Home რუბრიკები ისტორია რა, ჩვენ ილიაზე მეტად გვიყვარს საქართველო, რუსეთს მუშტს რომ ვუღერებთ, ვლანძღავთ და...

რა, ჩვენ ილიაზე მეტად გვიყვარს საქართველო, რუსეთს მუშტს რომ ვუღერებთ, ვლანძღავთ და ვაგინებთ?!

ან ერეკლე მეფეზე უკეთესი პატრიოტები ვართ?!

1928
ილია ჭავჭავაძე, მაქსიმ კოვალევსკი, ნიკოლოზ ტაგანცევი, დიმიტრი ბაგალეი, ვიაჩესლავ კუგუშევი, ალექსანდრე ლაპპო-დანილევსკი

სირიამ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნო, რისთვისაც ანატოლი ბიბილოვმა სირიის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. ის იმედოვნებს, რომ სირიასა და სამხრეთ ოსეთს შორის დიპლომატიური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების დამყარება სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის

ეს არის იმ იმ შეუქცევადი პროცესის ნაწილი, რომელიც 2008 წელს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა _ რუსეთის ფედერაციამ დაიწყო. დარწმუნებული ვარ, ყოველ წელს სულ უფრო მეტი ქვეყანა გაითვალისწინებს იმ პოლიტიკურ რეალობას, რომელიც ამიერკავკასიაში შეიქმნა”, _ აცხადებს ბიბილოვი. საქართველოს ხელისუფლება კი ვერა და ვერ მიხვდა, რომ რუსეთის ლანძღვაგინება კარგს არაფერს მოუტანს. “ნუ ეძალები წყალდიდსა, უნდა ეძებდე ფონებსო!.. ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსო”, _ ამ ხალხურ სიბრძნეს ბევრი სიკეთე მოუტანია ქართველი ერისთვის მეტად რთულ პერიოდებში _ როცა ძალა არ ჭრიდა, საზრიანობა და მოხერხება აკეთებდა საქვეყნო საქმეს. ამჯერად ილია ჭავჭავაძის რუსეთის სახელმწიფო საბჭოში მოღვაწეობაზე შევაჩერებთ მკითხველის ყურადღებას. ილია, როგორც ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, იქაც ქართულ საქმეს აკეთებდა. რა, ჩვენ ილიაზე მეტად გვიყვარს საქართველო, რუსეთს მუშტს რომ ვუღერებთ, ვლანძღავთ და ვაგინებთ?! ან ერეკლე მეფეზე უკეთესი პატრიოტები ვართ?!

მთელი XIX საუკუნე ისე მიიწურა, რომ საქართველოს პოლიტიკური ტკივილების შესახებ ევროპის საზოგადოებრიობამ თითქმის არაფერი იცოდა. 60-იან წლებში საქართველოს შესახებ რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა ნიკო ნიკოლაძემ, 80-იანი წლებიდან საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას ინტენსიურად აცნობდა ევროპელებს ვარლამ ჩერქეზიშვილი, მაგრამ ევროპაში გამოქვეყნებული ორიოდე წერილი საქართველოზე ზღვაში წვეთი იყო.

ევროპისგან საქართველოს პოლიტიკური იზოლირების გარღვევა პირველად გაზეთმა “საქართველომ” სცადა. მალევე ქართული პრობლემის პოპულარიზაციისა და ევროპის დემოკრატიული საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით არჩილ ჯორჯაძემ, გიორგი დეკანოზიშვილმა და მათმა თანამებრძოლებმა პარიზში გამოსცეს გაზეთ “საქართველოს” ფრანგული დამატება “ლა ჟეორჟი”. მასში, “საქართველოდან” გადაბეჭდილ და ქართულიდან გადათარგმნილ მასალებთან ერთად, ქვეყნდებოდა ფრანგი და სხვა ევროპელი პოლიტიკური მოღვაწეების წერილები და გამოხმაურებანი. ევროპის დემოკრატიულმა პრესამ ყურადღება მიაქცია “საქართველოს”, გამოეხმაურა მის გამოსვლას და თანაგრძნობა გამოუცხადა ქართულ ეროვნულ მოძრაობას. ევროპულ გამოხმაურებებში განსაკუთრებით ესმებოდა ხაზი ქართველი ხალხის ეროვნული თავისუფლების კანონიერ სტატუსს, საქართველოს ეროვნული ავტონომიის უფლებრივ-იურიდიულ მხარეს, რომელიც 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატიდან გამომდინარეობდა.

