Home რუბრიკები ისტორია როგორ ჩაფლავდა ფაშისტების მიერ სტალინის ლიკვიდაციის მასშტაბური ოპერაცია

როგორ ჩაფლავდა ფაშისტების მიერ სტალინის ლიკვიდაციის მასშტაბური ოპერაცია

2658
როგორ ჩაფლავდა ფაშისტების მიერ სტალინის ლიკვიდაციის მასშტაბური ოპერაცია

საქართველო და მსოფლიოს” 27 მაისის ნომერში გამოქვეყნებულ მასალასტერაქტები სტალინის წინააღმდეგდავურთეთ ანონსი, რომ გაზეთის მომდევნო ნომერში რუბრიკითოცდამეხუთე გვერდიმკითხველებს დაწვრილებით მოვუთხრობდით გერმანული დაზვერვის მიერ იოსებ სტალინის წინააღმდეგ დაგეგმილი ტერორისტული აქტის ჩაფუშვის ამბავს. დღეს ვასრულებთ დაპირებას.

1944 წლის ზაფხული. ომის ღმერთმა გერმანიას ზურგი აქცია.

უჭერდა კი მხარს?

სტალინგრადის კატასტროფა, ტუნისში აფრიკული კამპანიის წარუმატებლობა, მოკავშირეთა ჯარების გადმოსხდომა სიცილიაში, მუსოლინის მარცხი და იტალიის კაპიტულაცია, ოკუპირებულ საფრანგეთში მოკავშირეთა ჯარების შეჭრა და ა. შ. ჰიტლერსა და მის გარემოცვას პანიკაში აგდებს.

1944 წლის 20 ივლისს ჰიტლერის შტაბში შეთქმულები დაყოვნებული მოქმედების ნაღმს ააფეთქებენ. ფიურერი შემთხვევით გადარჩება. ჰიტლერი ბობოქრობს _ თუ მსოფლიოში საუკეთესო სპეცსამსახურებმა თავიდან ვერ აიცილეს ტერაქტი, რატომ არ შეიძლება სტალინთან შეღწევა?! იგი მოითხოვს #1 მტრის დაუყოვნებლივ ლიკვიდაციას.

გერმანიის სამხედრო დაზვერვის სარდლობა ემზადება, ფიურერს დაუმტკიცოს ერთგულება…

დივერსანტთა საწვრთნელ გერმანულ ბანაკში სხვებთან ერთად ამზადებენ განსაკუთრებულ აგენტს, გვარად ტავრინს. დადგა მისი გამოყენების დრო. ტავრინი რუსი კოლაბორაციონისტია, გერმანიის დაზვერვის _ “ცეპელინის” აგენტი.

ტავრინი გერმანელ ოფიცერთან ერთად
ტავრინი გერმანელ ოფიცერთან ერთად

…რიგის სამხედრო აეროდრომზე დგას ასაფრენად გამზადებული ოთხძრავიანი სპეციალური კონსტრუქციის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, სამხედრო ტექნიკის სასწაულად აღიარებული მანქანა. თვითმფრინავში ტვირთავენ ეტლიან მოტოციკლს, რკინის ყუთებსა და ჩემოდნებს იარაღითა და სპეცსაშუალებებით. ტავრინს აცილებენ აბვერის (სამხედრო დაზვერვის) ხელმძღვანელები. დივერსანტი დათანხმდა ისეთი დავალების შესრულებას, რომელზეც მრავალი ადამიანის ბედია დამოკიდებული, შესაძლებელია – ომის შედეგიც.

თვითმფრინავი აღმოსავლეთისკენ იღებს გეზს.

1944 წლის ივნისში გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელი ვალტერ შელენბერგი რაიხმინისტრ რიბენტროპთან გამოიძახეს სასწრაფოდ. მას გაანდობენ დიდ საიდუმლოს, რომელიც იციან მხოლოდ ბორმანმა და ჰიმლერმა.

რიბენტროპი დარწმუნებულია, რომ საბჭოთა რეჟიმი მხოლოდ ერთი ადამიანის ნიჭსა და უნარზე დგას.

