Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ სახელმწიფოზე მზრუნველი, შორსმჭვრეტელი და გამჭრიახი პიროვნება

სტალინი _ სახელმწიფოზე მზრუნველი, შორსმჭვრეტელი და გამჭრიახი პიროვნება

2153
სტალინი და მისი ქალიშვილი სვეტლანა

სტალინის პირად არქივზე მუშაობისას გავეცანი უამრავ მასალას, დადგენილებას, წერილსა და დეპეშას, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს სტალინს, როგორც სახელმწიფოზე მზრუნველ შორსმჭვრეტელ და გონებაგამჭრიახ პიროვნებას, რომელიც უყურადღებოდ არ ტოვებდა ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალსაც კი.

* 1931 წლის დასაწყისში საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭომ და ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ მიიღო დადგენილება დასავლეთ საქართველოს ჩაისა და თამბაქოს მწარმოებელთა წასახალისებლად, დამატებითი ანაზღაურების სახით, რეგიონში შეეტანათ ხორბალი, რომელიც სახელმწიფოს მტკიცე ფასებში მიეყიდებოდა მეჩაიესა და მეთამბაქოეს მოკრეფილი ჩაისა და თამბაქოს რაოდენობის მიხედვით. მოკრეფილი ერთი კილოგრამი ჩაისა და თამბაქოს სანაცვლოდ, ფულადი ანაზღაურების გარდა, დასახელებულ პირებს მიჰყიდდნენ ერთ კილოგრამ ნედლეულზე ორ კილოგრამ ხორბალს. ამის უზრუნველსაყოფად საკავშირო მთავრობამ გამოყო სახსრები, მასალები და დაავალა საბჭოთა კავშირის მომარაგების სახალხო კომისარიატს, აეშენებინა მარცვლეულის შესანახი საწყობები 1931 წლის 1 ნოემბრამდე. 1931 წლის 12 აგვისტოს სოჭის აგარაკზე მყოფმა სტალინმა გაზეთ “პრავდის” მასალებიდან შეიტყო, რომ აფხაზეთსა და სამეგრელოს რაიონებში მწყობრში ჩადგა რიგი სასაწყობო მეურნეობებისა, მაგრამ სტალინი რა სტალინი იქნებოდა, თუ მხოლოდ ჟურნალისტის წერილს დაეყრდნობოდა. მეორე დღეს სტალინს მაგიდაზე დაუდეს ცნობა, რომელიც უარყოფდა “პრავდაში” გამოქვეყნებულ მასალებს საწყობების მშენებლობის შესახებ.

1931 წლის 14 აგვისტოს სტალინმა დეპეშა გაუგზავნა მომარაგების სახალხო კომისარს ანასტას მიქოიანს:

“ვინ არის მართალი ან ვის შეჰყავს შეცდომაში ცენტრალური კომიტეტი? ამის მოთმენა უკვე შეუძლებელია, ნუთუ არ შეიძლება მივიღო პირდაპირი და უტყუარი პასუხი?”

მიქოიანმა ტელეგრამითვე აცნობა სტალინს, რომელიც სტალინის პირად არქივში არ იძებნება, მაგრამ არსებობს სტალინის პასუხი მიქოიანის დეპეშაზე, ოღონდ არა მიქოიანისათვის, არამედ ლაზარ კაგანოვიჩისათვის გაგზავნილი, პოლიტბიუროს წევრებისთვის გასაცნობად.

