Home რუბრიკები ისტორია რატომ ტყუიან პრეზიდენტობის კანდიდატები

რატომ ტყუიან პრეზიდენტობის კანდიდატები

1228
არჩევნები

დიახ, იტყუებიან, მაგრამ აბა თუ არ ამით, რითი დაამტკიცონ გონიერება?”

28 ოქტომბერსრჩეულჭკვიანებიგაფაციცებით ელოდებიან, მაგრამ იმას კი არა, სამართალმა პური რომ ჭამოს, _ სასწაული რომ მოხდეს და პრეზიდენტობას გამოჰკრან ხელი. “რჩეულჭკვიანებშიყველა კანდიდატს როდი ვგულისხმობთ, რადგან მათ შორის საკმარისად არიან ისეთებიც, რომელთა შესახებ მხოლოდ მათ გარშემო შემოკრებილმა მხარდამჭერებმა და საზოგადოების მცირე ნაწილმა იციან. ცნობილია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით პრეზიდენტობის 54-მა მსურველმა მიმართა (რა შთამბეჭდავი რაოდენობაა), მაგრამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საბოლოოდ მხოლოდ 25 პრეზიდენტობის კანდიდატი დაარეგისტრირა.

ყველა კანდიდატი დარწმუნებული ჩანს, რომ ყველაფერს გააკეთებს და ძლიერი პრეზიდენტი იქნება…

შიში არავის ემჩნევა _

ვერშეძლებისა და უძლურების შიში,

დამარცხების შიში,

წინააღმდეგობების შიში,

ლანძღვისა და გინების შიში,

ხალხის მრისხანების შიში…

ეს კი მხოლოდ ზედმეტად პატივმოყვარე ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი…

დიდი რუსი მწერალი ლევ ტოლსტოი ვერ იტანდა ამნაირად პატივმოყვარეთ: მზად ვარ, ასეთებს რუბლი მივცე, თან ისიც ვუთხრა: როცა გაიგებ საკუთარი თავის ფასს, დამიბრუნე ხურდა რუბლისაო…

სად არის ამ დაქცეულ ქვეყანაში ამდენი რუბლი ან ლარი, მათ მისაცემად რომ იკმარებს?!

არადა, რა ბევრია პატივმოყვარე…

ვინმეს შეუძლია, დაასახელოს დამოუკიდებელი საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მთელი ამ ხნის განმავლობაში დანიშნული ან არჩეული ქართული საქმის მსახურის იმიჯის და ამავე დროს საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელზეც თამამად შეიძლება გავრცელდეს აკაკი წერეთელის აზრი, რომ რჩეულ-ჭკვიანებს თავისი პირადობა დავიწყებული აქვსთ! ისინი იმას კი არ ჰფიქრობენ, რომ ხალხს თავი შევაყვაროთ, პატივი ვაცემიოთ და დიდ რამედ მივამჩნევინოთ ჩვენი თავიო. მხოლოდ იმას სცდილობენ, რომ შეაყვარონ სხვებსაც ის კეთილი საქმე, რომლისათვისაც იმათ თავი გაუწირავთ და გაიყვანონ სხვებიც სამუშაოდ იმ გზაზე, რომელზედაც თვითონ დგანან! მათთვის არ არსებობს წამიერი აწმყო!.. იმათა სწამთ მხოლოდ ხანგძლივი მომავალი!”

სამაგიეროდ ეს აზრია ზუსტად ზედგამოჭრილი დღევანდელ დღეზე: რა დრო დაგვიდგა? ყველა იბერება! ყველა ყალყზედ დგება! სიტყვით ზარბაზნის არ ეშინიათ, მაგრამ საქმით კი ნევსის ჩხვლეტაც მალე დაჩუტავსთ გუდასავით; მაგრამ ბედი მათი, რომ ნემსის მჩხვეტელიც არავინა ჰყავსთ?.. და არა ჰყავსთ მისგამო, რომ ხალხი დაეცა, სულით მხთალი შეიქნა და საქმით უსწორო!”

დუმს საზოგადოება.

თითქოს “დუმილის შეთქმულებაა”, ისე გარინდულა, მაგრამ საზოგადოების გარინდებასამშობლოს ხსნა კი არა, მისი მიძინებაა. და თუ ეს კიდევ რამდენიმე წელიწადს გასტანს, მაშინ ამგვარ მიძინებას შეიძლება სამუდამო განსვენებაც მოჰყვეს…” ნიკო ნიკოლაძის ამ მოსაზრებას თუ გავიზიარებთ, ძალიან ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე; და იმასაც, ხალხს რომ ჰგონია, არჩევანი 25 საპრეზიდენტო კანდიდატიდან მხოლოდ რამდენიმე “გაცვეთილ” პოლიტიკურ სახეს შორის აქვს გასაკეთებელი; იმასაც, სალომე ზურაბიშვილის “ფრთიან” გამონათქვამებზე მთელი სოციალური ქსელი რომ ხარხარებს (რა გვაცინებს, ჩვენ უბედურებს!)…

მავანი ჟურნალისტებს ამუნათებს, “არაპროფესული ქცევებისთვის” (სტილი დაცულია): “ჟურნალისტი გამოჭერაზე კი არ უნდა იყოს ჩასაფრებული, მართლაც ამგვარად, საკუთარი უტვინობის დასამტკიცებლად, არამედ ხალხს გზა გაუნათოსო”.

