მთავარი საზოგადოება ქართველი მეცნიერის სენსაციური აღმოჩენა

ქართველი მეცნიერის სენსაციური აღმოჩენა

“ვეფხისტყაოსანზე” აგებული შექსპირის პიესები

1917
გააზიარეთ
ელგუჯა ხინთიბიძის გამოსვლა დიდი ბრიტანეთის სამეფო სააზიო საზოგადოებაში 2018 წლის 27 ნეომბერს

ჩვენი მკითხველისაქართველო და მსოფლიოსწინა ნომერში უკვე გაეცნო აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძის ინტერვიუს, რომელშიც იგი სენსაციურ აღმოჩენაზე (თავად მოკრძალებით ვარაუდს რომ უწოდებს) საუბრობს. დღეს ამ ინტერვიუს დასასრულს გთავაზობთ.

(დასასრული. დასაწყისი იხ.
ქართველი მეცნიერის სენსაციური აღმოჩენა)

აბას პირველის აღმზრდელი და მრჩეველი ქართველი კაცი იყო.

_ 1599 წლის დასაწყისში შაჰ აბასის კარზე ინგლისიდან 26-კაციანი დელეგაცია გაემგზავრა.

გემი ქალაქ საუთჰამფთონის ნავსადგურიდან გავიდა. სხვათა შორის, ეს ის პორტია, საიდანაც გავიდა “ტიტანიკი” და ჩაიძირა. დელეგაციას ხელმძღვანელობდა შემდეგში ძალიან ცნობილი დიპლომატი, მოგზაური და, როგორც წერდნენ, ცოტა ავანტიურისტი, სახელად ანტონი შერლი. ექსპედიციას აფინანსებდა ორი დიდი ინგლისელი გრაფი _ ესექსის გრაფი რობერტ დევერუქსი და საუტჰამფტონის გრაფი ჰენრი საუტჰამფთონი. ორივენი შემდგომში დაუპირისპირდებიან ელისაბედ I-ს, მოაწყობენ ამბოხს და დედოფალი ორივეს სიკვდილს მიუსჯის.

ინგლისელთა მისია წლის ბოლოს ჩადის შაჰის კარზე.

შერლი ხვდება შაჰს და ცდილობს, დაარწმუნოს სპარსეთის მმართველი, დაიწყოს ომი თურქეთის წინააღმდეგ. ეს ის პერიოდია, როცა თურქეთი ევროპას იპყრობს და ევროპას თურქეთი აშინებს. ანტონი შერლი ბოლოს დაიახლოვა შაჰმა. 6 თვე დაჰყვეს ინგლისელებმა სპარსეთში: ექსპედიციის წევრები დაინტერესებულნი იყვნენ ქვეყნის შესწავლით. 1611 წელს შერლი ლონდონში გამოსცემს წიგნსჩემი მოგზაურობა სპარსეთში”, რომელშიც აღნიშნავს, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც ომის დაწყებაა, შაჰი დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა, ამიტომ საჭირო გახდა ვეზირების მიმხრობა. მე ჩემს მხარდამჭერად ორი კაცი ავარჩიეო, _ წერს შერლი, _ ორივე ქართველი, ყოფილი ქრისტიანები, რომლებსაც შაჰის მამამ მაჰმადიანობა მიაღებინა, მაგრამ გამაჰმადიანება მხოლოდ გარეგნული იყო, რადგან ისინი შინაგანად ქრისტიანებად დარჩნენ და ქრისტიანებს ყოველმხრივ ეხმარებოდნენ. ერთი ალავერდი ხანია, ცნობილი პიროვნება, ირანის სარდალი და პოლიტიკური მოღვაწე, გვარად უნდილაძე; მეორე _ ვიღაც თეჰმურაზ მირიმანიძე.

ალავერდი-ხანი (უნდილაძე) შაჰ-აბასის I-ის ხელმარცხნივ ზის
ალავერდი-ხანი (უნდილაძე) შაჰ-აბასის I-ის ხელმარცხნივ ზის