ეს დეპეშა 19 აგვისტოთი თარიღდება:

პირველი დეპეშის პირველი პუნქტი მიქოიანს გათვლილი აქვს ცენტრალური კომიტეტის გაუგებრობაში შესაყვანად. მეორე პუნქტი მიმართულია ცენტრალური კომიტეტისთვის ლაყბობით თავის არიდების მიზნით. მესამე დეპეშის მესამე პუნქტი აშკარად მიუთითებს მომარაგების სახალხო კომისარიატის მუშაკთა ბიუროკრატიულ თვითდაჯერებაზე, რომელსაც საზღვარი არ აქვს. უმჯობესი იქნებოდა, უფრო თავმდაბლები ყოფილიყვნენ, მაგრამ მომარაგების კომისარიატის თანამშრომლებს თავმდაბლობა არ აწუხებთ. მათ ჰგონიათ, რომ ცენტრალური კომიტეტის მოთმინება უსასრულოა. დასავლეთ საქართველოსათვის ხორბლის მიწოდება და ამის გამო სასაწყობო მეურნეობების მოწყობა საშური და სასწრაფო საქმეა, რისთვისაც, მიმაჩნია, სასწრაფოდ ავიყვანოთ ეს საკითხი კონტროლზე და ეს საქმე გადავცეთ პარტიულ კონტროლსა და საგანგებო კომისიას. . სტალინი”.

ზოგიერთი ისტორიკოსი ცილს სწამებს სტალინს, რომ მას სურდა, ყველა საკითხზე მისი აზრი ყოფილიყო გადამწყვეტი და კიდეც ახერხებდა ამას. მაგრამ ეს ხშირად და, კერძოდ, ქვემოთ მოყვანილ ტექსტში ასე არ არის.

* 1934 წლის 4 სექტემბერს კუიბიშევმა და ჟდანოვმა სოჭში მყოფ სტალინს დეპეშით აცნობეს, რომ პოლიტბიუროზე მოისმინეს ტუხაჩევსკისა და ხრიპინის დაწვრილებითი ანგარიში “სტრატოსტატ სსრკ-2-ის გაშვების თაობაზე, რომელსაც სახალხო კომისართა საბჭოსა და ცეკას დადგენილების თანახმად ახორციელებდა თავდაცვის სახალხო კომისარიატი:

“როგორც დასტურდება, სტრატოსტატი სრულიად არის მზად, ჰაერში ასაშვებად და, ვფიქრობთ, სტარტი მივცეთ 5-6 სექტემბერს, თუ ამინდმა საშუალება მოგვცა. ველით თქვენს განკარგულებას”.

სტალინმა იმავე დღეს დეპეშითვე უპასუხა:

მე ასეთ საკითხებში ვერ ვერკვევი. გადაწყვიტეთ თვითონ.

ი. სტალინი”.

5 სექტემბერს, ღამის პირველი საათიდან დილის ექვს საათამდე, სტრატოსტატში წყალბადის ჩატუმბვას პოლიტბიუროს ორი წევრი ესწრებოდა _ კუიბიშევი და ჟდანოვი. სწორედ ჩატუმბვის პროცესში იფეთქა ხანძარმა, რომელმაც გარშემო ყველაფერი გაანადგურა. საბედნიეროდ, მას ადამიანთა მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდარით გაოგნებული კუიბიშევი განუწყვეტლივ იმეორებდა: “ეს მავნებლობაა”, სხვები კი ფიქრობდნენ: “აი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ბელადისთვის მხარში ამოდგომაზე უარის თქმას”.

1925 წლის 18 ნოემბერს სტალინმა სოჭიდან წერილი გაუგზავნა მიხეილ კალინინსა და აბელ ენუქიძეს:

