Home რუბრიკები საზოგადოება რუსეთში ქრისტიანობის მიღებიდან 1030 წლისთავი იზეიმეს

რუსეთში ქრისტიანობის მიღებიდან 1030 წლისთავი იზეიმეს

3738
რუსეთში ქრისტიანობის მიღებიდან 1030 წლისთავი იზეიმეს

ამა წლის 28 ივლისს ერთმორწმუნე რუსეთში მართლმადიდებლებმა ლოცვითა და ტაძრების სამრეკლოებიდან ზარების რეკვით, აგრეთვე, მსვლელობით აღნიშნეს რუსეთის გაქრისტიანების 1030- წლისთავი. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მოსკოვის კრემლთან ღია ცის ქვეშ ჩაატარა ღვთისმსახურება.

ამ საზეიმო თარიღის აღსანიშნავად რუსეთის დედაქალაქს ეწვია 10 მართლმადიდებელი ქვეყნის დელეგაციები. მათ შორის იყვნენ საქართველოს, იერუსალიმის, სერბეთის, ბულგარეთის, კვიპროსის, ალბანეთის, პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები, აგრეთვე, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქი თევდორე II. ეს დღე სიმბოლურია მოძმე მართლმადიდებელი ხალხებისთვის: რუსებისთვის, უკრაინელებისა და ბელარუსებისთვის, რადგან ისინიც მოინათლნენ იმ მომენტში, როდესაც თავადმა ვლადიმირმა მიიღო ქრისტიანობა. ეს მოხდა 988 წელს ხერსონესში, დღეს ეს ტერიტორია ყირიმის ნახევარკუნძულზეა…

მიუხედავად იმისა, რომ კიევის სათავადოს ტერიტორიაზე მართლმადიდებლობის მიღებას რამდენიმე ეტაპი დასჭირდა, ხოლო ზოგ ადგილებში თითქმის 2 საუკუნემდე გაგრძელდა, სწორედ 988 წელი ითვლება ძველრუსული სახელმწიფროს ახალი ეპოქის დასაწყისად.

კიევის თავადი ვლადიმირი 30 წლის განმავლობაში იყო თავგამოდებული კერპთაყვანისმცემელი, ამასთანავე, შორსმჭვრეტელი მმართველი. კიევის მიწების გასაერთიანებლად საჭირო იყო ერთობლივი რელიგია. გადმოცემის თანახმად, 986 წელს თავადმა “სარწმუნოების გამოცდა” ჩაატარა _ მიიღო ელჩები მუსლიმანებისგან, კათოლიკეებისა და იუდეველებისგან. ჟამთააღმწერელი დაწვრილებით აღწერს დელეგაციების ვიზიტებს, მათთან საუბრისას თავადის ერთი ფრაზა კი ისტორიაში შევიდა: “რუსეთში, როცა მხიარულობენ, სვამენ”. თითქოს ეს იყო საბაბი, რომ კიევმა ისლამი არ მიიღო. მოიძებნა არგუმენტები სხვა რელიგიების წინააღმდეგაც.

თავადი ვლადიმირი მხოლოდ ცარგრადიდან ჩამოსულმა ბიზანტიელმა მღვდელმა დააინტერესა _ მართლა მოხდა თუ არა “რწმენის გამოცდა”, უცნობია, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ბიზანტიასთან კავშირის განმტკიცება საერთო რელიგიით პოლიტიკური თვალსაზრისითაც არ იყო ურიგო. თანაც თავადისთვის, ასე თუ ისე, ნაცნობი იყო მართლმადიდებლობა. მისი ბებია, თავადის ასული ოლღა, 957 წელს მოინათლა ქრისტიანად. სწორედ ის იყო პირველი ქრისტიანი რუს მმარველებს შორის.

988 წელს თავადი ვლადიმირი გაქრისტიანდა. ეს მოხდა მის მიერ დაპყრობილ ბიზანტიურ კორსუნში (ხერსონერი სევასტოპოლთან ახლოს). იქვე ვლადიმირმა ქრისტიანული წესით იქორწინა ბიზანტიის იმპერატორის დაზე _ ანაზე. კიევში დაბრუნებულმა ვლადიმირმა ყველა კერპის განადგურება და ყველა კიეველის ქრისტიანად მონათვლა ბრძანა. ქალაქის მცხოვრებლები მასობრივად მოინათლნენ იქ, სადაც მდინარე პოჩაინა უერთდება მდინარე დნეპრს.

კიევის შემდეგ კი მართლმადიდებლობა მიიღეს კიევის რუსეთის სხვა ქალაქების მცხოვრებლებმაც.

რუსეთის გაქრისტიანება ოფიციალურად პირველად 1988 წელს აღნიშნეს.

2013 წელს რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავი კი მოსკოვში, მინსკსა და კიევში საზეიმოდ აღინიშნა.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here