Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს

848
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს

იმედია, წინამდებარე წერილს წაიკითხავთ გულისყურით და რეაქციასაც შესაბამისს გამოიჩენთ!

არ ვიცი, თქვენთვის ცხოვრება როგორ ფერებში მიმდინარეობს, ალბათ, ნათელში, მაგრამ, ჩვენთვის ის ძალიან მუქ ფერებში რომაა წარმოდგენილი, უდავოა. საერთოდ, ადამიანის გარდაცვალება რომ დიდი დანაკლისია, ესეც უდავოა, მით უმეტეს ახლობლის, მაგრამ შვილის გარდაცვალება-დაღუპვა უსაშინელესი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში. პოემა “თამარიანში” არის ერთი მონაკვეთი, როდესაც მშობელი მიმართავს შობილს: “ვაით გშობე, უით გზარდე”! აი, ასეთი ვაით ნაშობი და უით გაზრდილი შვილი რომ დაეღუპება მშობელს, ეს ისეთი ტკივილია, რომლის სიტყვით გადმოცემა ადამიანის ენას არ ძალუძს.

ნაცების ზეობის პერიოდში, თუმცა არც ახლა გრძნობენ თავს დაჩაგრულად თქვენს ხელში, ვიღაც ვიგინდარა-გარეწარმა წამოაყრანტალა: ავღანეთში ჩვენი შვილები საქართველოს დამოუკიდებლობას იცავენო. როგორ მოგწონთ ეს ხალხის დაცინვა? აბა, წარმოიდგინეთ იმ ოჯახების მორალური და ფიზიკური მდგომარეობა, რომლებმაც საღსალამათი შვილები გაუშვეს სამხედროში, ქვეყნის დასაცავად და “ცინკი”-ს კუბოთი ჩამოუსვენეს, და თანაც რაღაც მათხოვრული გროშები მიუყარეს. მინდა, ვკითხო თქვენს მთავრობას: ნაცებივით რომ ყელყელაობთ სხვისი შვილების ჯანმრთელობით, თავი მოგაქვთ და ამბობთ, _ აშშ-ის მერე, სამშვიდობო მისიაში მონაწილეთა რაოდენობით მეორე ადგილზე ვართო, სინდისი არ გქენჯნით? არა მგონია!

შვილის სიყვარულის დაფასება როგორ უნდა, ერთ ჟურნალში ამოვიკითხე: ავღანეთში საბჭოთა ჯარების ყოფნისას, ერთ-ერთი ნაწილისთვის რომელიღაც აულიდან ეზიდებოდნენ რძეს. ერთ დღეს, როდესაც ჯარისკაცს მოტოროლერით მიჰქონდა რძე, გზაზე წინ გადაუდგა უშველებელი კობრა. გველი არ აპირებდა გზიდან გადასვლას. ჯარისკაცმა ეს მოიფიქრა: მონახა ჭურჭელი, დაასხა რძე და გვერდით გადადგა. კობრამ იმწამსვე დატოვა იქაურობა. ამის შემდეგ ჯარისკაცი იმ ადგილზე ყოველთვის ტოვებდა რძეს. ერთ მშვენიერ დღესაც ჯარისკაცმა გაიმეორა ყოველივე, მაგრამ, როცა დააპირა წასვლა, მის წინ ისევ აღიმართა კობრა და არ მისცა ადგილიდან დაძვრის საშუალება. 2 საათის შემდეგ კი ბუჩქებში გაუჩინარდა. ნაწილში მისულ ჯარისკაცს დახვდა საშინელი სურათი _ მთელი ნაწილი მიწასთან იყო გასწორებული. აი ასე გადაარჩინა სიკვდილს კობრამ საბჭოთა ჯარისკაცი გაწეული სიკეთისთვის. ეს ისტორია ბევრი ჭკუათმყოფელისთვის უნდა იყოს ჭკუის სასწავლებელი!

აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ და მოვითხოვ ყველა დაღუპული მებრძოლის მშობლებისა და პირადად ჩემი სახელით, პარლამენტმა სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა შესაბამისი დოკუმენტის მიღებაზე, რომლის საფუძველზეც მოხდება საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნება. არავის აქვს უფლება სხვისი შვილების სიცოცხლის ხარჯზე, სხვის თვალში კარგ ადამიანად წარმოჩენის! როგორც თქვენ გიყვართ თქვენი შვილები, ისე და, შეიძლება ზოგიერთზე მეტადაც, უყვარს სხვებს თავისი შვილები.

მინდა, გაცნობოთ, რომ წინამდებარე წერილს, გარდა იმისა, რომ ჩავაბარებთ თქვენთან _ კანცელარიაში, ასევე დავუგზავნით თბილისში გამომავალი ყველა გაზეთის რედაქციას გამოსაქვეყნებლად, რათა ხალხი ინფორმირებული იყოს ჩვენი მოთხოვნის თაობაზე.

ანზორ დანელია,

ორი დაღუპული

მებრძოლის მამა, ფონდ “სანთელის” თავმჯდომარე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here