Home რუბრიკები ისტორია რატომ ვერ გახდა საქართველო ერთა ლიგის წევრი

რატომ ვერ გახდა საქართველო ერთა ლიგის წევრი

4462
ევგენი გეგეჭკორი

1918-1920 წლებში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დემოკრატიული მიღწევებს მრავალი ევროპელი აღიარებდა და მას ერთა ლიგის წევრად გახდომას უწინასწარმეტყველებდა. მიუხედავად ამისა, ერთა ლიგამ საქართველოს ინტერესები არაფრად ჩააგდო დაფართოდ გაღებული კარიქართველებს თვალწინ მიუხურა. საქართველო ერთა ლიგის წევრი ვერ გახდა.

თავშეკავების ძირითად მიზეზად კი ერთა ლიგის წესდების მეათე მუხლი სახელდებოდა, რომლის თანახმადაც ლიგას მეტად გაუძნელდებოდა ახალი წევრების ტერიტორიების თავდასხმისაგან დაცვა და მათი საერთაშორისო უფლებების უზრუნველყოფა. ამრიგად, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული გარკვეული წარმატებების მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ვერ გახდა საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი. ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ ევროპა საქართველოს უცხო სხეულად მიიჩნევს და მის მოიმედედ ყოფნა ჩვენს ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს.

ცნობისთვის: ერთა ლიგა (ინგლ. League of Nations, ფრანგ. Socirtr des nations) _ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია დაარსდა 1919-1920 წლების ვერსალის ხელშეკრულებით. მისი დამფუძნებელი იყო 44 ქვეყანა. მუდმივი წევრები იყვნენ იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და იაპონია. ლიგას არ ჰყავდა საკუთარი შეიარაღებული ძალები და ამგვარად, მისი რეზოლუციების შესრულებაში ზესახელმწიფოების იმედზე რჩებოდა, თუმცა ეს სახელმწიფოები ხშირად ამ ფუნქციის შესრულებისგან თავს იკავებდნენ. ერთა ლიგა (ამჟამინდელი გაეროს ანალოგი) კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და მსოფლიოში მშვიდობის მხარდაჭერის საკითხებით იყო დაკავებული. მისი შტაბბინა ჟენევაში (შვეიცარია) მდებარეობდა.

1920 წლის 12 იანვარს ვერსალის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს დამოუკიდებლობის დე ფაქტო აღიარების შესახებ. ეს იყო სერიოზული საერთაშორისო წარმატება საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.

ქართველი პოლიტიკოსები 1920 წელს, ნოე ჟორდანიას მთავრობის დროს, დიდ იმედს ამყარებდნენ და საქართველოსათვის მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ ჟენევაში იმხანმად ახალშექმნილ ერთა ლიგაში გაწევრიანებას; მიაჩნდათ, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტად ქვეყნის აღიარების საქმეში.

ზურაბ ავალიშვილი
ზურაბ ავალიშვილი

ამ მიზნით, იმავე წლის შემოდგომაზე ჟენევაში ჩავიდა ეროვნული მთავრობის დიპლომატიური მრჩეველი _ ზურაბ ავალიშვილი, რომელიც, შვეიცარიაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენელ ალექსანდრე სუმბათაშვილთან ერთად, უფლებამოსილი იყო, ეწარმოებინა მოლაპარაკებები საქართველოს გასაწევრიანებლად ერთა ლიგაში, რომლის პირველი საერთო კრება 1920 წლის 15 ნოემბრისთვის იყო მოწვეული.

ორგანიზაციის დამფუძნებელი აქტის ძალით, ლიგაში შედიოდნენ: პირველი _ პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული მოკავშირე 32 სახელმწიფო, რომლებმაც ხელი მოაწერეს “ვერსალის ხელშეკრულებას”; მეორე _ ომის დროს ნეიტრალიტეტის დამცველი 13 ქვეყანა, მიპატიჟებული ლიგის მიერ, რათა განსაზღვრულ დროში გაეზიარებინათ დამფუძნებელი აქტი.

