Home რუბრიკები ისტორია სტალინი სამ განზომილებაში

სტალინი სამ განზომილებაში

533
სტალინი სამ განზომილებაში

ცოცხლების მოსაშველებლად  მკვდრებიდან გამოყოფილნი

ვაჟა

თემას, რომელსაც ვიწყებ, არ ვიცი, როდის დავამთავრებ. დღეს ცხოვრება აჩქარებულია და მკითხველს არ რჩება დრო, ვრცლად მიმოიხილოს მოვლენები, ამიტომ შევეცდები, მოკლედ მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ფაქტები. უწინარესად, უნდა განვიხილოთ სტალინი მეორე განზომილებაში, რომელშიც უწევდა მოღვაწეობა, მერე განვიხილავთ პირველ განზომილებას _ წარსულს, საიდანაც შემოვიდა კვლევის ობიექტი მეორე განზომილებაში და დავასრულებ მესამე განზომილებით _ მომავლით, რომელშიაც განიბნა სტალინი.

სტალინს სიკვდილი არ უწერია. ზოგიერთ ტვინდაბერებულ ჭკვიან კაცს მიაჩნია, რომ სტალინური ეპოქა დამთავრდა და მას არავინ გაიხსენებს და აღადგენს. რას ნიშნავს სტალინის აღდგენა-რეაბილიტაცია? სტალინი ბუნების მოვლენაა და ის არც აღდგენას ექვემდებარება და არც რეაბილიტაციას. როგორ უნდა დააზიანო ჭექა-ქუხილი ან ჩაუტარო მას რეაბილიტაცია? როგორ უნდა შეაჩერო მყინვარის დნობა ან გამყინვარება? როგორ უნდა შეაჩერო მზის ამოსვლა ან ჩასვლა? ესენი ბუნებრივი მოვლენებია და იარსებებს მანამ, სანამ პლანეტა იარსებებს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა ბუნებრივი მოვლენების დაზიანება-რეაბილიტაციაზე, არამედ ბუნების მოვლენების სწორ შეფასებასა და გამოცნობაზე.

სტალინი _ ქვეყნის შემოქმედი

ვინ უნდა გამოიკვლიოს სტალინი _ ბუნებისა და ადამიანთა მოდგმის ეს განსაკუთრებული მოვლენა? _ ქართველმა მკვლევარმა. არის კი ადამიანი, რომელსაც შესწევს ამისი ძალა, ცოდნა, შეუპოვრობა და გამბედაობა? _ არის! მაგრამ ის ამ საქმეს ჯერ არ შესდგომია. დიდ მოვლენას ყოველთვის ჰყავს დიდი ჟამთააღმწერელი. თუ ის დღეს არ არის, ხვალ იქნება. ისტორიას, როგორც მატერიას, საზღვრები არ აქვს. აწ განსვენებულმა პროფესორმა ვახტანგ გოგუაძემ სიკვდილის წინ თავის წიგნის სასიგნალო ეგზემპლარს, რომელიც მე მომიძღვნა, შემდეგი შინაარსის სიტყვები წააწერა:

ბატონ  გრიგოლ ონიანს!

დიდად დასაფასებელი კაცი ხართ. ისტორია არ დაივიწყებს თქვენს ალღოს, ნებისყოფას, სიკეთის სიყვარულს, დიადის სიყვარულის ძალას. მე ცხოვრებაშო ორ კაცს მოვუხადე ბოდიში _ სტალინსა და გრიშა ონიანს. ჩვენ ისევ სტალინი თუ მოგვხედავს. მისი სახელი, მოძღვრება უდიადესი იხსნის ჩვენს ხალხს. რომელმა ერმა მისცა კაცობრიობას მსგავსი ფენომენი _ ღმერთზე ნაკლები და კაცზე მეტი. ქრისტესმიერი, სტალინისეული სიყვარულით,

ვახტანგ გოგუაძე

25.02. 07.”