ალავერდი ხანი შაჰის პირველი მრჩეველი და აღმზრდელია, უწინ იგი აბას პირველის მამის მრჩეველი იყო. უახლოესი კაცია სპარსეთის მმართველის. პორტუგალიის ელჩისთვის უთქვამს შაჰს: მთელი სპარსეთი მე მემორჩილება, მე კი ალავერდი ხანს ვმორჩილებო. ისპაჰანში 1611 წლის ერთერთ ფრესკაზე დახატულია შაჰის მიერ რომელიღაც დიდი ელჩის მიღების ცერემონია. შაჰი ამბობს სიტყვას, ვეზირები გვერდს უმშვენებენ. მიღებული ეტიკეტის თანახმად, მარცხნივ უნდა ეჯდეს შაჰს პირველი კაცი (ბატონი ელგუჯა მაჩვენებს ამ ნახატის ფოტორეპროდუქციას, რომელზეც აღბეჭდილია ეს სცენა და შაჰის ხელმარცხნივ მჯდომ სპარსელ ვეზირზე მიმითითებს _ ქართველი ალავერდი ხანი ეს არისო). ყველაზე დიდი ლაშქარი ალავერდი ხანს ჰყავდა. უცხოელების ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ ამ ლაშქრის რაოდენობა 12 ათასია და მთლიანად ქართველებისგან შედგება, რომელთა ასაკი 12-დან 18 წლამდე არისო (ეტყობა, გადაჭარბებულია).

ალავერდი ხანს ჰყავდა შვილები, მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეული იყო იმამ ყული ხანი, რომელიც მამამისის შემდეგ უმდიდრესი ადამიანი გახლდათ და დიდი ლაშქარი ჰყავდა. მეორე შვილი დაუდ ხანი განჯის ბეგლარბეგი იყო. ალავერდი ხანს ქართველი ცოლი ჰყავს. იმამ ყული ხანის ოთხი ქალიშვილი შაჰის ნებართვით წარმოშობით ქართველებზე არიან გათხოვილნი (ცნობილია, რომ შაჰ აბასი და ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I ქვისლები იყვნენ. პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ თეიმურაზს შერთეს ლუარსაბ მეფის უფროსი და თამარი, უმრწმესი თინათინი კი შაჰ აბასს ჰყავდა ცოლად. _ ა.ს.). ინგლისურ წყაროებში მითითებულია, რომ ანტონი შერლის და მასთან ერთად ჩასული დელეგაციის მასპინძელი და პატრონი, შაჰის დავალებით, ალავერდი ხანი იყო. თათბირზე, სადაც წყდებოდა თურქეთთან ომის დაწყების საკითხი, სწორედ ალავერდი ხანის სიტყვა აღმოჩნდა გადამწყვეტი (ელგუჯა ხინთიბიძემ ეს ბრწყინვალე სიტყვა ლონდონში 1611 წელს გამოცემული ანტონი შერლის წიგნიდან ათარგმნინა და გამოაქვეყნა). სპარსულ წყაროებში წერია, რომ ალავერდი ხანი და მისი შვილი იმამ ყული ხანი იყვნენ მწიგნობართა მფარველები. მეტიც, ალავერდი ხანი პოეტი იყოო.

სპარსელი მეცნიერის _ ფალსაფის წიგნში წერია, რომ ალავერდი ხანის აშენებული მეჩეთის ერთ კედელზე ყურანის სურები ქართულად იყო წარწერილიო.

ინთელიჯენტ სერვისისწარგზავნილი დელეგაციის წევრებს მასპინძელი გამაჰმადიანებული ქართველები თავიანთ ისტორიულ სამშობლოზეც რომ მოუყვებოდნენ, “ვეფხისტყაოსანზეცრომ ეტყოდნენ, მის შინაარსს რომ უამბობდნენ ცნობისმოყვარე ინგლისელებს, გამორიცხული არ არის.

ჩვენ უკვე ვთქვით და დავასაბუთეთ, რომ ზემოთ განხილული ინგლისელი ავტორების ნაწარმოებებში ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის ამბავია გადმოცემული და შემდეგ ორ ამბად არის გაყოფილი.

ბრიტანეთ-საქართველოს საზოგადოების მიერ მოწყობილ რუსთაველის დღეზე მიწვევის ბარათი, სადაც გაიმართა ელგუჯა ხინთიბიძის წიგნის „შუა საუკუნეების ქართული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“ წარდგენა
ბრიტანეთ-საქართველოს საზოგადოების მიერ მოწყობილ რუსთაველის დღეზე მიწვევის ბარათი, სადაც გაიმართა ელგუჯა ხინთიბიძის წიგნის „შუა საუკუნეების ქართული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლოდროინდელი პიესები“ წარდგენა

ანტონი შერლი შაჰმა თავისთან დაიტოვა და ევროპაში სპარსეთის ელჩად გაგზავნა. ორი გრაფი, რომლებიც ვახსენე, უაღრესად ახლო დამოკიდებულებაში არიან შექსპირის თეატრთან, ანუ სამეფო დასთან, იმდენად ახლოს, რომ, როცა ისინი აუჯანყდებიან დედოფალს, თეატრი მათ დაუჭერს მხარს: შექსპირის ერთ ნაწარმოებს გადააკეთებენ ისე, რომ ელისაბედის წინააღმდეგ მიმართული აღმოჩნდება.

