Home რუბრიკები ისტორია სტალინი და საქართველო

სტალინი და საქართველო

2088

1947 წელს სტალინი შავიზღვისპირა აგარაკზე ისვენებდა. როგორც წესი, პარტიული ნომენკლატურა ღამის საათებშიც ჩვეულებრივი რიტმით მუშაობდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორ იმუშავებდა სტალინური წრთობის ისეთი კომუნისტი, როგორიც იმხანად აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი აკაკი მგელაძე გახლდათ.

_ გვიან ღამით ჩემს სამუშაო ოთახში მაღალი სიხშირის ტელეფონმა დარეკა, _ იგონებს აკაკი მგელაძე, _ როგორც კი ყურმილი ავიღე, შემომესმა ნაცნობი ხმა:

_ გამარჯობა!

_ გაგიმარჯოს, ამხანაგო სტალინ!

_ როგორ არის საქმე?

_ ყველაფერი რიგზეა, ამხანაგო სტალინ, სამეურნეო წელს წარმატებით ვამთავრებთ.

_ ეს ძალიან კარგია. თუ დრო გაქვთ, გამოიარეთ ჩემთან, წამოიყვანეთ თქვენი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.

სტალინი სოხუმთან ახლოს თავის აგარაკზე ისვენებდა, გამოვიძახე მიხეილ კონსტანტინეს ძე დელბა და სტალინთან გავემგზავრეთ.

სტალინი მხიარულად შეგვხვდა და სახლში მიგვიპატიჟა. გამოგვკითხა ოლქში მიმდინარე საქმეები და კმაყოფილი დარჩა არსებული მდგომარეობით. საუბარში ვიყავით გართული, რომ უცბად შემოგვთავაზა, გავსულიყავით მეორე სათათბირო ოთახში, სადაც მოზრდილი მაგიდა იდგა. პოსკრებიშევს სთხოვა, შემოეტანა რუკა, რომელიც, როგორც ჩანს, ახალი მიღებული ჰქონდა მოსკოვიდან. პოსკრებიშევმა სწრაფად მოიტანა რუკა და დავიწყეთ მისი მაგიდაზე გაშლა, მაგრამ რუკა მაგიდაზე ვერ დაეტია. მაშინ სტალინმა ბრძანა, კედელზე ჩამოეკიდათ. სკამზე შემდგარმა პოსკრებიშევმა, ჩვენი მიხმარებით, ჩაქუჩითა და ლურსმნით რუკა კედელზე ჩამოკიდა. ეს იყო ახალი შედგენილი მსოფლიოს პოლიტიკური რუკა. სტალინმა ჩიბუხი გააწყო, გააბოლა და ჯოხი ხელში მოიმარჯვა:

_ ერთად ვნახოთ, რა გამოგვივიდა ამ საშინელი სისხლისმღვრელი ომის შემდეგ, _ თქვა და სიამაყოთ გადახედა რუკას.

“ჩრდილოეთით ყველაფერი რიგზეა, ფინეთმა ძალიან დააშავა ჩვენ წინაშე და საზღვარი გადმოვწიეთ. ბალტიისპირეთი _ რუსული ტერიტორია _ ისევ ჩვენია, ბელორუსებთან ერთად ვცხოვრობთ, უკრაინელებთან _ ერთად, მოლდაველებთან _ ერთად; დასავლეთით ყველაფერი რიგზეა. ახლა ვნახოთ, რა ხდება აღმოსავლეთით? კურილის კუნძულები ახლა ჩვენია, სახალინი მთლიანად ჩვენია, ნახეთ რა კარგია! პორტ-არტურიც ჩვენია, შორეულიც, _ სტალინმა ჩიბუხი შემოავლო ჩინეთს, _ აღმოსავლეთ ჩინეთის რკინიგზა ჩვენია. ჩინეთი, მონღოლეთი, ყველაფერი რიგზეა… აი აქ კი ჩვენი საზღვარი არ მომწონს!” _ თქვა სტალინმა და კავკასიის სამხრეთზე მიუთითა”.