“1925 წლის 5 ოქტომბერს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტზე, რომელსაც ესწრებოდა თავმჯდომარე . კალინინი, მივიღეთ დადგენილება, რომლითაც მოვითხოვეთ სახელმწიფო ორგანოებისა და, ამასთანავე, ხელმძღვანელი ამხანაგებისათვის გასაგზავნი წერილები შედგენილი იყოს მხოლოდ რუსულ ენაზე ან ახლდეს აღნიშნული ტექსტის რუსული თარგმანი. პოლიტბიუროს წევრებმა გუშინ საღამოს გადმომცეს აღნიშნული დადგენილების ტექსტი, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება პარტიის გენერალურ ხაზს ნაციონალურ საკითხში და, ვფიქრობ, ხელახლა მოგიწევთ აღნიშნული საკითხის განხილვა, იმავე ტონში იმავე დადგენილების საწინააღმდეგო დადგენილების გამოტანა, რომ, პირველ რიგში, დავამყაროთ სრული თავისუფლება ხალხსა და ხელისუფლებას შორის მიმოწერის საკითხში, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი ნაციის ენაზე, რომლებიც შედიან რუსეთის ფედერაციულ რესპუბლიკაში. საკავშირო ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან ან მის სამდივნოსთან შეიქმნას სპეციალური მთარგმნელთა კორპუსი ყველა ენაზე, რომელზეც ლაპარაკობენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი ერები.

ცენტრალური კომიტეტის მდივანი, სტალინი”.

1929 წლის 18 მარტს ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტმა, კერძოდ, მამია ორახელაშვილმა წერილით მიმართა სტალინს და აცნობა ხულოს რაიონის მუსლიმთა მღელვარების შესახებ, რომელიც “გამოწვეულია ადგილობრივი მუშაკების ბრძოლით რელიგიისა და ჩადრის წინააღმდეგ”.

სტალინმა ბოლო წინადადებას, როგორც ჩანს, ხაზი გაუსვა და რეზოლუციის ნაწილში მიაწერა:

არ შეიძლება ყველაფერი ადგილობრივ მუშაკებს დავაბრალოთ. ძალიან ბევრი დამოკიდებულია იმაზეც, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის პარტიული ცენტრები ცდილობენ, ბრძოლით გადაწყვიტონ მოსახლეობაში რელიგიური საკითხები, რისთვისაც არ იშურებენ დეკრეტების გამოცემას და ადმინისტრაციულ მარწუხებს. ამოცანა არის ის, რომ მოვსპოთ ასეთი მიდგომის მცდელობები პარტიაში და პარტიულ ცენტრებში.

იოსებ სტალინი”.

* 1935 წელს დაიწყო მზადება სახალხო განათლების კანონის ახალ პროექტზე. ამ მიზნით შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი ანდრეი ჟდანოვი.

სტალინმა მოისურვა, გაცნობოდა კომისიის მუშაობას განათლების კანონპროექტზე, რისთვისაც 1935 წლის 22 აგვისტოს შემდეგი შინაარსის დეპეშა გაუგზავნა ანდრეი ჟდანოვს.

ნება მიბოძეთ, გკითხოთ: სად გაქრა ჟდანოვის კომისიის სახალხო განათლების პროექტი? არ შეიძლება გთხოვოთ ნებართვა, პროექტის ერთი პირი მეც გამომიგზავნოთ? რაც შეეხება მოწაფეთა შეფასებებს, გთავაზობთ შეფასების 5 ხარისხს: პირველი _ ძალიან ცუდი, მეორე _ ცუდი, მესამე _ საშუალო, მეოთხე _ კარგი, მეხუთე _ ფრიადი.

იოსებ სტალინი”.

მესამე დღეს, 25 აგვისტოს, ცეკას საგანგებო განყოფილების გამგე ბ. დვინსკიმ სტალინის მდივან ჩეჩულინს აცნობა:

“25 აგვისტოს დილის მატარებელზე სტალინთან გაიგზავნა ჟდანოვის კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი სახალხო განათლების შესახებ. იმავე დღეს ჟდანოვმა დეპეშით აცნობა სტალინს: “განათლების სისტემის კანონის პროექტი გამოგეგზავნათ დღეს, 25 აგვისტოს. თქვენი შემოთავაზებული წინადადება მუშავდება კომისიაში”.

* სტალინი დასვენების პერიოდშიც კი არაფერს ტოვებდა უყურადღებოდ.

