Home რუბრიკები ისტორია უკვდავი სახელები: ნიკო ცხვედაძე

უკვდავი სახელები: ნიკო ცხვედაძე

1889
ნიკო ცხვედაძე

ჩვენი ხსოვნიდან არ უნდა ამოიშალოს ამ ქართველის სახელი. მართალია, მას არ ჰქონია ისეთი ბრწყინვალე, მომადლებული ნიჭი, როგორიც ილიასა და აკაკის, მაგრამ სამაგიეროდ, სული ჰქონდა წმინდა, გული წრფელი და დაუშრეტელი სიყვარული სამშობლო ერისა. ეს სიყვარული შთანერგილი ჰქონდა პატარაობიდანვე. გაჭირვება, ტანჯვა, სიღარიბე წიგნებიდან კი არ ჰქონდა გაცნობილი, არამედ თვით ცხოვრებამ, თვით სინამდვილემ გამოატარა ამ ჭახრაკში” (იაკობ მანსვეტაშვილი, “ნახული და გაგონილი”, 1936 .).

ეს ქართველი იყო ნიკო ცხვედაძე _ სოფლის ღარიბი მღვდლის შვილი, სიღარიბეში დაბადებული, სიღარიბეში აღზრდილი.

დაიბადა 1845 წელს ცხინვალის რაიონში, პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო საშუალო _ სასულიერო სემინარიაში. 1865-1869 წლებში სწავლობდა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ პედაგოგად მუშაობდა თბილისის ქალთა ინსტიტუტსა და წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში. აქ იგი დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს, იაკობ გოგებაშვილსა და 40 წლის მანძილზე დაუღალავად ემსახურებოდა ქვეყანას. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, მისი წესდების პროექტის ავტორი და გამგეობის წევრი, 1899-1907 წლებში კი _ ამ საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე.

“მას არ ჰქონდა მწერლობის ნიჭი, არ იყო კალმის პატრონი, მაგრამ, თუ რაიმე საქმეს ხელს მოჰკიდებდა, გზიდან არ გადაუხვევდა. ჭირვეული იყო, ფანატიკოსი საქმისა. არ იცოდა, რა იყო დამცირება, არაკადნიერად მოქცევა, დაცინვა, _ ყველას აიტანდა, ყველაფერს მოისმენდა, ოღონდ მიზნისათვის მიეღწია, განსაზღვრული საქმე საქმეზე მოეყვანა.

თუ დღეს ჩვენ გვაქვს ის საუცხოვო, დიადი შენობა, რომელიც ვაკედგან ამაყად ქალაქს დაჰყურებს და ამშვენებს, მტერს თვალებს უყენებს და მოყვარეს გულს უხარებს, ის შენობა, სადაც დღეს ქართული უნივერსიტეტი იმყოფება, _ ეს უნდა დავუმადლოთ ნიკო ცხვედაძეს, იმის მხნეობას, იმის ერთგულებას, იმის თავის განწირვას(იაკობ მანსვეტაშვილი).

როდესაც სათავადაზნაურო სკოლა საყოველთაო საშუალო სასწავლებლად გადაკეთდა, მას საკუთარი თავშესაფარი არ ჰქონდა _ ხან ერთ შენობაში გადაიტანდნენ, ხან მეორეში, მაგრამ სწავლებისთვის ყველა უვარგისი და გამოუსადეგარი იყო; საკუთარი შენობის შეძენაზე უნდა ეფიქრათ, მაგრამ შესაფერისი თბილისში იმხანად არაფერი იყო. ვაკეში მიწის შეძენა მოახერხეს, მაგრამ ახლა შენობის ასაგებად ფული არ ჰქონდათ. იაკობ მანსვეტაშვილი იგონებს, რომ “გადავწყვიტეთ, ჩვენი საწყალი ჯიბეები გადმოგვებრუნებინა და, რაც გვქონდა, ამოგვებერტყაო”. შეადგინეს ქართველ მოხელეთა, მსახურთა სიები და ასე გროშობით, სწორედ გროშობით შეკრებილი ფულით ჩაუყარეს საძირკველი ამ საშვილიშვილო საქმეს. 1898 წელს ნიკო ცხვედაძის ინიციატივით დაიწყო სათავადაზნაურო სკოლის მშენებლობა, რომელიც მას შემდგომში თბილისის უნივერსიტეტის შენობად ჰქონდა წარმოდგენილი. ცხადია, გროშებით შორს ვერ წავიდოდნენ და სწორედ აქ იჩინა თურმე ცხვედაძის მოხერხებულობამ თავი, შენობის ასაგები თანხა მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეგროვდა.

