Home რუბრიკები ისტორია სტალინი და საქართველოს “ოკუპაცია”

სტალინი და საქართველოს “ოკუპაცია”

რატომ ასწავლიან მოზარდებს საქართველოს გაყალბებულ ისტორიას

798
რევაზ გაბაშვილი

ჩემს წერილებში რამდენიმეჯერ აღმინიშნავს, რომ უახლესი ისტორიის მკვლევარები თუ ჟამთა აღმწერლები სულ სხვა სამყაროში განიხილავენ დღევანდელ თუ ჩვენს მეხსიერებაში შემორჩენილ ისტორიულ მოვლენებს, მოსწავლეებს კი ათასგვარ სისულელეს ასწავლიან. ნატოს ჯარების თანამედროვე სტანდარტებით დგამენ სცენებს 1921 წლის თებერვალში თბილისისგმირულიდაცვის ისტორიიდან და აქედანვე აჩვევენ მოზარდებს საქართველოს გაყალბებულ ისტორიას, რის გამოც, დროთა განმავლობაში, როდესაც ქართველი ხალხი მივა იმ კულტურამდე, რომ ქვეყნის ისტორია სიზმრებსა და ზღაპრებზე არ უნდა ააგოს და სიმართლეს დაწერენ, ჩვენი დღევანდელი მოზარდები, როდესაც უკვე მოზრდილი თაობა იქნება, აბსოლუტურად უცოდინრები იქნებიან თავიანთი ქვეყნის ისტორიისა და შერცხვებათ მამაპაპათა ეს უკბილოხუმრობები”.

რამდენიმე დღის წინათ ტელეეკრანზე ნანახმა სიუჟეტმა “საქართველოს ოკუპაციაზე 1921 წლის თებერვალში” და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა სტატიამ “25 თებერვალი” გადამაწყვეტინა, კიდევ ერთხელ შევხებოდი ამ თემას. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატიის ავტორს მოჰყავს იოსებ გრიშაშვილის ლექსი “25 თებერვალი”: “რა საჭიროა რყევა და მოცდა,/ ტფილისო, აღსდგა შენს სამტროდ ხალხი,/მთით ჩამოცოცდა, რომ თეთრ გიორგის ჩააცვას თალხი”. სრული გაუგებრობაა _ ვინ ხალხი აღდგა? ვინ იცდის? ვინ მერყეობს? ვინ საიდან ჩამოცოცდა? ვინ გიორგის აცმევენ თალხს? ალბათ, იმ გიორგის, რომელიც ეკლესიის ძარცვისთვის საქართველოს კათალიკოსპატრიარქმა ლეონიდემ ანათემას გადასცა!

მე კი სკოლაში შემდეგნაირად მასწავლეს იოსებ გრიშაშვილის ლექსი 25 თებერვალიზე:

ყველას თვალი უციმციმებს,

ყველას თვალი არის ღია,

ოცდახუთი თებერვალი

სიხარულის თარიღია!”

მკითხველმა, უფრო კარგად რომ გაიაზროს 1921 წლის თებერვლის “გმირული” შემართება ქალაქის დასაცავად, ცნობილი ქართველი მწერლის, ეკატერინე გაბაშვილის, უფროს ვაჟს, რევაზ გაბაშვილს, მოვუსმინოთ, რომელიც თვითონ იყო 1921 წლის თებერვლის მოვლენების მონაწილე.