დანარჩენი სახელმწიფოებისთვის გაერთიანებაში წევრად მისაღებად დაწესებული იყო განსაკუთრებული რიგი. 1920 წლის 15 ნოემბერს ერთა ლიგის პირველი საერთო კრების პროგრამაში სხვა საკითხებთან ერთად შედიოდა სწორედ მთელი რიგი ასეთი არაწევრი ქვეყნების შუამდგომლობის გარჩევა ორგანიზაციის წევრად მიღების თაობაზე, მათ შორის, საქართველოსი.

ზურაბ ავალიშვილის ცნობით, “ერთა ლიგის პირველ საერთო კრებას ყველა დიდის ცნობისმოყვარეობით ელოდა, თუმცა მის მიმართ დამოკიდებულება არ იყო გამოკვეთილი და ერთგვაროვანი. დაუსწრებლობა შეერთებული შტატების წარმომადგენლისა იმ ორგანიზაციის მუშაობაში, რომელიც აშშის პრეზიდენტ უილსონის შვილობილად ითვლებოდა, ახდენდა საკვირველ, თითქმის კომიკურ შთაბეჭდილებას. ამასთან ერთად, რუსეთის, გერმანიისა და ოსმალეთის დაუსწრებლობა გარკვეულწილად უკარგავდა ამ დაჯგუფებას მისთვის საჭირო მსოფლიო ხასიათს

ერთა ლიგის საერთო კრების პირველი სესია თავისი სიმრავლითა და სხვადასხვაობით ჟენევაში მყოფი საზოგადო მოღვაწეებისა თუ მის ირგვლივ შექმნილი ატმოსფეროთი მეტად საინტერესო მოვლენას წარმოადგენდა, სადაც ერთმანეთში ირეოდა ზოგის აღტაცებული მოლოდინი, სხვათა კეთილგანწყობილი სკეპტიციზმი და ზოგიერთის აწონდაწონილი სიფრთხილე”.

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი

ორგანიზაციაში წევრად შესვლის მსურველი, “მძლავრი და გაუმაძღარი მეზობლებით გარშემორტყმული სუსტი ქვეყნებისათვის”, ერთი შეხედვით, საკმაოდ დამაიმედებლად გამოიყურებოდა ლიგის ცნობილი X მუხლი: “ლიგის წევრები თავის თავს მოვალედ თვლიან, პატივით მოეპყრან და ყოველივე გარეშე თავდასხმისაგან დაიცვან ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფოს ეხლანდელი დამოუკიდებლობა ლიგის ყველა წევრისა. თუ ადგილი ექნა თავდასხმას, მუქარას ან თავდასხმის საშიშროებას, საბჭო მოისაზრებს იმ საშუალებებს, რომელნიც უზრუნველყოფენ მიღებული მოვალეობის სისრულეში მოყვანას”.

X მუხლი ბევრად უფრო მეტ დაპირებას იძლეოდა, ვიდრე სინამდვილეში წარმოადგენდა, მაგრამ, თეორიული შესაძლებლობა ერთა ლიგისგან დახმარების მიღებისა, პრინციპული ღირებულება ასეთი ფართო საერთაშორისო ერთობისა, მისი მნიშვნელობა, როგორც საშუალებისა, ახალ სახელმწიფოთათვის შეეძინათ და გაეფართოებინათ კავშირები, პერსექტივა უცხო ერებთან თანამშრომლობისა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ დარგში _ ყველაფერი ეს “ანდამატივით იზიდავდა ლიგისაკენ რუსეთის ყოფილი იმპერიის განაპირა ტერიტორიებზე ახალდაარსებულ სახელმწიფო ორგანიზმებს”, თუმცა ლიგაში შესვლის უმთავრეს მიზეზს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო მდგომარეობის განმტკიცება და ევროპის სახელმწიფოების მიერ მათი დამოუკიდებლობის ცნობის დაჩქარება წარმოადგენდა.

პირველ რიგში, საერთო კრებას წარედგინა მემორანდუმი საქართველოს კანდიდატურის შესახებ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორისა და ზურაბ ავალიშვილის ხელმოწერებით.

