Home რუბრიკები ისტორია სტალინის პორტრეტისთვის

სტალინის პორტრეტისთვის

სტალინი და ივანე ბენედიქტოვი

906
ლისენკოს გამოსვლა კრემლში

ატომური ბომბის შექმნის იდეასა და პირველად მონაცემებზე სტალინს პირველს მიუწვდებოდა ხელი, მაგრამ ამ მეტად ძვირად ღირებული პროექტის ხორცშესხმას ქვეყნის თითქმის მთელი ბიუჯეტი სჭირდებოდა. საბჭოთა ხელისუფლებამ და საიდუმლო სამსახურებმა შეუძლებელი შეძლეს და ამ ძვირად ღირებული პროექტის განხორციელება სულ სხვა სახელმწიფოს ააღებინეს თავის თავზე.

ატომური ბომბის პროტოტიპად ფაუ-1 და ფაუ-2 ითვლება, რომლებიც გერმანიის ლაბორატორიებში იქმნებოდა. სწორედ ამ ლაბორატორიების საიდუმლოებების გამჟღავნების პირველი მერცხალი იყო საზღვარგარეთის დაზვერვის რეზიდენტურა და ამ პროექტის პირველსაწყისიც სწორედ მას ჰქონდა, რომელიც მოკავშირეებმა ჩაიგდეს ხელში.

მსგავსი რამ მოხდა გენეტიკის დარგშიც. რუსეთში მტკიცედ ჩამოყალიბებული აზრი, რომ რუსულ არმიაში მხოლოდ თეთრგვარდიელებს შეეძლოთ ბრძოლა და სამეფო გვარისა და მაღალი რასის გარეშე წარმოუდგენელი იყო არმიის არსებობა, თუ ამას ადამიანებში გენეტიკური კოდის არსებობის პროპაგანდაც დაემატებოდა, მუშათა და გლეხთა არმიაზე ფიქრიც კი სასაცილო იქნებოდა. როგორც რომანოვებს, რომლებიც 300 წელი უცვლელად ბატონობდნენ რუსეთს, ჩაენაცვლენ უილიანოვები, ვოროშილოვები, ჯუღაშვილები და სხვა “დაბალი რასის” ადამიანები, ჯარსაც უნდა შეცვლოდა სარდლობა, რომელიც მუშათა და გლეხთა კლასიდან იქნებოდა გამოსული. სწორედ ვოროშილოვი იყო იმ კლასის წარმომადგენელი, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა, რომ დაბალი კლასიდან გამოსულსაც კი შეუძლია ჯარის ნიჭიერად მართვა.

რომანოვების გენის გარეშეც შეეძლო რუსეთს მტრის დახვედრა და ქვეყნის აღმშენებლობა, რაც იმხანად გენეტიკის უარყოფას ნიშნავდა. ივანე ბენედიქტოვი შეპარვით, მაგრამ მაინც მისახვედრად, ამბობს იმას, რასაც სტალინი, ალბათ, მხოლოდ გულში ფიქრობდა.

მივყვეთ ტექსტს:

კითხვა: _ გენეტიკის შესახებ უფრო დაწვრილებით გვიამბეთ

პასუხი: _ რა გაეწყობა, ამ საკითხს დავუბრუნდები. 30-იანი წლების დასასრულს და ომის შემდეგ პირველ წლებში, როდესაც ქვეყანა გადარჩენისთვის საჭირო საშუალებისა და ფაშიზმის თავდასხმის მოსაგერიებელი სამხედრო ძალების მწვავე უკმარისობას განიცდიდა, იმის ფუფუნება არ გვქონდა რომ უნაყოფო და ცხოვრებისაგან მოწყვეტილი მეცნიერება შეგვენახა. იმ წლებში, თითქმის ყველადა ყველაფერი ემორჩილებოდა ეკონომიკური და თავდაცვითი პოტენციალის გამტკიცების ინტერესებს. ნებისმიერ საკითხს, უპირველესად, ამ კუთხით უდგებოდნენ.

