Home რუბრიკები საზოგადოება ქართველი მეცნიერის სენსაციური აღმოჩენა

ქართველი მეცნიერის სენსაციური აღმოჩენა

“ვეფხისტყაოსანზე” აგებული შექსპირის პიესები

2534
ელგუჯა ხინთიბიძე

“… ვუმზერ საქართველოს და (გული ცრემლებით მევსება)… იმ ქვეყანას ვტირი, რომელმაც ანტიკური ბერძნული სივრცე წარმოშვაახლა კი უვიცობის წყარო გამხდარა…”, – დონ კრისტოფორო დე კასტელი.

აღმოჩენა, რომელსაც ავტორი მოკრძალებულად ვარაუდად მიიჩნევს, მაგრამ “საქართველო და მსოფლიოს” განათლებული მკითხველი, ამ პუბლიკაციას (მასთან საუბარს) რომ გაეცნობა, დარწმუნებული ვარ, მეცნიერს თავმდაბლობას კი მოუწონებს, მაგრამ ამ აღმოჩენის მისეულ მოკრძალებულ შეფასებას არ გაიზიარებს. ჭეშმარიტად აღმოჩენაა, რომელიც ასეთად აღიარეს მისმა ევროპელმა (უწინარესად _ ინგლისელმა) თუ ამერიკელმა კოლეგებმა. მაგრამ ჯერ თავად მეცნიერს წარმოგიდგენთ.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, შუა საუკუნეების ფილოსოფიური კვლევების საერთაშორისო საზოგადოების ნამდვილი წევრი, ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს საპატიო წევრი, პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე ძველი ქართული ლიტერატურის აღიარებული მკვლევარია. გამოცემული აქვს წიგნები ქართულ-ბიზანტიურ ლიტერატურულ ურთიერთობებზე საქართველოსა და უცხოეთში, მან უდიდესი წვლილი შეიტანა რუსთველოლოგიაში, სრულად გამოიკვლია ქართული ლიტერატურის ევროპაში შესწავლის ისტორია და მდგომარეობა, რომელიც შეჯამდა ინგლისურ ენაზე გამოცემული სქელტანიანი ნაშრომით და გაგრძელდა უმნიშვნელოვანესი პროექტით “მცირე ერების დიდი კულტურა” და ა.შ. და ა.შ.

წავიკითხე დატარიელისა და ნესტანის ამბავია გადმოცემული!”

ამ ფართომასშტაბიანი კვლევითი მოღვაწეობის ერთ ეტაპზე მისი ყურადღება მიიპყრო რენესანსის ეპოქის ინგლისურ დრამატურგიაში ცნობილმა ერთმა პიესამ “მეფე და არამეფე”, რომელიც დაწერილი იყო შექსპირის დროს ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის მიერ. მათი პიესები XVII საუკუნის ინგლისში საოცრად პოპულარული იყო. სწორედ მათ დაამკვიდრეს ახალი ჟანრი _ ტრაგიკომედია: ამბავი ტრაგიკულად ვითარდება, შიგადაშიგ კომიკური ელემენტებიც არის ჩართული, ფინალი ბედნიერია _ “ჰეფი ენდი”.

ეს ჟანრი, როგორც ბატონი ელგუჯა განმარტავს, მათი მოგონილი არ არის, ანტიკურ დროშიც იყო, XVI საუკუნის ბოლოს _ იტალიაშიც, ინგლისში კი ზემოთ დასახელებულმა ავტორებმა შეიტანეს და ისეთი პოპულარობა მოუხვეჭეს, რომ შექსპირიც კი მიჰყვა ამ გზას.

_ ამათი გავლენით? _ ვეკითხები ბატონ ელგუჯა ხინთიბიძეს.

_ ამაზეა მთელი დავა. და სწორედ ამაზეა ჩემი ბოლო წიგნი. ესაა პრობლემა. იმ დროს ისიც კი თქმულა, რომ ბომონტ-ფლეტჩერი უფრო საინტერესოა, შექსპირი მოსაწყენიაო. რასაკვირველია, ეს ასე არ არის. დღეს ეს მწერლები მეშვიდე-მერვე ხარისხოვან მწერალთა რიგში არიან.

სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნული იყო, რომ პიესაში “მეფე და არამეფე” მოქმედება ვითარდება საქართველოში _ იბერიაში, მაგრამ მას არავითარი კავშირი არ აქვს არც საქართველოს ისტორიასთან და არც იმ პერიოდის ინგლისის ამბავია.

_ მოგონილი ქვეყანაა?

ამ საკითხს ჩაუდგება კვალში ბატონი ელგუჯა და მიდის სენსაციურ დასკვნამდე. ნაბიჯნაბიჯ მივყვეთ ჩვენც.

ბომონტისა და ფლეტჩერის ეს პიესა არც ქართულად, არც რუსულად ნათარგმნი არ არის _ ბატონი ელგუჯა კითხულობს ორიგინალში. სიუჟეტი მარტივია: დაძმას შეუყვარდა ერთმანეთი.

_ წავიკითხე და… ტარიელისა და ნესტანის ამბავია გადმოცემული! _ მოგვითხრობს ბატონი პროფესორი, _ ქვეყნის მეფე-დედოფალი, რომელთაც შვილი არ ეყოლათ, იშვილებს უახლოესი დიდებულის ახალშობილ ვაჟს. ზრდიან, როგორც მომავალ მეფეს და, ზუსტად ისე, როგორც “ვეფხისტყაოსანშია”, ხუთი წლის თავზე დაორსულდება დედოფალი. ტარიელი ამბობს – “მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი”. ბოლოს მას _ ინგლისური პიესის გმირს _ ეუბნებიან, შენ ექვსი წლის არ იყავი, როცა დედოფალი დაორსულდაო. დაიბადა ქალი. ზრდიდნენ ერთად, შემდეგ დააშორეს, როგორც “ვეფხისტყაოსანშია”. და-ძმას დიდხანს აღარ უნახავთ ერთმანეთი.

ამასობაში მეფე გარდაიცვალა, ვაჟი გამეფდა (თავის დროზე დედოფალმა გაითამაშა, თითქოს ვაჟი მართლაც მისი შვილია, რაც განსხვავებულია “ვეფხისტყაოსნისგან”).

ამბავი, რომელსაც გიყვებით, პიესის ბოლოში წერია, დასაწყისში კი _ როგორ შეუყვარდა ერთმანეთი ქალ-ვაჟს (ნაშვილებს) და რა მოხდა მას შემდეგ. ეს ვაჟი (მეფე) იბრძვის სომხეთის წინააღმდეგ, დაამარცხებს მეზობელი ქვეყნის ახალგაზრდა მეფე ტიგრანოსს. ქვეყნის მოშორებით მყოფს მოსდის თავისი დის წერილები. ულამაზეს და მზეთუნახავ დას სახელად ჰქვია პანთეა. იგი აღფრთოვანებულია ძმის ვაჟკაცობით, ოცნებობს მასზე, უყვარს, როგორც ძმა.

გამარჯვებულ ქართველ მეფეს მოჰყავს საქართველოში დატყვევებული მეფე სომხეთისა და ეპყრობა, როგორც მეგობარს, ეუბნება, ჩემი და ცოლად უნდა შეგრთოო. სურს, სიძედ გაიხადოს.

ბრუნდებიან საქართველოში და აქ საოცარი რამ ხდება: როგორც კი დაინახავს ძმა დიდი ხნის უნახავ დას, უეცარი სიყვარულით დაიბნიდება. ქალსაც შეუყვარდება ვაჟი და იწყება ტრაგედია: მათ ხომ არ იციან, და-ძმა რომ არ არიან. განიცდიან საოცრად. უნდათ, რომ დაშორდნენ ერთმანეთს, ვერ შორდებიან, და შემდეგ ახალგაზრდა მეფე ცდილობს, გზიდან ჩამოიცილოს სომეხთა მეფე, დაატყვევებს, ციხეში ჩასვამს (ამ ამბავში, როგორც ბატონი ელგუჯა ამბობს, ჩართულია ბევრი რამ, მათ შორის, კომიკურიც).