ლიგის წევრობაზე განცხადებულ კანდიდატურათა გასარჩევად შედგა საერთო კრების განსაკუთრებული, 36 პირისაგან შემდგარი V კომისია. საკითხი საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და კოსტა-რიკას შესახებ გადაეცა ე. წ. III ქვეკომისიას (ნანსენის კომისიის სახელითაა ცნობილი, რადგან მისი ხელმძღვანელი ეს რუმინელი მკვლევარი გახლდათ), მასში შედიოდნენ რუმინეთის, ავსტრალიის, საბერძნეთის, ესპანეთის, იუგოსლავისა და ჩინეთის წარმომადგენლები. აღნიშნულქვეკომისიას ერთა ლიგაში გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე სახელმწიფოთათვის მოსახსენებლად უნდა შეესწავლა ყველა კანდიდატურა შემდეგი კითხვების მიხედვით:

ერთა ლიგის პირველი სხდომა, 1920 წლის 15 ნოემბერი
ერთა ლიგის პირველი სხდომა, 1920 წლის 15 ნოემბერი

ა) ფორმალური კანონიერება ლიგაში მიღების შუამდგომლობისა;

ბ) შუამდგომლობის აღმძვრელი მთავრობა ცნობილია თუ არა დე იურე ან დე ფაქტო და, სახელდობრ, რომელი სახელმწიფოების მიერ;

გ) კანდიდატი არის თუ არა მტკიცე მთავრობისა და გარკვეული საზღვრების მქონე ერი; მდებარეობა და მოსახლეობა;

დ) აქვს თუ არა სახელმწიფოს თავისუფალი მართვა-გამგეობა;

ე) როგორია მისი განწყობა, თანახმად აქტებისა და დეკლარაციებისა, ანუ საერთაშორისო მოვალეობებისადმი…

25 ნოემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში _ ზურაბ ავალიშვილმა და შვეიცარიაში (ბერნი) საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა _ მიხეილ სუმბათაშვილმა ქვეკომისიას განმარტებები მისცეს აღნიშნულ საკითხებზე. სხდომის მსვლელობისას საბერძნეთის წარმომადგენელმა საქართველოს მთავრობა თამბაქოს მრეწველობასა და ვაჭრობაში უცხო სახელმწიფოთა ქვეშევრდომების უფლებათა დარღვევაში დაადანაშაულა, მხედველობაში ჰყავდა რა სოხუმელი მეთამბაქოები და ბერძენი ვაჭრები, მაგრამ ამ გარემოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიენიჭა და III ქვეკომისიის დასკვნა კეთილგანწყობილი აღმოჩნდა საქართველოსთვის.

ასევე, ზემოთ მოყვანილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა სტაბილურად იქნა მიჩნეული. აღინიშნა სხვა დადებითი ტენდენციებიც. ნაკლად მხოლოდ აზერბაიჯანსა და სომხეთთან საბოლოო საზღვრების უქონლობა დასახელდა.

2 დეკემბერს, ერთა ლიგის V კომისიის წინასწარ სხდომაზე, საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღებულმა დადებითმა დასკვნამ, ნანსენისა და სხვების ცდის მიუხედავად, ვერ მოიპოვა უმრავლესობის მხარდაჭერა. დეპუტატ ფიშერის (დიდი ბრიტანეთი) წინადადებით გადაწყდა, საკითხი საქართველოს შესახებ გაერჩიათ ყოფილი რუსეთის იმპერიის დანარჩენ სახელმწიფოებთან ერთად. ამიტომ I ქვეკომისიას, დაევალა, გამოენახა სპეციალურად საქართველოსა და ბალტიის სამი რესპუბლიკის “მდგომარეობის” შესაფერისი ფორმულა: “გადაედოთ ამ სახელმწიფოების ლიგაში მიღება, მაგრამ იმავე დროს ხელი არ ეკრათ მათთვის, არამედ ეხლავე მოეწვიათ ლიგაში პრაქტიკული თანამშრომლობისთვის. საბოლოოდ V კომისიამ ეს ფორმულა მიიღო შემდეგი სახით:

“კომისია ურჩევს კრებას, შეატყობინოს საქართველოს მთავრობას:

ა) რომ მისი შუამდგომლობა განხილულ იქნა თანაგრძნობით, მაგრამ მდგომარეობა კრებას ნებას არ აძლევს, გამოიტანოს საბოლოო დადგენილება;

ბ) რომ კრების შემდგომი გადაწყვეტილებების მოლოდინში ამ სახელმწიფოს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ლიგის საერთო მნიშვნელობის ტექნიკურ ორგანიზაციებში”.