ლისენკოს მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევები რეალურ სარგებელზე იყო გათვლილი და ხელშესახები და პრაქტიკული ეფექტი ჰქონდა. მოსავლიანობის ზრდას და სოფლის მეურნეობაში ახალი, შედარებით პერსპექტიული კულტურების დანერგვას ვგულისხმობ. ვავილოვისა და მისი მიმდევრების მუშაობა კი შედეგს წარმოსახვით მომავალშიც კი ვერ გვპირდებოდა, იმდროინდელ პერიოდზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

სხვათა შორის, გენეტიკოსებს შორის რევოლუციამდელი ბურჟუები ჭარბობდნენ, რომლებიც ელიტური და აშკარა ანტიეროვნული აქცენტით საკუთარი “აპოლიტიკურობისა” და “სუფთა მეცნიერების” მიმართ ერთგულების აფიშირებას ახდენდნენ, რისი საჭიროებაც საერთოდ არ იგრძნობოდა. ერთ-ერთმა მათგანმა გაბედა და ფაშიზმის ადამიანთაშორის სიძულვილის ანტირასობრივ თეორიებს თითქმის ღიად დაუჭირა მხარი, მეტიც, მათ დასამტკიცებლად მუშაობდა კიდეც. მსგავსი სნობი აკადემიკოსებიდან ერთ-ერთი იყო ბიოლოგი ტიმოფეევ-რესოვსკი, რომელმაც სამშობლოს ღალატის საქმეში უკან არ დაიხია და ფაშისტურ გერმანიაში ნებაყოფლობით დარჩა, ის რეიხის სპეცსამსახურთან მჭიდრო კავშირში მყოფ ბერლინის მეცნიერულ-კვლევით ინსტიტუტში ომის პერიოდში დაუღალავად შრომობდა.

რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანები სიმპათიას არ იწვევდნენ, მაგრამ ვიმეორებ: მთავარი იყო ის, რომ მაშინდელმა გენეტიკოსებმა თავიანთი მიმართულების მნიშვნელობა და პერსპექტიულობა ვერ დაამტკიცეს.

რა თქმა უნდა, დღევანდელი პოზიციიდან თუ შევაფასებთ, ნათელია, “დიდი მეცნიერებისგანვითარება იმ წლებში უზომოდ გამოვლენილმაპრაქტიკულობამშეაფერხა. დამნაშავეები იყვნენ ისინი, ვისაც აკადემიური მეცნიერების განვითარებაში პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა და გარკვეულწილად მეც, როგორც ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრს. სტალინი კი, რომელიც მოცემული პრობლემისგან საკმაოდ შორს იდგა, სხვათა შორის, ჩვენს წახალისებას არ ერიდებოდა, რათა პერსპექტიული მეცნიერული მიმართულებებისთვის, მათი ბოლო მიღწევებისა და ტექნიკური სიახლეებისთვის თვალყური გვედევნებინა. აგრეთვე, გვავალებდა ნიჭიერი მეცნიერები უნიჭო და ბოღმით სავსე ინტრიგანების თავდასხმებისგან დაგვეცვა.

ტრიფიმ ლისენკო
ტრიფიმ ლისენკო

ასე რომ, დაშვებულ შეცდომას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია. დღესაც, ათწლეულების შემდეგ, ძველებურად ვთვლი, რომ პარტიის მიერ გატარებული კურსი, რომელიც სოფლის მეურნეობის მეცნიერების ცხოვრებასთან, მის მოთხოვნებსა და საჭიროებასთან დაახლოებას ითვალისწინებდა, სწორი იყო. ეს, ფაქტობრივად, ვავილოვმაც კი აღიარა.

კითხვა: _ და მაინც, ვერ უარყოფთ რომ ლისენკოვავილოვის კამათში გამარჯვება უცოდინრობასა და უწესრიგობას დარჩა, ლისენკოს მიმართ სტალინის სიმპათიამ კი ბიოლოგიაში ადამიანთა იმ ერთი ჯგუფის მონოპოლიზმის განვითარებას შეუწყო ხელი, რომელიც დღეს მეცნიერების განვითარების ერთერთ მთავარ მუხრუჭად გადაიქცა?