1925 წელს სოჭში დასვენებისას გადაწყვიტა, დაეთვალიერებინა მაცესტის სამკურნალო აბანოები. დათვალიერებისა და აგარაკის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ სტალინმა შემდეგი წერილი გაუგზავნა მოლოტოვს, კაგანოვიჩსა და ვოროშილოვს (9 სექტემბერი):

მაცესტაში აბანოების საქმე ცუდადაა. ავადმყოფებს აბაზანებში წყალი არ ჰყოფნით, თუმცა წყლის მარაგი ორჯერ მეტია, ვიდრე მოიხმარენ. თვით წყალი ჭუჭყიანი მოდის, რის გამოც აბაზანის მიღების შემდეგ ავადმყოფს სჭირდება ჩვეულებრივი წყლის გადავლება მიზეზი ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატის უთავბოლო მუშაობის შედეგია, შედეგი მათი უპასუხისმგებლობის, უკონტროლობისა და გაუთავებელი სპეციალიზაციისა. შემოწმებამ გვიჩვენა, რომ წყლის ავზები არ გაწმენდილა 1933 წლის შემდეგ, რის გამოც ავზებში ჭუჭყის ნალექი 30 სანტიმეტრს აღემატება. ამ ტალახს სამკურნალო წყალთან ერთად იღებს ავადმყოფი. იპოვო დამნაშავე, შეუძლებელია, რადგან გაურკვეველი და სულელური სპეციალიზაცია ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატს საშუალებას აძლევს, დანაშაულები გადააბრალონ ერთმანეთს, ზოგიც _ ღმერთს და ზოგიც _ ეშმაკს. გთავაზობთ წინადადებას, გამოსცეთ შემდეგი სახის დადგენილება კალინინისა და აკულოვის ხელმოწერით, რომელიც გაეგზავნება მეტელევსა და სოჭიმაცესტის დირექტორ ლაბადას:

დაევალოს სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელს, ამხ. მეტელევს, დააწესოს მკაცრი კონტროლი ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატის საქმიანობაზე სოჭიმაცესტის აგარაკის სრულ წესრიგში მოსაყვანად, რათა მინერალური წყლის გაყვანილობა იყოს სუფთა და მომხმარებელმა წყალი მიიღოს მიკრობიულოგიური შემოწმების შემდეგ. დადგენილების ამ პროექტზე კალინინი თანახმაა.

სტალინი”.

*1935 წლის 17 ოქტომბერს სტალინმა გორში ინახულა თავისი დედა კეკე გელაძე. კორესპოდენტმა დოროფეევმა წინა პლანზე წამოსწია სტალინის დედის _ კეკეს საუბარი თავის სახელოვან შვილზე, რომელიც კორესპოდენტს გაანდო. დოროფეევის მიერ მომზადებული გაზეთ “იზვესტიაში” გამოსაქვეყნებელი მასალა შესათანხმებლად კაგანოვიჩს გაეგზავნა, რათა სტალინისაგან მიეღო ინტერვიუს გამოქვეყნების უფლება. კაგანოვიჩმა წერილი სოჭაში მყოფ სტალინს გაუგზავნა გასაცნობად და უკან მიიღო ინტერვიუ შემდეგი რეზოლუციით:

ეს ჩემი საქმე არ არის. გადაწყვიტეთ თვითონ. წინააღმდეგი არაფერზე ვიქნები”.

წერილი 1935 წლის 23 ოქტომბერს გამოქვეყნდა “პრავდაში”. ოთხი დღის შემდეგ პოლიტბიუროს წევრებმა მოლოტოვმა, კაგანოვიჩმა, ანდრეევმა და ჟდანოვმა მიიღეს სტალინის დეპეშა:

გთხოვთ, შეწყვიტოთ მეშჩანური ნიაღვარი, რომელმაც წალეკა ჩვენი ცენტრალური და ადგილობრივი პრესა. შეწყვიტეთ პრესაში დედაჩემის ინტერვიუებისა და სურათების ბეჭდვა. გთხოვთ, დამიცვათ ამ დამამცირებელი, ხმაურიანი რეკლამებისგან, რომელსაც ეს მხეცები აწარმოებენ.