ამოიღებდა ნიშანში, ვისაც კი რაიმე ქონებას შეამჩნევდა, შეუჩნდებოდა და, მინამ ფულს არ გამოაღებინებდა, არ მოეშვებოდა. არც ერთი შეძლებული ქართველი არ გადაურჩებოდა ცხვედაძის ხარკს. ჩვენში იქნებოდა, რუსეთში თუ უცხოეთში, ყველგან ხელს მიაწვდენდა, ყველას გამოამეტინებდა რასმე. ხერხი იცოდა, ვისთან როგორ უნდა მისულიყო, ვისთვის საიდამ მოევლო. რაც უფრო შორს მიდიოდა, მით უფრო მეტი მადა ეშლებოდა ჩვენს ნიკოს. ჯერ განზრახული იყო მხოლოდ ორ-სართულიანი შენობა, მერე მადა გაეხსნა და ორი სართული ოთხად გადააქცია. ახლა კი წვრილ-წვრილად მოგროვებული შემოწირულებანი ხარჯებს ვეღარ ჰფარავდა. უნდა სხვა გზას დასდგომოდა და ამ გზამ ნიკო მიიყვანა დავით სარაჯიშვილთან და ჩვენს ბანკთან.

სარაჯიშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უხვად გაშალა ხელი და არას ზოგავდა ამ საქმისათვის. მის თამასუქებს ანაღდებდნენ ხოლმე საკომერციო ბანკებში ასი ათასი მანეთობით”.

სათავადაზნაურო ბანკი კი თავიდან ადვილად იძლეოდა ფულს, მაგრამ, როდესაც დაინახეს, რომ ხარჯი სულ უფრო მატულობდა, ბანკის პატრონი თავადაზნაურობა აჯანყდა. გაიძახოდნენ თურმე _ “სწორედ გიჟია ეგ ვიღაც ცხვედაძეა, გადარეულა, ლამის მთელი ბანკის შემოსავალი სულ იმ შენობაში ჩაგვაყრევინოსო”. ილიას საყვედურობდნენ: შენ აქებ იმ ვიღაცა ცხვედაძეს და ისიც, რასაც უნდა, იმას აკეთებს. ჩვენ ათასი გაჭირვება გვაქვს, ყველაფერზე უარს გვეუბნები და იქ კი უანგარიშოდ აბნევთ აუარებელ ფულსო. “ილია, ცოტა არ იყოს, შეკრთებოდა ხოლმე და გასაგლეჯად გაბრაზებულ თავადაზნაურობას ცხვედაძეს მიუგდებდა.

_ ნიკო! მოდი კრებაზე, შენ თითონ მიეცი პასუხი და ანგარიში, _ ეტყოდა ხოლმე ილია ცხვედაძეს.

ცხვედაძეც უარის უთქმელად გამოვიდოდა, თუმცა კარგად იცოდა, რამდენი უსიამოვნება მოელოდა გაბრაზებული ყრილობისაგან, მაგრამ წარმოგიდგინეთ, ეს აღელვებული ხალხი ერთბაშად მიჩუმდებოდა ხოლმე, როდესაც თვალწინ წამოუდგებოდა გულკეთილი, გულუბრყვილო, მუდამ მომღიმარი კაცი და დაიწყებდა ლაპარაკს ტკბილად, როგორც მოკეთე, თანაც გატაცებული იმ აღმაფრენი რწმენით, რომ ეს საქმე საშვილიშვილოა, საჭიროა მთელი ქართველობისათვის და ხარჯს არ უნდა შეუშინდეთ, საქმეს არ ეღალატებაო.

…დაგვიჯერეთ, არ ინანებთ, მერე მადლობასაც გვეტყვით. აგერ ხმები ისმის და იქნებ კიდეც გამართლდეს, რომ ტფილისში უნივერსიტეტის გახსნის ნებას გვაძლევენო. დეე, შენობა მზად გვქონდეს, იქნება როდისმე ქართულ უნივერსიტეტსაც ვეღირსოთ”.

ამ სიტყვებით ბევრის გულს მოინადირებდა ხოლმე და ფულსაც აძლევდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთი ავყიებიც, რომლებიც ლანძღავდნენ, ჭკუაზე შერყეულს ეძახდნენ, ბანკის დამღუპველად სთვლიდნენ. ნიკო მათ ყურადღებას აღარ აქცევდა, ფული მიეღო და მათი ქება-დიდება მისთვის საჭირო არ იყო.

“საწყალი ნიკო! ფანტაზიორს ეძახდნენ, გიჟს, ჭკუაზე შეშლილს. რად? რად და იმად, რომ ოცნებობდა ქართულ უნივერსიტეტზე. იქნება, ეს ოცნება იყო. ოცნება ფანატიკოსისა, რომელსაც მტკიცედ სწამს, რომ ოდესმე ეს ოცნება ასრულდება. დღეს ხომ ვხედავთ, რომ ეს ოცნება სინამდვილედ გადაიქცა, ეგ არის, რომ საწყალ ნიკოს არ დასცალდა ამის ნახვა”, _ ამ ნაღველგარეული სიტყვებით ასრულებს მანსვეტაშვილი ამ დიდ მამულიშვილზე საუბარს.

ნიკო ცხვედაძე 1911 წელს გარდაიცვალა, დაკრძალეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, 2008 წლის 26 ნოემბერს კი მისი ნეშტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში გადაასვენეს.

დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here