Home რუბრიკები საზოგადოება ფალიაშვილის “დაისი” ქუთაისის ოპერის თეატრის საიუბილეოდ

ფალიაშვილის “დაისი” ქუთაისის ოპერის თეატრის საიუბილეოდ

1448
ფალიაშვილის “დაისი” ქუთაისის ოპერის თეატრის საიუბილეოდ

წლევანდელი წელი საიუბილეოა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრისთვის _ 27 დეკემბერს თეატრის გახსნიდან 50 წელი სრულდება.

ქუთაისი ოდითგანვე მუსიკალური ქალაქი რომ იყო, საყოველთაოდ არის ცნობილი, შესაბამისად, ეტაპობრივად და მიზანმიმართულად ყალიბდებოდა ოპერის თეატრის დაბადების საფუძვლები, რასაც 1969 წლის 27 დეკემბერს შეესხა ხორცი _ დაარსდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ფილიალი, რომელსაც შემდგომ (1989 წლიდან) მელიტონ ბალანჩივაძის სახელი მიენიჭა და დამოუკიდებლობაც მოიპოვა.

ქუთაისის ოპერის თეატრის დაარსება, რაშიც ლომის წვლილი მიუძღვოდა ცნობილ მუსიკოსსა და მოღვაწეს, თეატრის პირველ ხელმძღვანელს თეიმურაზ კობახიძეს, იმთავითვე ღირსშესანიშნავი მოვლენა, მრავლისმთქმელი ფაქტი იყო ქვეყნის კულტურული ცხოვრებისთვის, რადგან სწორედ თეატრების, ორკესტრების, საშემსრულებლო კოლექტივების, კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებათა სიმრავლე, ცხადია ხარისხობრივ მაჩვენებელთან ერთად, განაპირობებს ქვეყნის იმიჯს, იერს.

ამ ხნის განმავლობაში ქუთაისის ოპერის თეატრმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. თეატრის სცენაზე არაერთი გამოჩენილი ქართველი თუ უცხოელი მომღერალი გამოსულა, რომლებსაც ჭეშმარიტი ზეიმი მოუწყვეს აუდიტორიას.

არსებობის ორმოცდაათი წლის განმავლობაში ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ათეულობით საოპერო და საბალეტო დადგმა განახორციელა, რაც უდავოდ მეტყველებს რეპერტუარის მრავალფეროვნებაზე. და მაინც, ეს თეატრი განსაკუთრებულ ერთგულებას იჩენდა და იჩენს ქართველი კომპოზიტორების ნაღვაწის მიმართ, რაც დაარსებისთანავე გაცხადდა და ამ კურსისთვის არასოდეს უღალატია, რაც ესოდენ დასაფასებელია.

ცხადია, თეატრში იყო როგორც შემოქმედებითი წინსვლა, აღმაფრენა, ასევე ზოგჯერ შემოქმედებითი უძრაობა, ჩვეული რიტმიდან ამოვარდნაც, მაგრამ ასეთი მოვლენები ბუნებრივია, _ თეატრის ცხოვრება ხომ დინამიკური პროცესია. და რა სასიხარულოა, რომ ქუთაისის ოპერის თეატრმა ნახევარი საუკუნის განმავლობაში ათობით ათას ადამიანს მიანიჭა განუზომელი სიხარული და მაღალი ხელოვნებით ტკბობის სიამოვნება. დიახ, ქუთაისის ოპერის თეატრმა უმთავრესს მიაღწია _ მისი ნაღვაწი ხალხმა შეიყვარა და გაითავისა _ ხელოვნების ამ კერის შემოქმედებით ცხოვრებას მუდამ დიდი ინტერესით ადევნებდნენ და ადევნებენ თვალს ქუთათურები და ჩვენი ქვეყნის სტუმრებიც. ამგვარად, ქუთაისის ოპერის თეატრის ღვაწლმა ჭეშმარიტად მამულიშვილური ღირებულება მოიპოვა. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში საკუთარი წვლილი შეიტანა ქუთაისის ოპერის თეატრის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში!