უილიამ შექსპირის ავტორობის გარშემო დღემდე მიმდინარე კამათი თქვენი გაზეთის მკითხველებისთვის ცნობილია. ბევრი ვარაუდია. შექსპირის ნაწერებში მხოლოდ ერთი ისტორიული პიროვნება ჩანს, ვისაც ავტორი უძღვნის თავის ორ ადრინდელ პოემას, იგივე კაცი ჩანს მის ორ სონეტში. ეს არის საუტჰამფთონის გრაფი ჰენრი საუტჰამფთონი, რომელიც ვახსენეთ, როგორც სპარსეთში გაგზავნილი მისიისა თუ ექსპედიციის ერთ-ერთი დამფინანსებელი.

ჰენრი საუტჰამფთონს, რომელსაც სიკვდილი ჰქონდა მისჯილი, უმაღლეს ზომას დედოფალი სამუდამო პატიმრობით შეუცვლის. ამ გრაფს უძღვნის შექსპირი თავის ოპუსებს. 1603 წელს გარდაიცვალა ელისაბედი, გამეფდა ჯეიმს I, რომელიც მანამდე შოტლანდიის მეფე იყო. შექსპირი წერდა: ჩაესვენაო მიმცხრალი მთვარე, რომელიც აქამდე უნდა მომკვდარიყო (ელისაბედი) და ციხიდან გათავისუფლდა ჩემი სატრფოო (მაი ლავ). ავი ხმები იმასაც ამბობენ, რომ ამათ არატრადიციული სიყვარული აკავშირებდა ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენ ეს გრაფი გვაინტერესებს, როგორც ექსპედიციის სპონსორი და დიდი დრამატურგის უახლოესი მეგობარი.

ანტონი შერლი, ექსპედიციის ხელმძღვანელი, საუტჰამფტონის გრაფის ქვისლია. ცოლები რობერტ დევერუქსის დის შვილები არიან. ერთი წრეა შეკრული. დევერუქსთან მიდის ანტონი შერლის წერილები სპარსეთიდან. რამდენიმე წერილი დღემდეა შემორჩენილი.

ამას იმიტომ გიყვებით, რომ გითხრათ: შექსპირი იცნობდა ანტონი შერლის მოგზაურობის დეტალებს. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ შაჰმა ანტონი შერლი თავის ელჩად წარგზავნა ევროპაში, ხელფასად 3000 კრონი დაუნიშნა. შერლი დევერუქსს წერს, _ შაჰმა 3000 კრონის პენსია დამინიშნაო. შექსპირს თავის “მეთორმეტე ღამეში” ზუსტად აქვს გადმოტანილი ეს ფაქტი _ “შაჰის პენსია 3000 კრონი”. სხვა დეტალებიც არის, რომლებიც ადასტურებს ზემოთ თქმულს _ შექსპირი სრულად იცნობს შერლის მოგზაურობის დეტალებს მის (შერლის) მიერ გამოგზავნილი წერილობითი შეტყობინებების საშუალებით.

ანტონი შერლი უაღრესად განათლებული კაცია, პოლიგლოტია. ამბობენ, 20 ენა იცოდაო. შერლი იწერდა ხოლმე აღმოსავლეთის ამბებს და თეატრს უგზავნიდა გადასამუშავებლად. ერთ-ერთი ინგლისელი ავტორის აზრით, შექსპირის ბოლო პერიოდის პიესები შერლის ჩაწერილია, მაგრამ გადამუშავებულია შექსპირის მიერ.

_ ესეც ვარაუდია?