გაზეთ “საქართველოს” ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნდა მასალები: “როგორ მიეგებნენ “საქართველოს” გამოსვლას ევროპის პრესა და ევროპული საზოგადო მოღვაწენი. ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთში პიერ კიარომ გამოაქვეყნა წერილი “ცარიზმი და საქართველო”. გაზეთ “საქართველოს” გამოსვლას ვრცელი წერილით “ქართველი ერი” გამოეხმაურა სახელგანთქმული დანიელი კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე გეორგ ბრანდესი. გაზეთ “საქართველოსა” და ქართველ ერს თანაგრძნობას უცხადებდა დიდი ფრანგი მეცნიერი, გეოგრაფი და პოლიტიკური მოღვაწე ელიზე რეკლიუ. “კარგა ხანი გავიდა უკვე, რაც ერთმა თქვენმა თანამემამულემ და ჩემმა მეგობარმა გამაცნო ქართველი ხალხის მდგომარეობა და საქართველოს ისტორიიდან ზოგიერთი ცნობები, – წერდა ელიზე რეკლიუ “საქართველოს” რედაქციას. ფრანგი მოღვაწე თავის მეგობარში გულისხმობდა ცნობილ ქართველ ანარქისტს ვარლამ ჩერქეზიშვილს, რომელთანაც ორ ათეულ წელზე მეტი ხნის იდეური და სულიერი ახლობლობა აკავშირებდა. “ყოველ ღონისძიებას ვიხმარ და ჩემს ხმას თქვენს პროტესტს შემოვუერთებ”, _ აღუთქვამდა წერილის დასასრულს “საქართველოს” რედაქციას ელიზე რეკლიუ.

გაზეთ “საქართველოს” ეროვნულ მოთხოვნებს თანაგრძნობით გამოეხმაურნენ საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატი ანტიდ ბოიერი, საფრანგეთის აკადემიის წევრი ანატოლი ლერუა-ბოლიე, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი იორკ პაუელი, ინგლისური გაზეთი “ტაიმსი”, რუსი ლიბერალების ორგანო “ოსვობოჟდენიე”. ფრანგული გაზეთი “ეროპენი” წერდა, რომ საქართველოს ავტონომიის მოპოვებისათვის ჯერ კიდევ 1892 წელს შეიქმნა “საქართველოს” თავისუფლების ლიგა, რომლის დაწყებულ საქმეს, გაზეთის აზრით, აგრძელებდა პარიზში დაარსებული ორგანო “ლა ჟეორჟი”.

1907 წელს ქართველი ეროვნულ-პოლიტიკური ძალები შეეცადნენ, საქართველოს ავტონომიის საკითხი ევროპული პოლიტიკური წრეების წინაშე დაესვათ. ამ მოძრაობის ყველაზე დიდი გამოხატულება იყო “საქართველოს” ხალხის მემორანდუმი, რომელიც მოძრაობის მესვეურებმა წარუდგინეს ჰააგის სამშვიდობო კონფერენციას 1907 წელს. კონფერენცია მოწვეულ იქნა რუსეთის მთავრობის ინიციატივით. რამდენიმე ათასი კაცის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი ვარლამ ჩერქეზიშვილის მეშვეობით მიიღო ლონდონში იმჟამად არსებულმა “საქართველოს დაცვის საზოგადოებამ”, რომელმაც დოკუმენტი გადასცა ჰააგის კონფერენციის მუდმივი ტრიბუნალის წევრ პროფესორ ნისს. ამ უკანასკნელმა მემორანდუმი კონფერენციის მონაწილეებს გააცნო. “საქართველოს ხალხის მემორანდუმი” ჰააგის სამშვიდობო კონფერენციას სთხოვდა: “ჩვენი უფლებები აღდგენილ იქნენ 1783 წლის ხელშეკრულების თანახმად, რომელიც გარანტიას იძლევა ჩვენი ტერიტორიის მთლიანობისათვის და ეროვნული ავტონომიისათვის”. “მემორანდუმის” ტექსტი და მის შესახებ ინფორმაციები გამოქვეყნდა ბელგიურ, ჰოლანდიურ, ფრანგულ, ინგლისურ და ამერიკულ პრესაში.