სტალინი სამ განზომილებაში

ბატონმა ვახტანგ გოგუაძემ თავის წიგნში “სტალინი და საშინელი სამსჯავრო”, მოგვცა განმარტება სტალინური კონსტიტუციისა და პარალელიც გაავლო “ახალ აღთქმასთან”. უფრო გასაგები რომ იყოს მკითხველისთვის, როგორ აქვს წარმოდგენილი ბატონ ვახტანგს ეს პარალელი, ტექსტს უცვლელად წარმოგიდგენთ:

მსოფლიოს ვერც ერთი კონსტიტუცია, პირველ ყოვლისა, მხედველობაში მაქვს დასავლეთის ცივილიზაცია, ახლოს ვერ მივა ბიბლიასთან, ანუ საღვთო კონსტიტუციასთან. მეტიც: საბჭოთა სოციალისტური ქვეყნის კონსტიტუცია, ღარიბთა და გაჭირვებულთადმი თანადგომით, მშრომელთა დაპურებისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვით, უბრალო ადამიანის სრული სოციალური თანასწორუფლებიანობის თვალსაზრისით სრულად უპასუხებს იმ უკეთილშობილეს მოძღვრებას, რომელიც ქრისტემ იქადაგა. ასე რომ, ვერც ერთი ქვეყნის კონსტიტუცია ახლოს ვერ მივა საბჭოთა სოციალისტურ კონსტიტუციასთან. მანამდელი კონსტიტუციები _ ეს არის კაპიტალისტური ქვეყნის კონსტიტუციები, რომლებიც ცარიელ ადგილად თვლის უქონელსა და გაჭირვებულ ადამიანს. ეს კონსტიტუციები მესაკუთრეებისაა, შეძლებული უმცირესობის კეთილდღეობისა და ფუფუნებისთვის შექმნილი. ასეთ შემთხვევაში ზნეობაზე ლაპარაკის უფლებას არ მოგვცემს სახარება”.

ქრესტომათიული “სიბრძნე” თქვა საქართველოს პრეზიდენტმა 1997 წელს: “აბა, უფულო და გატყვავებულ კაცს რა უნდა ხელისუფლებაში? ხელისუფლებაში მდიდარი ადამიანები უნდა მოვიდნენ”. ის კი არ თქვა, ხელისუფლებაში რა უნდა უზნეო ადამიანებს, ქურდებს, მძარცველებს, რომლებიც ხალხს ატყუებენო… ახლა კი ცხვირაწეული საქართველოს ცხვირის ჩამოშვების ჟამია. სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი ქართველი ხალხისთვის მხოლოდ ლიტერატურული პერსონაჟი როდია… მასზე იცინოდა ყველა მისი ავტორის ჩათვლით. და აი, ყოველგვარ ღირსებას მოკლებული მეჯღანუაშვილი ყველაფრის კადრების წყალობით შოულობს ფულს, მდიდრდება და უნდა ნახოთ, როგორ იქცევა თეატრში, კულტურულ გარემოში. დასცინით ხომ მეჯღანუაშვილს? მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში და დაიპყრო თუ არა საქართველო? დღეს საქართველო მეჯღანუაშვილებისაა, მათი იდეოლოგიაა გაბატონებული. ეს დაიმსახურა ჩვენმა ხალხმა.

ყოველი ხალხს ჰყავს ის ხელისუფლება, რომელსაც იმსახურებს” (ჟოზეფ დე მესტრი).

ჩავხედოთ სტალინურ კონსტიტუციას.

*120- მუხლი: “სსრ კავშირის მოქალაქეებს აქვთ მატერიალური უზრუნველყოფის უფლება მოხუცებულობაში, აგრეთვე, ავადმყოფობისა და შრომის უნარის შემთხვევაში. ეს უფლება უზრუნველყოფილია სახელმწიფოს ხარჯზე მუშებისა და მომსახურეების სოციალური დაზღვევის ფართო განვითარებით, მშრომელთათვის უფასო სამედიცინო დახმარებით, მშრომელთა სარგებლობაში კურორტთა ფართო ქსელის გადაცემით.