_ ვარაუდია, მაგრამ სარწმუნო ისაა, რომ სპარსეთიდან მიდის ცნობები და, ალბათ, სიუჟეტებიც თეატრალურ დასში. ოტელო ბოლო მონოლოგში (“ჯერ შეიცადეთ”…), სიცოცხლესთან განშორების წინ ამბობს: “როცა ერთხელ ალეპოში ოსმალო ვინმე, თავს რიდედგმული, სიამაყით გულზედ მოსული, ვენეციელსა სცემდა ერთსა და მის ქვეყანას უშვერის სიტყვით აგინებდა, მივწვდი მე ყელში იმ ქოფაკ ძაღლსა, წინდაცვეთილს და დავკალ ასედა ხმალს გულში ჩაიცემს.

ზუსტად ეს სიტყვები წერია ანტონი შერლის ერთ-ერთი თანამგზავრის მიერ ინგლისში გამოგზავნილ ჩანაწერში: ალეპოში რომ გავჩერდით, მოწმენი გავხდით იმისა, რომ თურქს ვენეციელი ჰყავდა დაჭერილი, სცემდა და აგინებდაო მის ქვეყანას. სიტყვა-სიტყვით აქვს გადმოტანილი შექსპირს ეს ამბავი.

_ . . სპარსეთიდან იწერებიან, როგორც ამბავს, და შექსპირიც უცვლელად იყენებს.

_ ზუსტად გადმოაქვს, როგორც ოტელოს მონოლოგის შემადგენელი ნაწილი.

საინტერესო რა არის, იცით? შერლის ეს წერილი, რომლის ფრაგმენტს იყენებს შექსპირი, იმ დროს გამოქვეყნებული არ არის. მეცნიერებმა აგერ, ახლახან დაბეჭდეს. თუმცა ვიცით, რომ წერილი ექსპედიციის სპარსეთში ჩასვლის პირველ წელსვეა გაგზავნილი დევერუქსისადმი და მას კითხულობს შექსპირი.

ერთი საერთო წყაროვეფხისტყაოსანია

ბატონი ელგუჯა განაგრძობსფილასტერთანდაკავშირებული მასალების შესწავლას.

_ ინგლისელმა მეცნიერებმა შენიშნეს, რომ პიესა “ფილასტერი” ძალიან ჰგავს შექსპირის ერთ ნაწარმოებს, რომლის სახელწოდებაა “ციმბელნი” და დაწერილია დაახლოებით 1608-1610 წლებში.

ერთი ევროპელი მკვლევარი XIX საუკუნის ბოლოს შენიშნავს, რომ “ფილასტერი” შექსპირის “ციმბელინიდან” სესხულობს ბევრ რამეს. ძალიან ჰგავსო.

1901 წელს აშშ-ში გამოდის ცნობილი ავტორის _ თორდაიკის წიგნი ბომონტისა და ფლეტჩერის შექსპირზე გავლენის შესახებ. ის ამტკიცებს, რომ შექსპირი გაჰყვა იმათ ტრაგიკომედიურ სტილს, რაც აშკარად ჩანს მის ბოლოდროინდელ ნაწარმოებებში. შექსპირის “ციმბელინი” (მეფის სახელია) უფრო გვიან ჩანს დაწერილი. ყოველ შემთხვევაში, 1611 წელს სცენაზე იდგმებოდა, ანუ მას შემდეგ, რაც “ფილასტერი” უკვე პოპულარული იყო.

და ბატონი ელგუჯა ასკვნის (მიაქციეთ ამას ყურადღება!):

_ ყველა დეტალი, რომლებიც, ამ მეცნიერების აზრით, ამ ორ პიესაში ერთმანეთს ჰგავს, გამოდის “ვეფხისტყაოსნიდან”, “ვეფხისტყაოსნისეულია”.

ერთი მეცნიერი ამბობს, რომ ერთმა ავტორმა მეორისგან გადაიღო; მეორე მეცნიერი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ხოლო უფრო თანამედროვე მეცნიერს მიაჩნია, რომ ერთმანეთისგან კი არ უსესხებიათ, არამედ მათ ერთი საერთო წყარო აქვთ. იმასაც ამბობენ, რომ ეს საერთო წყაროა შუა საუკუნეების რომელიღაც რომანი.

მაგრამ ხომ არ შეიძლება მსგავსება ზუსტი კალკი იყოს _ ცოტა განსხვავებულია. ის მცირე განსხვავებებიც, რომლებიც შეიმჩნევა, “ვეფხისტყაოსნისეულია”. ის დეტალებიც რუსთაველიდან მოდის.

ამას ამტკიცებს ქართველი მკვლევარი!

_ ერთი ასეთი დეტალი დაასახელეთ, თუ შეიძლება, ბატონო ელგუჯა.