ბოლოს გაირკვევა, რომ ისინი არ არიან და-ძმა _ სიმართლეს ახალგაზრდა მეფეს დედოფალი გაუმხელს. შეუღლდებიან _ ქორწილია. უფრო ზუსტად, ორ ქორწილს გადაიხდიან: მეორე სომხეთის მეფისაა, რომელსაც სომხეთიდან სატრფო ჩამოუვა და ისინიც შეუღლდებიან.

_ “ვეფხისტყაოსანია”! საერთო შთაბეჭდილება ასეთია.

_ მაგრამ არის დეტალები, რომლებიც შოთა რუსთაველის დიდებულ ქმნილებაში გადმოცემულ ამბებს ემთხვევა თუ იმეორებს, _ აზუსტებს ბატონი ელგუჯა და განმარტავს, _ მაგალითად, სცენაში, როცა ავთანდილი დაბნედილ ტარიელს ნახავს, მოასულიერებს და თავსგადახდილ ამბავს ჰკითხავს, ტარიელი უპასუხებს, მაცალეო, მინდა მოვკვდე _ ჩემი სატრფო იქ არისო. და ამას მოსდევს ტარიელის ოცნება იმქვეყნად საყვარელთან შეყრის თაობაზე: “საყვარელმან სიყვარული ვით არ ნახოს, ვით გასწიროს. მისკე მივალ მხიარული… “

“მეფე და არამეფეში” იგივე სცენა მეორდება: დაბნედილი მეფე გონებადაბინდული ამბობს, _ ჩემი და გარდაცვლილიაო და ამას მოსდევს მისი მედიტაცია, თუ თვითონ როგორ მიდის იმქვეყნად. ინგლისელი მკვლევარები კითხვას სვამენ: საიდან აიღეს ავტორებმა ცოცხალი სატრფოს გარდაცვლილად წარმოდგენის ეპიზოდი?

ეს პიესა დაიწერა ინგლისში მაშინ, როცა იქ სიუჟეტებს არ იგონებდნენ: ფაბულა და ეპიზოდები უპირატესად საიდანღაც გადმოაქვთ, უცვლელადაც იღებენ. წყარო მაინცდამაინც ერთი კი არ არის, რამდენიმეა. მაგალითად, შექსპირის “ჰამლეტის” ამბავს თავისი წყარო აქვს; “რომეო და ჯულიეტა” იტალიური პიესაა და ა.შ. ეს იმ ეპოქის სტილია.

_ და ყველაფრი ეს არ ითვლება პლაგიატად.

_ არა, რა თქმა უნდა. ცნობილი მკვლევარი ელიოტი კითხვას სვამს: საიდან გადმოიღეს “მეფე და არამეფის” ავტორებმა ცოცხალი შეყვარებულის გარდაცვლილად წარმოდგენის ამბავი?

სხვა პარალელი: გმირის მხატვრული სახე შექმნილია, როგორც კონტრასტული ტიპის _ ერთდროულად მრისხანესი და გულჩვილის, ლირიკულის. საიდან გაჩნდაო ეს ახალი ტიპის გმირი? ასეთია ტარიელი, ასეთია ფრიდონი. არის სხვა დეტალური დამთხვევებიც, მათ შორის, მთავარი გმირი ქალის სახელი _ პანთეა. ნესტანია მისი პროტოტიპი.

ქართულად ამ ინგლისურ სახელს ვწერთ და წარმოვთქვამთ პანთეად, ინგლისურად კი წარმოითქმის ასე _ “პანთა”, მაგრამ სიტყვა “პანთა” ინგლისურად ნიშნავს ვეფხვს (პანტერა), არც მეტი, არც ნაკლები.

ინგლისურად “ვეფხისტყაოსანი” ნათარგმნია, როგორც “The Man in the Panther Skin”. “ვეფხისტყაოსნის” ვეფხვი სინამდვილეში არის პანტერა, ის არ არის “ტიგრი”. ეს ძველად იცოდნენ არა მარტო ინგლისელმა, არამედ რუსმა მთარგმნელებმაც, რომლებიც “ვეფხისტყაოსანს” თარგმნიდნენ არა როგორც “Витязь в тигровой шкуре”, არამედ, როგორც “Витязь в барсовой шкуре”. პანტერა და ვეფხვი, ორივე კატისებრთა ოჯახში შედის. განსხვავება ისაა, რომ ვეფხვი არის ზოლებიანი, პანტერა (ჯიქი) _ კოპლებიანი.

