Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი საბედისწერო მოვლენები, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს

საბედისწერო მოვლენები, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს

2484
მეტეორიტი და ქრისტიანობა

გთავაზობთ მასალას მსოფლიოს ისტორიაში მომხდარ მნიშვნელოვან შემთხვევებზე, რომლებმაც საბედისწერო როლი ითამაშეს.

მეტეორიტი და ქრისტიანობა

მოციქული პავლე დამასკოში მიდიოდა, უცებ ცაზე კაშკაშა ნათება შენიშნა, შემდეგ გამაყრუებელი გრგვინვა შემოესმა და დარტყმის ტალღამ წააქცია. მოციქული პავლე 3 დღის განმავლობაში ბრმა იყო და მხოლოდ მაშინ დაინახა, როდესაც დამასკოში ქრისტიან ანანიას შეხედა. მომხდარი პავლემ ღვთის მინიშნებად მიიჩნია და აქტიურად დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება.

ალექსანდრე ფლემინგი
ალექსანდრე ფლემინგი

დაუდევრობა და პენიცილინი

ბრიტანელი მეცნიერი ალექსანდრე ფლემინგი (1881-1955) წესრიგისადმი დიდი სიყვარულით არ გამოირჩეოდა. ერთხელ ორკვირიან შვებულებაში ისე წავიდა, რომ ლაბორატორია არ დაულაგებია _ სტაფილოკოკები, რომლებზეც ცდებს ატარებდა, პეტრის ფინჯანში (ცილინდრის ფორმის გამჭვირვალე ლაბორატორიული ჭურჭელი) დატოვა. ამ ხნის განმავლობაში ლაბორატორიაში არავინ შესულა. როდესაც ფლემინგი დაბრუნდა, მის თვალწინ საოცარი სურათი გადაიშალა: პეტრის ფინჯანი სავსე იყო ობით, სტაფილოკოკები კი განადგურებული იყო. ასე აღმოაჩინა ალექსანდრე ფლემინგმა ანტიბიოტიკი პენიცილინი და მას შემდეგ ადამიანები აღარ კვდებიან ბაქტერიების ზემოქმედებით.

კანტარო სუძუკი და ჰარი ტრუმენი

თარგმნის პრობლემა და ატომური ბომბი

1945 წელს აშშ-მა იაპონიას კაპიტულაცია მოსთხოვა. პასუხში, რომელიც იაპონიის პრემიერმინისტრმა კანტარო სუძუკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჰარი ტრუმენს გაუგზავნა, იყო სიტყვა mokusatsu, რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც “უკომენტაროდ”, “ნეიტრალურ სიჩუმეს ვინარჩუნებთ” ან “ჩვენ ვიფიქრებთ”.

გადათარგმნის შემდეგ ეს სიტყვა იქცა წინადადებად _ “ჩვენი მხრიდან იგნორირებულია”, შემდეგ კი, გაფუჭებული ტელეფონის პრინციპით _ “ჩვენ უარვყოფთ” და “ჩვენ ზიზღით განვიხილავთ თქვენს საკითხს”. ასეთმა პასუხმა შეურაცხყო აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი და უბიძგა მას, 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს ატომური ბომბებით გამასპინძლებოდა იაპონიის ქალაქებს _ ჰიროსიმასა და ნაგასაკის. ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში ატომური ბომბის გამოყენების პირველი და, იმედია, უკანასკნელი შემთხვევა, რომელმაც 300 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ტიტანიკი

ტიტანიკიდა კაპიტნის თანაშემწე

გასაღებს კარადისა, რომელშიც ინახებოდა “ტიტანიკის” ეკიპაჟის ბინოკლები, შეეძლო გადაერჩინა ყველა ადამიანი, რომლებიც დაიღუპნენ საზღვაო ლაინერის კატასტროფის შედეგად. დევიდ ბლერს, რომელმაც “ტიტანიკის” მეორე რანგის ოფიცრის წოდება მიიღო, მაგრამ ბოლო მომენტში, “ტიტანიკის” პორტიდან გასვლის წინ, ეკიპაჟს ჩამოაშორეს, დაავიწყდა ჯიბიდან იმ კარადის გასაღების ამოღება, რომელშიც ბინოკლები ინახებოდა. ამის გამო “ტიტანიკის” ეკიპაჟის ნაწილს არ ჰქონდა შესაძლებლობა, დაენახა აისბერგი, რომელთან შეჯახების შედეგად 1912 წლის 14-15 აპრილის ღამეს 1500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ერცჰერცოგ ფერდინანდის მკვლელობა

ერცჰერცოგ ფერდინანდის მკვლელობა

ავსტრიის ერცჰერცოგი, ავსტრია-უნგრეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი 1914 წლის 28 ივნისს მოკლეს სარაევოში (ბოსნია), სადაც ჩასული იყო ავსტრია-უნგრეთის ჯარების მანევრებზე დასასწრებად. თავდასხმა მოაწყო ახალგაზრდა ბოსნიის (მლადა ბოსნა) კონსპირაციულმა ჯგუფმა გავრილო პრინციპისა და დანილო ილიჩის ხელმძღვანელობით.

მკვლელობის პოლიტიკური მიზანი იყო ავსტრია-უნგრეთის სამეფოდან სამხრეთ სლავური ტერიტორიის გამოყოფა და მისი მიერთება დიდ სერბეთთან. კონსპირაციული ჯგუფის წევრები თანამშრომლობდნენ სერბთა ტერორისტულ ორგანიზაცია “შავ ხელთან”. გავრილო პრინციპს, რომელიც მკვლელობის მომენტში არასრულწლოვანი იყო, 20 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. ის ციხეში ტუბერკულოზით დაავადდა და გარდაიცვალა. დანილო ილიჩი და მკვლელობის კიდევ ორი მონაწილე სიკვდილით დასაჯეს.