ასეთი იყო ძირითადი დებულებები დასკვნისა, რომელიც ლიგის საერთო კრებას წარედგინა განსახილველად.

ასამბლეამ ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს საკითხი გაარჩია 1920 წლის 16 დეკემბერს, საღამოს სხდომაზე. აღსანიშნავია, რომ იმავე დილით, სომხეთის მიღება უარყოფილ იქნა 21 ხმით, წინააღმდეგ 8 ხმისა, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციაში მიიღეს: ავსტრია, ბულგარეთი, კოსტა-რიკა, ფინეთი და ლუქსემბურგი.

კამათი, რომელიც წინ უძღოდა ოთხი კანდიდატის, რუსეთის იმპერიის ყოფილი განაპირა მხარეების _ ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და საქართველოს ერთა ლიგაში გაწევრიანების კენჭისყრას, იყო მეტად გაცხარებული. კოლუმბიელი დელეგატი რესტრეპო არ ეთანხმებოდა ზემოაღნიშნულ დასკვნას. “ეს სახელმწიფოები აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნას, რომელთაც ჩვენ წარვუდგენთ ხოლმე ახალ წევრებს, თვით კომისია სცნობს ამას! აქედან გამომდინარე, იგი ემყარება რაღაცმდგომარეობას”, რომელიც თითქოსდა ხელს უშლის ამ კანდიდატების მიღებას. მაგრამ ლიგის დამფუძნებელ აქტში არ არის დაშვებული მიუღებლობა თითქოსდა რაღაცმდგომარეობისგამო. ამ ქვეყნებისთვის უარის თქმა იქნება ერთა ლიგის სისუსტის დამტკიცება!” _ განაცხადა მან.

გამოითქვა მოსაზრება, რომ მიეღოთ კანდიდატები და შემდგომში ყოველი მათგანის დამოუკიდებლობის დე იურედ ცნობისთვის მათთვის თავისუფალი არჩევანის უფლება დაეტოვებინათ.

პოლონეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ, რაკი ახალ წევრთა მიღებას ნაადრევად თვლიან, ამიტომ იძულებულია, ხმის მიცემაზე თავი შეიკავოს. ამას გარდა, ორატორის ყოყმანი შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ ბალტიისპირა ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარება პოლონეთის პოლიტიკურ წრეებში ქვეცნობიერად და ისტორიულად ყოველთვის უარყოფითად აღიქმებოდა. სამწუხაროდ, საქართველოს ამ კონტექსტშიაც არ გაუმართლა.

ამ მოსაზრებას იზიარებდა რუმინეთის წარმომადგენელიც. იგი ასევე მორჩილად ემხრობოდა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის პოზიციას, რომ უხერხულია რუსეთთან დაკავშირებული საკითხების ცალმხრივი გადაწყვეტა. მისი თქმით, ლიგას მეტად გაუძნელდება ახალი წევრების ტერიტორიის თავდასხმებისგან დაცვა, ლიგის ხელშეკრულებაში არის ერთი მუხლი, რომლის შესახებ ბევრს ლაპარაკობენ და რომელსაც X მუხლი ეწოდება. ეს აქტი ვალდებულად გვხდის, დამხმარედ ამოვუდგეთ მხარში იმ ჩვენს თანაწევრს, რომელიც ჩავარდება საფრთხეში _ მაშინვე, როგორც ამას შევიტყობთ, და, რადგან ჩვენ არ გვიყვარს ტყუილის თქმა ერების წინაშე, ვინაიდან ყველაზე უვარგისი პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ხელი შეუწყო ხალხთა გონებაში სიცრუის გაღვივებას, რათა ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ თითქოსა დაეხმარები, მაშინ, როდესაც ამას არ გააკეთებ, ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ არ შეუძლია თავისი დახმარება მიაწვდინოს ევროპის განაპირა მხარეს, ისინი ისევე მისცემენ ხმას, როგორც ახლა ამას მე, საფრანგეთის წარმომადგენელი, გავაკეთებ, ანუ, კომისიის პროექტის თანახმად, ეს სახელმწიფოები დაიშვებიან მხოლოდ ტექნიკურ ორგანიზაციებში”.