რევაზ გაბაშვილი 1882 წელს დაიბადა. 1902 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია და სწავლის გასაგრძელებლად ევროპაში გაემგზავრა. 1905 წელს, როდესაც რევოლუციის ექომ ევროპასაც მიაღწია, რევაზ გაბაშვილი საქართველოში დაბრუნდა და რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. 1906 წელს არალეგალურად გაემგზავრა პეტერბურგში და სწავლა კვლავ პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო. უნივერსიტეტის დამთავრება ვერ მოასწრო, რომ 1911 წელს სასწავლებლიდან გარიცხეს. ამ დღიდან რევაზ გაბაშვილი დაუკავშირდა ქართულ რევოლუციურ მოძრაობას და მასთან ერთად გაატარა მთელი სიცოცხლე. რევაზ გაბაშვილმა რთული და ქარტეხილებით სავსე ცხოვრება გაიარა, დაწყებული რევოლუციური მოძრაობით, დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვითა და ემიგრაციით დამთავრებული. სიმართლე და მხოლოდ სიმართლე _ ეს იყო რევაზ გაბაშვილის დევიზი სიცოცხლის ბოლო წუთამდე. მან 1959 წელს მიუნხენში გამოაქვეყნა მოგონებათა 340-გვერდიანი წიგნი “რაც მახსოვს”. ბატონმა რევაზმა თავისი წიგნით ბევრს დაუფრთხო ძილი, ბევრი კი “სიზმრიდან” გამოიყვანა. რევაზ გაბაშვილის, როგორც თვითმხილველისა და უამრავი ქარტეხილგამოვლილი კაცის, გულწრფელი ნაამბობი, ანალიზი და შეფასებები უდიდესი მონაპოვარია, როგორც ისტორიისთვის, ისე თითოეული ჩვენგანისთვის, ვისაც აინტერესებს თავისი ქვეყანა და მისი წარსული. ამიტომ მინდა, ჩემი დღევანდელი წერილი რევაზ გაბაშვილის დანახულსა და განცდილს დავუთმო:

* “სოციალიზმსა და რევოლუციაზე შეშლილი საქართველოს მეთაურობა სრულიად უგულვებელყოფდა ეროვნულ საკითხებს და ძალათი ახდენდა, იწვევდა რევოლუციას, როცა არავინ წინააღმდეგობას არ უწევდა ამ რევოლუციას. სულ ღია კარში იჭრებოდნენ, რამდენადაც ეს შეეხებოდა სოციალურ საკითხებს და მათი რევოლუციონური ენერგია შინ (და გარეთაც) იხარჯებოდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ჩამოყალიბების წინააღმდეგ. და ასეთი დამანგრეველი, მცარცველი სულისკვეთება შერჩათ, სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც, _ ბოლომდე. რევოლუციონური კი არა, ჩვენდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, ყაჩაღურ-რევოლუციონური ფსიქოზი არასოდეს განელებიათ.

* სად დაიმალება ისეთი მაგალითები, როგორც ტრაპიზონისა და საერთოდ დიდი ომის, რუს-ოსმალოს ფრონტიდან ნაცარცვი აურაცხელი ქონება (სამხედრო და სხვაც), რომელიც საქართველოს “ბიუჯეტად” ეყოფოდა და მე თუ “ცარცვას” ვეძახი, სწორედ იმიტომ, რომ სოციალისტურმა პარტიებმა და კერძო პირებმა დაირიგეს, და არა _ სახელმწიფოს გადასცეს. მათი “კოოპერატივები” და კერძო ვაჭრები ჰყიდნენ და მდიდრდებოდნენ ჩამოტანილ შაქრით, ფქვილით, რძის კონსერვებითა და ათასი სხვა რამ სანოვაგითა და საქონლით. აქ თუ ახდილი ცარცვა-ყაჩაღობა ხდებოდა, ეგრეთ წოდებული “ზემ-გორის” უთვალავი ქონება _ კარავ-უნაგირ-ლურსმიდან დაწყებული, ფართლეურ-ფქვილ-კონსერვებით გათავებული _ ისე საიდუმლოდ ქრებოდა, ზურგით, ცხენით, ურმით, ვაგონებით წაღებული, რომ ორიოდე თვის შემდეგ სადგურიდან მუშტაიდამდე მთებად დაყენებული მდიდარი საწყობები უდაბნოს მოგაგონებდათ. თბილისის სამხედრო საწყობები _ დაუშრეტელი (რადგან ნახევარ მილიონზე მეტი ჯარის ამუნიციისა იყო) ისე დაცარიელდა, რომ შემთხვევით გადარჩენილიდან (ან ვერ მიგნებულიდან) 1921 წლის ომის შემდეგაც ბოლშევიკებს დარჩათ 17 000 ახალი თოფი (ქუთაისში 300 ხელუხლები ტყვიისმფრქვეველი) და… “მთავრობამ”(?) ყურები გამოუჭედა ქვეყანას: იარაღი არა გვქონდა და ჯარი როგორ უნდა შეგვექმნა ან რითი შეგვეიარაღებია”- (რ. გაბაშვილი. “დაბრუნება”, ტომი მესამე, გვ. 206).