 სამწუხაროდ, ევროპის ყურადღება თანაგრძნობას არ გასცილებია. ჰააგის კონფერენცია ევროპის განიარაღებისა და დიდ სახელმწიფოთა ორ დაჯგუფებას შორის დაძაბულობის ნორმალიზაციის საკითხებით იყო დაკავებული და ქართველი ხალხის ეროვნული სატკივარისათვის არ ეცალა.

რამდენიმე თვით ადრე კი, 1906 წლის აპრილში, ილია ჭავჭავაძე, როგორც თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წარმომადგენელი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოში აირჩიეს. დემოკრატიულმა პროგრამამ და ილიას კოლორიტულმა პიროვნებამ პეტერბურგის პრესისა და საზოგადოებრიობის ყურადღება მიიპყრო. ილია ჭავჭავაძისაგან ინტერვიუ აიღეს პეტერბურგის გაზეთებმა. ილიამ საქვეყნოდ განაცხადა, რომ სახელმწიფო საბჭოში მთელი საქართველოსა და ქართველი ხალხის დამცველი იქნებოდა და არა რომელიმე კლასისა.

“ყველამ იცის, რომ ეხლანდელს დროში დევნა და ძულება ეროვნული, ერთმანეთის შეუწყნარებლობა, ერთმანეთის გაუტანლობა იმის გამო, რომ შენ სხვა თესლისა ხარ და მე სხვა თესლისა და ერთად ვერ გვეცხოვრებაო, მარტო ბრიყვის და უვიცის მოძღვრებაა და სამართლიანად გასაკიცხი ყოველ პატიოსან და გონეგახსნილ კაცისაგან.

იქნება ამით მოისურვონ, სიტყვა მოგვიჭრან: “კავკასს” ყოველ ამაში რა საქმე აქვს, რად ესარჩლება ჩაგრულთა და დევნულთაო? ის საქმე აქვს, რაც ყოველ პატიოსანს კაცს, რომელიც ვერ შეიფერებს, ვერ შეიწყნარებს, რომ ერთმა სთელოს და სჩაგროს მეორე _ ცალკე კაცი იქნება თუ მთელი კრებული, ან მთელი ერი. ეს ასე რომ არ იყოს, ჩაგრულთა სარჩლი და ქომაგობა რომ უუწმინდაესს მოვალეობად არ იყოს აღიარებული ყოველ პატიოსან და გულმართალ კაცისაგან, მაშინ ხომ ეგრედ წოდებული სომეხთა საქმე ოსმალეთში არ გამოიწვევდა იმ სამართლიანს და პატივსადებს თანაგრძნობას, რომელმაც ქვეყანას, თავისს სასახელოდ, ხმა ამოაღებინა და ამ ხმის სამართლიან რიხისაგან ბევრად ძლიერი ოსმალეთი ყოვლად უძლურ სომეხს შეუშინდა, შეუფრთხდა. ეს ხმა რომ არ ყოფილიყო, ოსმალეთი ისე მალე მოუღებდა ბოლოს სომხობას, როგორც სვავი კურდღელსა: ყლაპად არ ეყოფოდა.

ერთადერთი მოძღვრებაა კაცთა კრებულის საბედნიეროდ და რომელიც გვასწავლის: ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის, შენც იცხოვრე და სხვაც აცხოვრეო. ეს მცნება ურომლისოდაც ვერა კრებული, ვერა საზოგადოება, ვერა ერი ვერ ჰხეირობს, შესაძლოა, კაცმა დროთა ხელშეწყობით გასთელოს, მოშუშოს, მაგრამ ძირი მაგარი აქვს, როცა იქნება, ამოხეთქავს და თავისას მოითხოვს უნაკლულოდ. თუ ადამიანი თავისს თავს კაცად ჰხადის, სხვაც უნდა კაცად იგულოს, თორემ თვითვე გაიჭყლიტება და გაითელება თავისისავე მოძღვრებისაგან. დრო და ჟამი არავის შეარჩენს უსამართლობას, სხვის ჩაგვრას და თელვას.