ასწლეულების განმავლობაში რუსეთის მმართველები ოცნებობდნენ, გაეკონტროლებინათ თურქული სრუტეები (ბოსფორი და დარდანელი), რომლებიც აერთებენ შავსა და ხმელთაშუა ზღვებს. 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, როცა თურქეთი იბრძოდა გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის მხარეს, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მხარი დაუჭირეს რუსეთის მისწრაფებას, დაეწესებინა კონტროლი სრუტეებსა და თურქეთის სანაპირო ზოლზე, რომლებიც შედიოდნენ მისი გავლენის სფეროში, მაგრამ 1917 წლის ნოემბერში ანტანტის დახმარებით განხორციელდა თებერვლის გაატრიალება და ამ საიდუმლო შეთანხმებამ ძალა დაკარგა.

1940 წლის ნოემბერში ბერლინში საბჭოთა კავშირ-გერმანიის მოლაპარაკებისას მოლოტოვი სტალინის მითითებით მოითხოვდა, რომ ბულგარეთი, თურქეთის სრუტეები და მთელი შავიზღვისპირა რეგიონი ყოფილიყო საბჭოთა გავლენის სფეროში. შემდეგ _ ანტიჰიტლერული კოალიციის პარტნიორებთან მოლაპარაკებისას სტალინი დაბეჯითებით მოითხოვდა სრუტეებზე კონტროლს, იგი ასევე მოითხოვდა, გადაეხედათ 1936 წ. მონტრეში დადებული კონვენციისთვის სრუტეების სტატუსის თაობაზე, რომლის მიხედვით თურქეთს უფლება ეძლეოდა, სრუტეებზე შეექმნა თავდაცვითი ნაგებობები და ომის დროს ჩაეკეტა უცხო სახელმწიფოების გემებისთვის.

1943 წელს უინსტონ ჩერჩილი და ფრანკლინ რუზველტი თეირანის კონფერენციაზე დათანხმდნენ, გადაეხედათ მონტრეს კონვენციის დებულებებისთვის, ხოლო 1944 წლის ოქტომბერში მოსკოვში სტალინთან საიდუმლო მოლაპარაკებისას სიტყვიერად დათანხმდნენ, მხარი დაეჭირათ საბჭოთა კავშირის მოთხოვნებისთვის.

საბჭოთა სპეციალისტები, რომლებიც 1944-1945 წლებში თანამშრომლობდნენ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატთან, შეთანხმდნენ, რომ დადგა უნიკალური მომენტი, როცა შეიძლება დადგეს “საკითხი სრუტეების შესახებ” და გადაიჭრას იგი საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ ერთხელ და სამუდამოდ. 1944 წლის ნოემბერში ლიტვინოვი ატყობინებდა სტალინსა და მოლოტოვს, რომ საჭირო იყო დიდი ბრიტანეთის დაყოლიება საბჭოთა კავშირის “პასუხისმგებლობის” სფეროში სრუტეების ყოფნის აუცილებლობაზე. კრემლში ფიქრობდნენ, რომ საბჭოთა არმიის შთამბეჭდავი გამარჯვების ფონზე, დიდი ბრიტანეთი და აშშ აღიარებდნენ სსრკ-ის დიდ გავლენას თურქეთზე, თუნდაც “გეოგრაფიული ახლობლობის” გამო.

შემდეგ გავრცელდა ხმა, რომ ზოგიერთი საბჭოთა მხედართმთავარი ცდილობდა, დაეყოლიებინა სტალინი თურქეთში შეჭრაზე, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის მწარე გაკვეთილის გათვალისწინებით თურქეთი მკაცრად იცავდა ნეიტრალიტეტს და ოკუპაციის საბაბი არ იყო. მიუხედავად ამისა, სტალინმა გადაწყვიტა, დასავლელ მოკავშირეებთან შეუთანხმებლად ემოქმედა. 1945 წლის 7 ივნისს მოლოტოვი სტალინის მითითებით შეხვდა მოსკოვში თურქეთის ელჩ სელიმ სარფერს და უარყო თურქეთის წინადადება, ხელი მოეწერა საბჭოთა კავშირთან მეგობრობის ახალ ხელშეკრულებაზე. ამის მაგივრად, მოლოტოვმა თურქეთს მოსთხოვა, შეთანხმებულიყვნენ მშვიდობიან პერიოდში სრუტეებზე ორმხრივი კონტროლის დაწესებაზე. საბჭოთა კავშირი მოითხოვდა თურქეთთან ერთად სრუტეებზე სამხედრო ბაზების მშენებლობის უფლებას, გარდა ამისა, მოლოტოვმა მოითხოვა, თურქეთს საბჭოთა კავშირისთვის დაებრუნებინა “სადავო”, რომლებიც საბჭოთა რუსეთმა დაუთმო თურქეთს 1921 წლის ხელშეკრულებით.