საქართველოშიც იციან, რომ ასეა.

იცოდა ეს “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრატორმა მიხაი ზიჩმა, რომელმაც ტარიელი სწორედ პანტერას კოპლებიანი ტყავით შემოსილი წარმოგვიდგინა. 1646 წლის ხელნაწერში მამუკა თავაქარაშვილს გმირი სწორედ ასე ჰყავს დახატული. უორდროპიც პანტერად თარგმნის რუსთაველის ვეფხვს.

_ ვეფხვის გადააზრება “ტიგრად”, _ ასკვნის ბატონი ელგუჯა, _ სადღაც XIX საუკუნის მეორე ნახევარში ხდება.

პანტერა ამავე დროს ლეოპარდია, მაგრამ არის შავი და კოპლებიანი ლეოპარდი. ინგლისურ ლექსიკონში პანთერს ნახავ _ იხილე ლეოპარდიო. ლეოპარდს ნახავ _ იხილე პანთერაო.

ერთი სიტყვით, “მეფე და არამეფისგმირი ქალის სახელი მიანიშნებს ვეფხვზე. ტარიელი კი, ყველამ იცის, ნესტანს ხედავს ვეფხვის სახეში: “რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს”.

საქმე ის არის, რომ ამ პერიოდის ინგლისურ პიესებში და საერთოდ ლიტერატურაში მხატვრულ სახედ, მხატვრული მეტყველების ფორმად ძალიან გავრცელებულია ე.წ. კალამბურული მეტყველება. ამას ვუწოდებთ ჩვენ “ზმურ მეტყველებას”, ისინი უწოდებენ “ფან სპიჩს”, “გობლნ სპიჩს”: პიესაში რაღაც სიტყვა წერია, მაგრამ სცენიდან წარმოთქმისას იგი ემსგავსება სხვასაც. ამას გენიალურად ქმნის შექსპირი, როცა ერთს წერს და მეორე მნიშვნელობაზეც მიანიშნებს. იმ ეპოქის მიღებული მხატვრული სტილია.

მიხაი ზიჩი. პანტერას (ჯიქიას) კოპლებიანი ტყავით შემოსილი ტარიელი
მიხაი ზიჩი. პანტერას (ჯიქიას) კოპლებიანი ტყავით შემოსილი ტარიელი

მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ

თანდათან ვუახლოვდებით კულმინაციას, განსაკუთრებით მძაფრდება სურვილი მკვლევართან ერთად იმ ამოცანის ამოხსნის, რომელიც აშკარად გამოიკვეთა: “მეფისა და არამეფისსიუჟეტური ქარგისა და მთელი რიგი სხვა დეტალების (რომელთა შესახებაც ზემოთ ილაპარაკა ბატონმა ელგუჯამ) დამთხვევავეფხისტყაოსანთანეჭვგარეშეა, მაგრამ საიდან, როგორ, რა გზით შეაღწია რუსთაველის გენიალურმა შედევრმა ინგლისში იმ დროს, როცა პოემის ერთი სტრიქონიც კი არ არის ინგლისურად თარგმნილი? ასე დეტალურად? ასე სრულად? ასე ზუსტად რომ გაიმეორეს შექსპირის პერიოდის პოპულარულმა ავტორებმა ტარიელისა და ნესტანის თავგადასავალი?

_ ვიაზრე, _ განაგრძობს ელგუჯა ხინთიბიძე, _ ბომონტი და ფლეტჩერი ქართულ პოემას ასე ზედმიწევნით რომ იცნობენ, ეს მათ სხვა ნაწარმოებში უნდა გამოჩნდეს, თუნდაც გაკვრით.