იოსებ სტალინი”.

* სტალინი მოურიდებელი იყო პიროვნებებისადმი, რომლებიც, ნებსით თუ უნებლიეთ, აბუნდოვანებდნენ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს. ამის მკაფიო მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი: 1925 წელს საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე სტომონიაკოვმა მოამზადა მონღოლეთში საგარეო საქმიანობის ანგარიში, რომელიც მოიწონეს კაგანოვიჩმა და მოლოტოვმა. ანგარიში სოჭში მყოფ სტალინს გაეგზავნა საბოლოო ვერდიქტის მისაღებად, რათა გამოქვეყნებული ყოფილიყო გაზეთ “იზვესტიაში”. სოჭიდან უკან დაბრუნებულ წერილს ჰქონდა შემდეგი რეზიოლუცია:

ჩვეულებრივი სტომონიაკოვური აჯაფსანდალია”.

* 1925 წლის შემოდგომაზე შეერთებული იქნა საგარეო და საშინაო ვაჭრობის სახალხო კომისარიატები. დაისვა კანდიდატურის შერჩევის საკითხი. სტალინმა სთხოვა სახალხო კომისართა საბჭოს იმდროინდელ თავმჯდომარე ლევ კამენევს, მოლაპარაკება ეწარმოებინა თავის ერთ-ერთ მოადგილე ა. ციურიკთან. კამენევმა წერილით აცნობა სტალინს მოლაპარაკების შესახებ:

ველაპარაკე ციურიკს. როცა შეთავაზებაზე საშინაო და საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის თანამდებობა, მან, გაფითრებულმა, ხელების ქნევით გამოხატა უარი. მე შევწყვიტე მასთან მოლაპარაკება. ..”

სტალინმა წერილით უპასუხა კამენევს:

“მეც ვესაუბრე (თვითონ მთხოვა). ის გარეგნულად პროტესტს გამოხატავდა თავის კანდიდატურაზე, მაგრამ თვალები კმაყოფილებით უციმციმებდა. ამის გამო ვუთხარი, რომ ის შინაგანად თანახმაა შეთავაზებაზე. საოცარია, გაჩუმდა. ვფიქრობ, ის დათანხმდება”.

ასეა, სტალინი, ყოველთვის სტალინი იყო და ყოველთვის მაღლა იდგა თანამებრძოლებზე.

ახლა შემოგთავაზებთ საქართველოს საამაყო შვილის (ასე იწოდებოდა და იყო კიდეც) უკეთილშობილესი და უგანათლებულესი ქართველის, 1938 _ 1951 წლებში საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის _ კანდიდ ჩარკვიანის მოგონებებიდან ერთ-ერთი ეპიზოდს:

“ერთხელ, თუ არ ვცდები, ეს იყო 1948 წლის ოქტომბერში, სტალინი თავის ბავშვობისდროინდელ ამბავს მომიყვა და მაშინდელი ამხანაგი ბიჭები გაიხსენა.

_ ნეტავ, როგორ არის ცერაძე? ცნობილი მოჭიდავე იყო, თქვენ განა არ გსმენიათ?

ცერაძის შესახებ არაფერი მსმენოდა, ამიტომაც უარყოფითად ვუპასუხე. ამის შემდეგ სტალინმა რამდენიმე ისტორია კიდევ გაიხსენა და ბოლოს ბავშვობისდროინდელი მეგობრების ნახვა მოიწადინა, _კარგი იქნებოდა, პეტრე კაპანაძე, მიშა ტიტვინიძე და იოსებ ცერაძე მენახაო.

გადაწყდა მათი გაგრაში მოპატიჟება.