* 121- მუხლი: საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს აქვთ განათლების უფლება. ეს უფლება უზრუნველყოფილია საყოველთაო-სავალდებულო დაწყებითი განათლებით, უფასო შვიდწლიანი განათლებით, სახელმწიფო სტიპენდიების სისტემით უმაღლესი სკოლის მოსწავლეებისთვის, სკოლებში დედა ენაზე სწავლებით, ქარხნებში, საბჭოთა მეურნეობებში, მანქანა-ტრაქტორთა სადგურებსა და კოლმეურნეობებში მშრომელთა უფასო საწარმოო, ტექნიკური და აგრონომიული სწავლების ორგანიზაციით”.

უახლესი ისტორიის ბრწყინვალე მკვლევარი, პროფესორი ვახტანგ გურული თავის გენიალურ გამოკვლევაში “სტალინის დიდი ექსპერიმენტი” მიდის დასკვნამდე, რომ იოსებ სტალინი, როგორც მოაზროვნე და როგორც პოლიტიკური მოღვაწე, დიდხანს დარჩება შეუცნობელი ან ბოლომდე შეუცნობელი. სტალინის შესახებ დაწერილი ყველა ნაშრომი უეჭველად ამტკიცებს ერთ ჭეშმარიტებას: სტალინის ნააზრევისა და ნაღვაწის შეცნობა ჩვეულებრივი მოკვდავის შესაძლებლობებს აღემატებაროგორც უნდა ვაფასებდეთ სტალინს, იგი უკვე ისტორიის კუთვნილებაა”.

ილია ჭავჭავაძის მიმართ სტალინი განსაკუთრებულ ტაქტსა და თავშეკავებას იჩენდა. იგი არც 1901-1904 წლებში და არც შემდეგ პერიოდში ილიას წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაში არ ჩაბმულა. ილიას მიერ ხელდასხმულ მოღვაწეს კარგად ესმოდა ერის მამის დამსახურება, მისი ადგილი საქართველოს ახალ ისტორიაში. სტალინი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის ევროპიზაცია შეუძლებელი გახლდათ. რუსეთი კიდევ დიდხანს დარჩებოდა თვითმყოფად, მხოლოდ რუსულ სახელმწიფოდ. რუსეთისთვის მიუღებელი იყო პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების გარდაქმნა-განახლების ნებისმიერი თეორია, მათ შორის ევროპაში იმხანად ძალზე პოპულარული სოციალისტური დოქტრინა. რუსეთს განახლების თავისი ორიგინალური გზა უნდა ეპოვა. იოსებ სტალინის იდეური მოწინააღმდეგენი ნიჭიერი, ღრმად განსწავლული მოღვაწეები იყვნენ, მაგრამ მაინც ჩვეულებრივ ადამიანებად რჩებოდნენ. იოსებ ჯუღაშვილი კი განგებამ ჩვეულებრივი ადამიანებისგან გამოარჩია და დიდი და გამორჩეული მისია დააკისრა. რუსეთი მისი სამშობლო არ იყო. რუსეთი იყო ქვეყანა, რომელშიც მის ზებუნებრივ ნიჭსა და ენერგიას გასაქანი უნდა ეპოვა. 1917 წლის 25 ოქტომბრის დიდი გამარჯვება სულაც არ იყო განპირობებული მარქსიზმის ყოვლისშემძლეობით, იგი არც ლენინიზმის ტრიუმფს ნიშნავდა. 1917 წლის თებერვალმარტის რევოლუციამდე რუსეთი ისტორიული პროცესის განვითარების კანონზომიერებამ მიიყვანა. პოლიტიკურ პარტიებს რევოლუციის მომზადებასა და განხორციელებაში გადამწყვეტი როლი არ უთამაშიათ. ხელისუფლებისთვის მებრძოლ პოლიტიკურ პარტიათა შორის ყველაზე ორგანიზებული აღმოჩნდა ბოლშევიკების პარტია, რომლის სტრატეგია და ტაქტიკა ეფუძნებოდა არა მარქსიზმს, არა ლენინიზმს, არამედ სოციალისტური მოძღვრების ახალ მიმდინარეობას _ სტალინიზმს. სტალინმა პირველმა აუხილა თვალი კაცობრიობას, დაუმტკიცა მაშინდელ მსოფლიოს, რომ მუშებსა და გლეხებს ჰქონდათ ამოუწურავი ინტელექტუალური პოტენციალი, ეს იმჟამინდელი კაცობრიობისათვის სრულიად მოულოდნელი ამბავი იყო. სტალინმა რევოლუციურად შეცვალა ქვეყნის ეკონომიკა, სამართალი და საზოგადოების მორალური კოდექსი. შესაბამისად, ბოლო მოუღო კლასობრივ სამართალს, კლასობრივ ეკონომიკასა და უზნეობის თავისუფლებას. დედამიწის საბჭოთა ნაწილში აღკვეთა რეაქციული კერძო საკუთრების მონოპოლია. ამით დაამტკიცა, რომ კლასობრივი საზოგადოების, ანუ კერძო საკუთრების მონოპოლიის შეუცვლელობის თეორია ფარსია. სტალინმა ათასი სხვა დოგმაც დაამსხვრია და უარყო, რაც ცალკე შესწავლის საგანია.