ახლახან აღმოჩენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ სტალინს იმედი ჰქონდა, მოულოდნელი შეტევით აეძულებინა თურქები, დათანხმებულიყვნენ საბჭოთა კავშირის მოთხოვნებს. შავი ზღვის სრუტეებზე კონტროლის დაწესება პირველი რიგის გეოპოლიტიკური ამოცანა იყო საბჭოთა კავშირისთვის, რომელიც ამ შემთხვევაში ხმელთაშუა ზღვის მთავარ სახელმწიფოდ გადაიქცეოდა. ტერიტორიული პრეტენზიები კი იყო მეორე რიგის ამოცანა, რომელიც პირველ ამოცანას ექვემდებარებოდა.

საბჭოთა კავშირისთვის ართვინის, ყარსისა და ვანის ტბის მიდამოების შემოერთების საქმეში სტალინს “სომხური კარტის” გათამაშების იმედი ჰქონდა _ ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე ცხოვრობდა მილიონზე მეტი სომეხი, რომლებიც 1915 წელს გაანადგურეს, გადარჩენილნი კი გადაასახლეს. 1920 წელს შედგენილი სევრის მშვიდობიანი ხელშეკრულების თანახმად ეს ტერიტორიები უნდა შესულიყვნენ სუვერენული “სომხური სახელმწიფოს” შემადგენლობაში, მაგრამ სომხებმა, რომლებიც იბრძოდნენ ბერძნებთან ერთად, ვერ გაუძლეს თურქების არმიის შემოტევას, რომელსაც ხელმძღვანელობდა მუსტაფა ქემალი (ათათურქი). ბოლშევიკურმა მთავრობამ ლენინის ხელმძღვანელობით დაამყარა კავშირი ქემალის თურქეთთან და, 1921 წელს დადებული საბჭოთა კავშირ-თურქეთის ხელშეკრულების თანახმად, უარი თქვა “სომხურ” ოლქებზე.

1945 წლის გაზაფხულზე მსოფლიოს სომხებს იმედი გაუჩნდათ ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა. სომხური დიასპორის ორგანიზაციები, მათ შორის უმდიდრესი ამერიკელი სომხები, მიმართავდნენ სტალინს თხოვნით, დაებრუნებინა სომხები საბჭოთა სომხეთში იმ იმედით, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი საბჭოთა კავშირის დახმარებით დაბრუნდებოდნენ ისტორიულ მიწებზე, რომლებიც თურქეთმა მიიტაცა. მაისში სტალინმა დაავალა საბჭოთა სომხეთის ხელმძღვანელობას, განეხილა სომხების მასობრივი რეპატრიაციის საკითხი, რაც, მისი გათვლებით, შეარყევდა დასავლეთის სახელმწიფოების სურვილს, დაეცვათ თურქეთი _ საბჭოთა მოთხოვნები იღებდა ისტორიულ “ჰუმანიტარულ” საფარველს.

