Home რუბრიკები პოლიტიკა “სტრატეგიული მეგობრების” ლუსტრაცია

“სტრატეგიული მეგობრების” ლუსტრაცია

368
“სტრატეგიული მეგობრების” ლუსტრაცია

ვიცოდი, ჩვენი ოკეანისგაღმელიმეგობრები”, როცა იქნებოდა, გაამჟღავნებდნენ თავიანთ ჭეშმარიტ ზრახვებს, ანუ, როგორც ახლაა მიღებული, თვითლუსტრაციას მოახდენდნენ. აგიხდათ ყოველი კეთილი განზრახვა, როგორც ჩემი ვარაუდი ახდა! მარტო მე არ მიფიქრია ასე. ბევრ ჩვენს ნიჭიერ ანალიტიკოსს, პუბლიცისტსა და ექსპერტს არაერთხელ გამოუთქვამს ასეთივე ვარაუდი. ბუნებრივიც არის ეს: აბა, რა დასაჯერებელია, ათასობით კილომეტრით დაშორებული ვიღაც შენზე ფიქრსა და ზრუნვაში ათენებდეს და აღამებდეს, მაშინ, როდესაც მისი კარის მეზობელს გაჭირვებაში ძვრება სული? სხვა რაღაც ძევს იმ შორეული მეზობლის თავგადაკლულზრუნვაშიდა ამაზე უნდა დაფიქრდეს საღი ჭკუაგონების კაცი.

აგერ უკვე სამი ათეული წელია, აშშ და ნატოელი თუ ევროკავშირელი ქვეყნების პოლიტიკოსები, დღენიადაგ გამოხატავენ სიტყვიერ შეშფოთება-აღშფოთებას ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე რეალური თუ ილუზორული საკითხების წარმოქმნის გამო და გამუდმებით “იბრძვიან” იმისათვის, რომ ჩვენში ჩამოყალიბდეს ნამდვილი, ევროპული დემოკრატია, რომელიც დაფუძნებული იქნება კანონის უზენაესობასა და სამოქალაქო ცნობიერებაზე. ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს კიდეც სჯეროდა და ახლაც სჯერა ეს, მაგრამ…

პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის მცდელობაში წარმატებული თუ წარუმატებელი შედეგებით ცნობილმა პარტიამ ცოტა ხნის წინათ წამოიწყო ახალი პროვოკაცია, რომლის მიზანი იყო მათი თავმჯდომარის ციხეში ჩასმა. რატომ, ნეტავი? იმიტომ, რომ ამ ურეიტინგო პარტიის გამოსაცოცხლებლად სჭირდებათ გმირი, რომელსაც წამებული რაინდის იმიჯი ექნება. როგორ უნდა აქციონნაცმოძისეს ახალილიდერიგმირად და წამებულ რაინდად, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რადგან მისი ერთი დალაგებული პოლიტიკური აზრი ან სიტყვა არავის სმენია. როგორც ცხონებული საიათნოვა იტყოდა: “გოგრა არ გახდება შირაზის შუშა, რაგინდ მაღლა თახჩაშიაც შაიდოს”. კი თქვა იმ კაცმა ასე, მაგრამ შეისმინა ვინმემ? არ დაიჯერებთ, მაგრამ “ნაცმოძის” აქტივისტებმა იმ მომავალ “წამებულ რაინდს” გრაალის თასი უწოდეს! (მერე რა, რომ გრაალის თასზე არაფერი იციან). ამ ურეიტინგო პარტიისა თუ ბანდის ახალმა ლიდერმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა: ფეხქვეშ გათელა კანონი და სახელმწიფო ფეხებზე დაიკიდა. ჩვენმა ლიბერალურმა ხელისუფლებამ იგი გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაზე დატოვა, მხოლოდ საპოლიციო სამაჯური შეაბა მაჯაზე. იმ “პარტიის” ლიდერმა ეს საპოლიციო კონტროლის სამაჯური ერთ-ერთ საპროტესტო მიტინგზე დემონსტრაციულად მოიხსნა და ბრბოში მოისროლა, ე.ი. სახეში ესროლა სახელმწიფოს. ჩვენმა “კეთილშობილმა” ხელისუფლებამ ამ სისხლის სამართლის დანაშაულზეც კვლავ გირაო აკმარა დამნაშავეს და გადახდის ვადა დაუნიშნა. ვადის გასვლის შემდეგ სასამართლომ დამნაშავეს პატიმრობა შეუფარდა. აი, მაშინ დაიწყო ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორების” ლუსტრაცია და თანაც აშკარა კი არა, კაშკაშა. კაშკაშა, იცით, რატომ? ქართული “დემოკრატიისა” და “სახელმწიფოებრიობის” თავგადაკლული დამცველები “მთავარი” ოპოზიციური პარტიის (თუ ბანდის) თავმჯდომარის დაპატიმრებას დემოკრატიისა და ევროსტრუქტურებში(!) ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე უკანგადადგმულ ნაბიჯად გვიცხადებენ, მაშინ, როდესაც თვით ნატოსა და ევროკავშირში კარგა ხნის ინტეგრირებულ ქვეყნებში _ საფრანგეთსა და ესპანეთში _ ერთგან ექსპრეზიდენტს ახლახან მიუსაჯეს პატიმრობა; მეორე ქვეყანაში კი ცხრა მინისტრი, წელიწადზე მეტია, ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული. ევროკავშირის, ნატოს მაღალჩინოსნებსა და აშშის ელჩს კი დღემდე არ გამოუხატავთ აღშფოთებაშეშფოთება. რაო, ბატონო მაღალჩინოსნებო აშშდან და ევროპიდან, საქართველოს პოლიტპარტიად წოდებული ბრბოს .. ლიდერის კრიმინალური ქმედების აღკვეთა ჩვენი სახელმწიფოს ჩამოშლის საფრთხედ მიგაჩნიათ და საფრანგეთი და ესპანეთი სულაც ფეხებზე გკიდიათ? აშშ-ის კონგრესის შენობაზე (კაპიტოლიუმზე) თავდასხმა შინაგან ტერორიზმად ჩათვალეთ და, რეზინის კი არა, ცხელი ტყვია დაუშინეთ ხალხს და საქართველოს პარლამენტზე შტურმი აზრის გამოხატვის უწყინარ ფორმად წარმოგიდგენიათ? თქვენ ისეთი სულელები როგორ იქნებით, არ იცოდეთ, რომ ჩვენც ვიცით ის, რაც თქვენ იცით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. იცით, მაგრამ ერთი ანდაზისა არ იყოს, აი, კიტრისა და რაღაცის მსგავსებაზე რომ არის… არ შეჭამ და შენი აჯობებსო, ისეა საქმე. ერთი ჭეშმარიტება გავიწყდებათ თქვენცა და თქვენი “კიტრის” ჭამის მოსურნეებსაც: “ვირის თავი ლანგარზე რომ გაჩაღდეს, მაშარაფით, სანთლით, დაფნის რტოებით, შეიძლება ორაგულად გასაღდეს, თუმც ეგ არის, გაჩაღდება დროებით” (მ. ლებანიძე). გაიარა იმ “დროებითმა” დრომ და ახლა, ვისაც საღი ტვინი აქვს თავში, ხედავს, თქვენი შეშფოთება და აღშფოთება, მთელი ქვეყნიერების დასანახავად დიდი ამბით რომ ძევს ლანგარზე, ორაგული არ არის, ვირის თავია! თქვენთვის მიუღებელია სახელმწიფოებრივი საქართველო. აქ თქვენ გჭირდებათ ისეთი ფსევდოსახელმწიფო, რომელსაც ისეთი ხელისუფლება და ოპოზიცია ეყოლება, როგორიც ახლა ჰყავს. ამ რეალობის შენარჩუნებაა თქვენი საფიქრალი და საზრუნავი, ამისათვის ირჯებით ასე გულმოდგინედ. ჩვენო ოკეანისგაღმელო თუ გამოღმელო “სტრატეგიულო მეგობრებო”, სენატორები ხართ თუ კონგრესმენები, პირდაპირ გეტყვით: თქვენზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ის მაინც გეცოდინებათ, რას ეფუძნება ყბადაღებული დასავლური დემოკრატია, რომლის დამკვიდრებასაც “ცდილობთ” საქართველოში. ვინც არ იცის, იცოდეს, რომ რომის დემოკრატიული რესპუბლიკური მმართველობა ანტიკურ დემოკრატიად არის მიჩნეული და მისი პრინციპები თითქმის უცვლელად არის გაზიარებული იმ ქვეყნებში, რომლებიდანაც ხშირად ჩამოდიან ჩვენთან “დემოკრატიის მასწავლებლები” და ჭკუის დამრიგებლები. აი, სწორედ რომაელმა კანონმდებლებმა თქვეს: ქვეყანაც რომ დაიქცეს, კანონი უნდა აღსრულდესო. ამ სენტენციას სრულიად ვიზიარებ, მაგრამ დემოკრატიის შეფასებაში უინსტონ ჩერჩილს ვემხრობი, რომელმაც თქვა: დემოკრატია, მმართველობის საზიზღარი ფორმააო. ამ ფრაზასთან დიდი ილიას ნათქვამიც მახსენდება ხოლმე: “ხმები კი არ უნდა დაითვალოს, უნდა აიწონოს”-ო.