ბატონი ელგუჯა მიხსნის, რომ უცხოურ ლიტერატურაშივეფხისტყაოსანიპირველად ნახსენებია XIX საუკუნის დასაწყისში: 1802 წელს რუსეთში, პეტერბურგში გამოიცა კიევის მიტროპოლიტ ევგენი ბოლხოვიტინოვის წიგნი საქართველოს შესახებ, რომელშიც არის ნახსენები რუსთაველი, გადმოცემულიავეფხისტაოსნისშინაარსი და პირველი სტროფიც არის თარგმნილი. აქამდე არ გვაქვს სხვა ფაქტი, სიტყვა რუსთაველიც კი, რომელიმე ენაზე რომ იყო დაწერილი. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით არ ჩანსო.

_ ფლეტჩერისა და ბომონტის ეს ნაწარმოები (“მეფე და არამეფე”) კი სიახლის აღმოჩენის პერსპექტივისკენ მიგვითითებდა. ამ საკითხზე დავიწყე მუშაობა. ოთხჯერ ჩავედი ინგლისში ამის შესასწავლად. ჩემი მივლინებები სამჯერ ბრიტანეთის აკადემიის მიერ იყო დაფინანსებული. ვიმუშავე ლონდონში, ოქსფორდში, შექსპირის სახლ-მუზეუმში _ სტრათფორდში. შევისწავლე, რას წერდნენ ფლეტჩერისა და ბომონტის ნაწარმოებების შესახებ ინგლისურ ლიტერატურულ კრიტიკაში, რა ეჩვენებოდათ ინგლისელ მეცნიერებს უცხოდ, საიდანღაც აღებულად, ვარკვევდი, სწორია თუ მცდარი ჩემი შეხედულება, ჩემი ვარაუდი და დასკვნები.

პირველივე ჩასვლისთანავე გავარკვიე, რომ არსებობს ამავე ავტორების მეორე ნაწარმოები, რომელსაც ძალიან ჰგავს მათი “მეფე და არამეფე”.

_ პირველად თქვენ შეამჩნიეთ?

_ არა, ინგლისელმა მეცნიერებმა. ამ პიესას ჰქვია “ფილასტერი” _ მამაკაცის სახელია. დაწერილია იმავე პერიოდში. “მეფე და არამეფე” ინგლისურ სცენაზე დაიდგა 1611 წელს. ეს ორი ნაწარმოები, ინგლისელი სპეციალისტების აზრით, რაღაცით ერთნაირია, მაგრამ მაინც განსხვავებულია. ეძებენ პირველწყაროს. პირდაპირ ამბობენ, რომ ორივეს წყარო შეიძლება იყოს შუა საუკუნეების რომელიღაც რომანი. ეს პიესა თითქოს რომელიღაც ნაწარმოების ინსცენირებააო.

_ პირდაპირ მიზანში ურტყამენ!

_ ვნახე ეს “ფილასტერი”. წავიკითხე დედანში (რუსულადაც არის ნათარგმნი). “ფილასტერიც” ნესტანისა და ტარიელის ამბავია, მაგრამ სხვანაირადაა გაკეთებული: იტალიაში კალაბრიის სამეფომ (დღესაც არის ასეთი პროვინცია ამ ქვეყანაში) დაიპყრო მეორე სამეფო _ სიცილია (სიცილია ყველას მოეხსენება). ანექსია ჰყო მეფემ მისი და საკუთარ სამეფოს შემოუერთა. გაერთიანებული ქვეყნის მეფეს ერთი შვილი ჰყავს _ ქალიშვილი. სურს მისი გამეფება. შემოერთებული სამეფოს მეფე გარდაცვლილია, მაგრამ უფლისწულია გადარჩენილი (გაიხსენეთ “ვეფხისტყაოსანი”!). ის უფლისწულ ტარიელივით ტახტის მემკვიდრედ ითვლება, რადგან შემოერთებული სამეფოს უფლისწულია. მეფემ, რომელსაც თავისი ქალიშვილის გამეფება სურს, პოზიციის გასამაგრებლად სასიძოდ მოიწვია მეზობელი სამეფოს (ესპანეთის) უფლისწული.

_ არ მითხრათ, რომ იმ ქალიშვილმა საქმრო მოაკვლევინა სიცილიის სამეფოს უფლისწულს.

