Home ახალი ამბები მსოფლიო რატომ შფოთავს ლათინური ამერიკა

რატომ შფოთავს ლათინური ამერიკა

764
რატომ შფოთავს ლათინური ამერიკა

სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს რევოლუციები და ამბოხებები აზანზარებს და ეს მხოლოდ დასაწყისია

ბოლივიაში მოხდა კლასიკური გადატრიალება, რომლის შედეგად გადადგა ევო მორალესი _ პრეზიდენტი, რომელიც 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქვეყანას და ბევრი რამ გააკეთა სიღარიბისა და ჩამორჩენილობის დასაძლევად.

ევო მორალესი, აიმარების ხალხის წარმომადგენელი, სარგებლობდა ადგილობრივების მხარდაჭერით _ პირველ რიგში, ინდიელების, რომლებიც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ. სწორედ ამ მხარდაჭერით გაიმარჯვა მან მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ შედეგები გააპროტესტეს ნეოლიბერალური პოლიტიკოს კარლოსის მესას მომხრეებმა, რომელთა მხარესაც დადგნენ “საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენლები ამერიკული ორგანიზაციებისა და თვით აშშ-ის სახით.

ამჟამად აშკარაა: ინდიელი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებმა ჩაატარეს კარგად ორგანიზებული და კოორდინირებული ოპერაცია ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით ხელში ჩასაგდებად. და, როგორც ჩანს, ამაში ქვეყნის გარედან დახმარების იმედი ჰქონდათ.

ბოლივიის დიდ ქალაქებში ერთდროულად იფეთქა ადგილობრივი ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების აჯანყებამ. მათ მხარეს მალე გადავიდა პოლიცია. გადატრიალების მონაწილეები ცდილობდნენ, მაქსიმალურად შეეშინებინათ ოპონენტები _ მორალესის მომხრეებს ქუჩაში აჩერებდნენ, საღებავს ასხამდნენ, შემდეგ კი, სქესისა და წლოვანების მიუხედავად, სირცხვილის დერეფანში ატარებდნენ (ამერიკული სპეცსამსახურების აგენტების ხელწერა ყველგან ერთნაირია _ .).

ამ ტაქტიკის სპეციფიკა იყო შეტევა იმ სახლებზე, რომლებშიც ცხოვრობდნენ ცნობილი ბოლივიელი პოლიტიკოსების ნათესავები, მათ შორის, თვითონ პრეზიდენტის ოჯახის წევრებიც, რაც კანონიერი ხელისუფლების დემორალიზაციას იწვევდა. ამასთანავე, ევო მორალესისთვის წაყენებული პრეტენზიები აბსტრაქტული იყო _ მას დიდი პათოსით ადანაშაულებდნენ კორუფციაში, მაგრამ ეს ბრალდება მტკიცებულებებით არ იყო გამაგრებული.

ევო მორალესმა ვერ გაუძლო წნეხს და დათანხმდა ახალი არჩევნების ჩატარებას, მაგრამ მემარჯვენეებმა მას პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა და მმართველი პარტიის _ “მოძრაობა სოციალიზმისკენყველა დეპუტატისა და მაღალჩინოსნის გათავისუფლება მოსთხოვეს. ამის შემდეგ ცხადი შეიქნა, რომ ამბოხებულებს სურთ, კანონის ელემენტარული ნორმების დაუცველად სრულიად გაწმინდონ ბოლივიის მთავრობა მემარცხენეებისგან. ამბოხებულთა მხარეს გადავიდნენ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი უილიამ კალიმანი და პოლიციის უფროსი ვლადიმერ იური კალდერონი. მათ ულტიმატუმის ენით მოითხოვეს მორალესისგან, უარი ეთქვა ძალაუფლებაზე და პრეზიდენტმაც დათმო. მორალესმა სამთავრობო გუნდის ძირითად წევრებთან ერთად უარი განაცხადა უფლებამოსილებებზე, რაც ამბოხებულთა გამარჯვებას ნიშნავდა.