კენჭისყრაზე დაისვა ლიგაში მხოლოდ ბალტიისპირა ქვეყნების გაწევრიანების საკითხი, საქართველოს მიღება კი ცალკე იქნა გამოყოფილი. ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის მიღების მომხრე აღმოჩნდა 5-5-5 ხმა, წინააღმდეგი კი, შესაბამისად, _ 27 და 24-24.

ნორვეგიელმა ფრიტიოფ ნანსენმა საქართველოს საკითხის დადებითად გადაწყვეტისაკენ მოუწოდა დეპუტატებს; აღნიშნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ თვით ლიგისთვის საქართველოს ხელის შეწყობას მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

ამავე აზრის დასაცავად გამოვიდა დეპუტატი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან _ რობერტ სესილი და კრების განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია იმ მნიშვნელობაზე, რომელიც ექნება საქართველოს ლიგაში მიღებას.

საქართველოს ლიგაში დასაშვებად გამოთქმული მხარდამჭერი გამოსვლების შემდეგ, სიტყვა დაუყოვნებლივ მოითხოვა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა, ქვეყნის სახალხო განათლების მინისტრმა _ ფიშერმა. მან განაცხადა, რომ, რასაც ნანსენი და სესილი ამბობენ, აბსოლუტურად სწორია, მაგრამ სიძნელედ რჩება საქართველოს დაცვა გარეშე თავდასხმებისგან. ანგარიში უნდა გაეწიოს ამ ქვეყნის “მდგომარეობის” საშიშროებას, ამიტომ საქართველოს უპირატესობა არ უნდა მიენიჭოს ბალტიის ქვეყნებთან შედარებით; რომ არ არის აუცილებელი გრძნობებით გატაცება, არამედ საჭიროა საღი, ფხიზელი განსჯა, როგორც ეს სახელმწიფოს პასუხისმგებელ პირებს შეეფერება. მე ვთხოვ ამ კრების დელეგატებს, რომელთაც სერიოზული კენჭისყრა მოელით, დაუფიქრდნენ, მზად არიან თუ არა, მართლაც ურჩიონ თავიანთ მთავრობებს, გაუგზავნონ მატერიალური დახმარება ამ გულად, პატარა სახელმწიფოს რუსეთის განაპირაზე, თუ განსაცდელი მოუახლოვდა მას”, _ განაცხადა მან.

დაიწყო კენჭისყრა. ხმას აძლევდა 24 სახელმწიფო. საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის საჭირო იყო ხმების ორი მესამედი, ანუ 16 ხმა. საქართველოს ერთა ლიგაში მიღებას ხმა მისცა ათმა ქვეყანამ, წინააღმდეგ _ თორმეტმა.

ჩვენს ქვეყანას მხარი დაუჭირეს: ლორდ რობერტ სესილმა (სამხრეთ აფრიკა); ფრიტიოფ ნანსენმა (ნორვეგია); ჯუზეპე მოტამ (შვეიცარია); დონ ანტონიო უნეუსმა (ჩილე); შაგასიმ (პორტუგალია); რესტრეპომ (კოლუმბია); ზოკა ედ დაულემ (სპარსეთი); ასევე _ იტალიის, პარაგვაისა და ბოლივიის წარმომადგენლებმა.

მოწინააღმდეგეთა შორის იყვნენ: ავსტრალია, ახალი ზელანდია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ინდოეთი, იუგოსლავია, კანადა, კუბა, საბერძნეთი, საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკია, ჰოლანდია. თავი შეიკავა და კენჭისყრას არ დაესწრო 18 სახელმწიფო, მათ შორის _ ბელგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი.

ამგვარად, საქართველო ერთა ლიგაში წევრად არ მიიღეს.

“კენჭისყრის უარყოფითმა შედეგებმა გულწრფელად შეაწუხა ყველა, ვინც ფიქრობდა, რომ ერთა ჟენევის ასამბლეა ხალხების ცხოვრებაში ახალ თავს იწყებს. ასეთები მრავლად იყვნენ, განსაკუთრებით ბეჭდვითი სიტყვის წარმომადგენელთა და კრების დერეფნებში მყოფ საერთაშორისო დამოკიდებულებაში კეთილსინდისიერების მრავალრიცხოვან მომხრეთა შორის”, _ იხსენებს ზურაბ ავალიშვილი.