სალომე კი აფრქვევს და აფრქვევს “სიბრძნეს”, მაგრამ ეს “უტვინი ხალხი” ვერ იგებს, იმიტომ, რომ “გაუნათლებელია”, “დაბალი” დონისაა, თორემ ამომრჩეველთა მცირე ნაწილისთვის (იმედია, მცირე) აბსოლუტურად “გასაგებია” ზურაბიშვილის ნათქვამი:

“ფანტასტიური სივრცე გვაქვს, სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო”;

“პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს”;

“ახალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს ვეტომდებელი, უნდა იყოს იდეამდებელი”;

“მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები”;

“დღევანდელ  დღესთან დაკავშირებით, მე ვიტყვი ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, რომ საქართველოს  პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციით და დღევანდელი კონსტიტუციით უკვე, მაგრამ ხვალინდელი კონსტიტუციით კიდევ უფრო არის და იქნება…”;

“სხვათა შორის, ილია ჭავჭავაძე რაღაცა უფრო მითოსები არის, ვიდრე რეალურად ცოდნა იმის შესახებ, თუ ესენი რას წარმოადგენდნენ და რა აზრებს ავრცელებდნენ”;

“მსოფლიოში მოცემულობა და ახალი იდეები, ინოვაციები _ ეს ყველაფერი  ერთად უნდა შევტყვათ და ამითი წავალთ წინ”.

თურმე ეს არის “ორიგინალურობით, ყოველმხრივ და ყველა მიმართულებით, ჩვენთვის მიუწვდომელი, ნამდვილად ევროპული, პარიზული, არაორდინალური” აზრები.

“მერწმუნეთ, რაც უფრო ორიგინალური და ღირსეული იქნებით, უამრავი ჟურნალისტი შემოგეხვევათ და თანდათანობით უამრავი ხალხი. …საინტერესო გამოსვლებით ახსენით ბევრი რამ, მოგვაწოდეთ თეზისები, თეზისები და თეზისები და ნახავთ, რაც მოხდება, აქედან მთელ საქართველოს მიწვდება მთელი ხმა. თქვენ ხომ პარიზელი ხართ, შემოიტანეთ ეს ნაპერწკალი ჩვენში. ჭეშმარიტი პარიზელის ქცევის”, _ ამას რომ ადამიანი გირჩევს, ან მტერი უნდა იყოს შენი, ან თავში ყველაფერი ვერ უნდა ჰქონდეს წესრიგში.

“ჩვენ ბევრი არ გვჭირდება დღეს, თქვენი თამამი და ორიგინალური გამოსვლების გარდა (რა “მოკრძალებულია” _ რედ.), მთელი პრეზიდენტობის განმავლობაშიო”.

ვაი ჩვენს პატრონს!

“მაშინ დაიძვრება ახალი კადრები თქვენ ირგვლივ, რომელსაც თქვენ მოიკრებთ. მერე ბევრი მათგანი პარლამენტში წავა და ბევრიც მთავრობაში. ქვეყანა გამოიღვიძებს, ისწავლის სწორ აზროვნებას, გახდება ერთიანი და მართლაც მოხდება სულ მალე სასწაული, ეს მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ… ამას თუ გაგვიკეთებთ, ჩვენ ძეგლს დაგიდგამთ”.

ღმერთმა დაგვიფაროს!

თუმცა რა პრობლემაა _ ველოსიპედისა და ფლოსტების ძეგლი თუ დგას…

“ხედავთ, რა საშიში ხართ იმათთვის, ვისაც ქვეყნის ჯიჯგნა უნდა?”

აქ კი ნამდვილად დაგეთანხმებით: მართლაც საშიშია ქვეყნისთვის ასეთი ადამიანი, პრეზიდენტი _ მით უმეტეს… რადგან ქვეყნის ჯიჯგნა მერე ნახეთ!

მაპატიოს ქალბატონმა სალომემ, მთელი ამ ბაღლამის გადმონთხევა მასზე რომ მომიხდა, მაგრამ, თუ ლუარსაბისა არ იყოს, იკითხავს: რაღა მაინც და მაინც მე წამავლე ხელი, ჩემისთანა ათასიაო; ილიასავით ვუპასუხებთ: იმიტომ, რომ ათასსა შენა გევხარ და ათასი კიდევ შენაო.