საუბარი ქართულ თეატრსა და კონომატოგრაფიაზე გადავიდა. ქართველი მსახიობებიდან სტალინი განსაკუთრებით აფასებდა აკაკი ხორავასა და სპარტაკ ბაღაშვილს. ძალიან მოსწონდა ფილმი “არსენა”. სპარტაკ ბაღაშვილი არსენა ოძელაშვილის როლში, მართლაც, შესანიშნავია _ უშუალო, გულუბრყვილო და, ამასთანავე, შეუპოვარი ვაჟკაცი. გარეგნობითაც ბაღაშვილი არსენას განსახიერება იყო. სტალინი ხორავას თეატრალური დადგმებითაც იცნობდა, მაგრამ მისმა სააკაძემ ეკრანიდან იგი ნამდვილად მოაჯადოვა.

კონომატოგრაფისა და თეატრის მოღვაწეთა გახსენების შემდეგ სტალინი ისევ სტუმრების მოწვევის საკითხს დაუბრუნდა.

_ ხომ არ გავაფართოვოთ ჩვენი სია და პეტასთან, მიშასა და სოსოსთან ერთად ხორავა, ბაღაშვილი, ვასაძე, ჭიაურელი და ეგნატაშვილიც მოვიწვიოთ? _ შემეკითხა სტალინი, თითქოს მასთან სტუმრების მოპატიჟება ჩემს ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული.

_ კარგი აზრია, ამხანაგო სტალინ, თუ დამავალებთ, ხვალ 12 საათისათვის ყველა აქ იქნება.

დავალება მივიღე, თბილისში დავრეკე და დათქმული დროისათვის სტუმრები ცივ წყაროზე იყვნენ. მათ პეტრე შარია ჩამოჰყვა. სტალინი სტუმრებს გულითადად, ალერსიანი ღიმილით შეხვდა. როგორც კი დავსხედით, პეტრე კაპანაძე წამოდგა, სტალინთან მივიდა და დაბალი ხმით რაღაც უთხრა. სტალინმა ნათქვამი ვერ გაიგო და შეეკითხა:

_ პეტრე, რა გინდოდა გეთქვა?

_ აი, იაკობის გამო მინდოდა, სამძიმარი მომეხსენებინა. როგორ დაიღუპა საწყალი ბიჭი?!

_ ეჰ, ჩემო პეტა, განა მხოლოდ მე დავკარგე შვილი?! იმ დაღუპულ მილიონებთან ჩემი შვილი ცალკე რა მოსახსენებელია? _ უთხრა სტალინმა და სამძიმრის ცერემონია ამით დამთავრდა.

სტუმრობა ხალისიან ვითარებაში მიმდინარეობდა. იყო ლაპარაკი თეატრალურ ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, ნაწილობრივ _ პოლიტიკაზე, ყველაფერი რიგზე მიდიოდა, მაგრამ ერთი მარცხი მოგვივიდა. სტალინი მხოლოდ “ჰერცეგოვინა ფლორის” მარკის პაპიროსს ეწეოდა. ზოგჯერ ორ ცალ პაპიროსს თამბაქოთი დატენილ ნაწილს მოაგლეჯდა და თითით ჩატენიდა ჩიბუხში, რომლის მოწევაც დროდადრო მოეხალისებოდა, მაგრამ მაგიდაზე უცბად ჩვენი ფაბრიკის პაპიროსი გაჩნდა. მას “საქართველო” ერქვა და კოლოფზე დოინჯშემოყრილი ქალი ეხატა. ქალის პოზა და სხეულის ნაკვთები საკმაოდ გამომწვევი შტრიხებით იყო შესრულებული. ჩანდა, რომ პაპიროსის კოლოფი მაგიდაზე რომელიღაც სტუმარმა დადო.

სტალინმა კოლოფი აიღო, ყოველი მხრიდან დაათვალიერა და განსაკუთრებით ქალის ფიგურას დააკვირდა.