თურქეთის მთავრობამ მოსკოვს განუცხადა, რომ მზადაა, დადოს ორმხრივი ხელშეკრულება, მაგრამ უარყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები და შავი ზღვის სრუტეების “ერთობლივი” დაცვის მოთხოვნა; მიუხედავად ამისა, სტალინმა, როგორც იგონებდა შემდეგ მოლოტოვი, ბრძანა, განეგრძოთ თურქებზე ზეწოლა. პოტსდამის კონფერანციაზე დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ თანახმა არიან, შეიცვალონ კონვენცია სრუტეებზე კონტროლისა, მაგრამ ტრუმენმა მოულოდნელად წამოაყენა კონტრწინადადება საერთაშორისო და საშინაო წყლებზე თავისუფალი და განუსაზღვრელი ნავიგაციისა (დუნაის ჩათვლით), და არ დაეთანხმა გამაგრებითი სამუშაოების წარმოებას სრუტეებზე. მიუხედავად ამისა, საბჭოთა მთავრობამ პოტსდამის კონფერენციის შედეგები დადებითად შეაფასა, მათ შორის სრუტეებზე საბჭოთა შანსების მხრივაც. 30 აგვისტოს, ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, სტალინმა ბულგარელ კომუნისტებს უთხრა, რომ თურქული ბაზების საკითხი “აუცილებლად გადაწყდება ამ კონფერენციაზე”. წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭოთა კავშირი დააყენებს ხმელთაშუა ზღვაში ბაზების შეძენის საკითხს.

ლონდონში მოლოტოვმა წარუდგინა მოკავშირეებს აფრიკაში ყოფილი იტალიური კოლონიის ტრიპოლიტანიის (ლიბიის) მართვის მანდატის საბჭოთა კავშირისთვის გადაცემის პროექტი, რომელიც არ იყო უბრალო ტაქტიკური ფანდი, როგორც დიდხანს ფიქრობდნენ ისტორიკოსები დასავლეთში. ამ პროექტში აისახა სტალინის ინტერესი, გადაექცია საბჭოთა კავშირი ხმელთაშუა ზღვის მთავარ სახელმწიფოდ. სტალინსა და მოლოტოვს შორის საიდუმლო მიმოწერიდან დგინდება, რომ საბჭოთა მთავრობა 1945 წლის აპრილში სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე რუზველტის ადმინისტრაციის გენმდივანმა ედვარდ სტეტინიუსმა დააიმედა, რომ ამერიკელები მხარს დაუჭერდნენ ჩრდილოეთ აფრიკაში იტალიის ერთ-ერთ კოლონიაზე საბჭოთა კავშირის მანდატს.

მაგრამ დრო შეიცვალა და ამერიკელებმა მხარი დაუჭირეს დიდ ბრიტანეთს, რომელიც წინააღმდეგი იყო ხმელთაშუა ზღვაში საბჭოთა სამხედრო საზღვაო ყოფნისა. როგორც კი ეს ამბავი შეიტყო, სტალინმა მიუთითა მოლოტოვს, მოეთხოვა სავაჭრო ფლოტისთვის ბაზა, მაგრამ ამ საკითხზეც უარი მიიღო და საბოლოოდ ამერიკულ-ბრიტანულმა წინააღმდეგობამ ხელი შეუშალა საბჭოთა კავშირს, გამაგრებულიყო ხმელთაშუა ზღვაზე. თურქეთის მთავრობამ, იგრძნო რა დასავლეთის სახელმწიფოების მხარდაჭერა, მტკიცედ დაიცვა თავისი პოზიციები. ვინ იცის, 1945 წლის ივნისში სტალინს რომ დაედო თურქეთთან ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას და განსაკუთრებულ პრივილეგიებს სრუტეებში სამხედრო ბაზების მშენებლობის გარეშე, შეიძლება თურქეთი დათანხმებულიყო ასეთ პირობებს, მაგრამ ტერიტორიული პრეტენზიები საბჭოთა კავშირის მხრიდან თურქებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ახალი დოკუმენტები, რომლებიც მოიპოვა აზერბაიჯანელმა ისტორიკოსმა ჯამალ ჰასანდიმ, ნათლად აჩვენებს სტალინის ტაქტიკას. თურქეთზე პოლიტიკური ზემოქმედებისთვის 1945-1946 წლებში კრემლი იყენებდა ნაციონალურ განწყობილებებს საქართველოსა და სომხეთში. საარქივო დოკუმენტები აჩვენებს, რომ უკვე 1945 წელს ქართველ და სომეხ კომუნისტებს შორის დაიწყო ფარული ბრძოლა, თუ ვის უნდა დარჩენოდა თურქეთისთვის ჩამოჭრილი ტერიტორიები.