_ არ გეტყვით, მაგრამ ბოლოსკენ გამახსენეთ

ამ ქალს მოყვანილი სასიძო არ მოსწონს და თავისთან დაიბარებს შემოერთებული ქვეყნის უფლისწულ ფილასტერს, რომელსაც მანამდე არ შეხვედრია: გაუგზავნის მოახლეს წერილით, ჩემთან მოდიო. ხომ გახსოვთ, ნესტანის მიერ გაგზავნილი ასმათი ტარიელთან წერილით ვითომ საყვარლად მიდის _ გარეშეთათვის ეჭვების გასაფანტად და სიმართლის დასაფარად. მივიდა ფილასტერი (ისევე, როგორც ტარიელი) მეფის ასულთან, დასხდნენ და გაირკვევა, რომ ორივენი ფარულად არიან ერთმანეთზე შეყვარებულები. პირველივე საუბრის დროს გადაწყვეტენ, თავიდან მოიცილონ უცხოელი პრეტენდენტი: მე და შენ უნდა ვიმეფოთო. მსგავსება “ვეფხისტყაოსანთან” აშკარაა; გავიხსენოთ ნესტანის მიმართვა ტარიელისადმი: “მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა”.

იწყება კონკურენტის მოშორების ამბავი. უამრავი დეტალია ჩართული, სხვა ამბები, განსხვავებული “ვეფხისტყაოსნისაგან”. ბოლოს გახელდება ფილასტერი და ტყეში გავარდება მიჯნურად.

_ ინგლისია _ რა დროს მიჯნურობაა!

_ ყველაფერი მთავრდება “ჰეფი ენდით”: მოიშორებენ მეზობელი ქვეყნის სასიძოდ მოვლენილ კაცს და თავის სახელმწიფოში დააბრუნებენ.

_ არ კლავენ? ბოლოსკენ გეკითხებით, თქვენი ნებართვით.

_ არ კლავენ. ტრაგიკომედიაა _ არავინ არ უნდა მოკვდეს, მაგრამ ინტერვიუს ბოლოს კიდევ ერთხელ შემახსენეთ!

ნესტანისა და ტარიელის ერთი ამბავი გაყოფილია ორად: “მეფე და არამეფეში” ნაშვილები მემკვიდრის ხაზი არის განვითარებული, “ფილასტერში” _ შემოერთებული სამეფოს უფლისწულის სიტუაციაა.

ყველაფერს ამჯერად ვერ მოგიყვებით.

ერთი სიტყვით, მეცნიერებს შენიშნული აქვთ, რომ ორივე პიესას რენესანსის, ან შუასაუკუნეების პერიოდის რომელიღაც რომანი უდევს საფუძვლად: ინგლისური ლიტერატურული კრიტიკის დასკვნაა ასეთი.

გეტყვით იმასაც, რომ ინგლისელი მეცნიერი რეიფილდი, რომელსაც წიგნი აქვს გამოცემული ქართულ ლიტერატურაზე და კარგადაც იცის ქართული, მკითხა: ხომ არ არის რაღაც საერთო წყარო, რომელსაც რუსთაველიც იყენებსო: “ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები”? ვუპასუხე, რომ არა. ფლეტჩერისა და ბომონტის ნაწარმოებებში რუსთაველისგან გადატანილი იმ დეტალების გარდა, რომლებზეც მე და თქვენ უკვე ვისაუბრეთ, სხვაც ბევრია. და გარდა ამისა, რაც უმთავრესია: სამივე ინგლისური პიესის ფაბულა შექმნილიავეფხისტყაოსნისმხოლოდ სიუჟეტური ჩარჩოს საფუძველზე, რომელიც აშკარად რუსთველის მიერაა მოაზრებული XII საუკუნის საქართველოს სამეფო კარის ისტორიული რეალიების ბაზაზე და არა პოემის ამ სიუჟეტში შეტანილი მეორე ამბის _ დაკარგული სატრფოს ძიების ამბის მიხედვით, რომელიც თავისთავად აღმოსავლეთში მოარული ამბავია.