_ საოცარია, განა ასეთი ქუჩური ილეთები უნდა მივაწეროთ ქართველ ქალს, რომელიც კლდემამოსილებით არის განთქმული? სად ნახეთ ასე დოინჯშემოყრილი წესიერი ქალი? თუ მხატვრები არ გივარგათ, სხვები უნდა მოიწვიოთ, ასეთი უხამსობა კი არ უნდა ვრცელდებოდეს.

_ მხატვრები კი გვყავს, ამხანაგო სტალინ, მაგრამ ჩვენ ეს სურათი არ შეგვიმჩნევია.

_ ეტიკეტი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მხატვრის, გუდიაშვილის ნამუშევარია, _ “შემაშველა” სიტყვა შარიამ, _ მაგრამ, როგორც ჩანს, სურათი ვერ გამოუვიდა.

_ სადაურია გუდიაშვილი?

_ მთიულია, _ ვუპასუხე, _ ნიჭი და განათლება არ აკლია, რამდენიმე წელიწადი პარიზში დასახელოვნებად გაატარა.

_ სწორედ ეს არის უბედურება. პარიზში წავლენ, უხეირო ხერხებს გადმოიღებენ, რაც კარგია, იმას კი არ შეისწავლიან.

_ ამ მარკას, ამხანაგო სტალინ, აღარ გამოვუშვებთ, პაპიროსს “საქართველო” რად უნდა ეწეროს, ეტიკეტებს კი მეტ ყურადღებას მივაქცევთ, _ დავპირდი სტალინს და შევეცადე, ამ საგანზე ლაპარაკი ამით დაგვესრულებინა. საქმე ის არის, რომ იმხანად ჯერ კიდევ არ იყო დამცხრალი კომუნისტების ერთი ნაწილის აღშფოთება იმის გამო, რომ ლადო გუდიაშვილმა კათალიკოსის შეკვეთით ქაშვეთის ეკლესიაში ღვთისმშობლის ფრესკა დახატა. პეტრე შარიას გულახდილობა რომ ვიცოდი, მას შეეძლო თავისი “ინფორმაციისათვის” ეს ამბავიც მიეყოლებინა. სტალინს ამ ფაქტისათვის იქნებ ყურადღებაც არ მიექცია, მაგრამ არც ის იყო გამორიცხული, რომ საქმე გართულებულიყო.

სტალინი, იყო შემთხვევები, წვრილმანზეც გაჯავრდებოდა ხოლმე. მაშინვე შევატყვე, ეტიკეტის გამო ჩემზე გული მოუვიდა და ეს იმით გამოხატა, რომ ერთხანს რესპუბლიკის საკითხებზე ჩემ მაგივრად სხვა ვინმეს მიმართავდა”.

კანდიდ ჩარკვიანის მოგონება ამოღებულია მისი შვილის, გელა ჩარკვიანის, რედაქტორობით გამოსულ წიგნიდან: “კანდიდ ჩარკვიანი. სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები”. (გვ. 172-173) ამავე ფაქტზე ყურადღებას ამახვილებს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი აკაკი ვასაძე თავის მოგონებაში “შეხვედრა სტალინთან”. იმის გამო, რომ კანდიდ ჩარკვიანის მოგონება უფრო მოკრძალებული და კონსტრუქციული მომეჩვენა, გადავწყვიტე, სწორედ მისი მოგონება შემეხსენებინა მკითხველისათვის.

დანარჩენი, ყველა ზემომოყვანილი ფაქტი, ამოღებულია სტალინის პირადი არქივიდან. (ფ. 558. აღწერა 11). საქმისა და ფურცლის ნუმერაციას არ ვუჩვენებ თხრობის შემჭიდროების მიზნით, რადგან მოგონებათა ყველა ფრაგმენტი ერთ აღწერაშია მოქცეული.

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here