აქვე მოვიყვან თანამედროვე გეოპოლიტიკის არქიტექტორ ჰენრი კისინჯერის შეფასებას სტალინზე: “სტალინი დემოკრატიული ქვეყნების სხვა ლიდერებზე მეტად მზად იყო, ნებისმიერ დროს შესდგომოდა ძალთა თანაფარდობის ძირფესვიანად შესწავლას და რწმენით, რომ ის იყო მსახური ისტორიული სიმართლისა, რომლის გამოხატულებასაც მისი იდეოლოგია წარმოადგენდა, მტკიცედ და გადაჭრით იცავდა საბჭოეთის ნაციონალურ ინტერესებს; ისე იცავდა, რომ თავს არ იმძიმებდა, როგორც მას მიაჩნდა, ფარისევლური მორალის ან პირადული ინეტრესების ტვირთით”.

რატომ არ იმძიმებდა თავს ფარისევლური მორალით სტალინი? როგორც ირკვევა, სტალინი ორი ცხოვრებით ცხოვრობდა _ პოლიტიკოსისა და რაინდი ქართველის (როგორც ამას დიდი ბრიტანეთის 64-ე პრემიერმინისტრი ენტონი იდენი შენიშნავს) ცხოვრებით. სტალინი, როგორც ბუნების აუხსნელი ფენომენი, მართალია როგორც ცხოვრებაში, ისე პოლიტიკაში. სწორედ სტალინურ პოლიტიკას უწოდეს მსოფლიოს უდიდესმა პოლიტიკოსებმა რეალპოლიტიკა. სტალინის რეალპოლიტიკაზე ქვემოთაც გვექნება საუბარი. სტალინის სიცოცხლეში დადგმული ძეგლები ისევ დგას და იდგება ცივილიზაციის დასასრულამდე. ესენია:

*1917 წლის დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია; *კოლექტივიზაცია; *ინდუსტრიალიზაცია; *მსოფლიოს გადარჩენა ხაკისფერი ჭირისაგან და *კოსმოსში გაჭრა.