_ დეტალებში, გარდა იმისა, რომ ეშმაკია ჩასაფრებული, როგორც ჩანს, ჭეშმარიტება იმალება.

_ ასეა. ერთ რამესაც დავაზუსტებ: მე, როგორც ლიტერატორი, პრობლემას ვიკვლევ ფილოლოგიურად _ ეს სიუჟეტი ამას ჰგავს, ეს პასაჟი _ იმას, და ამ მსგავსებას ვასაბუთებ. ხოლო საიდან მოვიდა, ისტორიოგრაფიის გასარკვევია და სხვაგვარი კვლევის საგანია, ანუ ფილოლოგიისგან განსხვავებული სფეროა. მე შეიძლება არ ვიცოდე, როგორ მოვიდა ეს ამბავი ინგლისში, მაგრამ შემიძლია, ვიმსჯელო იმაზე, რომ სიუჟეტებს ერთმანეთთან კავშირი აქვს; გამოვთქვა ვარაუდი, ტიპოლოგიური მსგავსებაა თუ რაღაც უფრო მეტი.

წარმომავლობა, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, მაგრამ სხვა თემაა, სხვა ფაქტების პოვნა და შედარება სჭირდება, რაც ინგლისურ კრიტიკულ ლიტერატურაში არ წერია, ქართულშიც არ გვაქვს რაიმე ცნობა, ამიტომ შეიძლება მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ.

რუსთაველი ჩვენს საისტორიო წყაროებში მხოლოდ პოეტების მიერაა ნახსენები, თანაც მხოლოდ XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან. ილია ჭავჭავაძე, მოგეხსენებათ, წერდა, რომ ჩვენი ისტორია მხოლოდ მეფეების ქრონიკააო.

ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ. მეც მაქვს ერთი-ორი ვარაუდი, მაგრამ ამის შესახებ დეტალურად არ ვისაუბრებ.

_ იმედი დავიტოვო, რომ მომავალში ამ ვარაუდებზეც ვისაუბრებთ?

_ იმედი ბოლოს კვდება.

ყველაფერი თეატრისთვის

ბატონი ელგუჯა ხინთიბიძის ერთერთი ვარაუდი ასეთია:

_ XVI საუკუნეში ინგლისმა რუსეთში დააარსა დიდი სავაჭრო კომპანია _ “მოსკოუ კომპანი”, რომელიც ურთიერთობდა სპარსეთთან, ინდოეთთან და ასე შემდეგ. სავაჭრო გზა მიყვებოდა ვოლგას, ასტრახანიდან გადიოდა კასპიის ზღვის სანაპიროზე. შემახია და ჯულფა იყო ორი სავაჭრო ცენტრი. ჰქონდათ კავშირი საქართველოსთანაც. წყაროებიდან ირკვევა, რომ კახეთის მეფე ლევანთანაც ურთიერთობდა ეს ინგლისური კომპანია. უფრო მეტიც, ინგლისელმა ვაჭრებმა პირველებმა გააცნეს კახეთი მოსკოვის სამთავროს. მეგობრობა კახეთსა და მოსკოვს შორის აქედან დაიწყო. ამ პერიოდში ჩამოაყენა მოსკოვის სამთავრომ თავისი ჯარის ნაწილები კახეთის ციხესიმაგრეებში. ამას ვერ იტანდა შაჰ აბაზი, ამას ებრძოდა. ეს ვიცით.

ისიც ვიცით, რომ იმ “მოსკოუ კომპანიში” ინგლისის დედოფალს ელისაბედ პირველს გამოგზავნილი ჰყავდა თავისი დიდგვაროვანი გვარად ფლეტჩერი, ჩვენ მიერ ნახსენები ავტორის ჯონ ფლეტჩერის აღმზრდელი ბიძა _ გლებ ფლეტჩერი. ეს ბიძა წიგნს წერს თავისი მოღვაწეობის შესახებ, იმაზე, რასაც რუსეთში შეიტყობს საინტერესოსა და სასარგებლოს. მაგრამ ინგლისელი მეცნიერები ამ ნაშრომში “ვეფხისტყაოსნის” შესახებ ვერაფერს ნახულობენ. ეტყობა, არც არის.