მენშევიკური მთავრობის ბოგინის პერიოდი არა მხოლოდ გასული საუკუნის ოციანი წლების, საერთოდ, მეოცე საუკუნის ქართულ ისტორიოგრაფიაში სამარცხვინო წლებია. ეს ის მენშევიკური მთავრობაა, რომელიც 1990-იან წლებში “დამოუკიდებლობამოპოვებულმა” საქართველოს რესპუბლიკამ, ქართველი ხალხის საუბედუროდ და სამარცხვინოდ, დიდ წინაპრად აღიარა.

 

ქართველი იუნკერები
ქართველი იუნკერები

* “მე ვამტკიცებ, _ განაგრძობს რევაზ გაბაშვილი, _ ჟორდანია არ იყო სახელმწიფო კაცი. მას ეგონა, რომ სახელმწიფოს შექმნა, შენახვა და დაცვა შეიძლება ცარიელი სიტყვებითაც, ნაცარქექიული მოკვარახჭინებით, და მეორეც: . ჟორდანიას თავისი საკუთარი ჯარისა ყოველთვის უფრო ეშინოდა, ვიდრე მტრისა (რ. გაბაშვილი. “დაბრუნება”, ტომი მესამე, გვ. 231).

რევაზ გაბაშვილი 1921 წლის ომის მონაწილე და თვითმხილველია. ის ზუსტად გადმოგვცემს იმ მოვლენებს, რომლებიც იმხანად თბილისის შემოგარენში განვითარდა:

ტაბახმელისფრონტზე

მივედი “ფრონტზედ”. ბრტყელ ბექობზე იდგა ოთხი პატარა სამთო ზარბაზანი; დახატულივით ლამაზი ვაჟკაცი ოფიცერი ჩრდილელი ბრძანებლობდა ამ “ბატარეას”. არცკი მოუხედია ჩემკენ, როცა ზოგიერთმა ნაცნობმა ხელქვეითმა მისმა სალამი მომცა. ამ დროს ხევის გადაღმა მარჯვენა მხარეს, გორაზედ გამოჩნდა მწყობრად მომავალი ნაწილი. აცნობეს და მაშინათვე გაჩნდა . ჩხეიძე. გაიხედა დურბინდში და უბრძანა: “გახსენით ცეცხლი!”. გამიკვირდა ორი რამ: ჯერ ერთი _ მხოლოდ სამი ზარბაზანი ისროდა და მეოთხე პირდაღებული იდგა ჩუმად; მეორე _ ვის ესვრიან, იქნება ჩვენები არიან? რომ ვკითხე ჩემ ყოფილ მასწავლებელს (“გიმნასტიკისა”) ჩხეიძეს, მიპასუხა: ამ სამ ზარბაზნისთვისაც ძლივს გვყოფნის ყუმბარები, იშვიათი სროლისათვის და ზედმეტი ხალხი რისთვის მოვაცდინოთ აქ დგომითაო? და, რაც შეეხება სროლას, _ აქეთ რა უნდათ, რომ მოდიან, ასეთი ბრძანება შტაბს არ გაუცია და თვითონ გამოარკვიონ, მტრები არიან თუ მოყვარენიო. უკვე ბინდდებოდა და წამოსვლისას მითხრა: ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაა და უთხარით თბილისში, ყუმბარები მოგვაწოდონ, რამდენი ხანია, ვეხვეწებით, გვპირდებიან და არსადა სჩანს; მესამე დღეა, ახალგაზრდებს ამ სიცივეში არც ცხელი საჭმელი უნახავთო. იმ საღამოსვე წერილობითი “პატაკი” წავიღე თბილისის შტაბში, საცა მხოლოდ თევზაძე დამხვდა. სიტყვიერადაც ავუხსენი მდგომარეობა და მხრები აიწია: “რა ვქნათ, ხალხი არა გვყავს, მაგრამ ხვალვე ვეცდები, ერთი კამიონი ყუმბარა და ერთი კამიონი საჭმელი გაუგზავნო მაინც”-ო. მეორე დღეს, როცა ტაბახმელაზე უკვე სამნი ავედით _ მე, გიორგი ამირეჯიბი და საშა ჩხეიძე _ სამივენიშტაცკიდა თოფიანები, მოგვიხდა უპატრონო დაჭრილი და დაუჭრელი ტყვეების მოგროვება თბილისში წამოსაყვანად, რისთვისაც გზაში დავიჭირეთ თბილისიდან მომავალი მანგლისელი რუსის ცარიელი “დროგი”. ექვსი დაჭრილი და ერთი დაუჭრელი ტყვე დავალაგეთ დროგზე, ერთ მოკლულ ქართველ ოფიცერთან ერთად და გიორგი და საშა გამოჰყვნენ. მე გავბრუნდი “ფრონტზე”. ერთმა დახურულმა კამიონმა გაგვიარა, გულში ვიფიქრე: “ყოჩაღ, თევზაძე, მაინც მოუხერხებია რაღაც!”. მაგრამ, შტაბში რომ მივედი, შემომჩივლეს: “ყუმბარებისა და საჭმელის მაგიერ, შეცდომით (?) ერთი კამიონი ძველი შინებით მოგვივიდა”-ო; და საწყალი გაყინული იუნკრებიც ისევ ცივი ჭადით ილოღნებოდნენ” (რ. გაბაშვილი. “დაბრუნება”, ტომი მესამე, გვ. 323).

