ წელიწად-ნახევრის შემდეგ დაახრჩო მეორე პატიმარმა ჯოზეფ დრიუსმა, რომელიც სასჯელს იხდიდა იმის გამო, რომ მოკლა მამაკაცი, რომელმაც მასთან სექსუალური ურთიერთობა მოისურვა.

პაპს შეუძლია

პრობლემის გლობალური ხასიათის მიუხედავად, წმინდა ტახტი ცდილობდა, არ შეემჩნია თავის წიაღში არასასურველი ტენდენციის დამკვიდრება და ასეთ რამეს “ცოდვას” ან “გადაცდომას” უწოდებდა ხოლმე. პენსილვანიის გენერალურმა პროკურორმა ამა წლის 25 ივნისს წერილი გაუგზავნა რომის პაპ ფრანცისკეს და მოუწოდა, აიძულოს ეკლესიის ლიდერები, შეწყვიტონ პედოფილი მღვდლების მსხვერპლთა დაშინება, რადგან გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული დეტალური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კათოლიკური ეკლესიის ლიდერები მალავდნენ სასულიერო პირების მხრიდან ბავშვებზე ძალადობის შემთხვევებს”.

მოხსენებაზე ვატიკანის რეაქცია მძაფრი იყო, ყოველ შემთხვევაში სიტყვიერად. რომის პაპმა 20 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც უჩვეულოდ მკაცრად შეაფასა ახალი მხილებები: “სირცხვილითა და შეშფოთებით ვაღიარებთ, რომ ვერ შევძელით, ვყოფილიყავით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, დროულად ვერ მივიღეთ საჭირო ზომები და ვერ დავინახეთ მასშტაბი სერიოზული ზარალისა, რომელიც მიადგა ბევრი ადამიანის სიცოცხლეს”, _ აღნიშნა პონტიფიკოსმა, რომლის მიმართვის ამონარიდებიც გამოაქვეყნა Vatican News-მა, წმინდა ტახტის ოფიციალურმა საინფორმაციო პორტალმა.

პაპმა “მიტევების თხოვნა და ზარალის ანაზღაურება” არასაკმარის ქმედებად ჩათვალა და ყველას მოუწოდა, რადიკალურად გარდაქმნან გარემო, რომელშიც ბავშვების უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტი იქნება”. ასეთი შემთხვევებისადმი ნულოვან ტოლერანტობას უნდა ერთვოდეს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება იმ პირებისა, რომლებიც ხელს დააფარებენ ასეთ დანაშაულს.

მხოლოდ სიტყვები საკმარისი არ არის

მღვდელმსახურთა მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ პონტიფიკოსი შეხვდა 25-26 აგვისტოს ირლანდიაში ვიზიტისას. საუბარი დახურულ კარს მიღმა გაიმართა და მონაწილეებს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, გაასაჯაროონ თუ არა საუბრის შინაარსი.

ძალადობის ერთერთი მსხვერპლის, ირლანდიელი მერი კოლინზის აზრით, “ვატიკანმა და პაპმა უნდა შეწყვიტონ ლაპარაკი იმაზე, რა საშინელებაა ჩადენილი ბოროტმოქმედება და როგორ უნდა დაეკისროს დამნაშავეებს პასუხისმგებლობა. ამას სჯობს, თქვან, რას აკეთებენ იმისთვის, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ, ჩვენ მხოლოდ ამის მოსმენა გვსურს”, _ დაწერა კოლინზმა სოციალურ ქსელში.

2017 წლის მარტში კოლინზმა დატოვა პაპის მიერ შექმნილი არასრულწლოვანთა დაცვის კომისია და განაცხადა, რომ სასულიერო პირების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებდა “სხვა საკითხების” განხილვას და ვატიკანს არ სურს სპეციალური ორგანოს _ ტრიბუნალის შექმნა, რომელიც მკაცრ სასჯელს გამოუტანს გარყვნილ მღვდელმსახურებს.

უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here