მსოფლიოში სომხური დიასპორის გააქტიურებამ და სოხეთის როლმა სტალინის გეგმებში, შეაშფოთა საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც თავისი “ნაციონალური პროექტი” ჰქონდა აღმოსავლეთ თურქეთის ვილაიეთებში. 1955 წელს ნიკიტა ხრუშჩოვი ამტკიცებდა, რომ ლავრენტი ბერია, საქართველოს ხელმძღვანელებთან ერთად, ცდილობდა, დაეთანხმებინა სტალინი, თურქეთისთვის წაერთმია შავი ზღვის სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. ამაზე წერს თავის მოგონებებში ლავრენტი ბერიას შვილიც. 1945 წლის მაის-ივნისში ქართველმა დიპლომატებმა და ისტორიკოსებმა მოსკოვში მიიღეს დავალება, “შეესწავლათ საკითხი” თურქეთში, ტრაპზონის რაიონში, საქართველოს ისტორიული უფლების შესახებ, ეს ტერიტორია დასახლებულია ქართველთა ეთნიკურად მონათესავე ხალხით _ ლაზებით.

დევი სტურუა, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის შვილი, მრავალი წლის შემდეგ იგონებდა, როგორ მოუთმენლად ელოდა მისი ოჯახი და სხვა ქართველებიც ამ ტერიტორიის გათავისუფლებას და, სტალინს რომ ეს გაეკეთებინა, იგი გახდებოდა, დევი სტურუას აზრით, “ღმერთი საქართველოში”. 1945 წლის 2 დეკემბერს პრესაში გამოქვეყნდა საბჭოთა კავშირის სახალხო კომისარიატის დადგენილება საზღვარგარეთ მყოფი სომხების რეპატრიაციის შესახებ საბჭოთა სამხრეთში. 20 დეკემბერს პრესაში გამოქვეყნდა ორი ქართველი ავტორიტეტული აკადემიკოს-ისტორიკოსის წერილი სათაურით: “თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ”. ეს წერილი შეიცავდა მოწოდებას “მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი”, დახმარებოდნენ ქართველ ხალხს, წინაპართა იმ მიწების დაბრუნებაში, რომელიც თურქებმა მიიტაცეს მრავალი წლის წინათ. ამასთანავე, სამხრეთ კავკასიაში ვრცელდებოდა ხმა, რომ საბჭოთა კავშირი ემზადებოდა თურქეთთან ომისთვის. ბულგარეთსა და საქართველოში შეიმჩნეოდა საბჭოთა ჯარების სამხედრო სამზადისი.

საბჭოთა კავშირის მხრიდან თავდასხმის შესაძლებლობამ გამოიწვია მძლავრი ანტისაბჭოთა დემონსტრაციები სტამბოლში 1945 წლის დეკემბრის დასაწყისში. ამ მოვლენების შესახებ მოსკოვში გაგზავნილ მოხსენებით ბარათში ელჩი ს. ა. ვინოგრადოვი გამოთქვამდა აზრს, რომ წარმოეჩინათ ყველაფერი, როგორც თურქეთში “ფაშიზმის საფრთხე”. იგი, აგრეთვე, მიუთითებდა, რომ “ანტისაბჭოთა ფაშისტური დემონსტრაცია თურქეთში” შეიძლება გამხდარიყო კარგი მიზეზი თურქეთთან ურთიერთობის გაწყვეტისა და, აგრეთვე, იმის მიზეზიც, რომ “მიეღოთ უსაფრთხოების ზომები”, სხვა სიტყვებით _ დაწყებულიყო სამზადისი ომისთვის.