საქართველოს მენშევიკური მთავრობა: ნოე რამიშვილი, შალვა ალექსი-მესხიშვილი, ნოე ჟორდანია, გიორგი ლასხიშვილი, გიორგი ჟურული
საქართველოს მენშევიკური მთავრობა: ნოე რამიშვილი, შალვა ალექსი-მესხიშვილი, ნოე ჟორდანია, გიორგი ლასხიშვილი, გიორგი ჟურული

სოღანლუღისფრონტზე

დავინახე ღენერალი . მაზნიაშვილი, აჩქარებით გამოსული ზემოაღნიშნულ “შტაბის” შენობიდან, რაღაც დაკეცილი ქაღალდის ნაგლეჯის ქნევით ჰაერში: “აბა, ჩქარა, ერთი ცხენი მიშოვეთ, შიკრიკი უნდა გაიგზავნოს შავნაბადაზე!”

შეიქნა რაღაც ჩოჩქოლი: “სადა გვყავს ცხენები? _ “აგერ ცხენები”, “ეგ გვარდიისაა, ჯარს არ ეკუთვნის” და სხვ. ჩემი თვალით ვხედავდი ათიოდე მშვენიერ ცხენს, დაბმულს შორიახლოს ფარდულში, ფრუტუნით ქერსა და თივას რომ სჭამდნენ, მაგრამ, მტკვრის გაღმა და გამოღმა ფრონტის სარდალს, ღენერალ გიორგი მაზნიაშვილს არა მხოლოდ შიკრიკისთვის, თავისათვისაც არა ჰყავდა ცხენი. გაიმართა ხვეწნა-ჭიდილი-ვაჭრობა ფრონტის უფროსისა და გვარდიის “წარმომადგენელს” შუა და რის ვაი-ვაგლახით “კომპრომისით” გათავდა: გვარდიელის ცხენზე შესხდნენ ორნი _ ერთი გვარდიელი და ერთი ჯარისკაცი, შიკრიკი მაზნიაშვილისა საჩქარო ქაღალდით და წავიდნენ” (რ. გაბაშვილი. “დაბრუნება”, ტომი მესამე, გვ. 326).