_ უნდა მოვიშოროთ სტალინი, _ ეუბნება იგი შელენბერგს. შესთავაზებს, შეიტყუონ საბჭოთა ლიდერი რომელიმე საერთაშორისო კონფერენციაზე და დიპლომატიური მოლაპარაკების დროს მოკლან გერმანელების მიერ დამზადებული ავტომატური კალმისტრით, რომელიც ხუთ მეტრზე ისვრის ტყვიას. ტერაქტის განხორციელებას საგარეო საქმეთა მინისტრი კისრულობდა. შელენბერგმა ეს გეგმა რიბენტროპის გონებრივი და ნერვული გადაღლის ნაყოფად მიიჩნია და უარყო: სტალინი არასოდეს დათანხმდება, შეხვდეს გერმანელებს იმ ვითარებაში, როცა გერმანია უეჭველად აგებს ომს.

მაშინ იბადება სტალინის მოკვლის მეორე გეგმა.

ომის დაწყებისთანავე აშკარა შეიქნა, რომ სტალინი არის ის უმძლავრესი გამაერთიანებელი ფიგურა, რომელიც რაზმავს საბჭოთა ხალხს ჰიტლერული გერმანიის წინააღმდეგ. ამიტომ იყო, რომ ნაცისტური სპეცსამსახურები განიხილავდნენ სტალინის გაუვნებლობას მაინცდამაინც თავიანთი ძალებით, მეთოდებითა და შესაძლებლობით…

ARADO 332
ARADO 332

სპეციალური თვითმფრინავი დივერსანტით ბორტზე უახლოვდება ფრონტის ხაზს. ეს უნიკალური თვითმფრინავი, რომელიც დამზადებული იყო გერმანიის იმპერიული უშიშროების მთავარი სამმართველოს დაკვეთით მტრის ღრმა ზურგში სპეციალური ოპერაციების განსახორციელებლად, აღჭურვილია უთანამედროვესი ნავიგაციური მართვის მოწყობილობით, შეიარაღებულია ავიაგამანადგურებლებთან ბრძოლის ტყვიამფრქვევებით; სპეციალური, კაუჩუკის ოცბორბლიანი შასი საშუალებას აძლევს, აეროდრომად ნებისმიერი მინდორი გამოიყენოს. სპეციალური მოწყობილობისა და შეფერილობის წყალობით ღამის ცაში იგი უხილავია.

ნავარაუდევი იყო, რომ დანიშნულ ადგილზე დაფრენისთანავე აბვერის სპეცაგენტი გადაჯდებოდა ეტლიან მოტოციკლეტზე და მოსკოვისკენ გაემართებოდა.

ტავრინის დაკითხვის ოქმიდან (დივერსანტს დაჰკითხავდნენ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატის გენერლები _ რაიხმანი და ლეონტიევი, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის პოლკოვნიკი ბარიშნიკოვი):

“_ რა დავალებით გადმოგისროლათ გერმანიის დაზვერვამ ფრონტის ხაზზე?

_ დავალებული მაქვს, ჩავაღწიო მოსკოვში და განვახორციელო ტერორისტული აქტი საბჭოთა სახელმწიფოს ხელმძღვანელის იოსებ ბესარიონის ძე სტალინის, წინააღმდეგ.

_ და თქვენც დათანხმდით?

_ დიახ, დავეთანხმე. სხვა რა გზა მქონდა”.

ვინ იყო აბვერის აგენტი პეტრე ტავრინი: საძულველი სტალინური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი თუ დაქირავებული მკვლელი? კამიკაძე, რომელიც მზად იყო გაეწირა საკუთარი სიცოცხლე, თუ სისხლის სამართლის დამნაშავე? ან იქნებ იგი იყო გენიალური ავანტიურისტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აბითურებდა გერმანიისა და საბჭოთა კავშირის დაზვერვებს?

სტალინმა იმგვარად შეძლო საკუთარი დაცვის ორგანიზება, რომ მისი მკვლელობის ყველა ცდა კრახით დამთავრდა. შეიქმნა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს სტალინის წინააღმდეგ არავის ხელი არ აღუმართავს.

მაგრამ ეს მცდარი თვალსაზრისია…

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც დივერსანტია, უკვე ერთი საათია, ჰაერშია. მიზნამდე საათ-ნახევარი დარჩა. ახლა შეუძლებელია იმის დადგენა, ფიქრობდა იმ დროს ტავრინი თავის გადარჩენის შანსზე თუ განსახორციელებელი ტერაქტის დეტალებს აზუსტებდა.