7 დეკემბერს სტალინმა თავისი მრისხანება დაატეხა თავს ვინოგრადოვს: “ელჩს არავინ ეკითხება საბჭოთა საგარეო პოლიტიკის დაგეგმვას: უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მივუთითოთ თურქეთის მთავრობას ფაშიზმის დონის ამაღლებაზე მათ ქვეყანაში, რადგან ეს არის თურქების საშინაო საქმე”. სტალინი, აგრეთვე, წერდა: “იარაღის ჟღარუნმა შეიძლება მიიღოს პროვოკაციული ხასიათი… საჭიროა თავშეკავება გაუაზრებელი წინადადებებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური გართულებები ჩვენი ქვეყნისთვის. იფიქრეთ ამაზე და მომავალში იყავით უფრო ფრთხილი, რასაც გავალებთ დაკავებული თანამდებობა”.

სტალინს იმედი ჰქონდა, რომ დაძლევდა დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგობას და განახორციელებდა საბჭოთა გეგმებს თურქეთის მიმართ.

1945 წლის აგვისტოში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატმა ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობისთვის მოამზადა ანალიტიკური ცნობა “საბჭოთა კავშირ-თურქეთის ურთიერთობის” შესახებ, რომლის მეორე ნაწილი ასე იყო დასათაურებული: “იმ ტერიტორიის საკითხი, რომელიც თურქეთმა წაართვა ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებს”. დოკუმენტში, გარდა იმისა, რომ საზღვარგარეთელი სომხები გამოთქვამდნენ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების სურვილს, აღნიშნული იყო, რომ “საბჭოთა სომხეთში არ არის იმის შესაძლებლობა, რომ დაეტიოს ამ რაოდენობის დაბრუნებული სომხები”. გაკეთდა არაორაზროვანი დასკვნა: “არ არსებობს იმაზე გონივრული დასკვნა, გარდა იმისა, რომ თურქეთმა უნდა დაუბრუნოს მიტაცებული ტერიტორია მათ კანონიერ მფლობელებს _ ქართველ და სომეხ ხალხებს”. საბჭოთა გათვლებით, თურქეთს უნდა დაებრუნებინა 26 ათასი კვადრატული კილომეტრი, რომელთაგან 20,5 ათასი კვ. კილომეტრი გადაეცემოდა სომხეთს, ხოლო 5,5 ათასი კვ. კილომეტრი _ საქართველოს. “ამას მოითხოვს, _ ნათქვამია დოკუმენტში, _ კანონიერი უფლებები ამიერკავკასიის ხალხთა, რომლებსაც საბჭოთა კავშირის სხვა ხალხებთან ერთად შეიტანეს დიდი წვლილი ევროპული ცივილიზაციის გადარჩენის საქმეში ფაშიზმისაგან”.

1946 წლის 22 თებერვალს აშშ სრულუფლებიანმა ელჩმა საბჭოთა კავშირში _ ჯ. კენანმა თავის ცნობილ “გრძელ დეპეშაში” მოუწოდა ამერიკის მთავრობას, გაეწია წინააღმდეგობა საბჭოთა კავშირის მზარდი ექსპანსიისთვის და განეხილა იგი, არა, როგორც მოკავშირე, არამედ, როგორც მოწინააღმდეგე, ხოლო ჩერჩილმა ცნობილ ფულტონის სიტყვაში 1946 წლის 5 მარტს პირდაპირ განაცხადა, რომ საბჭოთა რუსეთს “სურს, ბოლომდე გამოიყენოს გამარჯვება და ძალის გამოყენებით გაავრცელოს თავისი თეორიები”.

1946 წლის მარტში აშშ-ის ელჩმა თურქეთში _ ე. ვილსონმა მოსკოვსა და ანკარას შორის არსებული კრიზისის მიზეზების განმარტებისას აღნიშნა: “საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილ უსაფრთხოების ზონაში ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე თურქეთი ქმნის დიდ სიცარიელეს, რადგან აქვს დამოუკიდებელი პოლიტიკა და დახმარებისა და განმარტებისთვის მიმართავს დასავლეთის სახელმწიფოებს. საბჭოთა კავშირს არ სურს ამაზე თვალის დახუჭვა, ამიტომაც დაისახა მიზანი _ დაიშალოს დღევანდელი დამოუკიდებელი თურქული მთავრობა და შეიქმნას ვასალური ან “მეგობრული” მთავრობა, რითაც დამთავრდება დამოუკიდებელ ქვეყანათა ჯაჭვი სსრკ დასავლეთ და სამხრეთ საზღვრებთან, აგრეთვე, დამთავრდება დასავლეთის გავლენა თურქეთზე”.