ბათუმი

“საჯავახოს ხიდთან გროვდება მთელი ჩვენი ჯარი და გვარდია…დიდი, გადამწყვეტი ბრძოლა იქ მოხდება. მართლაც მოჩანდა აქა-იქიდან მომავალი ნაწილები (მერე გავიგეთ, რომ 13 000 მეომარი შეიკრიბა გ. მაზნიაშვილის მეთაურობით; რაც არ მომხდარა მთელი ომის განმავლობაში ამდენი მეომრის ერთად თავმოყრა). ყურდაცქვეტილნი ველოდით ბათუმში საჯავახოს ბრძოლების ამბავს. ელვასავით ხმა რომ გავარდა, ზარბაზნების ჭექა-ქუხილის მაგიერ: “მთავრობამ ზავი ჩამოაგდო ბოლშევიკებთან ჩვენი ჯარი გადადის მათს განკარგულებაში”-ო. “ჟორდანია ხომ თავის უმეწეობას აბრალებს მხედრობას, მინისტრებს, ოპოზიციის რეპლიკებსაც კი; და ახლა სხვები ნახეთ: ნოე რამიშვილი იმეორებდა ბათუმში, სტამბოლში და პარიზშიაც: მთავრობამ ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისათვის, მაგრამ ხალხმა არ ივარგა”-. ვალიკო ჯუღელმა ხომ არაერთხელ წარმოსთქვა სიბრძნე”: ჩვენ ვიცოდით, რომ დავმარცხდებოდით, მაგრამ წინააღმდეგობის გაუწევლად და უპროტესტოდ ხომ არ დავნებდებოდით”- (რ. გაბაშვილი. “დაბრუნება”, ტ.3. გვ. 344-346).

“რადა ღირს, თუნდ ბატონ კოწია გვარჯალაძის “გამოსვლა” ჯერ კიდევ “ეროვნულ საბჭოში”, დორბლით პირზე: “თავადაზნაურობა სულ უნდა ამოიჟლიტოს”-ო, ან ვალიკო ჯუღელის მინაწერი პარიზიდან თბილისში: სხვას თუ ვერაფერს მივაღწიეთ, თავადაზნაურობა ხომ გავანადგურეთ”-;

სხვადასხვა სახელწოდებისა დაფასონისცარცვაგლეჯაზედ ხომ გაჩერებაც არ ღირს, რადგან შეუჩერებელი იყო დადამთავრდა”(?) საეკლესიო, სამუზეუმო, სახელმწიფო თუ კერძო ქონების გატაცებითსტამბოლსა და პარიზში გასაბაზრებლად (რ. გაბაშვილი. “დაბრუნება”, ტ.3. გვ. 354).

შეუძლებელია, მშვიდად წაიკითხო და მოისმინო პრივიტივიზმამდე დასული, ეროვნული თავმოყვარეობის არმქონე ადამიანების ფრაზები, რომლებიც ასე შიშვლად არის წარმოდგენილი რევაზ გაბაშვილის მოგონებებში. ერთს კი ვფიქრობ: რა უშლიდა ხელს საბჭოთა ხელისუფლებას ან თუნდაც იოსებ სტალინს, ბოლომდე ემხილებინა ადამიანები, რომლებმაც უფსკრულამდე მიიყვანეს ქვეყანა სამ წელიწადში?! საქართველო ჯიჯგნა ათასი ჯურის გადამთიელმა. მენშევიკურმა ხელისუფლებამ გაძარცვა ეკლესიამონასტრები, მდიდართა ოჯახები და საზღვარგარეთ გაიქცა.