გადავიდეთ სტალინის პირველ განზომილებაში _ წარსულში. სტალინის მტკიცე ხელი და ყოვლისმომცველი ხედვა აკონტროლებდა არა მხოლოდ თავის ეპოქას, არამედ წარსულსაც. წარსული მისთვის მტკიცე საფუძველი იყო ახლის ასაშენებლად. ამბობენ, სტალინი ქართველი იყო და რუსულ საქმეს აკეთებდაო, მაგრამ საკითხავია, ვინ უფრო დიდი ქართველი იყო _ სტალინი და ბერია, როდესაც ისინი კავკასიის დაცვის სტრატეგიულ გეგმას ადგენდნენ, თუ ნიკო ბაგრატიონი, რომელიც ცხრა მთას იქით, სამხრეთ აფრიკაში ბურებთან ერთად იბრძოდა და არ იცოდა რისთვის?

ჰენრი კისინჯერი
ჰენრი კისინჯერი

ჩვენ ვამაყობთ, რომ სქართველოში გვაქვს ნაპოლეონის ნიღაბი, სტალინის ნიღაბს კი დალეწვით ვემუქრებით და გვინდა, მისი ძეგლების ადგილას ჰიტლერისა და ტროცკის მემორიალები აღვმართოთ სტალინის მშობლიურ ქალაქ გორში. თბილისში კი უკვე დგას რეიგანის, ალიევისა და სხვათა ძეგლები… აკაკი წერეთელი სჭირდება საქართველოს ამჟამად, თუ მასაც პირი არ აქვს გამშრალი, ჩვენი ყოფის შემყურეს.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი რუსი არ იყო, მიაჩნდა, რომ რუსეთის მუშათა კლასმა დაასრულა მისი აღზრდა და სიცოცხლე თავის აღმზრდელ და მხარდამჭერ რუს ხალხს დაუკავშირა, მაგრამ, როგორც ახლა, ამ გაჭირვების ჟამს საქართველოს მოსახლეობა იკვებება რუსეთიდან და იქ დასაქმებული ქართველების ჯიბეებიდან, ისე იკვებებოდა საქართველო საბჭოთა კავშირის საერთო ჯიბიდან და იკვებებოდა არცთუ ცუდად. დღეს არ გვაქვს და არც არავის სჭირდება ჩვენი ჩაი და ციტრუსები, ბორჯომის მინერალური წყალი და კაკლის მურაბა. ბორჯომის წყლის რეალიზაცია ერთ დღეში 3 მილიონ ბოთლს შეადგენდა და საბჭოთა კავშირის მასშტაბით დეფიციტი იყო. დღეს რეალიზაცია, ალბათ, 30 000 ბოთლსაც ვეღარ აღწევს. თურმე აღარ ყოფილა ჩვენი რჩენის ძირითადი წყარო ჩაი და ბორჯომი, როგორც ჩვენი არაფორმალები ფიქრობდნენ. სტალინმა კარგად იცოდა, საიდან და როგორ უნდა ეკვება თავისი პატარა საქართველო, როგორ დაეცვა და აღეზარდა ქართველი ახალგაზრდობა. საბჭოთა კავშირის მასშტაბით მხოლოდ საქართველოში იყო 11-წლიანი საშუალო სკოლა, რომელიც უამრავ ხარჯთან იყო დაკავშირებული, სხვა პრივილეგიებზე რომ არაფერი ვთქვათ, თუმცა, რომ ვთქვა, ბევრი არც დაიჯერებს. სტალინი თავგამოდებით იცავდა არა მხოლოდ მის მიერ შექმნილი საბჭოთა კავშირის ინტერესებს, ის ერთგული იყო რუსი ხალხის ისტორიისა და მისი წარსულის. სულ სხვა საქმე იყო მაშინ, როდესაც რევოლუციის პერიოდში ლანძღავდა ცარიზმს და რუსეთს ხალხთა საპყრობილეს ეძახდა. ეს მისი პოლიტიკური ბრძოლის იარაღი იყო. სტალინი ბოლომდე იცავდა სლავი ხალხის ინტერესებს, განსაკუთრებით, რუსი ერისას.