1946 წლის ივლისში ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ მოამზადა საიდუმლო მოხსენება: “სსრკ საგარეო და სამხედრო პოლიტიკა”, სადაც გამოტანილია დასკვნა, რომ შუა აღმოსავლეთის რეგიონი საბჭოთა კავშირისთვის უფრო მნიშვნელოვანია საზღვრების გაფართოების თვალსაზრისით, ვიდრე აღმოსავლეთი ევროპა, რადგან აქ არის მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბაქოს ნავთობი _ საჰაერო თავდასხმის ობიექტი პოტენციურ ომში”.

1946 წლის აგვისტოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დ. აჩესონი თავის ერთ-ერთ დეპეშაში აფრთხილებდა მთავრობას, რომ, “თუ საბჭოთა კავშირი დაუწესებს კონტროლს თურქეთს, მაშინ ძნელი გახდება საბერძნეთის, მთელი ახლო და შუა აღმოსავლეთის გადარჩენა მისი გავლენისგან. გამოცდილებით ვიცით, რომ, თუ საბჭოთა კავშირი აიღებს ზედამხედველობას რომელიმე ტერიტორიაზე, იქ მაშინვე გაქრება ამერიკისა და, საერთოდ, დასავლეთის გავლენა. ამერიკისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, გააუვნებელყოს თურქეთისა და დარდანელის მიმართულებით ყოველგვარი მუქარა და შანტაჟი საბჭოთა კავშირის მხრიდან”.

1946 წლის ოქტომბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის სამმართველოს უფროსი _ ჰენდერსონი თავის საიდუმლო მემორანდუმში, აგრეთვე, მიუთითებდა, რომ საბჭოთა კავშირი დაამყარებდა პოლიტიკურ კონტროლს თურქეთზე. ამას ექნებოდა ძალიან მძიმე შედეგები ამერიკისთვის ხმელთაშუა ზღვაზე, ახლო და შუა აღმოსავლეთის რეგიონებში, ამიტომაც აუცილებლად მიაჩნდა თურქეთისთვის დახმარების გაწევა დიპლომატიური, მორალური, ეკონომიკური და სამხედრო მიმართულებით. ასე გადაიქცა თურქეთი, შეიძლება სწორედ სტალინისა და მოლოტოვის მცდელობების “დახმარებით”, მნიშვნელოვან ელემენტად, ომში გამარჯვებული საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის მიღწევების შემაფერხებელ რგოლში.

თავის მხრივ, საბჭოთა კავშირმაც ანკარისთვის მიუღებელი ტერიტორიული პრეტენზიების წაყენებით საპირისპირო შედეგი მიიღო _ თურქეთის მთავრობამ უფრო ენერგიულად დაიწყო დახმარების ძებნა დასავლეთში, რამაც განაპირობა კიდეც თურქეთის საგარეო პოლიტიკის ვექტორის ევოლუცია და მნიშვნელოვნად დააჩქარა მისი მოძრაობა ნატოსკენ. 1951 წლის მაისში აშშ-მა ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთის ფლანგის გამაგრებისა და ახლო და შუა აღმოსავლეთში საკუთარი პოზიციების გაძლიერების მიზნით, თანხმობა განაცხადა ნატოში თურქეთის მიღებაზე, რაც განხორციელდა კიდეც 1952 წელს.

1945-1946 წლებში სტალინის მიერ ძალის გამოუყენებლობა ზემოაღნიშნული ტერიტორიების დასაბრუნებლად განპირობებული იყო იმით, რომ მსოფლიოსთვის მეორედ აეცილებინა კატასტროფა, რომელიც უფრო დიდ მსხვერპლს მოითხოვდა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომი.