თავდასხმის ვარიანტი იყო ორი: პირველის მიხედვით, სტალინის მანქანისთვის უნდა ესროლა პორტატული ყუმბარმტყორცნიდან, რომელიც გერმანელებმა სპეციალურად თავდასხმისთვის შექმნეს. მისი დამალვა ადვილად შეიძლებოდა სახელოს ქვეშ, ლულა ქამრებით მაგრდება მკლავზე, ჯიბეში _ ჩართვის ღილაკიანი აპარატი აამოქმედებს, კუმულაციური 30-მილიმეტრიანი ყუმბარა 300 მეტრამდე დაშორებულ ჯავშანს ხვრეტს. საკმარისია, მიმართო ხელი მოძრავი მანქანის მიმართულებით, მეორე ხელით კი დააწვე ჯიბეში დამალულ ღილაკს, რომ მოწყობილობა ამოქმედდება და გაისვრის.

იყო მეორე, სამარქაფო ვარიანტიც. მის სარეალიზციოდ დამზადებული იყო მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დამონტაჟებული იყო პორტფელში. ტავრინს დაზეპირებული ჰქონდა იმ ადამიანების მისამართები, რომლებიც დაეხმარებოდნენ  6 ნოემბრის საზეიმო სხდომაზე დასასწრებლად მოსაწვევი ბარათის შოვნაში. პორტფელი მას გენერალური მდივნის სიახლოვეს შეუმჩნევლად უნდა დაედო და რადიოსიგნალით აეფეთქებინა, როგორც ეს ჰიტლერზე თავდასხმის შემთხვევაში შტაუფენბერგმა გააკეთა. მაშინ გერმანელმა ვიცეპოლკოვნიკმა პორტფელის აფეთქება თითქმის ჰიტლერის ფეხებთან მოახერხა, თვითონ კი იქაურობას უსაფრთხო მანძილით მოსცილდა.

მოახერხებდა კი ტავრინი იმავეს გამეორებას?

სტალინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იყო ღონისძიებათა ძალიან ძლიერი სისტემა, ამიტომ თავდასხმის განხორციელებაზე გაფიქრებაც კი პირობითი იყო. სტალინზე თავდასხმა, ექსპერტების აზრით, მხოლოდ მისი უახლოესი გარემოცვის წევრს თუ შეეძლო, რადგან მხოლოდ ისინი ეკონტაქტებოდნენ უშუალოდ.

სტალინი მიჩვეული იყო აზრს შესაძლო თავდასხმაზე. ერთხელ მის აგარაკზე დარეკეს ცენტრალური კომიტეტიდან. ინკოგნიტო აფრთხილებდა, რომ დივანში, რომელზეც სტალინი ისვენებდა ხოლმე, დევს ასაფეთქებელი მოწყობილობა. პირადი დაცვის თანამშრომლები _ ტუკოვი და ხრუსტალევი მყისიერად იწყებენ შემოწმებას. იღება კარი, შემოდის სტალინი და გაოცებული ეკითხება:

_ რა ხდება აქ?

პასუხი რომ მოისმინა, გულიანად გაეცინა:

_ თქვენც გჯერათ ამ სისულელის?!

და მშვიდად შევიდა კაბინეტში სამუშაოდ.

სასწაული რომც მომხდარიყო და მოწინააღმდეგის სპეცსამსახურების აგენტებს შეძლებოდათ, ჩასაფრებოდნენ საბჭოთა კავშირის ლიდერების ავტომანქანებს, გაბითურებულები დარჩებოდნენ, რადგან სამთავრობოზისებიცალცალკე არ გადაადგილდებოდნენ, ხშირად იცვლიდნენ ადგილებს კოლონაში და იმის გარკვევა, მათგან რომელში იჯდა ბელადი, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ავტომანქანა, რომლითაც ჩვეულებრივ მგზავრობდა სტალინი, გარეგნულად სხვებისგან არ განსხვავდებოდა. ჯავშანკორპუსი, ტყვიაგაუმტარი შუშები და ზოგი სხვა რამ, რაც დღეს მეტნაკლებად საკუთარი თავის დაცვაზე მზრუნველი ოლიგარქების ავტომობილებში ჩვეულებრივი აღჭურვილობაა.