მაგრამ ამის შემდეგ მოვლენები უფრო დრამატულად განვითარდა. მას შემდეგ, რაც პარტია “მოძრაობა სოციალიზმისკენ” წამყვანმა პოლიტიკოსებმა სახელმწიფო პოსტები დატოვეს, ქვეყნის პრეზიდენტის ფუნქციები მიისაკუთრა მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელმა, სენატის ვიცეთავმჯდომარე ჟანინ ანიესმა, მაგრამ მან ვერ შეაჩერა ძალადობა. ულტრამემარჯვენეებმა პოლიციასთან ერთად შეუტიეს მემარცხენე პარტიების, პროფკავშირებისა და ინდიელების ორგანიზაციების ოფისებს, აგრეთვე, კუბის, მექსიკისა და ვენესუელის საელჩოებს, თანაც, მექსიკელი დიპლომატის თქმით, ამ თავდასხმაში მონაწილეობდნენ ბოლივიელი პოლიციელები და ჯარისკაცები. პარალელურად თავდამსხმელებმა ნადირობა გააჩაღეს ევო მორალესზე _ შტურმით აიღეს მისი რეზიდენცია, მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტებმა კი დემონსტრაციულად ჩაუკეტეს მას საჰაერო საზღვრები, რათა ჩამოგდებული პრეზიდენტი ხაფანგში მოქცეულიყო.

რატომ შფოთავს ლათინური ამერიკა

ყველასთვის ნათელია, რომ პუტჩისტებს განზრახული აქვთ, მორალესს თავისუფლება აღუკვეთონ ან სულაც სიცოცხლეს გამოასალმონ, რადგან, პოლიტიკური დამარცხების მიუხედავად, აიმარის წარმომადგენელი ინდიელი კვლავ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია, რომელმაც ახლახან გამართულ არჩევნებში გაიმარჯვა. ასეთი მტრის განადგურების ცდუნება ძალიან დიდია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მორალესი მიყრუებულ პროვინციაში იმალება და მას მხარდამჭერები იცავენ. ბოლივიაში მემარჯვენე გადატრიალება, რომლის უკანაც იდგნენ ადგილობრივი პარამილიტარისტული ორგანიზაციები, პოლიციელები და არმიის ნაწილები, განსაკუთრებული სპეციფიკით ხასიათდება _ აქვს ინდიელთა საწინააღმდეგო მკვეთრად გამოხატული შტრიხები. პუტჩისტები აპატიმრებენ ინდიელ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს, დემონსტრაციულად წვავენ ინდიელთა ეროვნულ დროშებსა და ვიპჰალუს სიმბოლოებს, რომლებიც ადრე სახელმწიფო ორგანოების შენობებზე ეკიდა, მემარჯვენეების ლიდერები, რომლებიც საკუთარ თავს მეომარ ჯარისკაცებს უწოდებდნენ, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს არ იშურებენ ინდიელთა ტრადიციული სარწმუნოების მიმართ და თავიანთ ქმედებას კერპთაყვანისმცემლებთან ბრძოლას უწოდებენ.

პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ძალაუფლება მოიპოვეს, ფსონი დადეს ქვეყნის გახლეჩვაზე, რადგან მათი ქმედებით აღშფოთებულები არიან ინდიელები, მორალესის მომხრეებიც ცდილობენ მობილიზაციას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ მათ, პრაქტიკულად, შანსი არ აქვთ ადგილობრივი პოლიციისა და სამხედროების წინააღმდეგ.

ქვეყანა სამოქალაქო ომის წინაშეა, ოპოზიციას კი, რომელმაც ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, დასავლეთის მხარდაჭერის იმედი აქვს, როგორც ჰქონდათ ევრომაიდნის გამარჯვებულ წარმომადგენლებს. და მართლაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც ყურადღებას არ აქცევდა მასობრივ პროტესტებს ეკვადორსა და ჩილეში, რადგან ადგილობრივი ხელისუფლებები საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების ნეოლიბერალური დღის წესრიგის საკითხებს ახორციელებენ, მყისვე გამოვიდა გადატრიალების მხარდამჭერი განცხადებით და ამასთანავე, სრულიადაც არ დაუფარავს თავისი ეკონომიკური ინტერესები.

