Home რუბრიკები საზოგადოება “რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს…”

“რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს…”

გამართული ქართულით მეტყველება მოეთხოვება ჟურნალისტსაც, მინისტრსაც, ექიმსაც, ვექილსაც, ბრალიანსაც და უბრალოსაც

3311
დედა ენის ძეგლი

ქართველი ერი ერთერთი გამორჩეული ენის მფლობელია. მდიდარი ლექსიკური მარაგის გამო, ქართულად ადვილია ნებისმიერი აზრის ჩამოყალიბება და გადმოცემა. გარდა ამისა, ჩვენი მშობლიური ენა ტკბილხმოვანიცაა. საამაყოა ისიც, რომ მსოფლიოში 14 დამწერლობა არსებობს და მათგან ერთერთი ქართულია.

ახლახან ცნობილი შეიქნა, რომ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია იუნესკომ ქართული ანბანის კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. ამ წერილის მიზანი ქართული ენის აპოლოგია არაა. მხოლოდ იმის კიდევ ერთხელ შეხსენება გვსურს, რა საგანძურს ვფლობთ ქართველები ენის სახით და როგორი ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება მას.

ენობრივი ნორმებიდან გადახრის მიზეზი, ხშირად არის სამეცნიერო ტერმინების, ცნებების უცოდინარობა ან მათი არასწორი ინტერპრეტაცია. მავანს ჰგონია, რომ ატომური და თერმობირთვული ბომბების სიმძლავრის გამომხატველი ტერმინები _ კილოტონა და მეგატონა_ აღნიშნული იარაღის რეალური მასაა. ეს უხეში შეცდომაა, რადგან მილიონტონიანი ბომბის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. სინამდვილეში, ეს ტერმინები გვიჩვენებს, თითოეული ასეთი ბომბის სიმძლავრე რამდენი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერების (ტროტილის) აფეთქების ეკვივალენტურია.

ერთ-ერთი რეკლამის მიხედვით, 1 ჰა ტყე, თურმე, 2 მილიონ ტონა წყალს აკავებს. ეს ძალიან საეჭვოა, რადგან, მარტივი გაანგარიშებით, ასეთ შემთხვევაში, 1 ჰა-ს, ანუ 10 000 კავდრატული მეტრი ტყის ყოველ კვადრატულ მეტრს, “საჭირო” იქნება, დავასხათ 200 ტ წყალი. ეს უკვე წარღვნაა და მისგან უფალმა დაგვიფაროს…

არქეოლოგიური მუზეუმის გიდის ტურისტებთან საუბრიდან:

_ დინოზავრის ეს ჩონჩხი 20 000 031 წლის, 7 თვისა და 24 დღისაა.

_ რა საოცარია! ასე ზუსტად საიდან იცით?!

_ აქ მუშაობა რომ დავიწყე, ის მხოლოდ 20 000 000 წლისა იყო, მე კი ზუსტად 31 წელი, 7 თვე და 24 დღეა, რაც ვმუშაობ.

აი ეს ხუმრობა გამახსენდა, როცა ერთ-ერთი არჩევნების შემდეგ რომელიღაც ტელეარხმა ზარ-ზეიმით გვამცნო: არჩევნებში მონაწილეობდა დაახლოებით 1 430 247 ადამიანი!” ვერაფერს იტყვი, “დაახლოებაც” ასეთი უნდა! ალბათ, უფრო “ზუსტი” რიცხვი იქნებოდა 1 430 247,7 ან 1 430 248,4. გამოდის, რომ ზოგან ადამიანის ნაწილებიც “მონაწილეობდნენ” არჩევნებში(?!).

ხშირად, ათწილადებსაც არასწორად გამოთქვამენ. ვთქვათ, ვიღაცამ ბიუჯეტის 34,6 ათასი ლარი მიითვისა, ამბობენ, 34 და 6 ათასიო. ზოგს ეს 40 (34+6) ათასი ეგონება. სწორად კი ასე გამოითქმის: ოცდათოთხმეტი მთელი და ექვსი მეათედი ათასი ლარი. აქ სიტყვებისეკონომიადაუშვებელია.

შევარდნაძის მმართველობის პერიოდში გამართული ერთ-ერთი არჩევნების ბოლოს გამგებლები ერთმანეთს ასწრებდნენ, _ ჩვენმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ხმების 120, 130, 140 პროცენტი მიიღოო. აქ, მაამებლობასთან ერთად, პროცენტის უცოდინარობაც აშკარაა.