1934 წელს სტალინს მიუტანეს ფრიდრიხ ენგელსის ნაშრომი, რომელიც გერმანიაში დაიბეჭდა 1906 წელს. ჟურნალ “ბოლშევიკის” რედაქცია სთხოვდა თანხმობას სტალინს, დაებეჭდა ენგელსის სტატია, რომელიც შეეხებოდა მეფის რუსეთის საგარეო პოლიტიკას. ენგელსს ცუდად ჰყავდა მოხსენიებული რუსეთი და მისი იმპერატორი. სტალინმა გულმოდგინედ წაიკითხა ენგელსის წერილი და თავისი შენიშვნებით უკან დაუბრუნა ჟურნალის რედაქციას. შენიშვნებში სტალინი წერს:

) გადაფასება მეფის რუსეთის კონსტანტინოპოლისკენ სწრაფვის როლისა მსოფლიო ომის მოახლოების საქმეში. მართალია, თავდაპირველად ენგელსი ომის ფაქტორებში პირველ ადგილზე აყენებს გერმანიის მიერ ელზას-ლოტარინგიის ანექსიას, მაგრამ შემდეგ უკანა პლანზე სწევს ამ მომენტს და წინა პლანზე გამოაქვს მეფის რუსეთის სწრაფვა დაპყრობისკენ; ამტკიცებს, რომ “ამ მსოფლიო ომის ეს საშიშროება გაქრება იმ დღეს, როდესაც რუსეთში საქმეები შემოტრიალდება ისე, რომ რუსი ხალხი შეძლებს, დაუსვას ჯვარი თავისი მეფეების ტრადიციულ დამპყრობლურ პოლიტიკას”.

ეს, რა თქმა უნდა, გადაჭარბებაა.

) გადაფასება რუსეთში ბურჟუაზიული რევოლუციის როლისა და “რუსული ეროვნული კრების” (ბურჟუაზიული პარლამენტი) როლისა მოახლოებული მსოფლიო ომის თავიდან აცილების საქმეში. ენგელსი ამტკიცებს, რომ რუსეთის ცარიზმის დაცემა მსოფლიო ომის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალებაა. ეს აშკარად გადაჭარბებულია. ახალი ბურჟუაზიული წყობა რუსეთში მისი “ეროვნული კრებით” ვერ შეძლებდა, თავიდან აეცილებინა ომი თუნდაც იმიტომ, რომ ამ ომის მთავარი ზამბარები ჩადებული იყო ძირითად იმპერიალისტურ სახელმწიფოებს შორის ბრძოლის სიბრტყეში. საქმე ის არის, რომ ყირიმის დამარცხების დღიდან (გასული ასწლეულის ორმოცდაათიანი წლები) ცარიზმის დამოუკიდებელმა როლმა ევროპის საგარეო პოლიტიკის დარგში მნიშვნელოვნად იწყო დაცემა, ხოლო მსოფლიო იმპერიალისტური ომის წინა მომენტამდე მეფის რუსეთი არსებითად ასრულებდა დამხმარე რეზერვის როლს ევროპის მთავარი სახელმწიფოებისთვის.

) “სამეფო ძალაუფლების როლი, როგორც “საერთო ევროპული რეაქციის ძლიერი საყრდენი” (ენგელსის სიტყვებია). სამეფო ძალაუფლება რუსეთში რომ იყო საერთო ევროპული რეაქციის ძლიერი საყრდენი, ამაში საეჭვო არაფერია. მაგრამ ის, რომ მას შეეძლო ყოფილიყო ამ რეაქციის ბოლო საყრდენი, ეჭვის შეტანა დასაშვებია.