“ბოლივიას აქვს ბუნებრივი აირის სიდიდით მეორე საბადოები (ვენესუელის შემდეგ) სამხრეთ ამერიკაში და სასარგებლო წიაღისეულის მნიშვნელოვანი რაოდენობა, _ დაუფარავად ამბობდა “რადიო თავისუფლება” გადაცემაში, რომელიც მიეძღვნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის _ მაიკ პომპეოს საჯარო მისალმებას ევო მორალესის დამხობის გამო. “საერთაშორისო საზოგადოებრიობის” ეს დაუფარავი კონიუნქტურულობა თვალში ხვდება დამოუკიდებელ დამკვირვებლებს.

“ვნახე “კორუფციაში ჩაფლული მორალესის” სახლის ძარცვის ვიდეო. განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა პატარა ოთახებმა, დაბალმა ჭერმა, მცირე ზომის ტუალეტმა, იაფფასიანმა ავეჯმა. არცთუ წარმატებული ფირმის ოფისს ჰგავდა, მაგრამ, რადგან ეს გადატრიალებაა მათთვის, ვისაც ეს გადატრიალება სურდა, მსოფლიო საზოგადოებრიობამ ამ იდიოტიზმს თანაუგრძნო”, _ ირონიით დაწერა ერთ-ერთ მედიაექსპერტმა.

სხვათა შორის, ბოლივიაში გადატრიალების მხარდაჭერით აშშ არა მხოლოდ კერძო ეკონომიკურ ამოცანებს წყვეტს, ვაშინგტონს სურს, შეაკავოს “მემარცხენე ტალღა”, რომელმაც სამხრეთ ამერიკის კონტინენტს გადაუარა ვენესუელაში თებერვლის პუტჩის დამარცხების შემდეგ. ეკვადორის, ჩილესა და ურუგვაის მცხოვრებნი ქუჩაში გამოვიდნენ ადგილობრივი მემარჯვენე რეჟიმების მიერ განხორციელებული ნეოლიბერალური პოლიტიკის გასაპროტესტებლად და პოლიტიკური სისტემის გადატვირთვის მოთხოვნით. არგენტინის ხელისუფლების სათავეში კვლავ მოვიდნენ პერონის პარტიის მომხრეები, ბრაზილიაში კი პატიმრობიდან გათავისუფლდა ქარიზმული და პოპულარული ექსპრეზიდენტი ლულა და სილვა, რომელსაც შეუძლია, გარშემო შემოიკრიბოს ულტრამემარჯვენე პროამერიკული პრეზიდენტის _ ჟაირ ბოლსონარუს მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგენი.

რატომ შფოთავს ლათინური ამერიკა

მორალესის დამხობამ მემარცხენე ძალებისა და ინდიელთა მოძრაობის წინააღმდეგ დაწყებულმა ტერორმა შეიძლება შეაფერხოს კონტინენტზე საერთო განწყობა, რომელიც მიმართულია ტრადიციული ნეოლიბერალური პოლიტიკური კლასის წინააღმდეგ.

დასამალი არავისთვისაა: ევო მორალესს ლომის წილი მიუძღვის ამ გამანადგურებელ დამარცხებაში, რაც, სხვათა შორის, არ აკნინებს მის თვალსაჩინო დამსახურებებს.