ავსტრია-უნგრეთმა სერბეთს ულტიმატუმ წაუყენა, რომელიც არღვევდა სერბეთის სუვერენიტეტს. ავსტრია-უნგრეთის სამეფოს სურდა, სერბეთის ტერიტორიაზე შეეყვანა ჯარების შეზღუდული კონტინგენტი თავისი მოქალაქეების (ავსტრიელებისა და უნგრელების) დასაცავად; აგრეთვე, სურდა, ავსტრიელი გამომძიებლები ჩართულიყვნენ ფრანც ფერდინანდის მკვლელობის გამოძიების საქმეში. სერბეთი მზად იყო, შეესრულებინა ულტიმატუმის ძირითადი მოთხოვნები, მაგრამ ეს ხელს არ აძლევდა ავსტრია-უნგრეთს და ომი გამოუცხადა სერბეთის სახელმწიფოს. ასე დაიწყო პირველი მსოფლიო ომი _ ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი და სისხლისმღვრელი შეიარაღებული კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში.

ნაპოლეონი

ნაპოლეონი და საფრანგეთი

ნაპოლეონის (1769-1821) პიროვნებამ და ხასიათმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მე-19 საუკუნის საფრანგეთის ბედსა და ევროპაში იმხანად განვითარებულ ბევრ პროცესზე.

ეს ყველაფერი შეიძლება არც მომხდარიყო, რომ არა ერთი მოვლენა: კუნძული კორსიკა, რომელზეც დაიბადა ნაპოლეონი, კომპიენის ტრაქტატის მიხედვით, ვალების გამო ჩამოერთვა გენუის რესპუბლიკას და გადაეცა საფრანგეთს. ეს მოხდა 1768 წელს, ნაპოლეონ ბონაპარტეს დაბადებამდე ერთი წლით ადრე. სწორედ ამიტომ იყო ის საფრანგეთის მოქალაქე. საფრანგეთის მოქალაქეობამ კი ნაპოლეონს შესაძლებლობა მისცა, ამ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოქცეულიყო იმპერატორის რანგში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კორსიკა გენუის რესპუბლიკის შემადგენლობაში დარჩებოდა, ნაპოლეონი, სავარაუდოდ, ამ ტიტულს ვერ მოიპოვებდა.

კონსტანტინოპოლი და ჩაურაზავი კარი

კონსტანტინოპოლი და ჩაურაზავი კარი

კონსტანტინოპოლმა მტრის მრავალ ალყას გაუძლო მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ 1453 წელს დაეცა თურქებთან ბრძოლაში. კონსტანტინოპოლის დაცემაში საბედისწერო როლი ითამაშა ე.წ. კერკოპორტის ჩაურაზავმა კარმა. კონსტანტინოპოლის თავდაცვის სისტემაში რამდენიმე საიდუმლო კარი იყო, რომლებსაც სადაზვერვო საქმიანობისთვის იყენებდნენ ბიზანტიელები და მათგან ერთ-ერთი ჩაუკეტავი დარჩა (ერთ-ერთი ვერსიით, გენუელმა ძმებმა ბიზანტიელებს უღალატეს და კარი განზრახ დატოვეს ღია). სწორედ ამ კარიდან შეიჭრნენ თურქები კონსტანტინოპოლში და დაიპყრეს ქალაქი, რომელსაც ახლა სტამბოლს უწოდებენ.

ჟიულ ვერნის წინასწარმეტყველებები

სახელგანთქმული ფრანგი მწერლის _ ჟიულ ვერნის (1828-1905) ბიოგრაფიაში ბევრი საყურადღებო ეპიზოდია. მაგალითად, ჟიულ ვერნი არასოდეს ყოფილა რუსეთში, მაგრამ მის 9 რომანში მოვლენები სწორედ ამ ქვეყანაში ვითარდება.

*1863 წელს ჟიულ ვერნმა ერთ-ერთ გამომცემლობაში მიიტანა რომანი “პარიზი მე-20 საუკუნეში”, რომელშიც ნაწინასწარმეტყველები იყო ფაქსისა და ელექტროსკამის გამოგონება. ამასთანავე, ვერნი აღწერდა მინის ცათამბჯენებსა და ქორწინების გარეშე გაჩენილი ბავშვების რაოდენობის მომატებას. გამომცემელმა რომანი დაუბრუნა ავტორს და ურჩია, “ნაკლებად დაუჯერებელ” რაღაცებზე დაეწერა. სხვათა შორის, ეს გამომცემელი ერთადერთი არ იყო, რომელსაც არ სჯეროდა ჟიულ ვერნის პროგნოზების, ბევრი მკითხველი სკეპტიკურად იყო განწყობილი მწერლის რომანების მიმართ და ამბობდა, რომ “ეს არ შეიძლება მოხდეს, იმიტომ, რომ შეუძლებელია მოხდეს ოდესმე”.

*ჟიულ ვერნი შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. მისი თანამედროვენი ამბობდნენ, რომ დღე-ღამეში 14-15 საათს მუშაობდა.

*ჟიულ ვერნი საბჭოთა კავშირში ძალიან პოპულარული იყო. სსრკ-ის არსებობის განმავლობაში ვერნის რომანების 50 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი გამოიცა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. კორსიკა 1769 წელს გენიუამ საფრანგეთს განგებ მიყიდა. თუმცაღა ამ დროს უკვე აღარ ჰქონდა მასზე კონტროლი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here