_ ერთი მაინც ვთქვათ. ერთი მაინც ვთქვათ… _ ჩაფიქრდება რესპონდენტი და დასძენს, _ ერთს გეტყვი და შემდეგ უფრო საინტერესოსაც დავუმატებ.

ორივე შემთხვევაში სამეფო ოჯახს გასათხოვი ქალიშვილი ჰყავს და ორივე შემთხვევაში მეფესა და დედოფალს შერჩეული ჰყავთ სასიძო. ორივე შემთხვევაში ქალიშვილებს არ სურთ, ცოლად გაჰყვნენ მშობლების მიერ შერჩეულ საქმროებს. მათ საკუთარი სატრფოები ჰყავთ. “ფილასტერში” მეფის მემკვიდრე ქალიშვილის სატრფო არის შემოერთებული ქვეყნის უფლისწული. “ციმბელინში”, ანუ შექსპირთან შემოერთებული სახელმწიფოს უფლისწული არ არის, მაგრამ არის ახალგაზრდა, რომელიც მეფის მიერ მასთან (ქალიშვილთან) ერთად არის აღზრდილი. ჩემთან ერთად რომ იზრდებოდა, ის შემიყვარდაო, _ ეუბნება ქალიშვილი მეფეს. ამ სხვაობათაგან ორივე “ვეფხისტყაოსნისეულია”.

მეორე. ფილასტერი შეუყვარდება ერთი დიდებულის ქალიშვილს. ვაჟად გადაიცვამს და პაჟად დაუდგება უფლისწულს. ფილასტერი ყვება, პირველად როგორ ნახა იგი: ვნადირობდი, დავინახე, რომ წყლის პირას ზის შესანიშნავი ახალგაზრდა და ტირის. მოვიხიბლე. მომინდა მასთან შეხვედრაო. გავიხსენოთ: “ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა”, _ ზუსტადვეფხისტყაოსანია”. ამას დავამატოთ ის, რომ შექსპირისციმბელინშისამეფოდან გადაკარგული უფლისწული გამოქვაბულშია დამკვიდრებული და სამეფო კარის ძველი ამბის მბობა იქ ხდება. ესვეფხისტყაოსნისეულია”.

შექსპირი იღებს ნაწარმოების თემას: ტარიელისა და ნესტანის სიყვარულის ამბავს. მეფეს ჰყავს გასათხოვი ქალიშვილი და მისთვის შეარჩევს შესაფერის საქმროს, ახალგაზრდა კაცს, რომელიც მას შეჰფერის. ქალიშვილი ამ შერჩეულს იწუნებს და სურს, გაჰყვეს ისეთ პიროვნებას, რომელიც უკვე სამეფო კარის მოხელეა, მაგრამ სიძედ, არსებული წესის თანახმად, უნდა მოიყვანონ მეფისწული, მეფის ძე და არა ქვეშევრდომი. ტარიელი ქვეშევრდომია, ვეზირი. შექსპირისციმბელინში”, როგორცვეფხისტყაოსანში”, გატარებულია სამეფო მემკვიდრეობის იდეა _ სამეფო ტახტი შეუნარჩუნდეს მემკვიდრეს და არახვარაზმშა დავსვა ხელმწიფედ”, “ესე ამბად არ იქნების, რომე სპარსნი გაგვიხასდნენ”.

შექსპირის პიესაში ჩანს “ვეფხისტყაოსნისეული” კომპოზიცია. ინგლისურ ლიტერატურულ კრიტიკაში შენიშნულია, რომ “ციმბელინში” პირველად იცვლება კომპოზიცია, რომელიც შექსპირის ადრინდელ ტრაგედიებში ჩანს: ამბავი იწყება, კვანძი შეიკვრება სამეფო კარზე, გაგრძელდება სამეფო კარს მიღმა, სხვა სივრცეში, რაც შუა საუკუნეების რომანების ტრადიციაა. სხვა სივრცეში გაიხსნება ეს კვანძი და დასრულდება ისევ სამეფო კარზე, დასრულდება ბედნიერად. ზუსტად “ვეფხისტყაოსნისეული” კომპოზიციაა.

სასიძოს, რომელსაც სურს მემკვიდრე ქალის შერთვა და ამ გზით ქვეყნის მეფობის ხელში ჩაგდება, კლავს ჭეშმარიტი უფლისწული, როგორც “ვეფხისტყაოსანშია”. აი, ბატონო არმაზ, პასუხი იმ კითხვაზე, რომელიც თქვენ აგრერიგად გაინტერესებდათ.