ამინდის პროგნოზზე საუბრისას ტელე-რადიო წამყვანები ხშირად ამბობენ: “…ტემპერატურა გათბება…” ეს ძალზე უხერხული და არასწორი გამოთქმაა. ტემპერატურა ფიზიკური სხეულის შინაგანი ენერგიის აღმნიშვნელი პარამეტრია, ამიტომ, შესაძლებელია, არა მისი გათბობა, არამედ მომატება, აწევა, ან შემცირება, დაწევა. შეიძლება გათბეს ჰაერი, წყალი, ნებისმიერი სხეული, ტემპერატურა კი გათბობის ხარისხს, რაოდენობრივ მხარეს გვიჩვენებს. მოსაწონი არც ეს ფრაზაა: “ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით _ პლუს 10 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 40 გრადუსს მიაღწევს”. უკეთესი იქნებოდა, “მინუს 40 გრადუსამდე დაეცემა”.

განათლების რეფორმა, რომელიც თითქმის ორ ათეულ წელს ითვლის, ყველაფერს ემსახურება, განათლების გარდა. ეს თვალსაზრისი ექსპერტებისა და მაღალჩინოსნებისგან მომისმენია და ამას ეროვნული გამოცდების ბოლო წლების შედეგებიც ადასტურებს. “რეფორმირებულ” სკოლებში ცუდად ისწავლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნები. ამან კი ბევრ ისეთ ტერმინს, გამოთქმას დაუდო სათავე, რომლებიც არამეცნიერულია და არაქართულიც. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ისეთი სოლიდური თანამდებობის პირმა, როგორიც რაიონის გამგებელია, არ იცის, რა არის პროცენტი. უამრავმა ახალგაზრდამ გამრავლების ტაბულა არ იცის _ რიცხვების გასამრავლებლად თუ გასაყოფად კალკულატორს იყენებს, რიცხვიდან ფესვის ამოღების ხსენებაზე კი შეიძლება თავი ატკივდეს. აქვე ნურც თინეიჯერი მინისტრის მიერ ხარის მამალი ძროხით შეცვლის “მეცნიერულ-ინოვაციურ” შემოთავაზებას დავივიწყებთ ახლო წარსულიდან…

აი კურიოზული გამოთქმები, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში მომისმენია და წამიკითხავს მედიაში: საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე”; რეკლამიდან: გინდა, დააგემოვნო ნამდვილი ლუდის გემო?!”; “…რომ საფრთხე არ შექმნოდა თვითმფრინავის უსაფრთხოებას”. “ორიგინალურობასარც ეს ფრაზაა მოკლებული: “ახალგაზრდა მხატვართა გამოფენაგაყიდვა”(?!)

არ შეიძლება ფასის გაიაფება”. ეს ისეთივე ნონსენსია, როგორიც ტემპერატურის გათბობა. ფასი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. გაიაფება კი პურისა შეიძლება, წყლისაც და დენისაც ნაგვიანად, მაგრამ არა _ ფასის. ანალოგიური უზუსტობებია სიმაღლის დადაბლება”, “სიგრძის გაგრძელება და ა. შ.

ღიმილისმომგვრელი გამოთქმა გაისმა ერთ-ერთ რადიოინფორმაციაში: ბათუმს სტუმრად ჩამოსული სტუმრებისსტატუსითპოლიტიკოსებით დატვირთული გემიმოსდგომია. წამყვანმა, ალბათ, გემისა და საზოგადოების ტვირთად მხოლოდ ვაიპოლიტიკოსები იგულისხმა. ერთ გადაცდომასაც შევეხოთ, რომელიც განხილულ თემატიკასთან ახლოსაა. ეს არის გვარ-სახელების არასწორი ინტერპრეტაცია. მაგალითად, ცნობილი რუსი კომპოზიტორისა და დირიჟორის, მიხეილ იპოლიტოვივანოვის, იპოლიტე ივანოვად ან ი. ივანოვად გადაკეთება უხეში შეცდომაა. დანაშაულია ჩვენი სასიქადულო პოეტის, ვაჟაფშაველას, ფსევდონიმის დამახინჯება და ვ. ფშაველად მოხსენიება.

დასასრულ, შეიძლება ჩვენი ოდნავ სატირული და ოდნავ სატირალი წერილი ეკლექტური გამოგვივიდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ენის უპატივცემულობა დაუშვებელია. გამართული ქართულით მეტყველება მოეთხოვება ჟურნალისტსაც, მინისტრსაც, ექიმსაც, ვექილსაც, ბრალიანსაც და უბრალოსაც…

მერაბ ნადირაშვილი,

აკადემიური დოქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here