მგონი, ძალიან პირდაპირობა გამომივიდა, მაგრამ, აკაკის რჩევა გავითვალისწინე: “საზოგადო საქმეში პირდაპირობა უნდა. _ ვინ არ იცის, რომ ერთი ადგილიდამ მეორე ადგილამდე სწორი გზა უფრო მალე მიიყვანს, ვინემ მრუდე, მაგრამ ყველა კი მრუდე გზას ეტანება. და ეტანება იმიტომ, რომ ყველა ერთი მეორეს ეფარებიან და გამოჩენა არ უნდათ!”

ახლაცისეთი უბედური რამ დროა, რომ, გამარჯვებას რომ კაცი გეუბნებოდეს, იცოდეთ, რომ სტყუის, გულში უთუოდ სხვა აქვს. მარცხენა კბილებით რომ რამესა ჰღეჭდეს ვინმე, დარწმუნდი, რომ ტყვილათ ანძრევს მარცხნივ ყბებს, საღეჭი კი მარჯვნით ექნება. დიახ, იტყუებიან, მაგრამ აბა თუ არ ამითი, რითი დაამტკიცონ გონიერება?…

ვინ არა სტყუის? ვინ არ ცუღლუტობს? მაგრამ თავს მითი მართლულობენ, რომ “არ იქნება, სოფელია, დიპლომატობა საჭიროა, პირდაპირობა სიგიჟე იქნებაო და სხვანი” და ის კი არა თუ მხთალი ვარ და პირ-და-პირობის მეშინიანო!.. ამის მაგალითი ბევრი გვაქვს მაგალითად, გზავნიან “დროებაში” სტატიებს, რომლითაც ცუდს ამხილებენ; – კეთილი და პატიოსანი! მაგრამ ვაი ის არის, რომ თავის სახელისა და გვარის გამოცხადებას ვერ ჰბედვენ, იმ იმედით რომ მე ვერ მიცნონ და ეგებ სხვას დააბრალონო!.. ეს დიპლომატობაა, თუ სულის სიგლახაკე? თუ კარგია მისი ნაწერი და ქვეყნის სასარგებლო, რათ ვისმესი ეშინიან, რომ ღობეს ეფარება, და თუ ცუდია და შესარცხვენი, რათ იჭირვებს საქმეს, რომ სწერს? აბა, ამას ჰქვიან “მინდა, მაგრამ მეშინიანო” არა, ის, ვისაც საზოგადოების მავნებელის პირდაპირ მხილება არ შეუძლიან, გაჩუმდეს. ნუღა გამოდის ასპარეზზედ! მიუჯდეს კერას!! მიხვეულმოხვეულათ მოქმედება სირცხვილია”.

პრეზიდენტობის კანდიდატების უმრავლესობა ურცხვად ტყუის, ხალხს თვალში ნაცარს აყრის, მაგრამ ცუდი ნიშნები იკვეთება მათთვის: არ შერჩება არავის დღეის ამას იქით ორპირობა! მოსთხოვენ ანგარიშს! აბა, გამობრძანდნენ ასპარეზზე და მაშინ ჩაახედებენ სარკეში და დაანახვებენ თავიანთმოთხუპნულ ცხვირპირს”.

“მოყვარეს პირში უძრახე, მტერს _ პირს უკანაო”.

“სადა ხარ ეხლა, ამ გონიერის სიტყვის მთქმელო? ვიცი, სადაცა ხარ: ხალხში ხარ, უხილავო, და ხალხისა ხარ. ისიც ვიცი, რაცა გქვიან: შენ ხალხის გენიას გეძახიან. ისიც ვიცი, რა თვისებისა ხარ: შეუცდომელი და ყოველთვის მართალი ხარ. შენ და მხოლოდ შენ უკეთებ გულს იმას, ვისაც “სხვისთვის” გული სტკივა. მაშინაც კი უკეთებ, როცა თვით ის “სხვანივე” თავიანთ გულშემატკივარს ცოდვად უთვლიან გულის-ტკივილსა. რა ვუყოთ? ზოგი გულის-ტკივილს იმითი იჩენს, რომ მოყვარეს ცუდსაც უქებს, და ზოგი კი იმითი, რომ ცუდს უწუნებს. ამ ორგვარ ხალხში რომელს უფრო მეტი და ჭეშმარიტი გულის-ტკივილი და სიყვარული აქვს _ ეს თითონ მკითხველმა გამოიცნოს” (ილია).

იმედი მაქვს, ჩემი მკითხველიც გამოიცნობს.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

P.S. ერთხელ ბატონმა ოტია იოსელიანმა ბრძანა: “საკუთარ ღირსებას ციხეგალავანი უნდა შემოავლო, დაბალ ღობეს ყველა ძაღლი და მამაძაღლი გადმოალაჯებსო”.

ეჰ, სჭირდება კი ამათ ან ღობე, ან გალავანი?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here