ადამიანისათვის სულ ერთია, ცალკე კაცი ჰლახავს ადამიანურს უფლებას თუ რაზმად დაწყობილი კრებული. ორგანვე სამართლიანია მდურვა და ყვედრება, თუკი დათრგუნვილ უფლების აღსადგენად იღვწიან და იბრძვიან. საკვირველი ეს ღვაწება და ბრძოლა კი არ არის ჭკუათამყოფელ კაცისათვის, არამედ უამისობა იქნებოდა, იმიტომ, რომ ლახვა სხვის უფლებისა, მერე იმისთანისა, რომელიც ბუნებითად მინიჭებული აქვს ყოველს ადამიანს, შეუწყნარებელია და დაუზოგველად განსაკითხავი ყოველგან და ყველასგან. შენც იყავ და მეც მამყოფე, განა ბუნებური და სამართლიანი სურვილი არ არის”.

სწორედ ეს იყო ჩადებული ილია ჭავჭავაძის ეროვნულ და სოციალურ პროგრამაში. მისი ნახევარსაუკუნოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა კარგად იყო ცნობილი ქართველი საზოგადოებისთვის, მაგრამ განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა იმ ავტორიტეტულ სიტყვას, რომელიც მან მთელი რუსეთის გასაგონად წარმოთქვა რუსეთის სახელმწიფო საბჭოში, როცა მოითხოვა კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს თვითმმართველობა. ილია ჭავჭავაძის მიერ გაცხადებული პოლიტიკური კრედო, შესაძლოა, უდაბნოში მღაღადებლის ხმად დარჩენილიყო სახელმწიფო საბჭოს უმრავლესობისათვის, მაგრამ აქ უკვე თავისი სიტყვა პეტერბურგის დემოკრატიულმა პრესამ თქვა. მან რუსეთის ფართო საზოგადოების ყურამდე მიიტანა ილიას ეროვნული და სოციალური პროგრამა და, ამავე დროს, საქვეყნოდ გამოხატა თავისი სიმპათია დიდი ქართველი მოღვაწის მიმართ.

პეტერბურგის გაზეთები აღნიშნავდნენ ილია ჭავჭავაძის მტკიცე პოზიციას, მის მიერ გადახდილ მწვავე ბრძოლას სახელმწიფო საბჭოში.

გაზეთი “პეტერბურგსკი ლისტოკი” იუწყებოდა, რომ დედაქალაქში სახელმწიფო საბჭოს წევრების ამომრჩეველთა წინასაარჩევნო კრებებზე მთავარი საკამათო საკითხი ყოფილა _ მიკუთვნებოდა თუ არა ადგილი სახელმწიფო საბჭოში ბალტიისპირეთს, დონის სამხედრო ოლქსა და კავკასიას, რომლის საჭიროებასაც “დაჟინებით” ითხოვდნენ ამ მხარეთა წარმომადგენლები. გაზეთი “პეტერბურგსკიე ვედომოსტი” აღნიშნავდა, რომ წინასაარჩევნო კრებების დროს ამ მხრივ ძალიან აქტიურობდა ილია ჭავჭავაძე, რასაც ამაოდ არ ჩაუვლია _ მისი დაბეჯითებული მოითხოვდა განაპირა მხარეებისთვის ადგილების მიცემის აუცილებლობის თაობაზე მიღწეულ იქნა.

ილიას მსგავსად ჩვენც შეგვეძლო, რუსეთის საზოგადოების ყურამდე მიგვეტანა ჩვენი ეროვნული და სოციალური პროგრამა, გამოგვეხატა ჩვენი პოზიცია და კეთილგანწყობა ამ ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის მიმართ. ასეთი შანსი არა ერთი გავუშვით ხელიდან. არ გავითვალისწინეთ, რომ რუსეთში ჯერაც არიან საქართველოსა და ქართველებისადმი კეთილგანწყობილი ადამიანები, რომელთა სიტყვასა და აზრს ფასი აქვს თანამემამულეთა თვალში.

ამის ერთ-ერთი დასტურია თუნდაც 2012 წლის ნოემბერში სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში ილიას დაბადებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილი  კულტურულ-შემეცნებითი ფორუმი. ფორუმის საზეიმო გახსნაზე, საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, სპეციალურმა წამომადგენელმა, განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა მიხაილ შვიდკოიმ ფორუმის მონაწილეებს ვლადიმერ პუტინის მისალმება წაუკითხა.

ილია ჭავჭავაძემ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა რუსული კულტურის განვითარებაში, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შესანიშნავი ტრადიციის შენარჩუნებასა და გამდიდრებაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა ჩვენს ხალხებს.

მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები პატივს მიაგებენ მათ წინაპრებს, ცდილობენ კონტაქტების, ადამიანებს შორის გულწრფელი ურთიერთობების გაძლიერებას, ხელს უწყობენ სახალხო დიპლომატიის ინსტიტუტების განვითარებას”, _ ნათქვამია პუტინის მისალმებაში.

ახლახან სირიამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ქვეყნის პირველმა პირებმა და საგარეო უწყებამ  ამჯერადაც ყველაფერი რუსეთს დააბრალეს, რუსეთს უძახეს მტერი და ოკუპანტი, რუსეთს შეაწმინდეს ხელი. ჩვენთან ხომ ყველაფერი რუსეთის ბრალია _ ისიც, თბილისის მეტროს მემენქანეები რომ გაიფიცნენ; ისიც, ტყიბულის შახტაში ორი მუშა რომ დაიღუპა; ისიც, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი რომ გადადგა; ისიც, რომ გუშინწინ ჩემს მეზობელ  ნელის წვიმამ სარეცხი დაუსველა…

და ისიც, მსოფლიოში 1,2 მლრდ ბავშვი სიღარიბის, კონფლიქტის ან დისკრიმინაციის რისკის ქვეშ რომ ცხოვრობს.

ამ ფონზე ნამდვილად მოულოდნელი იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის  ინიციატივა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის თაობაზე. მას  განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ქვეყანაშიც და მის საზღვრებს გარეთაც. რადგან 5 წლის განმავლობაში მსგავსი რამ მარგველაშვილს აზრად არ მოსვლია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პრეზიდენტის განცხადებას არასერიოზული უწოდეს; ოპოზიციას კი ეჭვი აქვს, რომ გიორგი მარგველაშვილის რუსეთის პირველ პირთან შესაძლო შეხვედრაზე განაცხადი მისი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

მაგრამ ყინული მაინც არ დაძრულა, რადგან ძია სემის ნებართვის გარეშე რუსეთისკენ ნაბიჯის გადადგმისთვის ჩვენს ხელისუფალთ გამბედაობა არ ჰყოფნით; ისეთი გამბედაობა, რომელიც ილიასა და მის თანამოაზრეებს, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, ქართული საქმის კეთებაში ეხმარებოდა.

სახელმწიფო საბჭოში ილია ჭავჭავაძემ გაბედულად გამოთქვა თავისი აზრი იმ რეპრესიების წინააღმდეგაც, რომლებიც რუსეთის პირველი რევოლუციის დაღმავლობის პერიოდში დაიწყო ქვეყანაში. მანვე მიუთითა, რომ მხოლოდ განაპირა მხარეების ინტერესთა დაკმაყოფილებას შეეძლო დაემყარებინა ქვეყანაში სიმშვიდე.

ილია ჭავჭავაძესთან ერთად, ქართველ სამოციანელთა ძველი თაობის წარმომადგენლები და მათ გარშემო შემოკრებილი უპარტიო პატრიოტთა დასი იმხანად მთელი ქართველი ერის ინტერესების დაცვის ლოზუნგით გამოდიოდნენ, ქართველი ერის ინტერესების და არა პირადი ან უცხო ქვეყნის ინტერესების(!).

“რაც ფოთლებია ხისთვის, ჩვენც ისევე ვართ ქვეყნისათვის და, რაც წელიწადია ფოთლებისათვის, ის საუკუნეა ჩვენთვის. ნახევარი საუკუნის განმავლობაში არც ერთი აღარ ვიქნებით, სხვები დაიჭერენ ჩვენს ადგილს: “ერთი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”. საქართველოც ჩვენი ცხოვრების ხეა, საკუთარ ქართულ ნიადაგზე დანერგილი და ზედ ქრისტეს სჯულია დამყნილი. სანამდის მისი ძირი არ შესუსტდება, ღერო არ შეინძრევა და ფესვები მაგრად ექნება გადგმული, შტოების შერხევითა და ფოთლების დაცვენით არა უჭირს-რა. ჩვენც ერთი ფოთოლთაგანი ვართ, ადრე თუ გვიან დასაცვენი, და ჩვენი მიზეზით რათ უნდა მიადგეს გაჭირვება სამეფოს? არა, ჩვენო დიდებულო მეფევ, ჩვენ, უეჭველია, უნდა ვეახლოთ ყეენს და, რაც მოსავალია, მოგვივიდეს!” (ამონარიდი აკაკი წერეთლის “ბაში აჩუკიდან”).