ტავრინის ნამდვილი სახელი და გვარია პეტრე ივანეს ძე შილო. დაბადებულია 1909 წლის 12 ივნისს მეწაღის ოჯახში, მამა განაკულაკეს და დახვრიტეს 1918 წელს. 1930 წლამდე კულაკების მოჯამაგირე იყო. შემდეგ გადავიდა ქალაქ ნეჟინში. მოეწყო შრომის განყოფილებაში და აგროვებდა მუშახელს ხუთწლედის მშენებლობებზე სამუშაოდ. ერთ-ერთი მივლინების დროს ქალაქ სარატოვში ბანქოში წააგო 5 ათასი მანეთი, რომელიც მიცემული ჰქონდა მუშებისთვის ავანსის სახით დასარიგებლად. დააპატიმრეს. მაგრამ ქურდებთან ერთად დაშალა იმ შენობის კედელი, რომელშიც დროებით იყო მოთავსებული, და გაქცევა მოახერხა. იმალებოდა ჯერ ირკუტსკის, შემდეგ ვორონეჟის ოლქებში გავრინის, ტავრინისა და სერკოვის გვარებით. სახლი, რომელშიც ცხოვრობდა, ხანძრისგან დაიწვა. ჩაიფერფლა მისი პასპორტიც. ახალ დოკუმენტს ცოლის გვარზე აფორმებს _ გავრინი ხდება. სწავლას იწყებს ვორონეჟის იურიდიულ ინსტიტუტში. პირველი კურსის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს ვორონეჟის პროკურატურაში უფროს გამომძიებლად. ერთი წლის შემდეგ თავს ანებებს ამ სამუშაოს და გადაბარგდება კიევში, სადაც 1935 წელს კვლავ დააპატიმრებენ. სასჯელის მოსახდელად ვორონეჟში გაამწესებენ. იქიდანაც ახერხებს გაქცევას. დროებით თავს აფარებს ჯერ ტაშკენტს, შემდეგ _ უფას. 1940 წელს პასპორტში ჩაწერილი გვარის პირველ ასოს “გ”-ს გადაასწორებს “ტ”-დ და ცხოვრებას ტავრინის გვარით განაგრძობს. სამუშაოდ ეწყობა სვერდლოვსკის ტრესტ “ურალზოლოტოს” ერთ-ერთი გეოლოგიური-სამძებრო პარტიის უფროსად. 1941 წლის 14 ივლისს “წითელი არმიის” რიგებში გაიწვევენ.

შილოტავრინის დაკითხვის ოქმიდან:

“_ როდის და რა ვითარებაში დაიწყეთ თანამშრომლობა გერმანიის დაზვერვასთან?

_ 1942 წლის 30 მაისს, როცა კალინინის ფრონტის 30- არმიის 359- მსროლელთა დივიზიის 1196- პოლკის მეტყვიამფრქვევეთა ოცეულის უფროსი ვიყავი, დავიჭერი მუცლის არეში. გონებადაკარგული, გერმანელებმა დამატყვევეს, გადავყავდით საბჭოთა კავშირის, შემდეგ _ გერმანიის ტერიტორიაზე მდებარე ბანაკებში. 1943 წლის ივნისში, როცა ციხეში ვიჯექი ტყვეთა ბანაკიდან გაქცევის მცდელობისთვის, გამომიძახა გესტაპოს ორმა ოფიცერმა. შემომთავაზეს გერმანიის დაზვერვასთან თანამშრომლობა. დავეთანხმე”.

შილო-ტავრინი ატყუებდა ყველას, ვისთანაც გასდიოდა ტყუილი. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში რომ აღმოჩნდა, იქაც იტყუებოდა.

პირველ დაკითხვაზე, რბილად რომ ვთქვათ, ტავრინი თავისი ბიოგრაფიის გარკვეულ დეტალებს შელამაზებულად გადმოსცემს. “წითელი არმიის” ოცეულის მეთაური ლეიტენანტი ტავრინი არასოდეს დაჭრილა და ტყვედ გონებადაკარგული არ ჩავარდნილა. 1942 წლის 30 მაისს იგი ნებაყოფლობით ჩაბარდა ტყვედ, მას შემდეგ, რაც ფრონტის ხაზი ფარულად გადაკვეთა. ყველაფერი მარტივად და ბანალურად მოხდა: აეშალა კუჭი, გადავიდა ბუჩქებში, იქ ჰიტლერელთა პროკლამაცია იპოვა, რომლითაც ნაცისტები ტყვედ ჩაბარებისკენ მოუწოდებდნენ საბჭოთა ჯარისკაცებს. ისიც ჩაბარდა.