უნდა აღინიშნოს, რომ ენგელსის სტატიის ეს ნაკლოვანებები წარმოადგენს არა მხოლოდ “ისტორიულ ღირებულებებს”, არამედ მათ აქვთ ან უნდა ჰქონდეთ კიდევ პრაქტიკული მნიშვნელობაც. სინამდვილეში: თუ იმპერიალისტური ბრძოლა კოლონიებისთვის და გავლენის სფეროები გამორჩენილია მხედველობიდან, როგორც მოახლოებული მსოფლიო ომის ფაქტორი, აგრეთვე, გამორჩენილია მხედველობიდან ინგლისსა და გერმანიას შორის იმპერიალისტური წინააღმდეგობები თუ გერმანიის მიერ ელზასისა და ლოტარინგიის ანექსია, როგორც ომის ფაქტორი, გადაწეულია უკანა პლანზე რუსული ცარიზმის კონსტანტინოპოლისკენ სწრაფვასთან შედარებით, როგორც ომის უფრო მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი. ბოლოს და ბოლოს, რუსული ცარიზმი წარმოადგენს საერთო ევროპული რეაქციის ბოლო საყრდენს, ნუთუ გასაგები არ არის, რომ ომი, ვთქვათ, ბურჟუაზიული გერმანიისა მეფის რუსეთთან არის არა იმპერიალისტური, არა მძარცველური, არა სახელმწიფოებრივი, არამედ განმათავისუფლებელი ან თითქმის განმათავისუფლებელი ომი?! ნუთუ შეიძლება საეჭვო იყოს, რომ მსგავს აზროვნებას შეეძლო, შეემსუბუქებინა გერმანიის სოციალ-დემოკრატიის დაცემა 1914 წლის 4 აგვისტოს, როდესაც მან გადაწყვიტა, ხმა მიეცა სამხედრო კრედიტებისათვის და გამოაქვეყნა მეფის რუსეთისგან, ე.წ. რუსული ბარბაროსობისგან, ბურჟუაზიული სამშობლოს დაცვის ლოზუნგი და ა.შ.

ნიშანდობლივია, რომ ბებელისადმი მიწერილ წერილებში, რომლებიც დაიწერა 1891 წელს (ენგელსის სტატიის გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ) და რომლებშიც ლაპარაკია მოახლებული ომის პერსპექტივებზე, ენგელსი პირდაპირ ამბობს, რომ “გერმანიის გამარჯვება რევოლუციის გამარჯვებაა, თუ რუსეთი დაიწყებს ომს რუსეთის მოკავშირეებთან, ვინც უნდა იყვნენ ისინი”. გასაგებია, რომ ამგვარ აზროვნებაში არ რჩება ადგილი რევოლუციური დამარცხებისთვის, იმპერიალისტური ომის სამოქალაქო ომად გადაქცევის ლენინური პოლიტიკისთვის. ამგვარად არის საქმე ენგელსის სტატიის ნაკლოვანებების შესახებ. როგორც ჩანს, ენგელსმა, აღშფოთებულმა ფრანკო-რუსული კავშირის მოგვარებით (1890-1891წ.), რომელიც თავისი მახვილით მიმართული იყო ავსტრო-გერმანული კოალიციის წინააღმდეგ, თავის სტატიაში მიზნად დაისახა, თავს დასხმოდა რუსული ცარიზმის საგარეო პოლიტიკას და მისთვის დაეკარგა ყოველგვარი ნდობა ევროპისა და, უწინარესად, ინგლისის საზოგადოებრივი აზრის თვალში, მაგრამ, მიილტვოდა რა ამ მიზნისკენ, მას მხედველობიდან გამორჩა სხვა მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი მომენტებიც კი. ამის შედეგია სტატიის ცალმხრივობა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ღირს კი ენგელსის სტატიის დაბეჭდვა ჩვენს საბრძოლო ორგანო “ბოლშევიკში”, როგორც სახელმძღვანელო სტატია ან ღრმად შემეცნებითი, რადგან გასაგებია, მისი დაბეჭდვა “ბოლშევიკში” ნიშნავს, მას ჩუმად მიეცეს ზუსტად ასეთი რეკომენდაცია?

ვფიქრობ, არ ღირს.

1934წ. 19 ივლისი.

ი. სტალინი”

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება იქნება)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here