პასუხი: _ როგორ ვერ უარვყოფ? უარვყოფ და თანაც მტკიცედ. მანამდე კი, როგორც მოხუცს, ბუზღუნის საშუალება მომეცით. სტალინისა და ვავილოვის შესახებ საკითხების ტენდენციურობა და ერთმხრივი თვალსაზრისი სახელს ვერ გაგითქვამთ. როგორც ჩანს, ეგრეთ წოდებულ “ინტელიგენტურ წრეებში” განსაკუთრებით სასარგებლო ტყუილების გამეორებით, გარკვეული პოზიციები უკვე დაგიკავებიათ. მაშინ ჩემი აზრი რისთვისღა გჭირდებათ? ჟურნალისტი ობიექტური და მიუკერძოებელი უნდა იყოს. თუ, რა თქმა უნდა, სიმართლის გაგება და არა მოდური ფრაზებით თავის მოწონება არ სურს. მოცემულის მიმართ ლენინის შესანიშნავი სიტყვები უნდა მოვიშველიო: “აუცილებელია არა ცალკეული ფაქტების გადახედვა, არამედ ყურადღება მოცემულ საკითხზე ფაქტების ერთობლიობას, გამონაკლისის გარეშე, უნდა მიექცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება ეჭვი, რომ, ობიექტური ისტორიული მოვლენების ნაცვლად, ბინძურ საქმეში “სუბიექტურ” თავის მართლებას ვთავაზობთ. ეს კი იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე წარმოგვიდგენია”. როგორც ჩანს, თქვენც ასეთ “სუბიექტურ სინამდვილეს” წამოეგეთ. ოღონდ სტალინის მიმართ ამას უწმინდური პოლიტიკოსები ბნელი საქმეების გამართლების მიზნით იყენებდნენ. ვავილოვის ამბავშიც მეცნიერებაში მოღვაწე უწმინდურები მონაწილეობდნენ.

კითხვა: _ კრიტიკა მიღებულია. ვეცდები, მეტად ობიექტური ვიყო, თუმცა, ალბათ, გესმით, მიჩვეულს ვერ გადაეჩვევი. და მაინცლისენკოს მაქინაციებსა და ვავილოვის წამების შესახებ გავრცელებულ მოსაზრებებს როგორ შეაფასებთ?

პასუხი: _ ტროფიმ დენისოვიჩ ლისენკოს ძლიერ და სუსტ მხარეებს კარგად ვიცნობდი. გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ იგი იყო ძლიერი და ნიჭიერი მეცნიერი, რომელმაც საბჭოთა ბიოლოგიის განვითარებისთვის ბევრი გააკეთა, რაშიც ვავილოვიც არ დაეჭვებულა. სხვათა შორის, ახალგაზრდა აგრონომი დიდ მეცნიერებაში ვავილოვის მხრიდან მისი პირველი ნაბიჯების უმაღლესი შეფასების შემდეგ მოხვდა. ფაქტია, რომ სოფლის მეურნეობის კულტურებში ცნობილი გაზაფხულის ხორბლის ჯიშები ლისენკოს მუშაობის საფუძველზე შეიქმნა. ლისენკოს ერთგული მოსწავლე იყო ლუკიანენკო, ჩვენი ყველაზე ნიჭიერი და ნაყოფიერი სელექციონერი, რომლის მუშაობის შედეგიც ზამთრის ხორბლის 15 დარაიონებული ჯიშის შექმნა იყო. ასე რომ, რაც უნდა ილაპარაკონ კრიტიკოსებმა ლისენკოს შესახებ, ქვეყნის მარცვლეული კულტურის უამრავი სახეობა სწორედ მისი მომხრეებისა და მოსწავლეების მიერაა გამოყვანილი. კარგი იქნებოდა, ასეთი “ჯადოქარი” ბევრი გვყოლოდა. მოსავლიანობის გაზრდის პრობლემას დიდი ხნის წინათ გადავჭრიდით და მარცვლეულით ქვეყნის მომარაგების საკითხს დღის წესრიგიდან მოვხსნიდით.

გეთანხმებით, რომ ლისენკოს ზოგიერთმა ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და მცდარი გამოდგა. დამისახელეთ თუნდაც ერთი მეცნიერი, რომელსაც შეცდომა არასოდეს დაუშვია და მცდარი ჰიპოთეზა არ წამოუყენებია. ამის გამო ყველას “სიცრუე” უნდა დავწამოთ?