ყურმოკრული ამბავი: კავკასიისა და კერძოდ, საქართველოს დაპყრობის გეგმას ბოლშევიკური რუსეთი რევოლუციის შემდგომ პერიოდში რეგულარულად ამუშავებდა და საქმის კურსში სხვებთან ერთად სტალინიც იყო. 1920 წლის შემოდგომაზე სტალინი კონფიდენციალურად შეხვდა ნოე ჟორდანიას, გააცნო მას საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის რეალურ სურათი და შესთავაზა, დაუყოვნებლივ მიეღო გადაწყვეტილება, თვითონ (სტალინი) დანიშნოს შეიარაღებული ძალების მინისტრად (როგორც ჩანს, სტალინი საქართველოში ილია ჭავჭავაძის სულმა გამოიძახა ამ საბედისწერო მოვლენის გამო). როდესაც საქართველოს გაუჭირდა, სტალინმა გვერდზე გადადო ყოველგვარი წყენა მენშევიკების მიმართ და საჭიროდ ჩათვალა, სამშობლოს სამსხვერპლოზე თავი დაედო. მშიშარა პროვინციელმა, რომელიც თავის სკამს იყო ჩაბღაუჭებული, შიშჩამდგარი თვალებით დაეჭვებულმა შეხედა სტალინს და წარმოიდგინა, რომ მას სტალინი შეიარაღებულ ძალებთან ერთად დიდხანს არ დატოვებდა სავარძელში და პასუხად უთხრა: “მარტო მე ამ საკითხს ვერ გადავწყვეტ, პარლამენტს უნდა შევეკითხო და საერთო აზრი შევიმუშაოთ”. გაცეცხლებულმა სტალინმა ერთი კი შეხედა მთავრობის თავმჯდომარეს და კბილებიდან გამოცრა: “ბეზდელნიკ!”, შემდეგ კარი გაიჯახუნა და გაუჩინარდა.

არ ვიცი, სარწმუნოა თუ არა ეს ამბავი, მაგრამ იმდენჯერ მაქვს მოსმენილი და ისეთი პიროვნებებისგან, რომელთა სიზმარიც კი დაიჯერება. და, თუ ასე იყო, საქართველოს დამოუკიდებლობა 1921 წლის 25 თებერვალს კი არ დაუკარგავს, არამედ მაშინ, როდესაც სტალინმა ნოე ჟორდანიას კარი “მიუჯახუნა”. რა მოხდებოდა, სტალინი რომ დანიშნულიყო საქართველოს ჯარების მთავარსარდლად?

ტროცკის მიერ გადაბირებული ლენინი თანახმა იყო, ჩამოეცილებინათ სტალინი. უამრავ გეგმას იხილავდნენ, როგორმე ხელში მოეგდოთ და გაენეიტრალებინათ მოუხელთებელი ქართველი, მაგრამ ყველა ცდა უშედეგოდ დასრულდა, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, მიაგნეს სტალინის მოშორების ყველაზე ვერაგულ ხერხს. გადაწყვიტეს, იოსებ ჯუღაშვილი სამხრეთის ფრონტზე გაეშვათ ყოველგვარი რწმუნების გარეშე და განწირული ცარიცინისთვის ბოლშევიკური ხელისუფლებისაგან სასიკვდილოდ განწირული სტალინი შეეწირათ.

ადვილად წარმოსადგენია, რა შიში აიტანდა ნოე ჟორდანიას, როდესაც სტალინს წარმოიდგენდა ქართული ჯარის სარდლად და თქვენ, მკითხველო, ალბათ, აცნობიერებთ, რომ სტალინის ხელში ქართული ჯარი გადაიქცეოდა ლომების პრაიდად, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგებოდა. მე უარვყოფ აზრს, რომ სტალინი ვინმესთვის ტრაგედია იყო, ტრაგედიას საქართველოსთვის მენშევიკური მთავრობა და მისი თავმჯდომარე ნოე ჟორდანია წარმოადგენდნენ. მენშევიკების კისერზეა, როგორც რუსეთის იმპერიაში გაჩაღებული სამოქალაქო ომი, ისე საქართველოში 1918-1921 წლების დიდი თუ პატარა ომები, რომლებმაც საქართველო ეკონომიკურად და ტერიტორიულად გააჩანაგა, დაასუსტა მორალურად. მენშევიკური მთავრობის არასახელმწიფოებრივმა აზროვნებამ და სიმჩატემ, ევროპისკენ გაუთვითცნობიერებლად სწრაფვამ და ბოლშევიკური რუსეთისადმი შეურიგებელმა მოქმედებამ შექმნა იმის წინაპირობა, რომ საქართველომ თავისი ძირძველი მიწები დაკარგა, ხელისუფლებამ კი ამის გამო _ ხალხში ნდობა და სიყვარული. საქართველოს ტერიტორიული კატასტროფის გამომწვევი ძირითადი მიზეზი მენშევიკური მთავრობაა. მენშევიკური მთავრობის სინდისზეა აგრარული ტერორი, რომელიც მან ქვეყანაში განახორციელა:

“რომელმაც ერთნი გააღატაკა და დაამცრო, ხოლო სხვებს ისე მიაკუთვნა მიწა, რომ მათთვის რაიმე სერიოზული ფინანსური გადასახადი ან სავალდებულო სამხედრო სამსახური არ დაუკისრებია. ამის გამო უაღრესად გაჭირდა პატარა არმიის შექმნაც კი იმ ქვეყანაში, სადაც ბევრი ჰყავდათ მწყობრის ოფიცრები, და იმ ხალხში, რომელმაც საუკუნეების მანძილზე მხედრული სიქველით მოიხვეჭა სახელი”, _ წერდა ზურაბ ავალიშვილი (“საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში”, გვ. 9). ეს ის პროფესორი ზურაბ ავალიშვილია, რომელიც თავისი ცოდნით, ინტელექტითა და დიპლომატიით ერთადერთი ნათელი პიროვნებაა მენშევიკურ მთავრობაში. ზურაბ ავალიშვილმა ყველა შავი სამუშაო შეასრულა, რათა ქვეყანა ნამდვილ დამოუკიდებლობას ზიარებოდა, მაგრამ ნათქვამია: “ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს”. ბატონი ზურაბის უამრავი რჩევა, მემორანდუმი თუ ტრაქტატი დარჩა “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”.

ოსმალეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი და ბოლოს ამერიკა _ აი ქვეყნები, რომლებს შორისაც საქართველო იყიდებოდა იაფად, ნისიად (განვადებით), გაცვლით და, თუ არ გაიყიდებოდა, ვუდგებოდით კარისკაცად, მცველად, მოჯამაგირედ, მეჯინიბედ, მხევლად _ გვიხმარეთ, როგორც გინდათ; გამოგვიყენეთ, როგორც გინდათ; წაიღეთ ჩვენი მადანი, წყალი, მიწა, აბრეშუმი; წაიღეთ ყველაფერი, თუ რამ გვაბადია! საქართველო მაინც არ გაიყიდა. არ უვარგოდათ “მენეჯმენტი”, ვერ გაუკეთეს “რეკლამა”, არ ჰყავდათ “პიარშიკები”. მენშევიკურმა მთავრობამ ბაზარში დააგდო “უვარგისი” საქართველო, რომელიც მთვრალმა რუსმა ჯარისკაცმა იპოვა და თავის სახლში წაიღო.

პროფესორი ზურაბ ავალიშვილი თავის წიგნში საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაშიწერს: “როდესაც საქართველო საბჭოთა რუსეთთან შეტაკებამდე მიიყვანეს (.., გარეშე ძალებმა _ გრ. ონიანი), რუსეთის არცთუ დიდი ძალისათვის თითქმის არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ შეტევაზე წამოსულ წითელ არმიასშეიარაღებული ხალხიკი არ დახვედროდა, არამედ პარტიული ბელადების ჯგუფი, სახელმწიფო ხელისუფლების, ექსპლუატაციის მონაწილე ფართო თანასაზოგადოება და მათთან ერთად ერთგული მიურიდების მცირე რაზმი. მთელი ეს ასაბია სულ იოლად გადაისროლეს შავ ზღვაში”.

