Home ახალი ამბები მსოფლიო საქართველოში უმუშევრობის დონე 3,8 პროცენტით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე 3,8 პროცენტით გაიზარდა

210
საქართველოში უმუშევრობის დონე 3,8 პროცენტით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,8 პროცენტით მოიმატა და 20,4 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მაჩვენებლების მიხედვით, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა, 2020 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი მოსახლეობის (15 წლისა და უფროსის) 50 პროცენტი შეადგინა.

ამასთანავე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 0,5 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე _ 2,3 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0,8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 2,2 პუნქტით. დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 2,4 და 2,3 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67,3 პროცენტს შეადგენდა, რაც 1,7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. “2020 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 5,6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში _ 1 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე, ტრადიციულად, მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2,5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 4,7 პროცენტული პუნქტით”, _ აღნიშნულია ინფორმაციაში.

bpn.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here