ვავილოვისა და ლისენკოს მიმართულებებს შორის გამართულ ბრძოლას რაც შეეხება, მომხდარის ნამდვილი სურათის დამახინჯებული სახით წარმოსაჩენად არაერთი სპეკულაცია არსებობს. პირველ რიგში, ბრძოლა თითოეული მხარის გამარჯვებით მიმდინარეობდა. იყო მომენტები, როცა ლისენკო უმცირესობაში ხვდებოდა. მაგალითად, 1947 წლის ცკ-ის პლენუმზე მისი ქმედებების შეცდომებზე იყო საუბარი. კარგად მახსოვს მის მიმართ მკაცრი კრიტიკა მეცნიერების განყოფილების უფროსის _ იური ჟდანოვისა, რომელმაც დისკუსიის შემდეგ, მართალია, მოგვიანებით, მაგრამ მაინც, თვალსაზრისი შეცვალა.

რეპრესიებს რაც შეეხება, მათ, ამა თუ იმ თვალსაზრისის გამო კი არა, კონკრტული მავნებლური საქმიანობისთვის იყენებდნენ. თუმცა მეცნიერული ბარიკადების მეორე მხარეს მდგარი გენეტიკოსების მიმართ უკანონობა და ძალაუფლების გადამეტებაც არ ყოფილა იშვიათი შემთხვევა.

კიდევ ერთ ვითარებაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება: ლისენკოსა და მისი მომხრეების გათავისუფლების შემდეგ, ხელსაყრელი მომენტის შექმნისთანავე, ბიოლოგიურ მეცნიერებაში მთავარი ადგილები მისმა მოწინააღმდეგე მეცნიერებმა დაიკავეს. ესეც იმაზე მეტყველებს, რომ “გენეტიკოსების სრული განადგურება” გამოგონილი ამბავია, რომელიც, სამწუხაროდ, ამ საქმეში გაუცნობიერებელმა ჟურნალისტებმა და ლიტერატორებმა აიტაცეს.

კითხვა: _ ამ ყველაფრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ სტალინი ლისენკოს ხელს უწყობდა, ვავილოვი კი არ უყვარდა

პასუხი: _ აქ კი შემიძლია დაგეთანხმოთ. ოღონდ მანამდე გეტყვით, რომ სტალინი, ჩვეულებრივ, პირადი სიმპათიით ან ანტიპათიით კი არ ხელმძღვანელობდა, არამედ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. თუ სწორად მახსოვს, ცკ-ის ორმა მეცნიერმა წერილობით მოგვმართა. ისინი ლისენკოს თაღლითური ფაქტების წარმოჩენაში, ინტრიგანობასა და სხვა ცოდვებში საკმაოდ მკაცრი ტონით ადანაშაულებდნენ. ეს წერილი ბიოლოგიის მეცნიერებაში უდიდესი ზიანის მომტანი “მატყუარას” მიმართ განხორციელებული გამოწვევა უფრო იყო.

წერილის შემოწმებაში მონაწილეობა მე დამევალა. ლისენკო, რა თქმა უნდა, თავს იმართლებდა. ხან დამაჯერებელი არგუმენტები მოჰყავდა, ხან _ პირიქით, მაგრამ დამნაშავეების მიმართ არანაირი “კონტრსანქციების” განხორციელებას არ მოითხოვდა. ეს მისი სტილი იყო _ დამარცხებულთა აუცილებელი ჩამოშორებით მეცნიერება კონკურენტების ბრძოლის ველად არ უნდა გადაქცეულიყო.

თავის სიმართლეში ფანატიკურად იყო დარწმუნებული, ზოგჯერ გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ მოწინააღმდეგეები, ადრე თუ გვიან, გონს მოეგებოდნენ და, ხელმძღვანელი ორგანოების მხრიდან ძალდატანების გარეშე, “იარაღს დაყრიდნენ”. ამის გამო სტალინმა თქვა: “ხედავთ, მისი ციხეში ჩასმა უნდათ, ის კი ჯერ საქმეზე ფიქრობს და პიროვნების განსჯაზე არ გადადის, რაც მეცნიერისთვის დასაფასებელი თვისებაა”.