და თუ საქართველო ოდითგან ქართველი ერის “ცხოვრების ხეა, საკუთარ ქართულ ნიადაგზე დანერგილი და ზედ ქრისტეს სჯულია დამყნილი”, ჩვენო “დიდებულნო ხელისუფალნო”, თქვენის მიზეზით რატომ უნდა მიადგეს ზიანი?!

იფიქრეთ ამაზე!

და იმაზეც _ შეგიძლიათ, “ეახლოთ ყაენს” და თქვათ: “რაც მოსავალია, მოგვივიდეს!”

 ილიას ფრაზები

* როგორც ცაკლე კაცის გული, ისე გული ერისა ბევრში სხვა ცალკე ერის გულს არა ჰგავს… ამის გამო გულისთქმაც, გულის გამომეტყველებაც სულ სხვა არის ხოლმე და ყოველს ერს თავისი კილო, თავისი ჰანგი აქვს ამ სხვადასხვაობისათვის. იგი უტყვი პოეზიაა… იგივე ენაა, მხოლოდ ხორცშეუსხმული, სიტყვით არგანსაზღვრული, სიტყვით არგამორკვეული _ იგი მარტო ხმაა, კვნესაა, ხარებაა, იგი ძახილია აღფრთოვანებულის სულისა. ეს კვნესა, ეს ძახილი ქართველისა სულ სხვაა, სხვა ერისა _ სულ სხვა, როგორც სხვადასხვა ენამეტყველობა.

* ამოვიკითხავთ წიგნებიდამ რაღაცას და გვგონია, ესეს არის ქვეყნის ღერძს ხელი ჩავკიდეთო. ქვეყანაზე ბევრი რამ არის უწიგნოდაც ნასწავლი, ამაებსაც ცოდნა უნდა. ჩვენ კი აღარც იქით ვიხედებით, აღარც აქეთ. რაკი წიგნი ხელთ გვიპყრია, თითქო ჭკუა, თუ არ წიგნში, სხვაგან აღარსად იყოს.

* არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი, თუნდ უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია.

* ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია, თუ ესე ითქმის, და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი. არ უნდა გვიკვირდეს, რომ რასაც დიდ მდინარეში ვპოულობთ, იმას მის სათავეშიაც ვხედავთ. ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა.

* განა ყოველი საგანი თვის კვალობაზედ არ არის მაღალი, მაღალ ღვთაებრიობის სიბრძნის გამომთქმელი? პოლიპი, რომელიც ძლივს აჩენს თავის სულიერობას, ისე ცხადად მოგვითხრობს ღვთის ძლიერებასა, როგორც მზე, ეს ქვეყნის მაცხოვრებელი მნათობი. ინფუზორია, რომელნიც მილიონობით არიან ერთ მუჭა წყალში, ისევე საკვირველნი არიან, როგორც მოძრაობა მედიდურ ცაში მილიონთა პლანეტთა, ერთი მუჭა ლაფის ნაწილთა დაკავშირება ისეთი საკვირველია, როგორც ვარდის მშვენიერების გამოცხადება. არა, ბუნებაში ღმერთს არ შეუქმნია მაღალი და მდაბალი საგანი, ყოველი საგანი მაღალია თვის კვალობაზეც და ერთნაირად მოგვითხრობს იმ დიდ სულზედ, რომელიც აცხოვრებს მთელს ქვეყანასა.

* ხშირია ხოლმე, რომ, როცა სული ჭლექდება, ხორცის დღეობა მაშინ არის; როცა სული ჰყვავის, ხორცი დნება.

* იმისთანა ხალხი, რომლის გამოხატულობაც ჟამთა ვითარებით უმაღლესს საგნებიდან მარტო ჭამა-სმაზედ დამდგარა, ანუ რომელსაც მცირე საგნებიდამ გონება მაღლა ვერ აუცილებია, ის ხალხი უფრო შებრალების ღირსია, ვიდრე გაკიცხვისა.

* დამუნათებული, წაყვედრებული კეთილი, … ბოროტზე უარესია და უმძიმესი ასატანად.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here