ბოლივიის მთავრობაში და მის გარშემო მხოლოდ საკუთარი პრივილეგიებისთვის მებრძოლი ბევრი ოპორტუნისტი იყო. ამის მიუხედავად, ბოლივიელთა უმრავლესობისთვის ევო მორალესის მთავრობა საუკეთესო იყო ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან _ გატარებული სოციალური რეფორმების შედეგად, ბოლივიაში ადამიანები უკეთესად ცხოვრობდნენ. სხვა დიდი გარღვევა იყო უზარმაზარი კულტურული ცვლილებები. ქვეყანაში, სადაც ყველაზე მეტი ინდიელი ცხოვრობდა, ბოლო მოეღო ინდიელი ხალხების სახელმწიფო დისკრიმინაციას და ხელისუფლება თეთრი ელიტების ხელიდან ადგილობრივი ელიტების ხელში გადავიდა. მთავრობის მრავალრიცხოვანი შეცდომების, მემარცხენე ძალების გაფანტულობითა და ძალოვან სტრუქტურებში ღრმა რეფორმების არარსებობის გამოყენებით ადგილობრივმა ოლიგარქიამ აშშის იმპერიალიზმისა და მისი რეგიონული ვასალების დახმარებით დაიბრუნა პოლიტიკური ძალაუფლება. ყველაზე სავარაუდო გაგრძელება იქნება ახალი ხელისუფლების მხრიდან სოციალური, ინდიელებისა და გლეხების ლიდერების დევნა, ბოლივიის ნაციონალური სიმდიდრეების გადაცემა უწინდელი უცხოელი მფლობელებისთვის”, _ ასეთია ექსპერტების შეფასება.

ბოლივიის “მოძრაობამ სოციალიზმისკენ” ვერ გაითვალისწინა თავისი ვენესუელელი მოკავშირის გამოცდილება, რომელმაც თავისი შეიარაღებული მხარდამჭერების მობილიზებითა და სამხედრო სტრუქტურების ლოიალურობის წყალობით შეინარჩუნა პოლიტიკური ძალაუფლება. და, სახელდობრ, ამან განსაზღვრა საბოლოოდ გადატრიალების წარმატებით განვითარება.

ამას გარდა, მორალესის მომხრეები აგებენ საინფორმაციო ომს _ არჩევნების მიმდინარეობისას მემარჯვენე ოპოზიცია აქტიურად იყენებდა მათ წინააღმდეგ ყალბ ინფორმაციას რუს პიარტექნოლოგებზე, რომლებიც თითქოს ეხმარებოდნენ ინდიელთა სოციალისტურ მთავრობას, აგრეთვე, ბრალს დებდა მორალესს კორუფციაში და აშკარად აჭარბებდა მის რეალურ მასშტაბებს.

ინდიელი ევოსკომუნისტური დიქტატურა ძალიან დემოკრატიული აღმოჩნდა _ ხელისუფლებამ აშკარად ვერ გაითვალისწინა უკრაინის გამოცდილების ცნობილი რეალიები და ხელი ვერ შეუშალა ოპოზიციას, გაეკონტროლებინა ვითარება ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, რომლებშიც შექმნეს შეიარაღებული რაზმები და აქტიურად ემზადებოდნენ პუტჩისთვის. ამის საზღაური იქნება ახლა რეპრესიები თვით მემარცხენეების წინააღმდეგ.

ბოლივიაში ბრძოლა, რა თქმა უნდა, არ დამთავრებულა. დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მომხრეები გონს მოდიან შოკის შემდეგ, გარდაქმნის ქარმა კი, რომელიც ბოლივიის მეზობელ ქვეყნებშიც ქრის, პუტჩისტებს შეიძლება გადაუკეტოს უცხოეთიდან დახმარების გზები და შეცვალოს პოლიტიკური კონფიგურაცია სამხრეთ ამერიკაში. ბევრი რამ დამოკიდებულია ევო მორალესისა და მისი უახლესი მხარდამჭერების ბედზე, რომლებზეც პუტჩისტები ნადირობენ. ასე რომ, აშშ-ის მხარდაჭერით ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების საბოლოო წარმატება დადასტურდება მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ, თუკი ამას ხელს არ შეუშლის ბოლივიელი მოქალაქეების მასშტაბური პროტესტი.

Ukraina.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამხადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here