ლისენკოსათვის კიდევ ერთ დამახასიათებელ თვისებას გავიხსენებ. როდესაც ვავილოვი დააპატიმრეს, მისმა მომხრეებმა დამეგობრებმა”, თავიანთი თავის წარმოსაჩენად გამომძიებლისმავნებლურივერსია ერთიმეორის მიყოლებით დაადასტურეს. იმ პერიოდში, ვავილოვთან მეცნიერულ სარბიელზე არსებული სხვადასხვა პოზიციის მიუხედავად, ლისენკომ ამის გაკეთებაზე გადაჭრით თქვა უარი და ეს წერილობით დაადასტურა. არადა, იმ პერიოდშიქვეყნის მტრისმხარში ამოდგომისათვის ლისენკოზე გავლენიანი ადამიანებიც შეიძლებოდა დაზარალებულიყვნენ, რაც მან კარგად იცოდა

ვერ ვიტყვი, რომ ტროფიმ დენისოვიჩი ყოველთვის ასეთი იყო.

ზოგჯერ სიჯიუტე ძლევდა და ამ ყველაფრის კომპენსირებას ახდენდა _ ხმამაღალ პოლიტიკურ ფრაზებს მიმართავდა. სამწუხაროდ, უნაკლო ადამიანები არ არსებობენ. მთავარია, ნაკლს ადამიანური ღირსებები ფარავდეს.

საერთოდ, “ზოგადადამიანური”, მორალური პოზიციიდან გამომდინარე ვმსჯელობ. სტალინი კი, დარწმუნებული ვარ, ამ და სხვა საკითხებს პოლიტიკური თვალსაზრისით უდგებოდა. ჩამორჩენის დასაძლევად და ტექნიკური პროგრესის მოწინავე საზღვრების გადასალახავად ქვეყანას ახალი, სოციალისტური ტიპის მეცნიერები ესაჭიროებოდა, რომლებიც რუსული ბურჟუაზიული ინტელიგენციის ხარვეზებისაგან უნდა გათავისუფლებულიყვნენ. 30-იანი წლების ენით რომ ვთქვათ, ქვეყანაში ისეთი სახის მეცნიერებზე დაიწყო მოთხოვნების ჩამოყალიბება, რომლებიც, აქტიური ცხოვრებისეული პოზიციებიდან გამომდინარე, მშრომელი და ახალი საზოგადოების შესაქმნელად რევოლუციური ბრძოლისათვის მზადყოფნის მქონე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში იქნებოდნენ. ისეთი მეცნიერები იყვნენ საჭირო, რომლებიც აკადემიური რუტინისა და დოგმებისგან შორს იდგებოდნენ და ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების პრაქტიკულ გადაჭრაზე იზრუნებდნენ.

ნიკოლაი ვავილოვი
ნიკოლაი ვავილოვი

ლისენკოსა და ვავილოვს შორის გაჩაღებულ მეცნიერულ პოლემიკაში ბრძოლისუნარიანობის, სიმტკიცის, დაჟინებულობისა და პრინციპულობის თვისებები ლისენკომ უფრო მეტად გამოავლინა. ვავილოვი კი, როგორც ამას მისი თანამოაზრეებიც მოწმობენ, პოზიციებს მიყოლებით თმობდა, “თავისიანებსა და სხვისიანებს” შორის კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას ცდილობდა, რაც ჩემში მუდამ გაღიზიანებასა უნდობლობას იწვევდა _ ესე იგი, პიროვნება თავის პოზიციაში დარწმუნებული არ არის და პასუხისმგებლობის ეშინია. ვფიქრობ, იმ პერიოდში ამ რანგის ყველა ადამიანს მსგავსი განცდა ჰქონდა, თუმცა მაინც მგონია, ასეთ საქმეებს ემოციები არ უნდა უნდა წყვეტდეს.

გარკვეული სიმხდალე და სისუსტე გამოავლინა ვავილოვმა გამოძიების დროსაც, როცა გამომძიებლის ზეწოლას ვეღარ გაუძლო და არა მხოლოდ საკუთარ თავზე ალაპარაკდა, არამედ ბოტანიკის ინსტიტუტში მოღვაწე მავნებლური ჯგუფის არსებობაც აღიარა, რის შედეგადაც საქმე სრულიად უდანაშაულო ადამიანების ტანჯვა-წამებით დასრულდა. ამის შესახებ მოგვიანებით შევიტყვე. იმ პერიოდში ვავილოვსა და ლისენკოს შორის გამართულ პერიპეტიებში, რომელიც დაპატიმრებებით დასრულდა, არც ჩემი, როგორც სოფლის მეურნეობის კომისრის, და არც სტალინის ხელი არ ერია.