უახლესი ისტორიის მკვლევარებო, როდესაც მენშევიკების “საგმირო საქმეებზე” გვიყვებით და წაკითხული გაქვთ ბატონ ზურაბ ავალიშვილის ეს მეტად საინტერესო ნაშრომი, გგონიათ, სხვა საქართველოში ხართ და სხვა “მენშევიკებზე” გიყვებით?! სირცხვილია, როდესაც ისტორიკოსი დოლარის საფასურად ისტორიას აყალბებს და შავს თეთრად წარმოაჩენს.

მენშევიკური მთავრობის “გმირულ” ბრძოლებზე არსებობს მთავრობის იმჟამინდელი თავმჯდომარის, “ფრონტების” ხელმძღვანელ ნოე ჟორდანიას წიგნი “ჩემი წარსული”; არსებობს ომის უშუალო მონაწილის _ რევაზ გაბაშვილის მოგონებათა წიგნი: “რაც მახსოვს”; მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის “ჩემი პასუხი” და სხვა მრავალი თვითმხილველის უტყუარი დოკუმენტური მასალა 1918-1921 წლების ომიანობაზე.

მაშ, რატომ ვქმნით ლეგენდებსა და ზღაპრებს არგაკეთებულსა და არმომხდარზე?! ვის სჭირდება დღეს იმის მტკიცება, რომ ჩვენ იმ სამარცხვინო მენშევიკური მთავრობის მემკვიდრეები ვართ, რომელმაც ტერიტორიულად გაანახევრა საქართველო, მოკლა ილია ჭავჭავაძე?!

გამარჯვების ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე სასაკლაოზე გაიყვანეს ახალგაზრდები და ჩახოცეს, გააპარტახეს აგრარული სექტორი, გაძარცვეს ეკლესიამონასტრები, ხაზინაში არ დატოვეს არც ერთი კაპიკი ხალხისთვის. ერთმა მუჭა ხროვამ გაიტაცა ქართული საგანძური, სახელმწიფო ქონება და საზღვარგარეთ გაიქცა. დღეს პარლამენტის შენობაში სწორედ ამ ადამიანების პორტრეტებია წარმოდგენილი, როგორც დემოკრატიის მამებისა და ჩვენი დიდი წინაპრების. იქვე, მათ გვერდით, დღევანდელ პარლამენტარებს, მენშევიკების ღირსეულ მემკვიდრეებს, ილია ჭავჭავაძის სურათიც გამოუფენიათ. ბარემ აბრაც გაუკეთეთ _ “მკვლელები და მოკლული”.

დღეს მენშევიკების შთამომავლებიც კი არ ტრაბახობენ თავიანთი წინაპრებით, მენშევიკების ქება მხოლოდ გადამთიელს სჭირდება კომუნისტების საქმეების გადასაფარავად და მათ გასაგზავნად მოუსავლეთში. არ ვიცი, როდემდე შემორჩება ისტორიას ეს ორი სახელი _ მენშევიკი და ბოლშევიკი, მაგრამ კაპიტალისტების სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ მათი საქმე დამთავრებულია, კვლავ ძალაშია მეცნიერული შეგონება: “კაცობრიობის საბოლოო მიზანი სოციალიზმია”.

მკითხველი, ალბათ, მიხვდება, როგორ დემოკრატიას აშენებდნენ მენშევიკური მთავრობის მესვეურები და ისიც ფაქტია, რა შედეგითაც დასრულდა მათი “დემოკრატობანას” თამაში _ როგორ გააკოტრეს არა მხოლოდ დემოკრატია, არამედ სახელმწიფოც და თავიანთი თავიც. აქვე მინდა შეგახსენოთ ნოე ჟორდანიას სიტყვები: “ჩვენი წარსული, ეროვნული ცხოვრება სირცხვილის, დაგმობისა და უარყოფის გარდა, სხვა არაფრის ღირსი არაა”.

გრიგოლ ონიანი

1 COMMENT

  1. აი, ნამდვილი ისტორია. სირცხვილი ჩვენს ისტორიკოსებს, ისტორიის გაყალბებით თავგზას რომ ურევენ ქართველ ახალგაზრდებს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here