სტაბილური მაღალი შემოქმედებითი დონის მიღწევას კომპლექსური ღონისძიებების გატარება, დიდი ძალისხმევა, მაღალი პროფესიონალიზმი, საქმის უზომო სიყვარული სჭირდება. მისასალმებელია, რომ თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის, ცნობილი მუსიკოსის ირინე ლომინაძის ხელდასხმით და მთელი კოლექტივის მხარდაჭერით სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება ქუთაისის ოპერის თეატრი _ ყველაფერი კეთდება მაღალი შემოქმედებითი ავტორიტეტის გასამტკიცებლად. ამ საქმეში მხარდამჭერი კი ბევრი უნდა იყოს _ სახელმწიფოც, მეცენატებიც, თეატრის, ოპერის მოყვარულებიც და, საერთოდ, ქართველი საზოგადოებრიობა. მოგეხსენებათ, არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო გარკვეულ პერიოდში ქუთაისის ოპერის თეატრში ჭირდა რეპერტუარის მკვეთრი გამდიდრება, არც ახლაა ეს კოლექტივი ფუფუნებაში, მაგრამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მაინც ახერხებს ახალი სპექტაკლების შექმნას, სარეპერტუარო დადგმების სტაბილურ წარმოდგენებს. ბოლო წლებში მოხერხდა პრემიერები რეგულარულად განგვეხორციელებინა.

თავად განსაჯეთ, 2015 წლის ბოლოდან განხორციელდა შემდეგი ოპერების საპრემიერო და განახლებული დადგმები: ზაქარია ფალიაშვილისაბესალომ და ეთერი”, ვიქტორ დოლიძისქეთო და კოტე”, ოთარ თაქთაქიშვილისპირველი სიყვარული”, გიორგი ჩლაიძისდარისპანის გასაჭირი”, ჯუზეპე ვერდისტრავიატა”, “რიგოლეტო”, პიეტრო მასკანისსოფლის ღირსება”, სერგეი რახმანინოვისალეკო”. ვფიქრობ, შთამბეჭდავია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თეატრის დაფინანსება პრაქტიკულად მხოლოდ სახელფასო ფონდს მოიცავს, ისიც კოლექტივის დიდი, მუხლჩაუხრელი შრომის ძალზე მწირ ანაზღაურებას რომ ჰყოფნის. მაგრამ ამ თეატრის მუსიკოსების, მოცეკვავეების, თეატრის ყველა სეგმენტის თანამშრომლის ენთუზიაზმს და საკუთარი საქმის სიყვარულსა და ერთგულებას, როგორც ჩანს, საზღვარი მართლაც არ აქვს.

წლევანდელი საიუბილეო წელი, წლევანდელი თეატრალური სეზონიქეთო და კოტესპრემიერით გაიხსნა, იუბილის გამო იყვნენ საგასტროლოდ ჩამოსული სტუმრებიც და, რაც მთავარია, 27 დეკემბერი, თეატრის 50- დაბადების დღეც პრემიერით აღინიშნება _ ამ თარიღს მიეძღვნება ზაქარია ფალიაშვილის ოპერისდაისისახალი დადგმა. ერთგვარად სიმბოლურია, რადგან ორმოცდაათი წლის წინათ თეატრი ფალიაშვილისაბესალომ და ეთერისპრემიერით გაიხსნა, ახლა კიდაისი”…

სპექტაკლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. “დაისის” დადგმაზე მუშაობს შემოქმედებითი ჯგუფი ცნობილი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ თორნიკე მარჯანიშვილის, მხატვარ თეო კუხიანიძის, ქორეოგრაფ ვახტანგ უშვერიძის შემადგენლობით. საპრემიეროდ “დაისის” განსხეულებაში მონაწილეობენ არმაზ დარაშვილი (მალხაზი), ბაკურ კვირიკაშვილი (კიაზო), მარიკა მაჩიტიძე (მარო), ფერიდე ჯინჯიხაძე (ნანო), რამაზ კუბლაშვილი (ტიტო), კალისტრატე ხარჩილავა (ცანგალა), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი ნათია გოგუაძე), ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს დაბადების ორმოცდამეათე წლისთავს, ვულოცავ და მეიმედება ხელოვნების ამ კერის დიდი მომავალი, მწამს, რომ ის კვლავაც არაერთხელ იტყვის თავის ღირსეულ სიტყვას და ბოლოს, გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს თეატრის თანამშრომლებს, ერთგულ მსმენელებს და გულშემატკივრებს!

ზურაბ ოიკაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here