ლისენკო კი გაოთხმაგებული მუქარის ქვეშაც არ ალაპარაკდებოდა, არც საკუთარ თავზე და არც სხვებზე. მას რკინის ნებისყოფა ჰქონდა, რომლის გატეხვაც ამ ადამიანში, უბრალოდ, შეუძლებელი იყო. სხვა საქმეა, რომ ზოგჯერ აუხსნელ სიჯიუტესა და გაღიზიანებაში ვარდებოდა, საკუთარ ემოციებს “თეორიულ” ბაზას აშველებდა.

ალბათ, შემთხვევითი არ იყო, ახალგაზრდა მეცნიერები ლისენკოსკენ რომ მიიწევდნენ. რომელსაც, მართალია, გამოცდილება არ ჰყოფნიდა, მაგრამ ნამდვილსა და ყალბს უშეცდომოდ განასხვავებდა. არაერთხელ შევხვედრივარ ლისენკოს სტუდენტებსა და მის გვერდით მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერებს, შემიძლია გარკვევით ვთქვა, რომ მას აუდიტორიის “გახურება” და აყოლიება შეეძლო, ახალგაზრდებს შემოქმედებითი ძიებისკენ სწრაფვისა და არაორდინალური შედეგების მიღწევის სურვილს უნერგავდა, რასაც, კარგად მახსოვს, ძველი, რევოლუციამდელი მეცნიერები ჩვენში ვერ იწვევდნენ. ბევრმა მათგანმა რევოლუცია გვიან მიიღო. ისიც მუდამ საპასუხო დარტყმის მოლოდინში იყვნენ, “მზარეულის შვილები” , რომლებიც მეცნიერებაში ოლიმპიური მწვერვალის დასაპყრობად ემზადებოდნენ, დაუფარავად არ მოსწონდათ. მუშათა და გლეხთა ფენიდან გამოსული ახალგაზრდებისთვის კი ლისენკო “მათიანი” იყო და რევოლუციური იდეების თავიდან ბოლომდე ერთგული გახლდათ. იგი საჩვენებელ მაგალითს წარმოადგენდა, თუ რამდენის მიღწევა შეეძლო უბრალო ადამიანს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სტალინზეც აისახებოდა, რომელიც მუშათა და გლეხთა კლასიდან გამოსული ახალგაზრდობის ლისენკოსთან ჩაბმას აქტიურად ცდილობდა.

კითხვა: _ თქვით, რომ ლისენკოს მოღვაწეობას სტალინი უფრო კრიტიკულად უდგებოდა, ვიდრე ხრუშჩოვი

პასუხი: _ მეცნიერის ნაკლს სტალინი საკმარისად მკაფიოდ ხედავდა. მან ჩემი თანდასწრებით ლისენკო მეცნიერულ სფეროში მარქსისტული იდეებისა და ტერმინოლოგიის გამოყენებისათვის, მართალია, ტაქტიანად, მაგრამ არაერთხელ გააკრიტიკა.

საკმაოდ საინტერესოა ლისენკოს დაპირებებისადმი სტალინის დამოკიდებულება, რომელიც მარცვლეულის მოსავლიანობის 4-5-ჯერ გაზრდას შეეხებოდა.

როგორც ჩანს, ამხანაგმა ლისენკომ ნაკლებად რეალური დავალების შესრულება დაისახა მიზნად. მოსავლის ერთნახევარჯერ გაზრდაც რომ მოხდს, დიდი მიღწევა იქნება. არ ღირს, მეცნიერებს ამოცანების დასახვის ხალისი დავუკარგოთ. დღეს არარეალურად გვეჩვენება, ხვალ შეიძლება აშკარა ფაქტად იქცეს. თანაც ჩვენს მეცნიერებაში არც ისე ცოტა მეოცნებეა, რომლებიც მიზნად არარეალურ ამოცანებსაც არ ისახავენ და მშვიდ ცხოვრებას ამჯობინებენ. ლისენკოს თუ დავსჯით, ასეთი უსაქმურები უფრო გამრავლდებიან”.