ამგვარი იყო მხოლოდ გარეგნული მხარე ამ საქმისა, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებაში არაფერი ყოფილა თურმე მოულოდნელი, რადგანაც კრების კულუარებში გამართული მოლაპარაკებებისას თავიდანვე ასეთი პოზიცია დაუკავებიათ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს. კუბის დელეგატმა _ აგუერომ, რომელიც დიდ როლს ასრულებდა ყოველგვარ კენჭისყრის მომზადებაში, საქართველოს წარმომადგენლებს _ ზურაბ ავალიშვილსა და მიხეილ სუმბათაშვილს მოგვიანებით კერძო საუბარში განუცხადა: “ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის რესპუბლიკებს, რაღა თქმა უნდა, შეეძლოთ თავისი ხმების ოდენობით მიეღოთ საქართველო და ბალტიის სახელმწიფოები, რასაც მოითხოვდა კიდეც სამართლიანობა, მაგრამ, თქვენ კარგად უწყით, რომ მსგავს საკითხებს სამართლიანობა არ წყვეტს! ლათინური ამერიკის რესპუბლიკებისთვის უხერხულია, წინააღმდეგობა გაუწიოს ევროპის დიდ სახელმწიფოებს იმ საკითხებში, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნიერების სწორედ ამ ნაწილისათვის. ინგლისმა და საფრანგეთმა, თუნდაც მარტო ინგლისმა, მოგცეთ ხმა და როგორც ერთი კაცი, ჩვენც ისე შევუერთდეთ მას”.

ისტორიის უსახელო რეჟისორის მიერ მსოფლიოს ახალი გადანაწილება უკვე დაწყებული იყო. ამ საკითხში დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წინაშე არჩევანი იდგა. მათთვის, ამ ეტაპზე, ომში ყოფილი მოწინააღმდეგეების _ ავსტრია-უნგრეთისა და გერმანიის შემადგენლობაში შემავალი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისთვის მათ მიერ მოტანილი დამოუკიდებლობა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე უკვე ძალამოკრებილი წითელი რუსეთის ტრადიციულ კავკასიურ ინტერესთა სფეროში “ნაადრევად” ჩარევა.

სამწუხაროდ, მათ ვერ გათვალეს, რომ ბოლშევიკების ზეობა არ იყო დროებითი და მანამდე ვერ მიხვდნენ ამას, სანამ საბჭოეთის საზღვრები დასავლეთ ევროპას არ მისწვდა.

თუმცა, ჟენევაში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამას ხედავდნენ და სერიოზულად უნდოდათ საქართველოსთვის დახმარების გაწევა. მათ წინამძღოლად სერ რობერტ სესილი და ფრიტიოფ ნანსენი ითვლებოდნენ, რომელთაც პირველ რიგში მხარს უჭერდნენ ბელგიელი ლაფონტენი, შვეიცარიელი ჯუზეპე მოტა (შემდგომში თავისი ქვეყნის პრეზიდენტი, საქართველოს მხურვალე მხარდამჭერი) და რამდენიმე სხვა დეპუტატი.

სამწუხაროდ, მსოფლიო ომში გამარჯვებული დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხმა უფრო დამაჯერებლად ჟღერდა, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი “კეთილშობილი მოღვაწეებისა, კაცთმოყვარეობისათვის ენერგიულ მებრძოლთა, თავისი სამშობლოს სასახელოდ და ყველასთვის საკეთილდღეოდ რომ იღვწოდნენ”, _ დასძენს ზურაბ ავალიშვილი.

საქართველოს ისე არ უწერია დღეს ნატოსა თუ ევროკავშირის წევრობა, როგორც თავის დროზე ერთა ლიგისა, რომელმაც საქართველოს ინტერესები არაფრად ჩააგდო დაფართოდ გაღებული კარიქართველებს თვალწინ მიუხურა. ამ შემთხვევაშიც კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ ევროპა საქართველოს უცხო სხეულად მიიჩნევს და მის მოიმედედ ყოფნა ჩვენს ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს.

მომზადდა ჟურნალიისტორიული მემკვიდრეობაში” (2012 ., #3) გამოქვეყნებული წერილისერთა ლიგა და საქართველოსმიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here