XVI საუკუნის მეორე ნახევრის და XVII საუკუნის დასაწყისის პერიოდია, როცა თურქეთის სულთნისა და სპარსეთის შაჰის კარზე მივიდნენ და დამკვიდრდნენ ევროპელი ელჩები, შეაღწიეს მოგზაურებმაც. ამ ქვეყნების მმართველებს ქართველი ქალები ცოლებად ჰყავთ, და მათ ჰქონდათ “ვეფხისტყაოსანი” რუსთაველისა. ამ პერიოდის ევროპულ მწერლობაში შეხვდებით ქართველებისა და ჩერქეზების შესახებ ცნობებს, ამბებს, რომლებიც მათი მონათხრობია. მათგან ევროპაში გადის ბევრი ამბავი.

ამ დროს ინგლისის დედოფალი ელისაბედ პირველი ოქსფორდში აარსებს საგანგებო ორგანიზაციას _ “ინტელიჯენტ სერვისს”, ერთგვარ სადაზვერვო სტრუქტურას. ინტელიგენტური მომსახურება ერქვა ამ სადაზვერვო სამსახურს _ უცხოეთიდან საინტერესო და სასარგებლო ცნობების მისაღებად, როგორებიცაა ისტორიები, ბიოგრაფიები, ფოლკლორის, ლიტერატურის სიუჟეტები და ა.შ. უწინარეს ყოვლისა, ისინი მიაქვთ ინგლისის სამეფო თეატრისთვის, რომელიც მაშინ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების უმთავრესი წყარო იყო.

“ინტელიჯენტ სერვისს” სათავეში ჩაუდგა ფრანსის ბეკონი, მწერალი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი და პოლიტიკოსი. თეატრი ამ წყაროდან იგებს და გადაიღებს ყველა სიახლეს. მდიდრდება. შეიძლება ითქვას, მთელი სისტემაა შექმნილი დრამატურგების მომსახურებისთვის.

ბატონი ელგუჯა ხინთიბიძე თავის მოსაზრებასმეფე და არამეფისშესახებ, როგორც ვთქვით, თავმდაბლურად მიიჩნევს ერთერთ ვარაუდად, და სწორედ ეს ვარაუდი წარადგინა ამერიკაში, კოლუმბიის უნივერსიტეტში გამართულ ვეებერთელა კონგრესზე 2008 წელს _ “ქართული წვლილი შუა საუკუნეების მედიევისტიკაში”. აქ განაცხადა პირველად, რომვეფხისტყაოსანიშესულია ინგლისურ ლიტერატურაში.

2009 წელს აშშ-ში მედიევისტების (შუა საუკუნეების მკვლევართა) უდიდეს ყოველწლიურ კონგრესზე, რომელიც ჩიკაგოს მახლობლად ქალაქ კალამაზუსის უნივერსიტეტში იმართება, სამი ათასი მოხსენებიდან დააჯილდოვეს მხოლოდ 5 მოხსენება და მათ შორის ერთ-ერთი ქართველი პროფესორის _ ელგუჯა ხინთიბიძესი.

ამის კვალზე 2011 წელს ლონდონში ინგლისურ ენაზე იბეჭდება მისი წიგნი “რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” და ევროპული ლიტერატურა”.

ამ მიმართულებით კვლევას ბატონი ელგუჯა ინტენსიურად განაგრძობს და, გარემოებათა გავლენით, ახლა უკვე აღმოსავლეთის მიმართულებით წარმართავს.

იხილეთ მასალი გაგრძელება:
ქართველი მეცნიერის სენსაციური აღმოჩენა

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

1 COMMENT

  1. საქართველოში ყოველთვის იყო ლეოპარდი ( ძველქართულად ვეფხი ) , იგივეა ლექსში ” ვეფხი და მოყმე ” და არა ახალქართული ” ვეფხვი ” , ამიტომ არის ” ვეფხისტყაოსანი ” . ეს კარგად იცოდნენ ძველად და ამიტომ არის ხალებიანი ცხოველი ძველ ილუსტრაციებში და არა ზოლებიანი .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here