სტალინს არაერთხელ დაუჭერია მხარი “არასამთავრობო” მეცნიერებისთვის, მარტოხელა გამომგონებლებისთვის, რომლებიც, სახელმწიფო ინსტიტუტებში მოღვაწე აღიარებული სპეციალისტების აზრით, მიზნად “არარეალურ” ამოცანებს ისახავდნენ, რომლებიც აუცილებელ მხარდაჭერასა და საჭირო სახსრების გამოყოფას დაჟინებით მოითხოვდნენ. როგორც სხვა კომისარიატებში, ჩემთანაც ყოფილა შემთხვევები, როცა მორიგი არარეალური პროექტისთვის მხარდაჭერაზე უარის თქმის შემდეგ “მომხვედრია”. უმეტეს შემთხვევაში მსგავს პროექტებს ხორცი არასოდეს შესხმია, მაგრამ გამონაკლისებიც მომხდარა. მრავალრიცხოვანი წარუმატებლობის მიუხედავად, “მარტოხელები” , ამა თუ იმ პროექტების შესასწავლად კომისარიატებს გამუდმებით აწუხებდნენ. სტალინის საქციელი, რომელიც შედარებით მნიშვნელოვან საქმეებს უკან მოიტოვებდა და უამრავ დროსა და მოთმინებას კარგავდა, მაშინ მცდარი მეგონა, დღეს კი ასე არ ვფიქრობ.

სტალინი ჩვენ, ყველას, “აუტსაიდერთა” წინადადებებისა და პროექტებისადმი დამოკიდებულებასა და გარკვეული ყურადღების დათმობას გვასწავლიდა, შედეგად რაღაცას იღებდა. მართალია , ოფიციალური ხაზის საპირისპიროდ მოღვაწე გამომგონებლებისა და ნოვატორებისთვის 30-40-იანი წლები არც ისე იოლი ყოფილა. იმ დროს “მშვიდი ცხოვრების” მოყვარულები ხომ ყველა სფეროში ბევრნი იყვნენ. ყოველ შემთხვევაში კონსერვატიზმს, ინერტულობას, უწყებებსა და მეცნიერულ დასწესებულებებში გამეფებულ “ჯგუფურ ეგოიზმს” საკმაოდ შედეგიანად ებრძოდნენ, რის შემდეგაც ამდენი უმსგავსობა შედარებით მცირდებოდა…

კითხვა: _ დღეს ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ ხრუშჩოვს სხვისი აზრის მიმართ მეტად ჰუმანური და მომთმენი დამოკიდებულება ჰქონდა, ვიდრე სტალინს

პასუხი: _ მეტად მცდარი მოსაზრებაა. ხშირად, რაც გარედან ჩანს, სინამდვილე ჰგონიათ. ამაშია მთელი აზრი. ხრუშჩოვის შემთხვევაში კი საქმე უფრო რთულადაა, რადგან პირველ თანამდებობაზე ყოფნის წლებში საკმაოდ შესამჩნევი მეტამორფოზი განიცადა. როგორც კი ხრუშჩოვი სათავეში მოვიდა და “ანტიპარტიული” გუნდის მოშორებით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, თვალსა და ხელს შუა შეიცვალა. ბუნებრივი დემოკრატიზმი ავტორიტარულმა გამოხდომებმა შეცვალა, სხვისი აზრისადმი პატივისცემა კი _ განსხვავებული აზრის მქონეების დევნამ.

სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ცვლილებები მაშინვე ვერ შევამჩნიე და პოლიტბიუროს სხდომებსა და თათბირებზე, სტალინის პერიოდში მიჩვეული როგორც ვიყავი, საკუთარი აზრის გამოხატვას განვაგრძობდი.

ნელ-ნელა ჩემდამი მის დამოკიდებულებაში სიცივე, შემდეგ კი მტრული დამოკიდებულება ვიგრძენი. განსაკუთრებით მძაფრად იმ მომენტში ვიგრძენი, როდესაც მხარი არ დავუჭირე ნიკიტა სერგეევიჩის წინადადებას სოფლის მეურნეობის აკადემიის სოფელში გადატანის თაობაზე.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here