გერმანელებს ტავრინმა თავიდანვე განუცხადა, რომ მზად არის მათთან სათანამშრომლოდ. ისინიც დაინტერესდნენ, მაგრამ მალევე დარწმუნდნენ, რომ არავითარ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ ფლობდა ეს კუჭაშლილი ლეიტენანტი და აღმოსავლეთ პრუსიის ტყვეთა ბანაკში გაგზავნეს. იქ მას დაავალეს საბჭოთა ტყვეებისთვის ჩამორთმეული წერილების დახარისხება. წერილებს შორის რაღაც ფასეულობებიც აღმოჩნდებოდა ხოლმე. ტავრინი მათ ითვისებდა. თავს ახსენებს აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება. ამხელენ შულერობაში, უმოწყალოდ სცემენ. გერმანელები ჩამოაცილებენ იქაურობას და გადაჰყავთ ჰამერბურგის საგანგებო ბანაკში.

რატომ ელოლიავებოდნენ ასეთ არასანდო ადამიანს ფაშისტები?

გესტაპოს შეფი მიულერი 1941 წლის 17 ივლისის დირექტივაში მოუწოდებდა თავის ქვეშევრდომებს: ტყვეთა შორის გამოევლინებინათ ყველა პოლიტიკური, სისხლის სამართლისა და სხვა დანაშაულებისკენ მიდრეკილი ელემენტები, რომლებიც გამოადგებოდათ ბანაკში საჯაშუშოდ და იმათ სალიკვიდაციოდ, ვინც ნდობას არ იმსახურებდა. აბსოლუტურად ამორალური ტავრინი ნაცისტებს, როგორც ჩანს, ხელს აძლევდა.

შილოტავრინის დაკითხვის ოქმიდან:

“_ პერსონალურად ვის უნდა განეხორციელებინა ტერორისტული აქტი?

_ ტერორისტული აქტის განხორციელება პირადად მე მქონდა დავალებული. მე ვიყავი აღჭურვილი სპეციალური იარაღით, მათ შორის, პორტატიულ ყუმბარმტყორცნპანცერკნაკეთი”, რომელიც გერმანელი კონსტრუქტორების მიერ სპეციალურად იყო დამზადებული.

_ რა შემთხვევაში უნდა გამოგეყენებინათ ეს იარაღი?

_ “პანცერკნაკეუნდა გამომეყენებინა მაშინ, თუ მექნებოდა საშუალება, თავს დავსხმოდი ქუჩაში მოძრავ სამთავრობო ავტომანქანას.

_ რა მიზნით უნდა გამოგეყენებინათ დაკავების დროს თქვენთვის ჩამორთმეული მოწამლული და ფეთქებადი ტყვიები?

_ ეს ტყვიები უნდა გამომეყენებინა იმ შემთხვევაში, თუ აღმოვჩნდებოდი ამხანაგ სტალინის გვერდით”.

აგენტ ტავრინის პირად დოსიეში მისი დამგეშავნი ჩაწერენ: “სძულს საბჭოთა წყობილება, კარგად ერკვევა ნებისმიერ ვითარებაში, უყვარს ფული”.

ომის დროს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოქმედებდა ჰიტლერული გერმანიის 130-მდე სადაზვერვო ორგანო, 60-მდე სადაზვერვო სკოლაში გაერთიანებული ჰყავდათ მოღალატე მებრძოლები, ტყვეები, ადგილობრივი მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით უკმაყოფილონი და დაზარალებულები იყვნენ საბჭოთა ხელისუფლების მიერ.

1943 წლის 25 აგვისტოდან შილო-ტავრინით სერიოზულად დაინტერესდა გესტაპო. იგი გადაჰყავთ ფსკოვის ბანაკში, სადაც ამზადებდნენ დივერსანტებს საბჭოთა ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მოსაწყობად. მასთან პერსონალურად მუშაობს შტურბანფიურერი ოტო კრაუსი.