ჰოდა, უმრავლესობას უნდა ჰკითხო, როგორ გადაწყდეს ესა თუ ის საკითხი? ჰკითხავ და “კაი დახლიც დაგიდგება”. არჩევნებზე ილიას არ მისცემენ ხმას, ხოლო კოლიას ტაშისკვრით აირჩევენ. თუმცა რა მიკვირს ნეტავი: ხალხს რომ ჰკითხა პილატემ, _ ქრისტე ვაცვათ ჯვარს თუ ბარაბაო, _ ქრისტეო, _ იღრიალა ბრბომ.

იმსტრატეგიულ პარტნიორებს”, რომლებიც კანონის აღსრულებას დემოკრატიის გზიდან გადახვევად გვითვლიან, რა მიზანი აქვთ, ძნელი გამოსაცნობია ვითომ? მათ საქართველოში არ სურთ სახელმწიფოებრიობის განმტკიცება და ამას, მგონი, აღწევენ კიდეც. იმ “მეგობრებს” ჩვენში სახელმწიფოებრიობის განმტკიცება რომ სურდეთ, მაშინ ხელისუფლებას იმისათვის კი არ გაკიცხავდნენ, კანონით დამნაშავედ ცნობილი ვინმე მგელიკა თუ დათუნა ციხეში რატომ სხედანო, არამედ იმისათვის და მაშინ, თუ კანონის აღსრულებას ხელი შეუშალეს. ახლა (და აქამდეც!) სრულიად ნათელია, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის განმტკიცება ჩვენისტრატეგიული პარტნიორებისგეგმაგანზრახვებში არ შედის. მტკიცე, საკუთარ იდეოლოგიურ პრინციპებსა და ეროვნულ(!) იდეოლოგიასა და საკაცობრიო ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა სხვის დაკრულზე არ იცეკვებს და არც იმღერებს.

ჩვენს “ჭკუის დამრიგებლებსა” და “მასწავლებლებს” საქართველოში ყურმოჭრილი მონები სჭირდებათ, რომლებსაც “მტრებსაც” და “მეგობრებსაც” თვითონ დაუნიშნავენ და მათ მიერ დახატულ ხატებზე აღსავლენ ლოცვის ტექსტსაც თვითონვე დაუწერენ. ჩვენში ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმ პრინციპით უნდა მოქმედებდნენ, როგორც 1930-იანი წლების ერთ ქართულ პიესაშია:

ოპოზიცია რა არისო, _ ეკითხება ერთი გლეხი თბილისიდან ჩასულ გაპოლიტიკოსებულ გლეხს, რომელიც ფედერალისტების კვოტით არის შესული საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტში.

_ ოპოზიცია იგია, როცა ხელისუფლება იტყვის “კი”-ო, მან უნდა იყვიროს “არა”-ო.