1949 წელს სტალინის დაბადების დღისთვის ატომური ბომბი უკვე შექმნილი იყო და მან იმედის თვალით შეხედა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკას. ძლევამოსილმა წითელმა არმიამ კი აქტიურად დაიწყო შავი ზღვის ნაპირებზე სამხედრო წრთვნები.

აღარავის ახსოვდა ამერიკის პრეზიდენტ ტრუმენის მუქარა 1945-1946 წლებში საბჭოეთის 20 დიდი ქალაქის ატომური იარაღით დაბომბვის თაობაზე, პირიქით, ამერიკის შეერთებული შტატების უდიდეს ქალაქებში _ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში პრესტიჟული უბნებიდან მილიონობით დოლარს იხდიდნენ საბჭოთა საელჩოს მიმდებარე ტერიტორიებზე აშენებულ საცხოვრებელ ბინებში, რადგან ფიქრობდნენ, რომ სტალინი საბჭოთა საელჩოს ატომურ ბომბებს არ დაუშენდა.

მოსკოვში სათანადო კონსულტაციებსა და მითითებებს იღებდა ცნობილი თურქი პოეტი და კომუნისტი ნაზიმ ჰიქმეთი. მას უნდა ეხელმძღვანელა ქვეყნის იმ ნაწილისთვის, რომელიც თურქეთს მალე ჩამოეჭრებოდა და საქართველოს იურისდიქციაში გადმოვიდოდა.

საქართველოს ისტორიულად კუთვნილი მიწა, რომელიც სამართლიანობის აღდგენის მიზნით მიუერთდებოდა საქართველოს, დაყოფილი იყო ხუთ ადმინისტრაციულ რაიონად. თითოეულ რაიონში დანიშნული იყვნენ რაიკომის პირველი მდივნები, აღმასკომის თავმჯდომარეები, მილიციის უფროსები, პროკურორები და მოსამართლეები.

ნატოში თურქეთის შესვლამ კიდევ უფრო გაამძაფრა და დააჩქარა სტალინში შურისძიების აღსრულება. სასწრაფოდ დაიწყო კონფლიქტისპირა ტერიტორიების განწმენდა არაქართველი მოსახლეობისა და საბჭოთა წყობილებაზე განაწყენებული ადამიანებისგან.

მსოფლიომ იცოდა, რომ, თუ სტალინის ნიჭსა და აზროვნების სისხარტეს ზემძლავრი იარაღის ძალაც დაემატებოდა, სტალინს უკვე ვეღარაფერი შეაჩერებდა. კაპიტალისტური მსოფლიო ერთი კაცის წინააღმდეგ აღდგა, სადაც ჩართული აღმოჩნდა უძლეველი საბჭოეთის ხელისუფლების ზოგიერთი ნაძირალა კომუნისტი, რომელთა ხელის შეწყობითაც კიდევ ერთხელ გაახანგრძლივეს თავიანთი ბინძური საქმიანობა და ხალხის მასების აბუჩად აგდება.

მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო საბჭოთა კავშირმა თურქეთის მიმართ გაწონასწორებული პოლიტიკის წარმოება და უარი თქვა ტერიტორიულ პრეტენზიებზე იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც უკვე ნატოს სრულუფლებიანი წევრი იყო. 1953 წლის 30 მაისს საბჭოთა მთავრობამ თავის ნოტაში თურქეთის მთავრობის მიმართ საბოლოოდ განაცხადა უარი თურქეთთან საზღვრების გადახედვაზე. დოკუმენტში ნათქვამი იყო: “კეთილმეზობლური დამოკიდებულების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით საქართველოსა და სომხეთის მთავრობები უარს ამბობენ თურქეთთან სასაზღვრო პრეტენზიებზე.

რაც შეეხება სრუტეების საკითხს, საბჭოთა მთავრობამ გადახედა პოზიციას ამ საკითხზე და შესაძლებლად მიაჩნდა საზღვრის დაცვა სრუტეების მხრიდან ისეთი პირობებით, რომლებიც თანაბრად მისაღები იქნება, როგორც საბჭოთა კავშირისთვის, ისე თურქეთისთვის. ამგვარად, საბჭოთა მთავრობა აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირს არ აქვს არავითარი ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთის მიმართ”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here