შილოტავრინის დაკითხვის ოქმიდან:

“_ დაწვრილებით მოგვიყევით, როგორ აპირებდით ტერორისტული აქტის განხორციელებას.

_ მაიორმა კრაუსმა დამავალა, რომ თვითმფრინავით დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგ უნდა შემეღწია მოსკოვში და ლეგალურ მდგომარეობაზე გადავსულიყავი.

_ მოსკოვში როგორ უნდა შეგეღწიათ?

_ ბალტიისპირეთის ფრონტის 39- არმიის კონტრდაზვერვისსმერშისუფროსის მოადგილის დოკუმენტები, რომლებითაც მომარაგებული ვიყავი, დაუყოვნებლივ უნდა შემეცვალა, რადგან ამ დოკუმენტებით მოსკოვში დიდხანს ყოფნა საშიში იყო, ასე ამიხსნა კრაუსმა. მოსკოვში ჩასვლის შემდეგ უნდა დამემზადებინა დოკუმენტიწითელი არმიისოფიცრის სახელზე, რომელიც დაჭრის შემდეგ შვებულებაში იმყოფებოდა”.

1944 წლის გაზაფხულისთვის ტავრინის მომზადება დამთავრდა. იგი აღჭურვეს შესაბამისი დოკუმენტებითა და ჯილდოებით. გადასცეს საბჭოთა კავშირის გმირის ოქროს ვარსკვლავი და ლენინის ორდენი, ხუთი მედალი, რომლებითაც დაჯილდოებული იყო გერმანელების მიერ წამებით მოკლული გვარდიის გენერალ-მაიორი ივან შეპეტოვი. ფიქტიური დოკუმენტები ტავრინს გაუმზადა ჩჩ-ის ობერშტურბანფიურერმა ბერჰარდ კრიუგერმა.

შილო-ტავრინი შეაიარაღეს რამდენიმე პისტოლეტით, რომლებიც დატენილი იყო მოწამლული ტყვიებით, “პანცერკნაკეს” ორი ნაღმსატყორცნით, მაგნიტური ნაღმით, პორტატული რადიოგადამცემითა და დეშიფრების ბლოკნოტებით. მოსკოვში ტავრინი უნდა დაკავშირებოდა იმ ანტისაბჭოთა მოძრაობის წარმომადგენლებს, რომლის წევრები ვითომ იყვნენ გენერალი ზაგლადინი, თავდაცვის სახალხო კომისარიატის კადრების სამმართველოდან და მაიორი პალკინი ოფიცერთა რეზერვის პოლკის შტაბიდან. ისინი უნდა დახმარებოდნენ შილო-ტავრინს, შეეღწია კრემლში გამართულ საზეიმო სხდომაზე, რომელსაც დაესწრებოდა სტალინი და მოეკლა საბჭოთა ბელადი, მაგრამ, თუ ტავრინი კრემლში ვერ შეაღწევდა, იგი უნდა ჩასაფრებოდა სტალინს, აეფეთქებინა მისი ავტომანქანა და მოწამლული ტყვიებით დაეცხრილა იოსებ ბესარიონის ძე.

საზღვრის გადაკვეთის პირველი მცდელობა 1944 წლის ივნისში განხორციელდა.

თვითმფრინავი “არადო 232 A8”, რომლის მეთაური იყო უნტეროფიცერი ბრუნო დავიდსი, მიწას მოსწყდა, გადაკვეთა ფრონტის ხაზი და კურსი რჟევისკენ აიღო, ტავრინს ეჭვები აწუხებს: ნუთუ ეს არის ბილეთი მხოლოდ ერთი მიმართულებით?! იხსენებს ოპერაციის ხელმძღვანელთან CC-ის ობერშტურბანფიურერ დოქტორ გრეიფის საუბარს, რომელიც არწმუნებდა, რომ ოპერაცია გულდასმითა და დეტალურად იყო გათვლილი და ტერაქტის განხორციელების შემდეგ მას გულუხვად დაასაჩუქრებდნენ.

დაიჯერა ტავრინმა თავისი შეფის სიტყვები? შესაძლებელია, რომ ენდო კიდეც, ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ ტერაქტის მთავარი მიზნის ვინაობას გაიგებდა.

(დასასრული შემდეგ ნომერში)

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here