დეტალი ბევრია-მეთქი, მაგრამ ეს ვიკმაროთ.

მთავარ ხაზს მივყვეთ.

მთავარი კი არის თემატიკა და კომპოზიციაციმბელინისა”, რომელიცვეფხისტყაოსნისეულიადა რომლის კვალი ჩანს შექსპირის მომდევნო ნაწარმოებებშიც. შექსპირის ბოლო პერიოდის პიესებიაციმბელინი”, “ზამთრის ზღაპარი”, “პერიკლედაქარიშხალი”.

განსაკუთრებული ინტერესით ეკიდებიან “ციმბელინს” _ ეძებენ, იკვლევენ, საიდან წამოვიდა ეს ნაწარმოები. შექსპირი თავდაპირველად წერდა ტრაგედიებს ან კომედიებს. ამას მოსდევს ნაწარმოებები, რომლებიც იწყება ტრაგიკულად, მაგრამ მთავრდება ბედნიერად. მის ყველა ბოლო ნაწარმოებში იცვლება ძველი სტილი, კომპოზიცია: ამბავი იწყება სამეფო კარზე, გადის სხვაგან და უბრუნდება სამეფო კარს ბედნიერებად. ყველა ნაწარმოებში ჩანს რაღაც საერთო: ამბავი ხდება ზღვასთან დაკავშირებულ სივრცეში. შექსპირის პირველი პერიოდის ტრაგედიებში ამ თვალსაზრისით ერთადერთია “ვენეციელი ვაჭარი”: ზღვაზე გემის დაღუპვა.

შექსპირის გვიანდელ პიესებში ჩანს სასახლიდან გადაკარგვა ქალის, ზოგჯერ უფლისწულის, ზღვაში გადაგდება, უმართავ ნავსა თუ კიდობანში დატოვება, რათა თავისით გაქრეს და დაიღუპოს, მაგრამ ბოლოს მაინც იმარჯვებს სიკეთე. ყველაფერი მთავრდება უფლისწულების ბედნიერი დაქორწინებით.

ბატონი ელგუჯა ხაზგასმით ამბობს, რომ იგი ამ ფაქტებს იმიტომ კი არ ასახელებს, რამე რომ დაამტკიცოს, არამედ იმიტომ, რომ დაგვანახვოს რემინიცინციები. ამ მთავარ ღერძზეა ასხმული მისი წიგნი, რომელიც ინგლისურ ენაზე გამოიცა ევროპაში და ჰქვიაშუასაუკუნეების ქართული რომანი და შექსპირის ბოლო პერიოდის პიესები”.

ამ წიგნის წარდგენა გაიმართა ლონდონში 27 ნოემბერსსამეფო სააზიო საზოგადოებაშიდა იყო დიდად წარმატებული.

დაბოლოს დასკვნა, რომელსაც ბატონი ელგუჯა ხინთიბიძე გვთავაზობს:

_ “ვეფხისტყაოსნიდანრომ არის შესული ინგლისურ დრამატურგიაში ყველაფერი ის, რაზეც ვილაპარაკეთ, ამაში ეჭვის შეტანა, არა თუ ძნელია, შეუძლებელიცაა. ხოლო სპარსეთიდან რომ მივიდავეფხისტყაოსანიინგლისში, ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ, ჩემი აზრით, სარწმუნო ვარაუდი!

ესაუბრა არმაზ სანებლიძე

P.S.
შესანიშნავი ქართველი მეცნიერის ელგუჯა ხინთიბიძის უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის შესახებ პუბლიკაციის დასასრულს XVII საუკუნის იტალიელი მისიონერის დონ კრისტოფორო დე კასტელის ეპიგრაფად გამოტანილი ციტატის მკითხველებისთვის სრულად წარდგენის სურვილი გამიჩნდა (არ მკითხოთ _ რატომ):
ეჰ, ვუმზერ საქართველოს და გული ცრემლებით მევსებაიმ ქვეყანას ვტირი, რომელმაც ანტიკური ბერძნული სივრცე წარმოშვა, ახლა კი უვიცობის წყარო გამხდარა, სადაც თავიანთი შემეცნების სიბრმავის გამო, ბევრი სიღატაკეში ჩავარდნილა და სადაც ყველა ღმერთი მიტოვებულია” (ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ. გვ. 203).
მწყურვალენო, მოდით წყალთან!”
ესეც იქიდანაა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here