ასე არ არის ახლაც? ეს რომ არ სურდეთ, ამდენი ფასილიტატორი (?!) და ევროსტრუქტურების დიდ-დიდი კაცები რომ ჩამოდიან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის “მშვიდობის დასამყარებლად”, რატომ კატეგორიულად არ ეუბნებიან “ბუნტოვშიკებს”: თქვე იმნაირებო, პარლამენტის შენობაზე შტურმის ორგანიზატორი თუ “გასკვანჩე”, იგი პოლიტპატიმრად არ ითვლება, ხოლო ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის დასკვნა უნდა აღიარო და დაემორჩილოო. ხელისუფლებას კი ყური უნდა აუწიონ (არ შეუძლიათ თუ რა), ხაზინის ქურდებისა და ნარკომანების ბანდებს პოლიტიკურ პარტიებად რატომ არეგისტრირებდიო. აი, მაშინ დავიჯერებდი თქვენს კეთილ განზრახვას, მაგრამ ეგრე სად არის?! ეგრე რომ იყოს, მაშინ ვიღას დასჭირდებოდა აქ პოლიტიკური ფასილიტატორებისა და მომრიგებელი მოსამართლეების მოწვევა შორეული “სტრატეგიული პარტნიორი” ქვეყნებიდან? რა მართალი იყო ბესარიონ ბელინსკი, რომელიც 1841 წელს წერდა მაშინდელი ლიბერალების (ანუ დემოკრატების!) საპასუხოდ: “რუსეთს დემოკრატია კი არა, განათლებული მმართველობა სჭირდება… რადგან დემოკრატიის პირობებში რუსი კაცი პარლამენტში კი არ წავა ხმის მისაცემად, დუქანში წავა არყის დასალევად”-ო. მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა არც რუსეთში და არც სხვაგან. ამაზე შემედავება, ალბათ, ვინმე: ჩვენი ხელისუფლების წევრებს განათლება არ აკლიათო, ბევრ მათგანს უცხოეთის პრესტიჟული უნივერსიტეტების დიპლომები უდევთ ჯიბეშიო. ნასწავლობა არ ნიშნავს განათლებულობას. მათ საქართველოს ისტორია და კულტურული ტრადიციები არ იციან და არც სურთ, იცოდნენ. უამისოდ განათლებულობა არ არსებობს; გაუნათლებლობა კი, თუ დიდი ცოდნა ახლავს, მხოლოდ უბედურების მომტანია. ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორების” ზრახვები საქართველოს მიმართ საბოლოოდ გაცხადდა, მაგრამ ამას მიხვდება თუ არა მთელი ქართველი ერი, “საკითხავი აი, ეს არის!”. იქნებ ამ წერილის თემას პირდაპირ არც უკავშირდებოდეს, მაგრამ უნდა გითხრათ მაინც: საქართველოში ამჟამად არც ერთი პოლიტიკური პარტია არ არსებობს. პოლიტიკური პარტია აგებული უნდა იყოს რაიმე ფილოსოფიურ-პოლიტიკურ დოქტრინაზე, იდეოლოგიაზე. რომელ პარტიაზე შეიძლება ითქვას, რომ იგი იდეურ-პოლიტიკურ საფუძველზეა შექმნილი? ერთი ლეიბორისტული პარტიაა, რომელიც მუშათა კლასის ინტერესებს უნდა გამოხატავდეს, მაგრამ სად არის საქართველოში მუშათა კლასი? ამიტომაც იქცა იგი ტინგიცობისა და ტაკიმასხარაობის არენად, ისევე, როგორც სხვა მისი კოლეგა პარტიები.

ზურაბ ცუცქირიძე

P.S. ახლახან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა კულტურისა და სპორტის სამინისტრო. მინისტრად დაინიშნა ცნობილი იურისტი, მისი ოთხივე მოადგილიდან ოთხივე იურისტია. ნეტავი რას იტყოდნენ იურისტები, იუსტიციის მინისტრად თეატრმცოდნე რომ დაენიშნათ, მის მოადგილეებად კი _ კინორეჟისორი, მხატვარი და კომპოზიტორი?

..

P.P.S. ამ ორიოდე დღის წინათ რაც მოხდა თბილისში მსოფლიოში ცნობილი ტელეჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის სტუმრობის გამო, მსოფლიოს შეუქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენში არც ფსიქიატრია არსებობს და არც სულითა და ტვინით დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულებანი.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here